ბს-489-585-კ-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: აუქციონის შედეგების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. და გ. მ.-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს 2002წ. 12 ივლისს ჩატარებული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ კასპის რაიონის სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადახდის ბრძანებით ნ. მ.-ს დაეკისრა ნ. ყ.-ის სასარგებლოდ 9094 ლარის გადახდა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სასამართლო აღმასრულებელმა 2002წ. 12 ივლისს გაუფრთხილებლად გაყიდა აუქციონზე მისი საკუთარი ბინა, რომელიც აუდიტის მიერ შეფასებულ იქნა 5000 ლარად, მაშინ, როდესაც მისი საბაზრო ღირებულება სულ მცირე 20000 ლარს შეადგენს.
მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ აუქციონი ჩატარდა კანონდარღვევით, კერძოდ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ ყოფილა გაკეთებული განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ. ასევე, დაირღვა კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ”, “ე”, “ზ” ქვეპუნქტებისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნები. კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო შედგენილი 2002წ. 28 ივნისის ყადაღის აქტი.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. და გ. მ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების შესახებ და მათ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში არ გაუსაჩივრებიათ აღმასრულებლის მოქმედება და არ მოუთხოვიათ აუქციონის შედეგებისა და ყადაღის აქტის ბათილად ცნობა, რის გამოც მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო და არ დააკმაყოფილა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ. მ.-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს და მიუთითეს, რომ ნ. მ.-ს უწყება არ ჩაბარებია, რადგან მეუღლემ (გ. მ.-მა) უწყება არ ჩაიბარა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ გამოკრული იყო სასამართლოს დაფაზე და ქალაქში საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. და გ. მ.-ების სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ნ. მ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გაშვებული იყო სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და ვადის ათვლის საწყისად მიუთითა, რომ მხარეს ეცნობა აუქციონის ჩატარების შესახებ, მაგრამ ხელი არ მოაწერა უწყისზე. ასევე მიუთითა, რომ აუქციონის ჩატარებას ესწრებოდა გ. მ.-ი და აღნიშნულის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ აუქციონის შესახებ ცნობილი იყო ნ. მ.-ისათვის, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელს უწყება არ ჩაბარებია და არც აუქციონს ესწრებოდა. ასევე მიუთითებს, რომ გ. მ.-ის აუქციონზე დასწრება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხარისათვის აუქციონის ჩატარების შესახებ ცნობის ფაქტად, რადგან სააღსრულებო ფურცლებით მოვალედ მითითებულია ნ. მ.-ი და კანონიც მოვალის გაფრთხილებას ითვალისწინებს. კასატორი მიუთითებს, რომ მან თავისი დარღვეული უფლებების შესახებ შეიტყო 2002წ. აგვისტოს ბოლოს, რადგან ამ დრომდე იმყოფებოდა ქ. ბათუმში სამუშაოდ და 29 აგვისტოს მიმართა აღმასრულებელს აუქციონის გაუქმების შესახებ, ხოლო 14 სექტემბერს ასლების ჩაბარების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ. და გ. მ.-ებს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლით დადგენილი სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გასაჩივრებული აუქციონის ჩატარებისას არ იყო დარღვეული 71-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს სააპელაციო პალატა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეები: ნ. და გ. მ.-ები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ 2002წ. 12 ივლისს ჩატარებული აუქციონისა და მისი შედეგების (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ), აგრეთვე, 2002წ. 28 ივნისის ყადაღის აქტის ბათილად ცნობას.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 75-ე მუხლის თანახმად, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა სასამართლო აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები. განკარგულების გამოცხადება ხდება აუქციონის პროცესზე ან მას შემდეგ. ვადა აუქციონსა და გამოცხადებას შორის არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. 12 ივლისს გამართულ აუქციონზე ნ. გ.-მ გამოთქვა სურვილი, 5000 ლარად შეესყიდა აუქციონზე შეთავაზებული საცხოვრებელი სახლი. აუქციონის ოქმის თანახმად, ნ. გ.-მ გარანტიის სახით წარადგინა 10% და ვადა მიეცა დარჩენილი თანხის ერთ კვირაში გადახდის შესახებ.
შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა განკარგულება “აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ’’ გამოსცა 2002წ. 15 ივლისს, შემძენის მიერ შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აუქციონის შედეგები დამტკიცდა 2002წ. 15 ივლისს, ვინაიდან აუქციონზე შემძენის მიერ სრულად არ იყო გადახდილი შეძენილი ქონების ღირებულება. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო ცნობილი მისი უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2002წ. 15 ივლისის განკარგულება ჩაბარდა მოვალეს – ნ. მ.-ს, საიდანაც უნდა მოხდეს გასაჩივრების ვადის ათვლა. საქმეში წარმოდგენილია შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის წერილი, რომლის თანახმად, ნ. მ.-მ 2002წ. 29 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს აუქციონის გაუქმების შესახებ, ხოლო სააღსრულებო წარმოების საქმის მასალების ასლები ჩაბარდა 14 სექტემბერს. პალატას მიაჩნია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოვალისათვის 2002წ. 12 ივლისის აუქციონის ოქმისა და აღმასრულებლის 2002წ. 15 ივლისის განკარგულების ასლების გადაცემას, ამიტომ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2002წ. 29 აგვისტოდან, რა დროიდანაც ნ. მ.-ს გაშვებული არა აქვს გასაჩივრების ვადის ათვლა (სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 09.09.2002წ.).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აუქციონს ესწრებოდა ნ. მ.-ის მეუღლე, გ. მ.-ი, გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისად არასწორად მიაჩნია აუქციონის ჩატარების დღე 12 ივლისი, რადგან 2002წ. 11 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებულია მხოლოდ ნ. მ.-ი და იგი აუქციონს არ დასწრებია. ამავე საფუძვლით არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუქციონის ჩატარებისას არ დარღვეულა “სააღსრულებო წარმოებათა კანონის” 71-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მოვალის (ნ. მ.-ი) გაფრთხილების შესახებ საქმეში მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და შეუძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც უნდა გაუქმდეს 2003წ. 2 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.