ბს-465-572-კ-03 18 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 24 ოქტომბერს ჯ. ს.-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების: საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს, ფინანსთა სამინისტროსა და ზ. წ.-ს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
იგი 1996წ. 26 აპრილს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, როგორც ვადიანი რიგითი ჯარისკაცი. 1997წ. 9 ივლისს, სამსახურში ყოფნის დროს, ყაზარმის შიგნით მდებარე კიბეებზე ასვლისას, მისმა მეთაურმა ზ. წ.-მ თავის არეში ბლაგვი საგნის დარტყმით მას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა. აღნიშნული ქმედების ჩასადენად ეს უკანასკნელი ¹... სამხედრო ნაწილის შინაგანი ჯარების მეთაურმა პ. გ.-მ წააქეზა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ჯ. ს.-მ და მამამისმა ჯ. ს.-მ მას ტყეში სამუშაოდ წასვლაზე უარი უთხრეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001წ. 1 ოქტომბრის განაჩენით ზ. წ.-ა სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ იქნა ცნობილი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
1997-2001 წლებში მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო პროცესები მთელი რიგი სირთულეებით მიმდინარეობდა, რის გამოც მოსარჩელემ სისხლის სამართალწარმოებისას დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სამოქალაქო სარჩელის წარდგენა ვერ შეძლო. მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ შეძლო მან სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის წარდგენა.
მოსარჩელის განმარტებით, მის ოჯახს მკურნალობაზე დღემდე თითქმის 5000 აშშ დოლარი აქვს დახარჯული. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ იგი ოჯახის ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენდა. ჯარში გაწვევამდე ფოთის საზღვაო საგზაო ნავსადგურში საწყობის გამგის დუბლიორად მუშაობდა, სადაც 100 ლარამდე ხელფასი ჰქონდა, რითაც ოჯახს ინახავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამადაც მძიმეა, რის გამოც იგი მომვლელის დახმარებას საჭიროებს, ოჯახს კი არავითარი სახსრები არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თავის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 50000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა, რომელშიც მკურნალობაზე უკვე დახარჯული და მომავალი მკურნალობისათვის საჭირო ხარჯები, მისი ოჯახისათვის დაკარგული მარჩენალის ხელფასი და მორალური კომპენსაცია _ 20000 აშშ დოლარი შედიოდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ზ. წ.-ს მოსარჩელე ჯ. ს.-ს სასარგებლოდ 5652.5 ლარისა და 730 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ს.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, სარჩელში სრულყოფილად იყო დასაბუთებული მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მხოლოდ ზ. წ.-სადმი ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრებით ფაქტობრივად დაზარალებულის მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩა, რადგანაც მოპასუხე მსჯავრდებულია, მის ოჯახს კი ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.
აპელანტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ზ. წ.-ს ჯ. ს.-ს სასარგებლოდ 6964 ლარისა და 730 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ შინაგანი ჯარების ოცმეთაურის მიერ დანაშაულის ჩადენით მიყენებული ზიანი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებულ ზიანად, რაც სკ-ის 997-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე ზ. წ.-სთან ერთად სოლიდარულად შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს სახით სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე მართებულად განსაზღვრა მოპასუხის მიერ ჯ. ს.-სათვის რეალურად მიყენებული ზიანის ოდენობა. ამასთან, აპელანტის მიერ სასამართლოს სხდომაზე დამატებითი მტკიცებულებები იქნა წარდგენილი, რომლითაც დგინდებოდა, რომ ჯ. ს.-ს მიერ დამატებით 1342 ლარის ოდენობით ხარჯები იქნა გაწეული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ს.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ჯ. ს.-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:
ჯ. ს.-ა 1996წ. 26 აპრილს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში, როგორც ვადიანი რიგითი ჯარისკაცი. 1997წ. 9 ივლისს, სამსახურში ყოფნის დროს, ქ. ფოთში დისლოცირებული საქართველოს შინაგანი ჯარების ¹... სამხედრო ნაწილის ადმინისტრაციის შენობაში ყაზარმის შიგნით მდებარე კიბეზე ასვლისას თავის არეში ბლაგვი საგნის დარტყმით საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ადმინისტრაციის მეთაურმა ზ. წ.-მ მას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, რამაც კასატორის თავის ქალას მძიმე ტრავმა, ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სმენის, მხედველობის ორგანოების ფუნქციის სულ ცოტა 1/3-ის დაკარგვა გამოიწვია. საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ ჯ. ს.-ა 1999წ. 17 ივლისიდან 1999წ. 2 ივლისამდე წოლით რეჟიმში იმყოფებოდა და გეგმიური მკურნალობის კურსს ნევროლოგიის ინსტიტუტის ზოგადი ნევროლოგიის განყოფილებაში გადიოდა.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მოიხმობს სკ-ის 1005-ე მუხლს და განმარტავს, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ზიანი უნდა გამოიწვიოს სახელმწიფო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევამ, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს კიდეც ადგილი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ მოსაზრებას: ვინაიდან ზ. წ.-მ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩაიდინა და ასეთი ქმედების ჩადენისაგან თავის შეკავების ვალდებულება ზ. წ.-ზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას არ წარმოადგენდა, შესაბამისად იგი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევად არ უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯერ ერთი, ზ. წ.-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სამხედრო ნაწილის ადმინისტრაციის შენობაში მოხდა და მეორეც, აღნიშნული ქმედებით ზ. წ.-ს მხრიდან სწორედ რომ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, მან არაჯეროვნად შეასრულა და უხეშად დაარღვია ის სამსახურებრივი მოვალეობა, რაც მას კანონით ჰქონდა დაკისრებული. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნულ მუხლში არ არის ხაზგასმული, რომ ზიანი აუცილებლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველზე დგება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სკ-ის 997-ე მუხლის მიხედვით, პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობების შესრულებისას.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში შინაგანი ჯარების მთავარმა სამმართველომ, ფინანსთა სამინისტრომ და ზ. წ.-მ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი.
რაც შეეხება კასატორისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს სკ-ის 108-115-ე მუხლები, რომლებიც ზიანის ანაზღაურებას ეხება.
ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კასატორმა წამოაყენა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, ცნობა იმის თაობაზე, რომ ჯ. ს.-ა ტრავმის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო საჭიროებს დამატებით მკურნალობას, რაც, ბუნებრივია, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კასატორის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ს.-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.