ბს-492-423-კ-04 30 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1955 წელს კასატორი შ. ა-ი ბინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მოჰყვა დასანგრევ ბინათა სიაში და სანაცვლოდ გამოეყო თელავში ..... მდებარე ბინა, რომელიც შედგებოდა ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან და დამხმარე სათავსისაგან, მის ქვეშ მოთავსებული ნახევარსარდაფით. 1957 წელს ნახევარსარდაფში საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის მიერ შესახლებულ იქნა მ. კ-ო, კეთილმწყობილი ბინის მიღებამდე. კ-ოს რუსეთში გამგზავრების შემდეგ, აღნიშნულ ფართში ცხოვრობდნენ მ. კ-ოს შვილიშვილი _ ნიკოლოზი და მისი მეუღლე _ ე. ბ-ები, რომლებმაც 1994წ. 7 ივლისს მოახდინეს ნახევარსარდაფის პრივატიზაცია.
2001წ. 15 აგვისტოს შ. ა-მა სასარჩელო განცხადება შეიტანა თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის, ე. და ნ. ბ-ების მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა 1994 წელს გაფორმებული ნახევარსარდაფის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა:
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1955 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ..... მდებარე ერთოთახიან ბინაში, რომელიც ნახევარსარდაფისა და სათავსისაგან შედგებოდა. მოგვიანებით ნახევარსარდაფში შესახლებულ იქნა მ. კ-ო, ხოლო ბოლო წლებში მისი შვილიშვილი _ ნ. ბ-ი მეუღლესთან ერთად. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, როდესაც თავად მოახდინა ბინის პრივატიზაცია, აღნიშნული ნახევარსარდაფი მის საკუთრებად არ აღრიცხა იმ მოტივით, რომ სარდაფი, მ. კ-ოს გარდაცვალების შემდეგ გაფორმდებოდა მის სახელზე. შემდეგ კი შეიტყო, რომ ნახევარსარდაფის პრივატიზაცია ბ-ებს მოუხდენიათ. მოსარჩელე უთითებდა საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის უფროსის წერილზე და აცხადებდა, რომ ნ. ბ-ი 1972 წელს სადავო ფართში ჩაეწერა ფართის უფლების გარეშე, ხოლო 1979 წელს ნ. ბ-ის თანხმობით მოხდა მისი მეუღლის _ ე. ბ-ის ჩაწერა. მოსარჩელის აზრით, დაირღვა კანონის მოთხოვნა, ვინაიდან სარდაფში ჩაწერისთვის მათ უნდა მიემართათ ქალაქის საბჭოსათვის და არა საბინაო-საექსპლოატაციო კანტორისათვის. 1988 წელს მ. კ-ო ამოეწერა სადავო ფართიდან, პასუხისმგებელ დამქირავებლად გატარდა შვილიშვილი, რომელმაც 1994 წელს პრივატიზაცია მოახდინა მეუღლის, ე. ბ-ის სახელზე.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ დროებით შესახლებულ მ. კ-ოს უფლება არ ჰქონდა, არასაცხოვრებელ ფართში ვინმე ჩაეწერა. იმ დროს მოქმედი სკ-ის თანახმად, საცხოვრებელი სადგომის დაკავების უფლება მოქალაქეს წარმოეშობოდა ორდერის მიღებიდან, ხოლო თავისუფალ სადგომში უორდეროდ შესახლება საცხოვრებელ სადგომზე უფლებას არ წარმოშობდა. შ. ა-ის განმარტებით, მ. კ-ოს განცხადების თანახმად, ამ უკანასკნელმა მოითხოვა შვილიშვილის ჩაწერა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დახმარების გასაწევად. იმავე სამოქალაქო კოდექსით ბინაში ამ გზით ჩაწერილი მეურვე, მზრუნველი ან სხვა პირი ფართზე დამოუკიდებელ უფლებას ვერ მოიპოვებდა და ამდენად, საცხოვრებელ სადგომზე უფლებაც არ წარმოეშობოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ე. ბ-ის სახელზე განხორციელებული ნახევარსარდაფის პრივატიზაციის ბათილად ცნობა და სადავო ფართიდან ბ-ების ოჯახის გამოსახლება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ა-ს მოთხოვნაზე უარი ეთქვა, უსაფუძვლობის გამო, რაც გასაჩივრდა შ. ა-ისა და შ. კ-ის მიერ.