Facebook Twitter

ბს-484-418-კ-04 26 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა, საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ქ-ისა და ე. გ-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა რ. მ-მა სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ქონების მართვის სამინისტროს და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის რეგისტრაციის გაუქმება და მისი რეგისტრაციიდან ამოშლა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 31 ოქტომბრის ¹615 ბრძანებულებით ქ. თბილისში, ..... მდებარე მოზრდილთა .....-ე პოლიკლინიკა შეტანილ იქნა სამედიცინო ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხაში. მისი პრივატიზების ფორმად განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვა სამედიცინო პერსონალისათვის. 1999წ. 19 ნოემბერს შრომითი კოლექტივის ბაზაზე შეიქმნა დროებითი ამხანაგობა. 1999წ. 30 აპრილის ¹209 ბრძანებულებით დროებით ამხანაგობას ნება დაერთო, პირდაპირი მიყიდვის წესით შეესყიდა ობიექტი. 2000წ. 30 მაისს ქონების მართვის სამინისტროსა და პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გამოსყიდვა დასრულდა 2000წ. 21 იანვარს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 13 სექტემბრის ¹1-3/591 ბრძანებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა პოლიკლინიკის ბაზაზე შპს-ის დაფუძნება, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ოქტომბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ დაფუძნებული შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა ¹.... პოლიკლინიკა". სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 12 დეკემბრის ¹1-3/819 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2000წ. 13 სექტემბრის ¹1-3/591 ბრძანების მე-3 პუნქტში, რომლითაც მყიდველზე, შრომით კოლექტივზე უნდა გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და გაცემის პირობად დათქმულ იქნა ბიზნეს-გეგმის შესრულება. “პრივატიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის 6.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფოსა და შრომით კოლექტივს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, სახელმწიფოს აღარ ჰქონდა უფლება ამ ქონებაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილით შპს-ს ჩამოყალიბებისა და საწესდებო კაპიტალში უკვე გაყიდული ქონების ჩადებისა. ნასყიდობის დადებით (ქონების წილზე) და საფასურის სრულად გადახდით ამხანაგობამ მოიპოვა საკუთრების უფლება ამ ქონებაზე იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულებით მყიდველი ქონებას იღებს პირობადადებულ საკუთრებაში. ხელშეკრულების პირობებში საფასურის გადახდა არ იყო მითითებული, რაც ეწინააღმდეგებოდა სკ-ის ნორმებს, კერძოდ, სსკ-ის 188-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტიდან, არამედ საფასურის გადახდის მომენტიდან. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 10.3 მუხლის თანახმად, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი პრივატიზების შემთხვევაში უნდა გაიცეს მთლიანი თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც დაცული არ იქნა გამყიდველის მიერ, რითაც დაირღვა სსკ-ის 477.1 მუხლი. ქონების მართვის სამინისტრომ არ შეასრულა თავისი 2000წ. 12 დეკემბრის ¹1-3/819 ბრძანება, რადგან არ გასცა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი 2000წ. 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე და გასცა იგი შპს “თბილისის მოზრდილთა ¹...... პოლიკლინიკის" 100%-იან წილზე, რომლის მფლობელიც სრულიად უკანონოდ გახლდათ სახელმწიფო და საკუთრების მოწმობის გაცემის პირობად დათქმული იყო წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის შესრულება. ეს პირობა კი ეწინააღმდეგება პირობადადებული საკუთრების არსს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2000წ. 22 დეკემბერს გასცა საკუთრების მოწმობა შპს-ს 100% წილზე, რომლითაც არ მომხდარა წილის გადაცემა ამხანაგობის წევრებზე. “მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად, პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. დარღვეული იყო შპს-ის რეგისტრაციის წესები. განცხადება რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი იყო “მეწარმეთა შესახებ კანონის" 5.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის’’ რეგისტრაცია მოხდა კანონმდებლობის დარღვევით და მოითხოვდა “მეწარმეთა შესახებ" კანონის 5.8 მუხლის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმებასა და რეესტრიდან ამოშლას.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით, შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკისა’’ და თანამშრომელთა მესამე პირებად ჩაბმის მოთხოვნით, მიმართეს მ. ლ-ემ, გ. რ-ემ, დ. მ-მა და სხვებმა _ სულ 15 პირმა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებით სსკ-ის 91-ე მუხლით, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ლ-ე.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის განჩინებით ე. ქ-ისა და ე. გ-ის წარმომადგენელ რ. მ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა .....-ე პოლიკლინიკის" თანამშრომელთა წილს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა _ ე. ქ-ის და ე. გ-ის წარმომადგენელ რ. მ-ის სარჩელი. გაუქმდა შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის" ჩანაწერის რეგისტრაცია, სადაც 100% წილის მფლობელად იყო მითითებული ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველო და იგი ამოიშალა რეესტრიდან. შპს-ს მიეცა 3 თვის ვადა ხარვეზების შესავსებად და განემარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

მითითებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქონების მართვის სამინისტრომ.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის განჩინებით დაშვებულად იქნა მიჩნეული მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მოსარჩელეებად ჩაებნენ: შ-ა ლ., ლ-ა ვ., ტ-ე ნ., ო-ე თ., ლ-ი ზ., ფ-ი ნ. და მ-ე დ..

