ბს-459-396-კ-04 15 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 1 აგვისტოს “სსრ კავშირის გამომგონებელმა" ფიზიკურმა პირმა ზ. ბ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის _ “საქპატენტისა" და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სარჩელი აღძრა, რომლითაც სსრ კავშირის სახელმწიფოს მიერ გაცემული გამოგონებების დამცავი დოკუმუნტების _ პატენტებისა და საავტორო მოწმობების საქართველოს ტერიტორიაზე და სსრ კავშირის ყოფილი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვადაზე ადრე მოქმედების შეწყვეტის ოფიციალური წერილობითი ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციების გავრცელებისა და კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობისათვის _ 500000 აშშ დოლარის “საქპატენტისათვის” დაკისრება მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტზე კი _ 2000000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა სსრ კავშირის და საქართველოს კანონებით მინიჭებული გამომგონებლისა და პატენტმფლობელის უფლებების სსრ კავშირის სახელმწიფოების ტერიტორიაზე და მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე დაუცველობისათვის, ამ უფლებების მოსარჩელის ნებართვის გარეშე გადაცემა-გაჩუქებისათვის.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა;
მოსარჩელის განმარტებით, “საქპატენტმა" გაავრცელა ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაცია სსრ კავშირის სახელმწიფოს მიერ გამოცემული გამოგონებების დამცავი დოკუმენტების _ პატენტებისა და საავტორო მოწმობების ვადაზე ადრე მოქმედების შეწყვეტისა და მათი საქართველოს რესპუბლიკის პატენტით აუცილებელ შეცვლაზე, რასაც ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის _ “საქპატენტის” 1998წ. 22 ოქტომბრის ¹233/308 წერილიც ადასტურებდა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1992წ. 1 მაისიდან ამოქმედებულ იქნა უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სსრკ-ს მიერ გამოგონებებზე გაცემული პატენტები. ამასთან, ამ დადგენილებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრკ-ს მიერ გაცემული საავტორო მოწმობებისა და პატენტების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. უფრო მეტიც ამ დადგენილებით მიღებული და 1992წ. 1 მაისიდან სამოქმედოდ შემოღებული დებულებით “გამოგონების შესახებ" (მუხლი 85) დადგენილია, რომ უცხოელი მოქალაქენი, მოქალაქეობის არ მქონე პირები და უცხოელი იურიდიული პირები სარგებლობენ ამ კანონით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თანაბრად, რაც ადასტურებს აღნიშნული დადგენლების მე-4 მუხლით დადგენილი უფლებების, საქართველოს მოქალაქეებზე სსრკ-ს მიერ გამოგონებებზე გაცემული საავტორო მოწმობებისა და პატენტების მოქმედების გავრცელებას. მით უმეტეს, რომ აღნიშნული დებულების 86-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) დადგენილია ამ დებულებისაგან განსხვავებული წესი, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული წესები. საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედდა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება “რუსეთის ფედერაციაში საპატენტო კანონის მოქმედებაში შესვლის შესახებ", რომლის მე-3 მუხლით ადრე სსრკ-ს მიერ გამოგონებებზე და სამრეწველო ნიმუშებზე გაცემული დამცავი დოკუმენტების მოქმედება გავრცელდა არა მარტო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, არამედ ამ უკანასკნელთან სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით გაფორმებული ქვეყნების ტერიტორიაზე.
2003წ. 4 აგვისტოს სასამართლო კოლეგიამ თავისი განჩინებით მოსარჩელე ფიზიკური პირის “სსრ კავშირის გამომგონებლის” ზ. ბ.-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტს" მოსარჩელის სასარგებლოდ 500000 აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს მოსარჩელის სასარგებლოდ 2000000 აშშ დოლარი დაკისრებოდა.
პირველი მოპასუხის _ “საქპატენტის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი მოსაზრებების გამო:
მოპასუხის მითითებით, “საქპატენტს" არ გაუვრცელებია ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაცია სსრ კავშირის სახელმწიფოს მიერ გამოცემული გამოგონებების დამცავი დოკუმენტების _ პატენტებისა და საავტორო მოწმობების ვადაზე ადრე მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
საპატენტო კანონის მე-4 მუხლის თანახმად, გამოგონების უცხოური პატენტის მფლობელის სახელზე შეიძლება გაიცეს შემოტანილი პატენტი. შემოტანილი პატენტი გაიცემა უცხოეთში დაპატენტებულ იმ გამოგონებაზე, რომელზედაც ჩატარებულია ექსპერტიზა პატენტუნარიანობის ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ამასთან, შემოტანილი პატენტი პატენტმფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს, აწარმოოს ან გაყიდოს პროდუქცია, მაგრამ არ აძლევს უფლებას აუკრძალოს მესამე პირს ასეთი პროდუქციის საზღვარგარეთიდან შემოტანა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 დადგენილებით დამტკიცებული დებულების “გამოგონების შესახებ" 86-ე მუხლის თანახმად, თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) დადგენილია ამ დებულებისაგან განსახილველი წესი, მაშინ მოქმედების საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული წესები. ამასთან, საქართველოში დაუშვებელი იყო სსრ კავშირის და რუსეთის ფედერაციის კანონების გამოყენება.
