¹ბს-475-582-კ-03 21 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხის _ შპს “პ.-ის” მიმართ სარჩელი აღძრა და 598913 ლარის გადახდა და მის უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 25 აპრილის “მეჩაიეობის დარგში აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ” ¹266 ბრძანებულების შესაბამისად, შპს “პ.-ს” 1997 წელს აშშ-დან შემოტანილი ხორბლის რეალიზაციით მიღებული ამონაგებიდან, სესხის სახით 306000 ლარი გამოეყო. ამასთან დაკავშირებით, 1998წ. 5 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “პ.-ს” შორის საკრედიტო ხელშეკრულება ¹138 გაფორმდა, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მოპასუხეს 3 წლის ვადით 306000 ლარი, წლიური 15%-ის სარგებლით გამოეყო, ხოლო სესხის დაფარვის ბოლო ვადა სესხის პირველი ნაწილის – 30%-ის გაცემის დღიდან 3 წლის ვადით განისაზღვრა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის ურთიერთვალდებულებები წარმოიშვა. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით შპს “პ.-მა” ვალდებულება აიღო, სასესხო გრაფიკის შესაბამისად, ძირითადი თანხა სესხით სარგებლობის პერიოდის ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაეხადა. მას სესხით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდა ყოველკვარტალურად – დაწყებული 1999წ. მეორე კვარტლიდან, მომდევნო კვარტლის პირველი 5 საბანკო დღის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა. ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სესხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ჰქონდა შპს “პ.-ისათვის” ყოველ გადაცილებულ დღეზე საურავი – ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკრედიტო თანხის 0,2% მოეთხოვა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო შპს “პ.-ს” 306000 ლარის ნაცვლად 240000 ლარი გამოეყო, მაგრამ მოპასუხემ 240000 ლარი და პროცენტული სარგებელი 79885 ლარი დღემდე არ დაფარა, მას ¹138 საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საურავი დაერიცხა, რაც 2002წ. 1 სექტემბრის მდგომარეობით 279028 ლარს შეადგენდა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, მიუხედავად ფინანსთა სამინისტროს წერილობითი მიმართვებისა (20.06.00 ¹08/01-08-329/2762; 08.12.00 ¹08/01-08-656/5708; 30.05.01 ¹08/01-08/2542), შპს “პ.-ს” დავალიანება არ დაუფარავს, რითაც მან სკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნები დაარღვია, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა შპს “პ.-ის” უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2003წ. 22 იანვარს შპს “პ.-მა” აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა და ფინანსთა სამინისტროსაგან მიყენებული ზიანის – 94018 ლარის, მიუღებელი შემოსავლის – 35000 აშშ დოლარისა და დაგვიანებული და გადმოურიცხავი თანხების 0,2%-ის, სულ – 146810 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ¹138 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები იმთავითვე დაარღვია, კერძოდ, ხელშეკრულების მე-2 თავის მე-2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საერთო თანხის 30% 15 საბანკო დღეში უნდა გადაერიცხა, მან კი რამდენიმე თვის დაგვიანებით გადარიცხა, ხოლო 66000 ლარი საერთოდ არ გადაურიცხავს. მიუხედავად ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს არაერთგზის წერილობითი გაფრთხილებისა მოსალოდნელი ზიანისა და გასატარებელი პროგრამის ჩაშლის საშიშროების შესახებ, მათ დახმარება ვერ მიიღეს. აგრეთვე, შპს “პ.-მა” ინტელექტბანკისაგან კომერციული კრედიტი 100000 აშშ დოლარი აიღო. სესხის დაუფარავმა ნაწილმა და პროცენტებმა 35000 აშშ დოლარი შეადგინა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ჩაება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს “პ.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფინანსთა სამინისტროს შპს “პ.-ის” სასარგებლოდ 66601 ლარის გადახდა დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის შედეგად შპს “პ.-ს” ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ მხოლოდ 532312 ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 623-ე და 625-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა შპს “პ.-ისათვის” 240000 ლარისა და პროცენტის – 79885 ლარის დაკისრების თაობაზე სამართლებრივად სწორად იყო დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილებულიყო. აგრეთვე, სასამართლოს მოსაზრებით, პირგასამტეხლოს სახით 279028 ლარის დაკისრების მოთხოვნაც სამართლიანი იყო, ვინაიდან მხარეებმა ¹138 საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა გაითვალისწინეს და, ამასთან, სკ-ის 417-421-ე მუხლების მოთხოვნებიც (პირგასამტეხლოს თაობაზე) დაცული იყო.