2002წ. 2 მაისს ე. ქ-ისა და ე. გ-ის წარმომადგენელმა რ. მ-მა წარადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირების შესახებ და მოითხოვა ქ. თბილისის მოზრდილთა ....-ე პოლიკლინიკის სამეწარმეო რეესტრის მე-4 სვეტის ა) პუნქტში არსებული ჩანაწერის _ “სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს" შეცვლა სიტყვებით _ “ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილი ამხანაგობის წევრები". 1) ქ-ი ე., 2) ტ-ე ნ., 3) ხ-ა ლ. (სულ 79 წევრი) და იქვე მიეთითოს წევრის წილობრივი მაჩვენებლები პროცენტებში, სულ საწესდებო კაპიტალის 100%. ამასთანავე, მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დავალებოდა ქ. თბილისის მოზრდილთა ....-ე პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილ ამხანაგობაზე გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მათ მიერ შეძენილ უძრავ და მოძრავ ქონებაზე, კერძოდ: 1) შენობაზე, რომელიც მდებარეობს ... (6.53 კვ.მ ფართი); 2) 91 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; 3) შენობაზე, რომელშიც განთავსებულია რენდგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტი, მდებარე ...... (70 კვ.მ ფართი) და ასევე, აღნიშნულ შენობებში განთავსებულ მოწყობილობებზე.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საჩივარი 2001წ. 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 მაისის მიმართვით ეცნობა ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის ამხანაგობას სასამართლოში აღნიშნული საქმის წარმოების შესახებ, კერძოდ, ის გარემოება, რომ რ. მ-ს, როგორც ე. ქ-ისა და ე. გ-ის წარმომადგენელს, უფლება არ ჰქონდა, ამხანაგობის დანარჩენი წევრების სახელით სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა და ქონების მართვის სამინისტროს ნაცვლად, დამფუძნებელად ამხანაგობის თითოეული წევრის ჩაწერა მოეთხოვა. ასევე, რ. მ-ს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა ქონების მართვის სამინისტროსათვის ქ. თბილისის მოზრდილთა პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილ ამხანაგობაზე გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. სსკ-ის 84-ე მუხლიდან გამომდინარე, ამხანაგობის თითოეულ წევრს უფლება ჰქონდა სადავო ურთიერთობაში ჩაბმულიყვნენ სათანადო მოსარჩელეებად და ამით მხარი დაეჭირათ ზემოხსენებული მოთხოვნებისათვის და თანხმობა დაედასტურებინათ მითითებული წერილის დანართზე ხელმოწერით. დანართში მითითებული 79 ფიზიკური პირიდან თანხმობა განაცხადა მხოლოდ 63 ფიზიკურმა პირმა, რაც დაფიქსირდა მათი ხელმოწერით დანართზე, ხოლო 16 პირს (მათ შორის: ლ. ხ-ას, მ. ჩ-ას, ნ. ღ-ეს, გ. ს-ეს, ნ. ა-ს, ლ. კ-ეს, დ. მ-ს, თ. მ-ეს, ტ. ს-ას, თ. დ-ეს, დ. ჩ-ს, ი. გ-ეს, ნ. ნ-ეს, მ. ბ-ეს, ნ. ჯ-ს, მ. ლ-ე) თანხმობა ხელმოწერით არ დაუდასტურებიათ.

