ბს-466-404-კ-04 21 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ა-ის სარჩელი და მას მიეცა უფლება თბილისში, ... მდებარე 34 კვ.მ ფართის ოროთახიანი კომუნალური ბინის პრივატიზებაზე, ხოლო შესასვლელი დარჩა ¹..... საბავშვო ბაღთან საერთო სარგებლობაში.
1994წ. 25 მაისს მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და მოქალაქე ე. ა-ს შორის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ე. ა-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ... პირველ სართულზე მდებარე ოროთახიანი, 34 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, საერთო ფართი 58 კვ.მ საბავშვო ბაღთან საერთო შესასვლელით.
ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის ლიტერ “ა" მე-2 სართული აღრიცხულია ¹.... საბავშვო ბაღის სახელზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი აღირიცხა მთაწმინდის რაიონის საბინაო ტრესტის სახელზე.
შენობას საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის მიერ ჩაუტარდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რა დროსაც დაინგრა ე. ა-ის მიერ დაკავებული ერთ-ერთი 10 კვ.მ-ის ოთახი.
1997წ. 14 ნოემბერს ე. ა-მა სარჩელით მიმართა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მოპასუხე ¹..... საბავშვო ბაღის და მესამე პირის, მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა მის მიერ პრივატიზებული ფართიდან, კერძოდ, ¹7 ოთახიდან მოპასუხის გამოსახლება:
მოსარჩელე უთითებდა, რომ 1994წ. 25 მაისის პრივატიზების ხელშეკრულებით ... მდებარე შენობის პირველ სართულზე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა (37 კვ.მ) საკუთრების უფლებით ირიცხება მის სახელზე. 1992წ. სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ¹7 ოთახში დროებით განთავსდა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹..... საბავშვო ბაღი, რომელსაც დღემდე დაკავებული აქვს აღნიშნული ოთახი და არ ათავისუფლებს მას.
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაუქმდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 22 აპრილს განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2000წ. 19 იანვარს ე. ა-ი გარდაიცვალა, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში ჩაბმულ იქნა ე. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ბ-ა, 2000წ. 20 ივლისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ¹...... საბავშვო ბაღი გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... პირველ სართულზე მდებარე 13 კვ.მ (¹5II) საცხოვრებელი ფართიდან შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", 394-ე მუხლის “ე" პუნქტების მოთხოვნები.
სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე. ა-მა და შემდგომში მისმა მემკვიდრემ ლ. ბ-ამ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ სადავო ოთახი წარმოადგენს მათ საკუთრებას. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მოქმედი სკ-ის ძალაში შესვლამდე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მის მოსაწესრიგებლად სასამართლოს მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ძველი რედაქცია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 1994წ. 25 მაისს მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და ე. ა-ს შორის დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში ქ. თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა, 34 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, საერთო ფართით _ 58 კვ.მ, შესასვლელი საერთო. ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად და რეგისტრირებულია ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროში 1994წ. 31 მაისს. ამდენად, ე. ა-მა მოახდინა ... მდებარე, მთაწმინდის გამგეობის ბალანსზე რიცხული შენობის პირველ სართულზე 136 კვ.მ საცხოვრებელი ფართიდან 34 კვ.მ ფართის პრივატიზაცია. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ე. ა-ი ტექბიუროში ბინის რეგისტრაციის მომენტიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 131-ე, 239-ე მუხლების შესაბამისად წარმოადგენს I სართულზე მდებარე 34 კვ.მ ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს.
სასამართლომ საინვენტარიზაციო გეგმის (1957წ.) საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ე. ა-ის მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ... პირველ სართულზე მდებარე ¹5 და ¹7 (იგივე ¹5II _ 13 კვ.მ) ოთახების პრივატიზაცია.
სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ე. აფრიკინის მემკვიდრე ლ. ბ-ას, რომელიც საჯარო რეესტრში 2003წ. 18 ივლისს განხორციელებული რეგისტრაციის შესაბამისად წარმოადგენს ქ. თბილისში, ... მდებარე 34/136 წილის მესაკუთრეს, უფლება აქვს, გამოითხოვოს კუთვნილი 13 კვ.მ (5II) საცხოვრებელი ფართი ¹..... საბავშვო ბაღის უკანონო მფლობელობიდან, რამეთუ ამ უკანასკნელს არ გააჩნია სადავო ფართით სარგებლობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი. საქმის მასალების მიხედვით, ¹..... საბავშვო ბაღის სახელზე ირიცხება მხოლოდ შენობის მეორე სართულზე მდებარე ფართი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად ჩათვალა და დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ¹..... საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა მ. ძ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო დაეყრდნო აპელანტის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მის მიერ სარჩელის აღძვრისას სასამართლოში წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ თბილისში, ..... მდებარე შენობის პირველ სართულზე 34 კვ.მ ფართის ოროთახიანი ბინა, საერთო ფართით 58 კვ.მ, ირიცხებოდა მოსარჩელე ე. ა-ის სახელზე, სადაც იგი ჩაწერილი იყო 1948 წლიდან. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის 2001წ. 28 დეკემბრის ¹121717 ცნობა-დახასიათებით, დასტურდება ისიც, რომ იგი წარმოადგენს სადავო ფართის მესაკუთრეს, რაც ასევე დასტურდება 1994წ. ¹3-318 პრივატიზაციის ხელშეკრულებით. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ბოლომდე არ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და დაეყრდნო მხოლოდ აპელანტის მოსაზრებებს.
კასატორის აზრით, აპელანტის მოსაზრება ეყრდნობა ტექინვენტარიზაციის ბიუროს ცნობებში ასახულ გარემოებას, მაგრამ თბილისის ¹..... საბავშვო ბაღს გააჩნია თბილისის განათლების სამმართველოს მიერ 1997წ. 24 ივნისს შედგენილი სასწავლო დაწესებულების პასპორტი, რომელშიც ცალსახად მითითებულია, რომ შენობა-ნაგებობა აშენებულია 1860 წელს და სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულება, ¹.... საბავშვო ბაღი, იქ არსებობს 1921 წლიდან, ე.ი. კ. ა-ის ამ მისამართზე გადმოსვლამდე 27 წლით ადრე, რაც იმაზე მიუთითებს რომ იგი (¹..... საბავშვო ბაღი) 1921 წლიდან სარგებლობს და ფაქტობრივად ფლობს მთლიან შენობას და არა მარტო მეორე სართულს.
თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის 2002წ. 17 ივლისის ¹4-1213013 მოხსენებითი ბარათით ქ. თბილისის პრემიერის მოადგილისადმი, ირკვევა, რომ ჯერ ე. ა-ი და შემდეგ მისი მემკვიდრე მოითხოვდნენ მათი ოთახის მომიჯნავე ¹5II ოთახის (13 კვ.მ) მათთვის გადაცემას, რომელსაც 1921 წლიდან სარგებლობს და ფლობს ბაღი.
ამასთან დადგენილია, რომ ე. ა-ი 1948წ. შემდეგ ცხოვრობდა ... მდებარე სახლის პირველ სართულზე არსებულ ორ ოთახში (34 კვ.მ). მითითებული ფართობი შემდგომში პრივატიზებულ იქნა ე. ა-ის მიერ, რომლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით გადაიფორმა ლ. ბ-ამ. ბინის პრივატიზაციამდე, შენობას საბინაო საექსპლოატაციო ტრესტის მიერ ჩაუტარდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რა დროსაც დაინგრა ე. ა-ის მიერ დაკავებული ორი ოთახიდან 1 ოთახი _ 10 კვ.მ. შემდეგ კი მოითხოვეს დანგრეული ოთახის მაგიერ, ბაღის მიერ დაკავებული და სარგებლობაში მყოფი ¹7 (იგივე 5II) ოთახის (13 კვ.მ) მისთვის გამოყოფა.
