¹ ბს-462-398-კ-04 24 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 17 მარტს ს. ჩ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1990 წელს ყოფილი სსრ კავშირის შემნახველმა ბანკმა გამოუშვა სახელმწიფო მიზნობრივი სესხის უპროცენტო ობლიგაციები.
მოსარჩელის განმარტებით, “სახელმწიფო მიზნობრივი უპროცენტო სესხების გამოშვების, გაყიდვის და დაფარვის” წესის შესახებ ობლიგაციაზე თანდართული ამონაწერის მე-8 პუნქტის თანახმად, ობლიგაციების გასანაღდებლად წარდგენა უნდა მომხდარიყო 1995წ. 1 იანვრამდე, ხოლო განაღდება _ 1997წ. 1 იანვრამდე, თუმცა მისი ობლიგაციის ღირებულების განაღდება არ მომხდარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ფინანსთა სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ მიზნობრივი უპროცენტო სესხის ობლიგაციის ღირებულების _ 27300,38 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე გადახდის ვადის დადგომიდან _ 1997წ. 1 იანვრიდან _ ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე მისთვის გადაუხდელი თანხის 0,2 პროცენტის დაკისრება აღნიშნული თანხის სრულად დაფარვამდე, რაც სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგენდა 62763 აშშ დოლლარს. სულ მოსარჩელემ ითხოვა ფინანსთა სამინისტროსთვის 90063 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ყოფილი სსრ კავშირის შემნახველი ბანკის მიერ გამოშვებული სახელმწიფო მიზნობრივი სესხის უპროცენტო ობლიგაციების განაღდება ყოფილი სსრ კავშირის დაშლის შემდეგ 1997წ. 1 იანვრამდე უნდა განეხორციელებინა მის სამართალმემკვიდრედ გამოცხადებულ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკას, რაც მან არ განახორციელა. საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ობლიგაციების მფლობელები რომ არ დაზარალებულიყვნენ, ზემოაღნიშნული ობლიგაციების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი დავალიანება საქართველოს ხელისუფლებამ “სახელმწიფო ვალის შესახებ” 1998წ. 5 მარტის კანონით თავის სავალო ვალდებულებად აღიარა. ამის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში მოხდა ზემოაღნიშნული ობლიგაციების აღრიცხვა, დადგინდა მათი ნივთობრივი სტრუქტურა და შემუშავდა ანაზღაურების მექანიზმის შესაძლო ვარიანტები, რომელთაც ნორმატიული დოკუმენტის სახე ჯერ არ ჰქონდა მიღებული.
მოპასუხის განმარტებით, საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და საბიუჯეტო კრიზისის გამო, ვერ მოხერხდა აღნიშნული ობლიგაციებით წარმოქმნილი სავალო ვალდებულებების დაფარვისთვის ასიგნებების გათვალისწინება “საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში. მოპასუხემ აღნიშნა, რომ 1990წ. მიზნობრივი ობლიგაციების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის ეტაპობრივი დაფარვა უნდა მომხდარიყო შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფისა და ამ ვალის დაფარვის მექანიზმის შესახებ მიღებული ნორმატიული აქტის საფუძველზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27285,1 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოცემული ადმინისტრაციული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორ ს. ჩ-ის წარმომადგენელმა ი. ჩ-ემ. იგი მიუთითებს საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე:
1. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, ვინაიდან ფინანსთა სამინისტრომ არ უარყო კასატორის წინაშე მის მიერ ნაკისრი ვალდებულების არსებობა, ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 137-ე მუხლი, აგრეთვე, სსკ-ის 131-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად შეეძლო ჩაეთვალა ფინანსთა სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარება და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება;
2. ვინაიდან კასატორმა არაერთხელ მიმართა ფინანსთა სამინისტროს და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი თანხის გადახდის მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში, სკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, ხოლო იმავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში. რადგანაც საქმის განუხილველად დატოვების შესახებ ვაკის რაიონის სასამართლოს 1997წ. 13 მარტის განჩინება კასატორს არ ჩაჰბარდა, აღნიშნული განჩინება ძალაში შესულად ვერ ჩაითვლებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დაკსვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ს. ჩ-ის სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
1996წ. 6 აგვისტოს ს. ჩ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ითხოვა 1990 წელს 16000 საბჭოთა მანეთად შეძენილი სახელმწიფო მიზნობრივი უპროცენტო ობლიგაციების ღირებულების მოპასუხისთვის დაკისრება 1990 წელს საბჭოთა მანეთის აშშ დოლართან შესაბამისი კურსით.
აღნიშნული საქმე რამდენჯერმე განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
ბოლოს ვაკის რაიონის სასამართლოს 1997წ. 13 მარტის განჩინებით მოსარჩელე ს. ჩ-ის სასამართლოში არაერთხელ გამოუცხადებლობის გამო, საქმე დარჩა განუხილველად, რომელიც ს. ჩ-ეს არ გაუსაჩივრებია.
2000წ. 17 მარტს ს. ჩ-ემ კვლავ მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს იმავე მოპასუხის მიმართ და, ფაქტობრივად, დააყენა იგივე მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სახელმწიფო მიზნობრივი უპროცენტო ობლიგაცია წარმოადგენს პირსა და სახელმწიფოს შორის დადებულ ადმინისტრაციულ გარიგებას, რომელიც წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს, თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედებს მოძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გათვალისწინებულია სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვაკის რაიონის სასამართლოს 1997წ. 13 მარტის განჩინების შემდგომ, რომლითაც ს. ჩ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად, 1998წ. 5 მარტს, მიღებულ იქნა კანონი “სახელმწიფო ვალის შესახებ", რომლის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა ყოფილი სსრ კავშირის 1990წ. სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება, ხოლო დაფარვის წესის შემუშავება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაევალა ფინანსთა სამინისტროს 1998წ. 1 სექტემბრამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ამიტომ “სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ს. ჩ-ის სარჩელი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ჩ-ის წარმომადგენელ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.