2002წ. 11 ივნისის სასამართლო სხდომაზე ქონების მართვის სამინისტრომ და თბილისის ქონების მართვის სამმართველომ სარჩელი ცნეს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა _ ე. ქ-ისა და ე. გ-ის წარმომადგენლის, რ. მ-ის, სარჩელი. შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა ....-ე პოლიკლინიკის" სამეწარმეო რეესტრის მე-4 სვეტის ა) პუნქტში არსებული ჩანაწერი “სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო" შეიცვალა სიტყვებით: “ქ. თბილისის მოზრდილთა ....-ე პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილი ამხანაგობის წევრები", სულ 79 წევრი და იქვე მიეთითა თითოეული წევრის წილობრივი მაჩვენებლები პროცენტებში, კერძოდ: 1) ქ-ი ე. _ 3,21%; 2) ტ-ე ნ. _ 3,21%; 3) ხ-ა ლ. _ 3,21%; 4) მ-ი ლ. _ 3,21%; 5) ვ-ე ნ. _ 3,21%; 6) ლ-ი ზ. _ 3,21%; 7) ს-ე თ. _ 3,21%; 8) კ-ე ნ. 3,21%; 9) ფ-ი ნ. _ 3,21%; 10) ლ-ი ნ. _ 3,21%; 11) გ-ი ე. _ 3,21%; 12) მ-ე დ. 3,2%; 13) მ-ი ა. _ 3,21%; 14) ჩ-ა მ. _ 2,17%; 15) მ-ე ვ. _ 2,17%; 16) შ-ა ლ. _ 2,17%; 17) კ-ა ი. _ 2,17%; 18) კ-ე ფ. _ 2,17%; 19) ლ-ა ვ. _ 2,17%; 20) ს-ე ლ. _ 2,17%; 21) კ-ე ე. _ 2,09%; 22) მ-ი ლ. 1%; 23) ო-ე თ. _ 1,15%; 24) ო-ე ე. _ 1,15%; 25) წ-ე მ. _ 1,15%; 26) გ-ა ც. _ 1,15%; 27) მ-ი ვ. _ 1,15%; 28) ს-ე გ. _ 1,15%; 29) დ-ი ნ. _ 1,15%; 30) ა-ი ნ. _ 1,15%; 31) ხ-ი ნ. _ 1.15%; 32) ხ-ი თ. _ 1,15%; 33) გ-ა ლ. _ 1.15%; 34) წ-ე მ. _ 1.15%; 35) გ-ა კ. _ 1.15%; 36) მ-ი მ. _ 1.15%; 37) მ-ე დ. _ 1.15%; 38) ჭ-ე ლ. _ 1.15%; 39) მ-ა ნ. _ 1.15%; 40) ც-ე ც. _ 1.15%; 41) ბ-ი მ. _ 1.15%; 42) კ-ე ლ. _ 1.15%; 43) ქ-ი მ. _ 1.15%; 44) ნ-ე მ. _ 1.15%; 45) ბ-ე მ. _ 1.15%; 46) ლ-ე მ. _ 1.15%; 47) ქ-ე ს. _ 1.15%; 48) ბ-ი შ. _ 1.15%; 49) ა-ე ს. _ 1,04%; 50) მ-ი დ. _ 1,04%; 51) მ-ე თ. _ 1,04%; 52) კ-ი თ. _ 0,61%; 53) ბ-ი ლ. _ 0,58%; 54) მ-ი თ. _ 0,58%; 55) მ-ა ლ. _ 0,58%; 56) მ-ი ნ. _ 0,58%; 57) ბ-ე მ. _ 0,52%; 58) ჯ-ე მ. _ 0,36%; 59) ს-ა ტ. _ 0,18%; 60) ხ-ი თ. _ 0,18%; 61) მ-ე რ. _ 0,18%; 62) დ-ე პ. _ 0,29%; 63) კ-ე ბ. _ 0,25%; 64) გ-ი მ. _ 0,25%; 65) ს-ი ლ. _ 0,20%; 66) ქ-ე მ. _ 0,20%; 67) ჩ-ი დ. _ 0,10%; 68) ს-ე მ. _ 0,10%; 69) ე-ი ე. _ 0,09%; 70) გ-ე ქ. _ 0,09%; 71) გ-ე ი. _ 0,09%; 72) ი-ი ნ. _ 0,07%; 73) ლ-ო ი. _ 0,07%; 74) მ-ი ა. _ 0,04%; 75) პ-ი ნ. _ 0,04%; 76) ჯ-ი ნ. _ 0,04%; 77) ბ-ე ი. _ 0,04%; 78) ფ-ა ა. _ 0,04%; 79) რ-ე გ. _ 1.10%. დაევალა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის მოზრდილთა ....-ე პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილ ამხანაგობაზე გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა 2000წ. იანვრის მდგომარეობით, მის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე, კერძოდ: 1) შენობაზე, მდებარე ... მდებარე (653 კვ.მ ფართი); 2) 91 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 3) შენობაზე, რომელშიც განთავსებული იყო რენდგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტი, ... (70 კვ.მ). გაუქმდა 2002წ. 11 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და განმარტებულ იქნა გასაჩივრების წესი და ვადა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით მესამე პირმა მ. ლ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ე. ქ-მა, დ. ყ-ი-მ-ემ, ნ. ტ-ემ და მოითხოვეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის, როგორც ვადის დარღვევითა და არაუფლებამოსილი პირების მიერ შემოტანილის, განუხილველად დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. ხ-ა, მ. ჩ-ა, მ. ს-ე, ნ. ა-ი, ლ. კ-ე, დ. მ-ი, თ. მ-ე, ტ. ს-ა, დ. ჩ-ი, ი. ს-ე, მ. ნ-ე, მ. ბ-ე, ნ. ჯ-ი, ლ. მ-ი, პ. დ-ე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის განჩინებით საქმეზე მესამე პირად ჩაება კერძო სამართლის იურიდიული პირი _ შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა .....-ე პოლიკლინიკა". სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირებმა გ. რ-ემ, მ. ბ-ემ, თ. მ-ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის – ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა ი. ჯ-ემ სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მოითხოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2000წ. 30 მაისს ქონების მართვის სამინისტროსა და “თბილისის მოზრდილთა ....-ე პოლიკლინიკის" შრომით კოლექტივს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება “თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის" უძრავ-მოძრავ ქონებაზე, 2000წ. 13 სექტემბერს გამოიცა ბრძანება ¹1-3/591, სახაზინო საწარმო “თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის" შპს-ის ჩამოყალიბებისა და .....-ე პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე საკუთრების დადასტურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის _ ე. ქ-ის, ე. გ-ის, ნ. ტ-ის, დ. ყ-ი-მ-ის და სხვათა წარმომადგენელმა რ. მ-მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ ცნო, მიუთითა, რომ საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და მისი განუხილველად დატოვება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ქ-ისა და ე. გ-ის წარმომადგენელ რ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და ჩათვალა, რომ საქმე განხილულ იქნა განსჯადობის წესების დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2000წ. 30 მაისს საქართველოს სახელმწიფო ქონების სამინისტროსა (გამყიდველი) და ქ. თბილისის მოზრდილთა ....-ე პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს (მყიდველი) შორის დადებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც “მყიდველმა" მიიღო პირობადადებულ საკუთრებაში ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკა, რენდგენისა და ფლუროგრაფიის კაბინეტი 91 კვ.მ მიწის ფართთან ერთად. ხელშეკრულების 1.3, 5.2 და 5.3 პუნქტებით დადგენილ იქნა, რომ დამაგრებული მიწის განკარგვის საკითხს არეგულირებდა მიწის მართვის დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სახელმწიფო ქონების სამინისტროს 2000წ. 13 სექტემბრის ¹1-3/591 ბრძანებით დაევალა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების სამმართველოს თბილისის მოზრდილთა .......-ე პოლიკლინიკის ბაზაზე შპს-ის დაფუძნება სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით, ხოლო სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტს თბილისის მოზრდილთა .......-ე პოლიკლინიკის ბაზაზე შპს-ის დაფუძნების შემდეგ, “მყიდველზე" _ პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა მათ მიერ გადახდილი თანხის შესაბამის წილზე, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 100%-ს.

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 11 ოქტომბრის ¹1-4/728 ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების სამინისტროს 2000წ. 13 სექტემბრის ¹ 1-3-591 ბრძანების საფუძველზე, დაფუძნდა შპს თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკა სახელმწიფოს 100%-იანი წილით და დირექტორად დაინიშნა ლ. ხ-ა. საზოგადოება რეგისტრირებულ იქნა სამეწარმეო რეესტრში ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ოქტომბრის დადგენილებით (რეგისტრაციის ¹..... ).

სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 12 დეკემბრის ¹1-3/819 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ¹1-3/591 ბრძანებაში და დადგენილ იქნა, რომ საკუთრების მოწმობა “მყიდველზე", თბილისის მოზრდილთა .....-ე პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე, გაცემულიყო წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის საფუძველზე.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მითითებული ბრძანებები არ გასაჩივრებულა და დღეისათვის ძალაში იყო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 12.12. 2000წ. ¹1-3/819 ბრძანების, 30.05.2000წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 30.05.2000წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 2000წ. 20 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹....... თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის წევრებზე, რომლითაც ამ უკანასკნელთ საკურებაში გადაეცათ შპს “თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის’’ 100%-იანი წილი, მდებარე ..... ქ. თბილისში.

“სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის 10.3 მუხლის თანახმად, პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მყიდველი ხდება შეძენილი ქონების სამართალმემკვიდრე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ანუ 2000წ. 20 დეკემბრიდან, შპს “თბილისის მოზრდილთა .......-ე პოლიკლინიკის" ქონება გახდა მითითებული პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის საკუთრება, რის გამოც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (ეკონომიკის სამინისტრო) აღარ იყო უფლებამოსილი, გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მის საკუთრებაში არარსებულ და შრომითი კოლექტივის წევრების საკუთრებაში მყოფ ქონებაზე, რამდენადაც საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას გააჩნდა იურიდიული ძალა და არ იყო გაუქმებული. სარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახეზე იქნებოდა ერთსა და იმავე ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იდენტური დატვირთვის მქონე ორი საკუთრების დამადასტურებელი საბუთი იმ განსხვავებით, რომ ხელმეორედ გაცემული მოწმობა არ იქნებოდა გაცემული ქონების მესაკუთრის მიერ და გაიცემოდა მესაკუთრისათვის _ შრომითი კოლექტივისათვის _ საკუთრებაში უკვე გადაცემულ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული ქონების შეძენა არ ნიშნავდა, რომ მათ მიერ დაფუძნებულ იქნეს სამეწარმეო საზოგადოება, ხოლო ასეთ დროს წარმოშობილ სამართალურთიერთობათა მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკ-ის ნორმები საერთო საკუთრების შესახებ. შრომითი კოლექტივის წევრებს ერთად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ორგანიზაციულ _ სამართლებრივი ფორმის საწარმოს დაფუძნების ან უკვე არსებული საწარმოს რეორგანიზაციის თაობაზე. აგრეთვე, მიეღოთ გადაწყვეტილება ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად გადახდილი თანხის შესაბამისად, წილების განაწილებაზე, რაც, თავის მხრივ, რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო სამეწარმეო რეესტრში “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის დებულებათა შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 5.6 მუხლის თანახმად, რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველგვარი ცვლილება ასევე საჭიროებდა რეგისტრაციას და ცვლილებები ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისათვის მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ შპს “თბილისის მოზრდილთა .....-ე პოლიკლინიკის" წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კანონით მინიჭებული ჰქონდა დირექტორ ლ. ხ-ას, რომელსაც, თავის მხრივ, ასეთი უფლებამოსილება ამ უკანასკნელთათვის არ გადაუცია). იმავე დროს მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ შპს “თბილისის მოზრდილთა .......-ე პოლიკლინიკის" პარტნიორებს, ვინაიდან მოცემულ მომენტში საზოგადოების ერთადერთი დამფუძნებელ-პარტნიორი გახლდათ სახელმწიფო _ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს სახით, ამდენად, სარჩელი აღძრულ იქნა ფიზიკური პირების _ ე. ქ-ისა და ე. გ-ის წარმომადგენელ რ. მ-ის მიერ, რომელსაც არ გააჩნდა შპს “თბილისის მოზრდილთა ........-ე პოლიკლინიკის" ან მისი შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრების მიერ სათანადო წესით გაფორმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. შესაბამისად, ვერ წარმოადგენდა და ვერ იმოქმედებდა შპს “თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის" შრომითი კოლექტივის ამხანაგობის სახელით და მიიჩნია რომ ე. ქ-ის და ე. გ-ის სარჩელი სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