კასატორის მითითებით, ლ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის გარდა, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის 3 პუნქტის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ბავშვთა უფლებათა კონვენციის მოთხოვნებს. რაც შეეხება, სკ-ის 146-ე მუხლის მოთხოვნას, იმის შესახებ, რომ მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს ქონება უკანონო მფლობელისაგან, საფუძველს მოკლებულია ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ არ მიუთითა რაიონულ სასამართლოს თუ რომელი კანონი უნდა გამოეყენებინა, როცა თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მტკიცებულებები და ისე მიიღო ნაჩქარევი, უსაფუძვლო და ტენდენციური გადაწყვეტილება.
მოწინააღმდეგე მხარემ და მისმა წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ამასთან, მხარემ განმარტა, რომ მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ე. ა-ს არ აღუდგენია გადაწყვეტილებაში მითითებული 10 კვ.მ. ოთახი, არამედ გამგეობამ მოახდინა აღნიშნული ¹6 ოთახის ¹7 ოთახში (ამჟამად 511) გაცვლა.
მესამე პირის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი, მიუხედავად არაერთგზის მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა, ამიტომ საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი წარმომადგენლის გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ¹..... საბავშვო ბაღის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ე. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ბ-ას სარჩელზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. ა-ი 1997 წელს აღძრული სარჩელით ითხოვდა ¹...... საბავშვო ბაღის უკანონო მფლობელობიდან თბილისში, ..... მდებარე სახლის პირველ სართულზე ¹7 ოთახის გამოთხოვას. ამდენად, განსახილველი დავის საგანია ვინდიკაციური სარჩელი, ანუ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამასთან, ვინაიდან დავის ობიექტია უძრავი ქონება, საცხოვრებელი ოთახი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს, ნაცვლად 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსისა, დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა ამჟამად მოქმედი 1997წ. სამოქალაქო კოდექსით, თანახმად ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე ე. ა-ის და მისი უფლებამონაცვლე ლ. ბ-ას სარჩელი ¹...... საბავშვო ბაღის უკანონო მფლობელობიდან ¹7 ოთახის გამოთხოვის შესახებ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:
1. სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: “მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.” ამრიგად, მითითებული ნორმით მესაკუთრეს უფლება აქვს, მოითხოვოს მის საკუთრებაში მყოფი ნივთის ჩამორთმევა, თუ ამ ნივთს მესამე პირი ფლობს უკანონოდ, რამე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
2. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან და სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან: “მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა".
საკასაციო პალატა სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების პირველი ნაწილების ანალიზის შედეგად განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად საჭიროა არსებობდეს შემდეგი პირობა:
ა) პირი, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, უნდა იყოს ამ ნივთის მესაკუთრე;
ბ) პირი, ვისგანაც მესაკუთრე ითხოვს ნივთის გამოთხოვას, უნდა იყოს უკანონო მფლობელი;
3. კონკრეტულ შემთხვევაში ე. ა-ი და მისი უფლებამონაცვლე ¹..... საბავშვო ბაღის უკანონო მფლობელობიდან ¹7 საცხოვრებელი ოთახის დაბრუნებას ითხოვენ ბინის პრივატიზების საფუძველზე, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ და რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება. პალატა აღნიშნავს, რომ მთაწმინდის რაიონის ¹67 საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და ე. ა-ს შორის 1994წ. 25 მაისს, მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების თანახმად, დადებული პრივატიზების ხელშეკრულებით ე. ა-ს საკუთრებაში გადაეცა ... მდებარე სახლის პირველ სართულზე ორი ოთახი 34 კვ.მ ფართით, ხოლო შესასვლელი ¹.... საბავშვო ბაღთან დარჩა საერთო სარგებლობაში. პრივატიზების ხელშეკრულება იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, რეგისტრირებულია თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში და ამდენად, ახალი სკ-ის 183-ე მუხლის მიხედვითაც ე. ა-ი და მისი უფლებამონაცვლე ლ. ბ-ა ...... მდებარე 34 კვ.მ ფართობის ორი ოთახის მესაკუთრეა. მაგრამ საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ ე. ა-მა ზემოაღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება შეიძინა არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, არამედ ბინის პრივატიზების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ასევე თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994წ. 3 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაც.