მოსარჩელემ სასამართლოს წესით ადრე გაასაჩივრა მის სახელზე გაცემული დამცავი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტები არ აღმოჩნდა ყალბი და მათ რეალურად შეუძლიათ მოსარჩელის უფლებათა დაცვა.
მოსარჩელის სახელზე “საქპატენტმა” გასცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.03.1992წ. ¹302 დადგენილებით დამტკიცებული დებულების “გამოგონების შესახებ” მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით საპატენტო სიგელები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფიზიკური პირის სარჩელი არც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის _ “საქპატენტისა" და არც პრეზიდენტის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში არსებული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა, რომ “საქპატენტმა" თავისი მოქმედებით (ან უმოქმედობით) დაარღვია კანონი ან კანონქვემდებარე აქტი და სსრ კავშირის სახელმწიფოს მიერ გაცემულ გამოგონებების დამცავ დოკუმენტებს _ პატენტებსა და საავტორო მოწმობებს საქართველოს ტერიტორიაზე და სსრ კავშირის ყოფილი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვადაზე ადრე შეუწყვიტა მოქმედება წერილობითი ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით. მოსარჩელე არ მიუთითებს, თუ რომელი ნორმა დაარღვია “საქპატენტმა" ან რა მოქმედება არ შეასრულა. ფიზიკურ პირს სსრ კავშირის გამომგონებელ ზ. ბ.-სა და “საქპატენტს" შორის არ წარმოშობილა ვალდებულებითი ურთიერთობები არც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-4, 153-ე, 154-ე, 457-ე მუხლების საფუძველზე და არც სკ-ის 316-ე, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
მოსარჩელე ზ. ბ.-ის მიერ ადრე უკვე იყო გასაჩივრებული მის სახელზე გაცემული დამცავი დოკუმენტების კანონიერება. ეს დამცავი დოკუმენტები არ აღმოჩნდა ყალბი და მათ რეალურად შეუძლიათ მოსარჩელის უფლებათა დაცვა.
მოსარჩელე არ მიუთითებდა კონკრეტულად და არც საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ქმედებით (უმოქმედებით) ზიანი მიაყენა მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. შესაბამისად მხარეთა შორის არ აღმოცენებულა არანაირი ვალდებულება.
ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება “სსრ კავშირის გამომგონებელმა” ზ. ბ.-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ “სსრ კავშირის გამომგონებლის” ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამდენად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია პირთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ “სსრ კავშირის გამომგონებელ” ზ. ბ.-სა და “საქპატენტს” შორის ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ “საქპატენტმა” თავისი მოქმედებით (ან უმოქმედობით) დაარღვია კანონი ან კანონქვემდებარე აქტი.საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყურადსაღებია ისიც, რომ მოსარჩელე “სსრ კავშირის გამომგონებლის” ზ. ბ.-ის მიერ ადრე უკვე იყო გასაჩივრებული მის სახელზე გაცემული დამცავი დოკუმენტების კანონიერება. ეს დამცავი დოკუმენტები არ აღმოჩნდა ყალბი და მათ რეალურად შეუძლიათ მოსარჩელის უფლებათა დაცვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს პირველი მოთხოვნის _ “საქპატენტისათვის” 500000 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებაზე მართებულად უთხრა უარი.
რაც შეეხება კასატორის მეორე მოთხოვნას _ საქართველოს პრეზიდენტისათვის მის სასარგებლოდ 2000000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც სრულად ეთანხმება და იზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტებით არ დასტურდება ის, რომ უშუალოდ პრეზიდენტმა თავისი ქმედებით (უმოქმედობით) ზიანი მიაყენა მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. საგულისხმოა ისიც, რომ არც ფიზიკურ პირს _ ზ. ბ.-ს და არც საქართველოს პრეზიდენტს შორის არ არსებულა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებითი ურთიერთობა, რაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. “სსრ კავშირის გამომგონებლის” ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.