Facebook Twitter

ბს-473-580-კ-03 23 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 სექტემბერს ა. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე – ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ იგი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო .......... თბილისის ...... ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობაზე. სექტემბერში მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი განთავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა სხვა პირი. მისი განთავისუფლება არ გაფორმებულა ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით, რითაც დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე, 111-ე მუხლები და შკკ-ს 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან იგი იმყოფებოდა 6 სექტემბრიდან დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე, ასეთ დროს კი სამსახურიდან განთავისუფლება დაუშვებელია.

2002წ. ივლისში ა. უ-ს ჩაბარდა გაფრთხილება “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის თაობაზე. რეგისტრაციამდე საბაჟო ........ სულ 37 საშტატო ერთეული იყო, რეორგანიზაციის შემდეგ გახდა 115 საშტატო ერთეული. ....... განყოფილების 14 ინსპექტორის საშტატო ერთეული გაიზარდა 18 ერთეულამდე. რეორგანიზაცია შეეხო მის განყოფილებასაც, სადაც შემცირებულ იქნა ინსპექტორის თანამდებობა 2 საშტატო ერთეულით, მაგრამ რამდენიმე მუშაკი გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, არ არსებობდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი მისი სამსახურიდან განთავისუფლებისათვის, რის გამოც მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა ამ კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით და შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ......... თბილისის ...... ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობიდან მისი განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას და თანამდებობაზე აღდგენას.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 იანვრის გადაწყვეტილებით ა. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სასამართლო სხდომის დღემდე მოსარჩელე არ ყოფილა განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის თანახმად, იგი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო განთავისუფლებულ მოხელედ. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული კანონის 127-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში არ წარმოადგინა სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, რომლის თაობაზეც სასამართლო იმსჯელებდა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება ა. უ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლში.

სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავდა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი, რადგან საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, გაასაჩივროს არა მხოლოდ სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება, არამედ მოქმედებაც, ანუ არ გაითვალისწინა, რომ თუკი განთავისუფლება არ გაფორმდება ბრძანებით, ეს არ გამორიცხავს მოსამსახურის შესაძლებლობას გაასაჩივროს ადმინისტრაციის ქმედება და მოითხოვოს სამსახურში აღდგენა. ასეთ შემთხვევაში ბრძანების არარსებობა განხილულ უნდა იქნეს, როგორც ერთ-ერთი საფუძველი მუშაკის განთავისუფლების არაკანონიერად ცნობისათვის. მისი შრომისუუნარობის პერიოდში ბრძანებით უნდა შეჩერებულიყო სამსახურებრივი ურთიერთობები, რაც არ განხორციელებულა. რაიონულ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 248-ე მუხლი, რადგან იგი ითხოვდა მისი განთავისუფლების ბათილად ცნობას და თანამდებობაზე აღდგენას, ხოლო ის გარემოება, რომ იგი განთავისუფლებულია კანონსაწინააღმდეგოდ, დასტურდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე, 111-ე მუხლებით, რის გამოც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კანონის 112-ე მუხლი. ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ კანონის არც ერთი ნორმა არ გამორიცხავს პირისთვის რაიმე თანამდებობის შეთავაზებას რეორგანიზაციის დროს, რაც არ მომხდარა ამ კანონის 96.2-ე, 97.2-ე მუხლების შესაბამისად. ფინანსთა სამინისტროში არის ვაკანტური თანამდებობები, რაზეც პირდაპირ მეტყველებს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” ¹33 ნომერში გამოცხადებული საჯარო კონკურსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე, 108-ე მუხლების საფუძველზე ა. უ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე კანონის 23.2-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური ....... შტატგარეშე მოსამსახურედ დაინიშნა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 22.09.03 ¹86-კს ბრძანებით გაუქმდა ზემოაღნიშნული ბრძანება ა. უ-ის შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის ნაწილში.