მთაწმინდის რაიონის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დავის საგანს წარმოადგენდა ე. ა-ისათვის ბინის პრივატიზების ნებართვის მიცემა. გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მას უფლება მიეცა თბილისში, ... მდებარე 34 კვ.მ ფართის ოროთახიანი კომუნალური ბინის პრივატიზებაზე, რომლის ძირითადი დამქირავებელიც თვითონ იყო, ხოლო შესასვლელი დარჩა ¹..... საბავშვო ბაღთან საერთო სარგებლობაში. გეგმის მიხედვით ოთახების ნომრები არც სასამართლოს გადაწყვეტილებაში და არც პრივატიზების ხელშეკრულებაში მითითებული არ არის. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, მთაწმინდის რაიონის საბინაო საექსპლოატაციო ტრესტი და ¹..... საბავშვო ბაღი სწორედ იმ მოტივით ეწინააღმდეგებოდნენ ე. ა-ის მიერ ფართის პრივატიზებას, რომ საპრივატიზებო 34 კვ.მ ფართის ორი ოთახიდან 10 კვ.მ ერთი ოთახი პრივატიზების დროს დანგრეული იყო. აღნიშნული ოთახი, ისევე როგორც საბავშვო ბაღის ფართიც, დაინგრა 1990-1992 წლების სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების დროს. მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებით ე. ა-ს მიეცა 34 კვ.მ ფართის პრივატიზების უფლება, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი (ე. ა-ი) კისრულობდა დანგრეული ოთახის აღდგენასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას.
ამრიგად, მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994წ. 3 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სადაც დავის მხარეებს იგივე პირები, ე. ა-ი, მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტი (ამჟამად მთაწმინდის გამგეობა) და ¹...... საბავშვო ბაღი წარმოადგენდნენ, ე. ა-ს უფლება მიეცა 34 კვ.მ ორი ოთახის პრივატიზებაზე იმ პირობით, რომ იგი აღადგენდა 10 კვ.მ ფართობის დანგრეულ ერთ ოთახს;
4. ე. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ბ-ასა და მისი წარმომადგენლის განმარტებით, ე. ა-ს, გადაწყვეტილების შესაბამისად, არ აღუდგენია დანგრეული 10 კვ.მ ფართის ოთახი, არამედ მან გადაწყვეტილების საფუძველზე მოახდინა 34 კვ.მ ფართის ორი ოთახის ¹5 და ¹7 ოთახების პრივატიზება, აქედან ¹7 ოთახი წარმომადგენლის განმარტებით, ე. ა-ს გადაეცა ¹6 ოთახის გაცვლის შედეგად, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან:
ა) მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით ე. ა-ს უფლება მიეცა ... მდებრე 34 კვ.მ ფართის ორი ოთახის პრივატიზებაზე, რომლის ძირითადი დამქირავებელიც თვითონ იყო. საქმეში წარმოდგენილი 1948წ. 16 სექტემბერს გაცემული საცხოვრებელი ფართობის გაცვლის ¹584 ორდერით, ე. ა-ის მამას _ ს. ა-ს გაცვლითი წესით მიეცა ... მდებარე ორი ოთახი, კერძოდ, 1948წ. საცხოვრებელი ფართობის ¹4 პასპორტის მიხედვით, ს. ა-ის ოჯახს მიეცა პირველ სართულზე მდებარე ¹5 და ¹6 საცხოვრებელი ოთახები. ა-ის ოჯახის მიერ ¹5 და ¹6 საცხოვრებელი ოთახების ფლობის ფაქტი დასტურდება ასევე დამქირავებლის პირადი ბარათით ¹1043-3, რომელშიც ძირითად დამქირავებლად ე. ა-ია ფიქსირებული. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ ე. ა-ის ოჯახი 1948 წლიდან მართლზომიერად ფლობდა ... ¹15-ში მდებარე ¹5 და ¹6 საცხოვრებელ ოთახებს, მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით ე. ა-ს უფლება მიეცა ორი ოთახის პრივატიზებაზე, რომლის ძირითად დამქირავებელს თავად წარმოადგენდა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ა-ს შეეძლო მოეხდინა მხოლოდ ¹5 და ¹6 საცხოვრებელი ოთახების პრივატიზება;