სკ-ის 173-ე მუხლის (და არა 188-ე მუხლის) თანახმად, მოსარჩელენი არ იყვნენ უფლებამოსილი, მოეთხოვათ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე ქმედების განხორციელება, თანამესაკუთრეთა ანუ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისა და ნების გათვალისწინების გარეშე, კერძოდ, დავა განხილულ იქნა კერძო სამართლის იურიდიული პირების _ შპს “თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის", “თბილისის მიწის მართვის სამმართველოს", და იმ ფიზიკური პირების (“ამხანაგობის" წევრების _ ლ. ხ-ას, ლ. მ-ის და სხვათა) გარეშე, რამდენადაც ეს პირები წარმოადგენდნენ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეებს და მათ უფლებებს უშუალოდ შეეხო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამდენად სასამართლო ვალდებული იყო, ემოქმედა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, რაც არ გაუკეთებია.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტი მ. ლ-ე წარმოადგენდა მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეს, ვინაიდან იყო ამ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა კონსტიტუციით გარანტირებულ მისი საკუთრების უფლებას. ამასთანავე, მისი ნების გაუთვალისწინებლად იქნა განსაზღვრული მისი წილი შესყიდულ ქონებაში. აღნიშნულის გამო, სააპელაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელეთა წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს “თბილისის მოზრდილთა .....-ე პოლიკლინიკის" ამხანაგობის წევრებმა: ე. ქ-მა, ე. გ-მა, ნ. ტ-ემ და სხვებმა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ქ-ის, ე. გ-ის, ს. ა-ის, ზ. ლ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. თბილისის მოზრდილთა ¹..... პოლიკლინიკა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 31 ოქტომბრის ¹615 ბრძანებულებით შეტანილ იქნა სამედიცინო ობიექტების საპრივატიზებო ნუსხაში და პრივატიზების ფორმად განისაზღვრა პირდაპირი მიყიდვა. 1999წ. 19 ნოემბერს პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ შეიქმნა დროებითი ამხანაგობა. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 30 აპრილის ¹209 ბრძანებულებით ქ. თბილისის მოზრდილთა ¹...... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს ნება დაერთო, პირდაპირი მიყიდვის წესით შეესყიდა ობიექტი ბიზნეს-გეგმით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების პირობით. 2000წ. 30 მაისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მოზრდილთა ¹....... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველებს პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა პოლიკლინიკის შენობა რენტგენისა და ფლუროლოგიის კაბინეტთან და პოლიკლინიკის 91 კვ.მ მიწის ფართთან ერთად (მდებარე ...). ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტისა და ¹1 დანართის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, როგორც ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონება, ასევე აღნიშნულ შენობებში არსებული მოწყობილობები.

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000წ. 13 სექტემბრის ¹1-3/591 ბრძანების მე-2 პუნქტით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა ქ. თბილისის მოზრდილთა ¹..... პოლიკლინიკის ბაზაზე დაეფუძნებინა შპს, სახელმწიფოს 100%-იანი წილით, ხოლო მე-3 პუნქტით დადგინდა პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა მათ მიერ გადახდილი თანხის შესაბამის წილზე, რომელიც საწესდებო კაპიტალის 100%-ს შეადგენდა. აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილება იქნა შეტანილი სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000წ. 12 დეკემბრის ¹1-3/819 ბრძანებით და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დაევალა იურიდიულ დეპარტამენტს ქ. თბილისის მოზრდილთა ¹..... