ბს-454-564-კ-03 11 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მიწოდებული წყლის საფასურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “თ.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მიწოდებული წყლის საფასურის, 723916,74 ლარის, ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი მოპასუხესთან იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, 2000წ. 1 იანვრის ხელშეკრულებით შპს “თ.-ს” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გაწეული მომსახურებისათვის ყოველთვიურად უნდა მიეღო 150000 ლარი. მოპასუხეს 2001წ. მომსახურებისათვის გადასახდელად დაერიცხა 1255591.97 ლარი, საიდანაც გადაიხადა 440006.63 ლარი, გადასახდელი დარჩა 723916.44 ლარი, ასევე ითხოვდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ფინანსთა სამინისტრო.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სადავო თანხის დაზუსტების მიზნით მიმდინარეობდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სადავოდ გახადა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონს. ხელშეკრულება უნდა შეთანხმებულიყო შესყიდვების სააგენტოსთან და დარეგისტრირებულიყო ხაზინაში. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას არ ახლდა დანართი, რის გამოც გაურკვეველი იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება შეესაბამებოდა თუ არა ხელშეკრულების დანართში ჩამოთვლილ მომხმარებლებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “თ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაეკისრა 723916,7 ლარის ანაზღაურება შპს “თ.-ის” სასარგებლოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994წ. 7.07 ¹1338290 დადგენილების საფუძველზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და შპს “თ.-ს” შორის 2000წ. 1 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება წყალსადენ-კანალიზაციის სისტემით სარგებლობის შესახებ. სასამართლომ არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება ეწინააღმდეგება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მოთხოვნას და მიუთითა, რომ ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელების შესახებ ერთ პირთან მოლაპარაკებით, თუ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის წერილიდან ირკვეოდა, რომ შპს “თ.-ი” შეყვანილია ბუნებრივ მონოპოლისტთა სახელმწიფო რეესტრში, რის გამოც მხარეები უფლებამოსილი იყვნენ, გაეფორმებინათ ხელშეკრულება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ 2000წ. 1 იანვრის ხელშეკრულება ვერ იქნებოდა შეთანხმებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და რეგისტრირებული ხაზინაში, რამდენადაც სააგენტოს ჩამოყალიბება და შესაბამისი ცვლილებები “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში განხორციელდა 2001წ. 30 მარტის კანონის საფუძველზე, ანუ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
კოლეგიამ მიიჩნია, რომ 2000წ. 1 იანვრის ხელშეკრულება დადებული იყო მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, იგი გაგრძელებულად ითვლებოდა 2001წ. 1 იანვრიდან. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, სამინისტროს გაწეული მომსახურებისათვის უნდა გადაეხადა 150000 ლარი. საქმეზე წარდგენილი 2001წ. დარიცხვა, შემოსავლის საბუღალტრო მონაცემებით, მოპასუხეს 2001წ. მომსახურებისათვის გადახდილი ჰქონდა 442000 ლარი, რაც ედრებოდა მოპასუხის მიერ წარდგენილ მონაცემებს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების აუნაზღაურებელი თანხაც, რაც შეადგენდა 723916,74 ლარს, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქმეში მესამე პირად ჩართულმა ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. ის გარემოება, რომ ხელშეკრულება არ იყო დადებული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სადავო არ არის, რის გამოც იგი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ზაკ-ის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასამართლოს ხელშეკრულება უნდა მიეჩნია კანონსაწინააღმდეგოდ და უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა არასრული ხელშეკრულებით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ხელშეკრულების დანართი, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
შპს “თ.-სა” და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის 2000წ. 1 იანვარს დაიდო ხელშეკრულება სასმელი წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემით მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, სამინისტრო 2000წ. 1 იანვრიდან შპს “თ.-ს” ყოველთვიურად უხდიდა დანართში ჩამოთვლილი ობიექტების მიერ დახარჯული წყლის ღირებულებას-150000 ლარს. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხელმოწერის დღიდან და ითვლებოდა ყოველწლიურად გაგრძელებულად, თუ ერთ-ერთი მხარე ერთი თვით ადრე არ გამოთქვამდა სურვილს ხელშეკრულების გაუქმებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეებს სურვილი არ გამოუთქვამთ, რის გამოც ხელშეკრულება გაგრძელდა 2001 წელსაც, ვიდრე 2001წ. აგვისტოში მხარეებს შორის არ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ 2001წ. 30 აგვისტოდან მხარეებს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, შპს “თ.-ი” 2000წ. 1 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვდა 2001წ. ანაზღაურებას I-XII თვეების დარიცხვა-შემოსავლების ანალიზის საფუძველზე და სასამართლომაც მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2000წ. 1 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მხოლოდ იანვრიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დავალიანების მოთხოვნის უფლება ჰქონდა.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამისად, შპს “თ.-ს” მოხმარებული წყლის ღირებულება უნდა ანაზღაურებოდა დანართში ჩამოთვლილი ობიექტების მიხედვით. შპს “თ.-ის” მიერ წარმოდგენილ 2000წ. 1 იანვრის ¹1 ხელშეკრულებას კი დანართი არ ახლდა და გაურკვეველი იყო, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადაანგარიშების ცხრილში ასახული ობიექტები შეესაბამებოდა თუ არა ხელშეკრულების დანართში მითითებულ ობიექტებს, რომელთა მიერ მოხმარებულ წყლის ღირებულების ანაზღაურებაზე ვალდებულებას კისრულობდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ამასთან, წარმოდგენილი გადაანგარიშება მოიცავდა 2001წ. იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს, რომლის მოთხოვნის უფლება შპს “თ.-ს” არ გააჩნდა 2000წ. 1 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, რადგან 2001წ. 30 აგვისტოდან მხარეებს შორის გაფორმებული იყო ახალი ხელშეკრულება.
შპს “თ.-ი” სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც აღიარებულ იქნა შპს ,.თ.-ის” ვალდებულებათა არსებობა და მისი შესრულების კანონზომიერება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 18 ოქტომბრის ¹665 დადგენილების საფუძველზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, “ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტებისათვის, რომლებსაც სხვა შემოსავლები არ გააჩნდათ, კომუნალური მომსახურების ტარიფი 1995წ. 1 ოქტომბრიდან გაუთანაბრდა მოსახლეობისათვის დაწესებულ დონეს’’. მიუხედავად ამისა, სასამართლოს არ გაურკვევია, შპს “თ.-ის” მიერ წარდგენილ დარიცხვა-შემოსავლების ცხრილში მითითებულ ობიექტებს გააჩნდათ თუ არა სხვა შემოსავლები და ხომ არ ჰქონდა ადგილი ორმაგ დარიცხვას. ასევე არ არის გარკვეული, რით იყო განპირობებული სხვადასხვა ობიექტზე მოხმარებული წყლის საფასურის სხვადასხვა ტარიფით გაანგარიშგება.
საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას ფინანსთა სამინისტრომ სადავოდ გახადა 2000წ. 1 იანვრის ხელშეკრულების კანონიერება იმ მოტივით, რომ იგი ეწინააღმდეგება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მოთხოვნებს, რადგან არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და არ დარეგისტრირებულა ხაზინაში, რაზედაც სასამართლომ მიუთითა, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებული იყო 2001წ. 30 მარტის კანონის საფუძველზე, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა 2000წ. 1 იანვარს და არ იმსჯელა იმის შესახებ, თუ სადავო ხელშეკრულება, რომელიც გაგრძელდა 2001 წელსაც, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში 2001წ. 30 მარტს კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რამდენად შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს განჩინებაში მითითებული გარემოებების გასარკვევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.