ბ) წარმომადგენელ ხ. ზ-ის განმარტებით, ე. ა-ს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, არ აღუდგენია დანგრეული 10 კვ.მ ფართობის ოთახი, არამედ ¹5 ოთახთან ერთად მოახდინა ¹7 ოთახის (ამჟამინდელი გეგმის მიხედვით ოთახი ¹5II) პრივატიზება, რომელიც მიიღო ¹6 ოთახის გაცვლის შედეგად. წარმომადგენლის განმარტებას საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება, რადგან მთაწმინდის რაიონის სახლმმართველობასთან ¹7 ოთახის გაცვლასთან დაკავშირებით დადებული წერილობითი ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მხარემ ასევე ვერ მიუთითა ¹7 საცხოვრებელი ოთახის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994წ. 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე ე. ა-ს ნებართვა მიეცა მხოლოდ ... მდებარე 34 კვ.მ ფართის ¹5 და ¹6 ოთახების პრივატიზებაზე, რომლის ძირითად დამქირავებელს თავად წარმოადგენდა, იმ პირობით, რომ იგი მოახდენდა 10 კვ.მ ფართობის ¹6 ოთახის აღდგენა-რეკონსტრუქციას. გადაწყვეტილების შესაბამისად, ¹67 საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და ე. ა-ს შორის 1994წ. 25 მაისს დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებით, ე. ა-ი გახდა სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული 34 კვ.მ ფართობის ¹5 და ¹6 საცხოვრებელი ოთახების კანონიერი მესაკუთრე, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების უმთავრესი პირობა მხარეს არ შეუსრულებია და ¹6 საცხოვრებელი ოთახი არ აღუდგენია. ამდენად, ე. ა-ი და მისი უფლებამონაცვლე ლ. ბ-ა არიან ¹5 და ¹6 საცხოვრებელი ოთახების მესაკუთრეები, რომელთა უფლება საკუთრებაზე აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და სკ-ის 170-ე მუხლებით. რაც შეეხება სადავო ¹7 ოთახს (ამჟამინდელი გეგმა-ნახაზის მიხედვით ოთახი ¹5II), საქმეში არ მოიპოვება და ვერც უფლებამონაცვლე ლ. ბ-ამ წარმოადგინა ¹7 ოთახის საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება, მან ასევე ვერ მიუთითა ¹7 ოთახის საკუთრების სამართლებრივ საფუძველზე. ამიტომ საკასაციო სასამართლოს აზრით, ე. ა-ს და მის უფლებამონაცვლეს ¹7 საცხოვრებელ ოთახზე უფლებადამცავი ინტერესები არ გააჩნიათ, ისინი არ წარმოადგენენ სადავო ოთახის მესაკუთრეებს, რის გამოც მათ ¹..... საბავშვო ბაღის მიმართ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი არა აქვთ და მათი სარჩელი ბაღის უკანონო მფლობელობიდან ¹7 (¹5II) ოთახის გამოთხოვის შესახებ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ¹..... საბავშვო ბაღის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, ასევე დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტი) და ახალი გადაწყვეტილებით ე. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ბ-ას უარი უნდა ეთქვას ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ¹..... საბავშვო ბაღის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. ა-ის უფლებამონაცვლე ლ. ბ-ას უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
4. ლ. ბ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 30 ლარის, გადახდა;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.