¹ ბს-470-408-კ-04 10 ნოემბერი, 2004 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 4 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე მიწის მართვის დეპარტამენტისა და მესამე პირის _ ... ფონდის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2001წ. 15 იანვარს გაცემული ¹1/18/3/15/1 საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და თბილისში, ... მდებარე შენობის მესაკუთრედ ანჩისხატის ეკლესიის აღიარება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საბჭოთა წყობილების დროს ანჩისხატის ეკლესია გაუქმებულ იქნა, ხოლო ტაძრის ეზოში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ახლად შექმნილ საზოგადოებას გადაეცა. 1988 წელს ანჩისხატის ეკლესიაში ღვთისმსახურება განახლდა, მაგრამ მისი კუთვნილი ეზო და სახლი ზემოთ მითითებული საზოგადოების განკარგულებაში დარჩა. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990წ. 12 აპრილის ¹183 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა, უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ გააჭიანურა შენობის გადმოცემა და როგორც შემდგომ გაირკვა, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2001წ. 15 იანვარს ... ქ. ¹5/7-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა ... ფონდის საკუთრებად აღრიცხა, რომელმაც იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია გაიარა, როგორც საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზიგადოების სამართალმემკვიდრემ.
მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოდ განხორციელდა, ვინაიდან იგი ყალბ დოკუმენტებს ეფუძნებოდა, რაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომ სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტი დამატებით აღნიშნავდა, რომ საზოგადოების ქონების გადაცემა ... ფონდისათვის კანონის უხეში დარღვევით მოხდა, ვინაიდან კანონის თანახმად სავალდებულო კრება არ შემდგარა, რომელზეც შეიძლებოდა საზოგადოების სამართალმემკვიდრედ ფონდის რეგისტრაციის საკითხი გადაწყვეტილიყო.
მესამე პირმა _ ... ფონდმა საქართველოს საპატრიარქოს სააპელაციო საჩივარი არ ცნო და აღნიშნა, რომ ... ფონდის რეგისტრაცია კანონის სრული დაცვით განხორციელდა. ამასთან, სკ-ის 1511-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფონდი ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა, როგორც არაკომერციული იურიდიული პირი.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 2 თებერვლის მთავარ სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მხოლოდ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2001წ. 15 იანვარს გაცემული (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა. დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე მან უარი განაცხადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს საპატრიარქოს სარჩელი დაკმაყოფილდა. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2001წ. 15 იანვარს გაცემული ¹1/18/3/15/1 საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი. თბილისში, ...ის ქ. ¹5/7-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ანჩისხატის ეკლესიის ცნობის თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა, რადგან მოსარჩელემ ამ ნაწილში უარი თქვა სარჩელზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1981წ. 6 მაისს ¹642 განკარგულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების თხოვნა დააკმაყოფილა და კიროვის რაისაბჭოს აღმასკომის ბალანსიდან კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ბალანსზე ... ქ. ¹5/7-ში მდებარე ორსართულიანი სახლი (439 კვ.მ სასარგებლო ფართით), რესტავრაციის შემდგომ საზოგადოებას სასამსახურო ფართად გამოსაყენებლად გადასცა. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990წ. 12 აპრილის ¹183 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა და მათი უძრავ-მოძრავი ქონება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა. 2001წ. 15 იანვარს კი მიწის მართვის დეპარტამენტმა ამონაწერი გასცა, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (445 კვ.მ ფართით) ... ფონდის საკუთრებად გამოცხადდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირის _ ... ფონდის არგუმენტი, რომ სადავო ქონების თბილისის კიროვის რაისაბჭოს აღმასკომის ბალანსიდან საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ბალანსზე გადაცემა მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში დამაგრებას თავისთავად გულისხმობდა. მით უფრო, რომ საზოგადოებას ბალანსზე ორსართულიანი სახლი (439 კვ.მ სასარგებლო ფართით) რესტავრაციის შემდგომ სასამსახურო ფართად გამოსაყენებლად გადაეცა.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1981წ. 6 მაისის ¹642 განკარგულებაში, რომლის საფუძველზეც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სადავო ქონების მესაკუთრედ მესამე პირი დაარეგისტრირა, ცალსახად არის განსაზღვრული, რომ სადავო შენობა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებას კონკრეტული მიზნისათვის გადაეცა. კერძოდ, სასამსახურო ფართად გამოსაყენებლად და მისი განკარგვის უფლება არ ჰქონდა. ამასთან, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებისათვის მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთი იყო საჭირო, რაც არ არსებობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა თბილისში, ... მდებარე შენობის მესაკუთრედ ანჩისხატის ეკლესიის მესაკუთრედ აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რის გამოც სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ... ფონდმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საოლქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 36-ე მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი.
კასატორი თვლის, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990წ. 12 აპრილის ¹183 დადგენილებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა ყველა საკულტო ნაგებობა და უძრავ-მოძრავი ქონება, მაგრამ თბილისში, ...ქ. ¹5/7-ში მდებარე ნაგებობა არ არის საკულტო ნაგებობა.