სასამართლომ გაიზიარა შპს “პ.-ის” მოთხოვნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მის მიერ “ი.-საგან” აღებული კომერციული კრედიტით მიყენებული ზიანი, რაც შპს “ა.-ის” დასკვნის საფუძველზე 66 601 ლარს შეადგენდა, უნდა აენაზღაურებინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით შპს “პ.-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ურთიერთგაქვითვის ნაწილში გაასაჩივრა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს “პ.-ს” შეგებებული სარჩელის წარდგენისას სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გაშვებული აქვს, რაც შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
კასატორი, ამასთან, მიიჩნევს რომ შპს “პ.-ისათვის” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან 66061 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება საქმის მასალებიდან და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება შპს “პ.-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ურთიერთგაქვითვის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს. ამდენად, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილობრივაა გასაჩივრებული და გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი _ შპს “პ.-ისათვის” 532312 ლარის დაკისრების თაობაზე _ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული, აღნიშნული საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 23 მაისის განჩინებით საბუღალტრო-ფინანსური ექსპერტიზა დაინიშნა, რომლის შედეგად შპს “ა.-მა" 2003წ. 19 ივნისის დასკვნით მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შპს “პ.-ზე" სესხის ნაწილი თანხის დაგვიანებით ჩარიცხვისა და ნაწილის საერთოდ ჩაურიცხაობის გამო მიყენებული ზიანი 155697 ლარს შეადგენდა. აქვე დადგინდა, რომ შპს “პ.-ის" მიერ კომერციული კრედიტის გამოყენების შედეგად მიუღებული შემოსავალი 60 786 ლარს შეადგენდა.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნებს მოიხმობს, რომლის თანახმადაც, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ამავე კოდექსის 103-ე მუხლით კი დადგენილია, რომ სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებანი ან თვით გამოითხოვოს ისინი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიამ დავის ამ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი ობიექტურად და სრულყოფილად, დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებს და თვით აუდიტის დასკვნის გარემოებაც კი ნაწილობრივ გაიზიარა ისე, რომ სამართლებრივი შეფასება ან დამატებითი გამოკვლევა არ ჩაუტარებია, თუ რის საფუძველზე დადგინდა ფინანსთა სამინისტროს მიერ შპს “პ.-ისათვის" მიყენებული ზიანის ფაქტი ან მისი ოდენობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობა იმდენად ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი შეფასება ვერ ხერხდება. საკასაციო სასამართლო აქვე იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უმსჯელია შპს “პ.-ის" მიერ ხანდაზმულობის ვადის დარღვევაზე, რაც სასამართლო კოლეგიის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
საკასაციო სასამართლოს, ამასთან, დაუსაბუთებლად მიაჩნია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს “პ.-მა" ფინანსთა სამინისტროსაგან კრედიტის თანხის სრულად და დროულად მიუღებლობის გამო “ი.-საგან" გამოიტანა 100000 დოლარი 3%-იანი განაკვეთით, რის შედეგადაც 66601 ლარის ზიანი მიადგა და მიიჩნევს, რომ მოცემული დასკვნა შპს “პ.-ის" მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გაურკვეველია და სასამართლოს არანაირი შეფასება არ მიუცია იმ გარემოებებისათვის, თუ რატომ გაიზიარა სასამართლო კოლეგიამ შპს “ა.-ის” დასკვნა მხოლოდ ერთ ნაწილში. სასამართლოს, ამასთან, არ მოუხდენია სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტისა, რა მოტივებით იზიარებს ფინანსთა სამინისტროს მიერ შპს “პ.-ისათვის" მიყენებულ ზიანს.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილი და გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი გარემოებანი და საქმეში არსებული მტკიცებულებანი გამოკვლეულია ცალმხრივად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, სათანადო შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რის გამოც გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ხანდაზმულობის ვადის გაშვებაზე, ამასთან, სრულყოფილად და ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებანი, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს დამატებითი მასალებიც და გამოიკვლიოს, რა ოდენობის ზიანი მიადგა და ვისი ბრალით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება შპს “პ.-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.