2003წ. 1 აგვისტოს მოსარჩელე ა. უ-მა დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის ¹41-კს ბრძანების ამ ნაწილის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის პერიოდში მოსარჩელე განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან და დაინიშნა შტატგარეშე მოსამსახურედ, მოხდა მისი განთავისუფლების “გაფორმება”. აღნიშნული ბრძანების ბათილობის საკითხი დაკავშირებულია მის თანამდებობაზე აღდგენის საკითხთან. ბრძანება არ გამოცემულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საშტატო ერთეული, რლმელზედაც მუშაობდა ა. უ-ი, არ შემცირებულა. პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹398 ბრძანებულებით რეორგანიზაცია უნდა დასრულებულიყო და ახალი საშტატო ნუსხა უნდა ამოქმედებულიყო 2002წ. 10 სექტემბრამდე, რის გამოც არ არსებობდა მისი განთავისუფლების “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლით განსაზღვრული საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის უნდა შეეთავაზებინათ ანალოგიური სამსახური, რაც არ განხორციელებულა.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო და დამატებით სარჩელებს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. უ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სსკ-ს 381-ე მუხლით დავის საგნის გაზრდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმაა ან სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა დავის საგნის გაზრდას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილი ჰქონდა ახალი სასარჩელო მოთხოვნის განხილვას, რომლის შესახებაც რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. უ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია. გაუქმდა ძველი და დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი _ საბაჟო დეპარტამენტში არსებული 17 რეგიონალური საბაჟოს ნაცვლად შეიქმნა 6 რეგიონალური საბაჟო. რეორგანიზაციის შედეგად არ შემცირებულა საბაჟო დეპარტამენტში მანამდე არსებულ საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა, იგი იგივე დარჩა, მაგრამ მოხდა კონკრეტულ თანამდებობათა შემცირება, რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “.......”, რომლის შემადგენლობაში შევიდა თბილისის ჯგუფი 16 საშტატო ერთეულით, მათ შორის, ინსპექტორი – 12 საშტატო ერთეულით. საბაჟო დეპარტამენტის თბილისის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო “...... ” ექსპორტ-იმპორტისა და საბაჟო ......... განყოფილების ინსპექტორის თანამდებობა, სადაც მუშაობდა აპელანტი, დღეისათვის გაუქმებულია და აღარ არსებობს, რეორგანიზაციამდე აღნიშნულ სამსახურში იყო 20 საშტატო ერთეული, მათ შორის, 14 – ინსპექტორის თანამდებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ა. უ-ი სწორად იქნა განთავისუფლებული და დანიშნული სხვა თანამდებობაზე, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 43-ე და 77-ე მუხლების თანახმად, მოხელის თანხმობა სავალდებულოა სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამსახურებრივი დაწინაურებისას და არა დანიშვნისას.

ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. უ-ი დაინიშნა რა თანამდებობაზე, თუნდაც შტატგარეშე მოსამსახურედ, ამით აპელანტს შესთავაზეს სხვა თანამდებობა, ხოლო თანამდებობაზე – სადაც იგი ითხოვს აღდგენას, მას არასოდეს უმუშავია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აპელანტის მიმართ დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესი.

ა. უ-ი არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და იგი საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო საჩივარს კასატორი აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

1. სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კასატორს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹35 ბრძანებულება, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 29 აგვისტოს ¹269 და სექტემბრის ¹279-ე ბრძანებები, ანუ ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების საფუძვლად მიუთითა პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ასეთი მსჯელობა დაუსაბუთებელი და არაკანონიერია, რადგან მის მიერ გასაჩივრებულია კონკრეტული ბრძანება, რომელშიც მითითებული იყო მისი გაუქმების კონკრეტული საფუძვლები;

2. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულების მე-5 მუხლი, როლის თანახმადაც, საბაჟო დეპარტამენტში რეორგანიზაცია უნდა დასრულებულიყო და ახალი სტრუქტურა ამოქმედებულიყო 2002წ. 10 სექტემბრამდე. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა ფინანსთა მინისტრის 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანება, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი ამოქმედდა 2002წ. 10 სექტემბრიდან;