კასატორმა დამატებითი საკასაციო საჩივარი წარმოადგინა უზენაეს სასამართლოში, სადაც მიუთითა, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის სათანადო მოსარჩელე, რადგან მან სააპელაციო სასამართლოში უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე სადავო შენობის მესაკუთრედ ანჩისხატის ეკლესიის აღიარების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს და მიუთითეს, რომ სსკ-ის 106-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დამტკიცებას არ საჭიროებენ. სადავო ნაგებობის ეკლესიისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მათ არ ევალებოდათ, ვინაიდან ჯერ კიდევ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1986წ. 14 ნოემბრის ¹706 დადგენილებით სადავო ნაგებობა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლად არის მიჩნეული და ანჩისხატის ეკლესიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ბუნებრივია, იგი საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი ვერ იქნებოდა. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის 2000წ. 18 და 25 დეკემბრის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებებით, საეპისკოპოსო სახლი და ანჩისხატის ტაძარი წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ისტორიის ძეგლს და მისი კერძო მფლობელობაში გადასვლა დაუშვებელია.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსაზრებით, კასატორის არგუმენტი, რომ მას შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი თბილისის სახალხო დეპუტუტთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1981წ. 6 მაისის ¹642 განკარგულებით მუდმივ სარგებლობაში გადაეცა, უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული განკარგულება მხოლოდ სარესტავრაციოდ გადაცემული ქონების დროებით სასამსახურო ფართად გამოყენებას ეხებოდა, ამასთან სადავო მიწის თაობაზე მასში არაფერი იყო ნათქვამი.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ასევე მიუთითეს, რომ ისინი სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენენ, რადგან ქ. თბილისის მერია მათ მოთხოვნას მხარს უჭერს და კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მათ შესაძლებლობას მისცემთ, შემდგომში აღადგინონ საკუთრების უფლება სადავო ნაგებობასა და მიწის ნაკვეთზე, რაც უდავოდ ადასტურებს მათ პირდაპირ და უშუალო ინტერესს დავის საგნისადმი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ... ფონდის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ვინაიდან, კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
1981წ. 6 მაისს ¹642 განკარგულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების თხოვნა დააკმაყოფილა და თბილისის კიროვის რაისაბჭოს აღმასკომის ბალანსიდან კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებას ბალანსზე ... მდებარე ორსართულიანი სახლი (439 კვ.მ სასარგებლო ფართით), რესტავრაციის შემდგომ სასამსახურო ფართად გამოსაყენებლად გადასცა. ასევე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990წ. 12 აპრილის ¹183 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა და მათი უძრავ-მოძრავი ქონება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1986წ. 14 ნოემბრის ¹706 დადგენილებით თბილისში, ... ¹5/7-ში მდებარე შენობა მიჩნეულია ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ამჟამად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ) 2001წ. 15 იანვარს გასცა უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹1/18/3/15/1, რომლის თანახმად, თბილისში, ... ¹5/7-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (445 კვ.მ ფართით) და მიწის ნაკვეთი აღირიცხა საქართველოს ... ფონდის საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არ წარუდგენია ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ... ფონდი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში სადავო ქონების მესაკუთრედ შეიძლება გატარებულიყო, მითუმეტეს, რომ სადავო ქონების თბილისის კიროვის რაისაბჭოს აღმასკომის ბალანსიდან საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ბალანსზე გარკვეული მიზნით გადაცემა მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში თავისთავად დამაგრებას არ გულისხმობდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ თბილისში, ... ¹5/7-ში მდებარე ორსართულიანი შენობა 1981 წლიდან საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების საკუთრებაა. ამგვარი განცხადება სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან 1981წ.ათვის სადავო შენობის საზოგადოების ბალანსზე გადაცემა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით მასზე საკუთრების უფლების წარმოშობას არ გულისხმობდა, მითუმეტეს მიწის ნაკვეთისა, რომელზეც საერთოდ არაფერია ნათქვამი განკარგულებაში.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლები, კერძოდ, საკუთრების უფლების მინიჭებისათვის კანონმდებელი იმპერატიულად მოითხოვს მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთის არსებობას, რაც კასატორს უდავოდ არ გააჩნდა. ამდენად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დაცული არ ყოფილა ამ კანონის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიქცევს აგრეთვე ზემოთ მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ ისტორიის, ბუნებისა და კულტურის ძეგლად მიჩნეულ სახელმწიფო საკუთრების ნაგებობების დაცვითი ზონების მიწებზე. მითუმეტეს, რომ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის 2000წ. 18 დეკემბრისა და 25 დეკემბრის სამეცნიერო საბჭოს დებულებებში მითითებულია, რომ საეპისკოპოსო სახლი და ანჩისხატის ტაძარი წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ისტორიის ძეგლს და მისი კერძო მფლობელობაში გადასვლა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოცემულ დავაში საქართველოს საპატრიარქოს არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის თაობაზე და თვლის, რომ თბილისში, ... ¹5/7-ში მდებარე სადავო ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის ... ფონდის საკუთრებად გამოცხადება პირდაპირ და უშუალოდ შეეხება მოსარჩელის ინტერესებს, რადგან ქ. თბილისის მერია მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნას და კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის მათ შესაძლებლობას მისცემთ შემდგომში განახორციელონ თავიანთი უფლებები სადავო ნაგებობასა და მიწის ნაკვეთზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ... ფონდის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ... ფონდს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.