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის შესრულების პირობით. მინისტრის 2000წ. 16 ოქტომბრის 1-4/728 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება “ქ. თბილისის მოზრდილთა ¹...... პოლიკლინიკის შპს-ად დაფუძნების შესახებ, სახელმწიფოს 100%-იანი წილით. დირექტორად დაინიშნა ლ. ხ-ა, რომელსაც დაევალა საზოგადოების რეგისტრაცია სასამართლოში. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ოქტომბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკა”, სახელმწიფოს 100%-იანი წილით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას, რადგან სარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალების შესახებ, წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავას. ასევე, სწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოპასუხის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ სარჩელის ცნობას, როდესაც მიიჩნია, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას. პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შეესაბამება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის, “სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების" საქართველოს პრეზიდენტის ¹615 ბრძანებულების, “საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ", ¹209 ბრძანებულების, “საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 31 ოქტომბრის ¹615 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების თაობაზე და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000წ. 13.09 ¹1-3/591 და 12 დეკემბრის ¹1-3/819 ბრძანებების მოთხოვნებს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1999წ. 19 ნოემბერს შექმნილი ¹...... პოლიკლინიკის დროებითი ამხანაგობის მიერ გამოსყიდულ იქნა ქ. თბილისის მოზრდილთა ¹...... პოლიკლინიკა რენტგენისა და ფლუროლოგიის კაბინეტთან, 91 კვ.მ მიწის ფართსა და ობიექტში განთავსებულ ქონებასთან (მოწყობილობები) ერთად. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 21 იანვრის ¹162 აქტის თანახმად, ქ. თბილისის მოზრდილთა .....-ე პოლიკლინიკის დროებითი ამხანაგობის მიერ სრულად იქნა გადახდილი გამოსასყიდი ქონების ღირებულება 27610 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, გამყიდველსა (სამინისტროსა) და მყიდველს (......-ე პოლიკლინიკის დროებითი ამხანაგობა) შორის 2000წ. 30 მაისს დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის უძრავ-მოძრავი ქონება მიწის ნაკვეთთან ერთად (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი და ¹1 დანართი). პირობადადებულ საკუთრებაში მოიაზრებოდა ის გარემოება, რომ მყიდველმა იკისრა ვალდებულება, შეენარჩუნებინა ობიექტის ვიწრო პროფილი და რენტაბელური სახელმწიფო შეკვეთის სავალდებულო შესრულება 10 წლის განმავლობაში (ხელშეკრულების 2.1 პუნქტი). იმის გამო, რომ “მეწარმეთა შესახებ" კანონში 1999წ. 19 თებერვლის ¹1805-II-ს კანონით განხორციელებული ცვლილებების მე-6 პუნქტით, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს დაევალათ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შპს-ად ან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნა, ამიტომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მიერ 2000წ. 19 სექტემბრის ¹1-2/591 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისის მოზრდილთა ......-ე პოლიკლინიკის ბაზაზე შპს-ის დაფუძნების შესახებ _ სახელმწიფოს 100%-იანი წილით, მაგრამ ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტს დაევალა ქ. თბილისის მოზრდილთა ¹.... პოლიკლინიკის შპს-დ დაფუძნების შემდეგ, “მყიდველზე" _ პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა მათ მიერ გადახდილი თანხის შესაბამის წილზე, რაც შეადგენდა საწესდებო კაპიტალის 100%-ს. აღნიშნული პუნქტი შეიცვალა შემდგომში (2000წ. 12 დეკემბრის 1-2/819 ბრძანებით) და დადგინდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ქ. თბილისის მოზრდილთა ¹...... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე წარდგენილი ბიზნეს-გეგმის შესრულების პირობებით. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეების მიერ ზემოაღნიშნული ბრძანებების გაუსაჩივრებლობა განაპირობებდა სარჩელის უსაფუძვლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ბრძანებებით უტყუარად დასტურდება მყიდველის მიერ ქონების გამოსყიდვის ფაქტი, რაც გამყიდველმაც დაადასტურა ქ. თბილისის მოზრდილთა ¹....... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹...... გაცემით.

საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ანუ 2000წ. 20 დეკემბრიდან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო აღარ წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს და მოთხოვნა ამ უკანასკნელის მიმართ, გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა შრომითი კოლექტივის თითოეული წევრის წილის მითითებით, მიმართული იყო ქონების არამესაკუთრის მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, მაგრამ ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სკ-ის, ამ კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში 2000წ. 30 მაისის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება _ ქ. თბილისის მოზრდილთა ¹.....-ე პოლიკლინიკა, რენტგენისა და ფლუროლოგიის კაბინეტსა და 91 კვ.მ მიწის ფართთან ერთად. სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით ქ. თბილისის მოზრდილთა ¹...... პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის საკუთრების უფლებას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდ ქონებაზე. “მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-2.5 მუხლის თანახმად, საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა, საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სამეწარმეო რეესტრი არის საჯარო რეესტრის ნაირსახეობა, რომელშიც აღირიცხება “მეწარმეთა შესახებ" კანონით გათვალისწინებული ფაქტები და მოვლენები. საქმეზე წარმოდგენილი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს “ქ. თბილისის მოზრდილთა .....-ე პოლიკლინიკა" რეგისტრირებულია 100% სახელმწიფო წილით, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო აღარ წარმოადგენს ქონების მესაკუთრეს არასწორია, რადგან რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, სანამ არ დადგინდება მათი უზუსტობა. განსახილველი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა სწორედ სამეწარმეო რეესტრში არსებული ჩანაწერის უზუსტობის გასწორება 2000წ. 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “მეწარმეთა შესახებ" კანონის 9.1-ე მუხლის თანახმად, შპს-ას წარმოადგენს საზოგადოების დირექტორი, რის გამო მოსარჩელეები სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არ წარმოადგენდნენ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელი აღძრული არ ყოფილა საზოგადოების სახელით, სარჩელი აღიძრა ე. ქ-ისა და ე. გ-ის წარმომადგენლის მიერ და მათი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული იყო შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის წევრობაზე, რომელთა მიერ განხორციელდა საპრივატიზებო ქონების გამოსყიდვა.

სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ არც საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს და არც საზოგადოების პარტნიორებს, რადგან სამეწარმეო რეესტრში ერთადერთ პარტნიორად მითითებული იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება წინააღმდეგობაშია მისსავე მსჯელობასთან იმის შესახებ, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო აღარ წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს. ამდენად, სასამართლოს მსჯელობები ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს ეფუძნება. საკასაციო პალატა სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას, სწორედ საზოგადოების პარტნიორად ცნობა და სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება წარმოადგენდა. “მეწარმეთა შესახებ" კანონის 5.8 მუხლის თანახმად კი, თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით მოისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ხარვეზი სამი თვის განმავლობაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე. აღნიშნული ნორმით ნებისმიერი მესამე პირისათვის სარჩელის აღძვრის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაციას, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ე. ქ-ს და ე. გ-ს უფლება არ ჰქონდათ, შრომითი კოლექტივის სხვა წევრების სახელით, სათანადო წარმომადგენლობითი დოკუმენტის გარეშე, მოეთხოვათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების განხორციელება, მაგრამ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 მაისის წერილით ეცნობა ქ. თბილისის მოზრდილთა ..... პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის წევრებს განსახილველი საქმის შესახებ და წინადადება მიეცათ, სურვილის შემთხვევაში საქმეში ჩაბმულიყვნენ სათანადო მოსარჩელეებად და ხელმოწერით დაედასტურებინათ თავიანთი თანხმობა აღნიშნული წერილის დანართზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ შრომითი კოლექტივის 79 წევრიდან თანხმობა გამოხატა 64 წევრმა, რის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეებად მიიჩნია შრომითი კოლექტივის 66 წევრი და მათი სარჩელი განიხილა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს აღნიშნული მოქმედება არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობას, მაგრამ იმის გამო, რომ სასამართლოს მიერ არასწორი მითითება მიეცა შრომითი კოლექტივის წევრებს, არ შეიძლება ისინი დაზარალდნენ. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს წინადადება უნდა მიეცა შრომითი კოლექტივის წევრებისათვის, საქმეზე თანამოსარჩელეებად ჩაბმის შესახებ სურვილის არსებობის შემთხვევაში, წარედგინათ სარჩელი სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მოზრდილთა ¹..... პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის სრული შემადგენლობა არ უჭერდა მხარს სარჩელს, არ წარმოადგენს შრომითი კოლექტივის იმ წევრებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რომელთაც სურვილი აქვთ გამოსყიდულ წილზე შეიძინონ საკუთრების უფლება და საზოგადოების პარტნიორებად დაფიქსირდნენ შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ დადგენილი არ არის თანამოსარჩელეთა წრე, ხოლო საკასაციო სასამართლო შეზღუდულია საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ შეუძლია საკასაციო ინსტანციაში გამოასწოროს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ დაშვებული ხარვეზი და შრომითი კოლექტივის იმ წევრებს, რომელთაც სურვილი აქვთ შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებისა და საზოგადოების პარტნიორებად დაფიქსირების, წარმოადგინონ სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმით სარჩელი, ამიტომ პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ქ-ის, ე. გ-ის, ს. ა-ის, ზ. ლ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.