3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა. უ-ს 2003წ. 20 თებერვლამდე შეეძლო ემუშავა საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შემდგომ ამოქმედებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ერთ-ერთ თანამდებობაზე, საიდანაც განთავისუფლდა კიდეც. მოყვანილი მიზეზების გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, გაურკვეველი ხდება, თუ სად მუშაობდა ა. უ-ი გათავისუფლებამდე. გარდა ამისა, თუკი იგი ირიცხებოდა არარსებულ თანამდებობაზე, მაშინ რის საფუძველზე უნდა მიეცეს მას ხელფასი განთავისუფლების მომენტამდე _ 2003წ. 20 თებერვლამდე.

4. სასამართლომ არასწორად განმარტა და, ამდენად, არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 77-ე მუხლი, რომელიც შეეხება მოხელის დაწინაურებას და აწესებს ასეთი შემთხვევისათვის მოხელის წერილობითი თანხმობის გაცემის სავალდებულობას. სასამართლოს აღნიშნული ნორმა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან საკითხი შეეხებოდა მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების კანონსაწინააღმდეგოდ ცნობას და არა მის დაწინაურებას. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ამავე კანონის 43-ე მუხლი, რომელიც შეეხებოდა მოხელის სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე გადაყვანას;

5. სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გათავისუფლებისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბაჟო დეპარტამენტში ა. უ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების მომენტში არსებობდა ვაკანტური თანამდებობები, რაც დასტურდება საქმეში არსებული დოკუმენტებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ა. უ-ის საკასაციო საჩივარი.

მოწინააღმდეგე მხარე – ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 1998წ. აპრილიდან ა. უ-ი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო 2002წ. 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის თბილისის რეგიონალურ საბაჟოში საბაჟო “........” ექსპერტ-იმპორტისა და საბაჟო ........ განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე. ფინანსთა მინისტრის 2003წ. 20 თებერვლის ¹41კს ბრძანების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო “........ ” ექსპერტ-იმპორტისა და საბაჟო ........ განყოფილების ინსპექტორი ა. უ-ი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108-ე მუხლების თანახმად, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “.........” შტატგარეშე მოსამსახურედ, ხოლო ფინასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 22 აპრილის ¹86-კს ბრძანების საფუძველზე ა. უ-ი გათავისუფლდა შტატგარეშე თანამდებობიდან.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ საბაჟო დეპარტამენტში, მართალია, განხორციელდა რეორგანიზიაცია, გაუქმდა ძველი და შეიქმნა ახალი საშტატო განრიგი; არსებული 17 რეგიონალური საბაჟოს ნაცვლად შეიქმნა – 6, შემცირდა კონკრეტული თანამდებობები, თუმცა საშტატო ერთეულების რაოდენობა დარჩა უცვლელად.

საბაჟო დეპარტამენტში რეორგანიზაციის განხორციელების ფაქტი დადასტურებულია, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტში ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას და არა ლიკვიდაციას.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ უნდა იყოს ზემოაღნიშნული კანონის ნორმები. მითითებულ კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.

ამდენად, აღნიშნული მუხლების საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია არ იყო უფლებამოსილი, ა. უ-ი გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გაუქმდა ის საშტატო ერთეული, რომელზედაც კასატორი მუშაობდა, ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, იგი სამსახურიდან დაეთხოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ა. უ-ი უარს განაცხადებდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. რაც შეეხება შტატგარეშე თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს ვერ მიიჩნევს სხვა თანამდებობის შეთავაზებად, რაც თავის მხრივ საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან ა. უ-ის სამსახურიდან დათხოვნისას ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული ნორმების უხეშ დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. უ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 22 აპრილის ბრძანება ¹86-კს ა. უ-ის განთავისუფლებისა და ამავე დეპარტამენტის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანება ა. უ-ის რეგიონალური საბაჟო “ .......... ” შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის თაობაზე;

ა. უ-ი აღდგენილ იქნეს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ,, ......... “ ექსპორტ-იმპორტისა და საბაჟო ......... განყოფილების ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.