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შ. კ-ი, ე. და ნ. ბ-ები, ხოლო არასათანადო მოპასუხე საბინაო-საექსპლუატაციო კანტორა შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ თელავის გამგეობით (2001წ. 5 ოქტომბრის ოქმი).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებით შ. კ-ისა და შ. ა-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თელავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1955წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით კომუნალური განყოფილების საბინაო სამმართველოს ნება დაერთო შეეძინა არტელ ,,წ-ის" საცხოვრებელი ბინა, ორსართულიანი შენობა, ორი ოთახი, თავისი სათავსებით. თელავში ..... მდებარე აღნიშნულ შენობაში 1955 წელს შესახლდა შ. ა-ი ოჯახით, რომლებმაც დაიკავეს ერთი ოთახი, ხოლო მის ქვეშ არსებულ ნახევარსარდაფში 1957 წელს შესახლდა და ჩაეწერა ნ. ბ-ის ბებია, მ. კ-ო. ამავე ფართში მოგვიანებით, 1971 წელს, ჩაეწერა მ. კ-ოს შვილიშვილი _ ნ. ბ-ი, ხოლო 1979 წელს _ მისი მეუღლე ე. ბ-ი.
1989 წელს მ. კ-ო გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის ქალაქ დონის როსტოვში, სადაც ბოლო დროს ცხოვრობდა, ხოლო სადავო ფართში, მისი რუსეთში გამგზავრების შემდეგ, ცხოვრებას აგრძელებდნენ ცოლ-ქმარი ე. და ნ. ბ-ები, რომლებმაც 1994 წელს მოახდინეს ამ ფართის პრივატიზაცია და საცხოვრებელი სადგომი აღირიცხა ე. ბ-ის სახელზე. კუთვნილი ფართის პრივატიზაცია შ. ა-მა მოახდინა 1992 წელს და მას ბ-ების მიერ დაკავებულ ფართზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
პალატამ დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა აპელანტ შ. ა-ის განმარტება, რომ სადავო ფართი მასზე იყო გამოყოფილი იყო და მისი სარგებლობის უფლება გააჩნდა. 1992წ. 4 მაისს გაცემული ტექპასპორტის შესაბამისად შ. ა-ის სარგებლობაში იყო 45,6 კვ.მ ფართი, რომელიც შედგება ერთი ოთახისა და დამხმარე სათავსისაგან ნახევარსარდაფის გარეშე. 1994წ. 23 აგვისტოს გაცემული ტექპასპორტის შესაბამისად კი, სადავო ნახევარსარდაფი ე. ბ-ის კანონიერ მფლობელობაშია. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რაზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას. აპელანტი შ. ა-ი კი ვერ ადასტურებს, რომ იგი იყო სადავო ფართის მფლობელი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა. 1992 წელს, როდესაც შ. ა-მა მოახდინა ბინის პრივატიზაცია, მას საკუთრებაში გადაეცა ერთი საცხოვრებელი ოთახი დამხმარე სათავსით, ნახევარსარდაფის გარეშე, ანუ იმთავითვე მისთვის ცნობილი იყო, რომ სადავო ფართი მას არ მიაკუთვნეს. საქართველოს სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ პრივატიზაცია მოახდინა 1992წ. 4 მაისს, სარჩელი კი აღძრა 2001წ. 15 აგვისტოს. სკ-ის 130-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა დაიწყოს 1992წ. მაისიდან და ამრიგად, სააპელაციო პალატის აზრით, შ. ა-ის მოთხოვნა უსაფუძვლოსთან ერთად ხანდაზმულიცაა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტ შ. კ-ის მოსაზრება, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სახლი, რომელშიც მდებარეობს სადავო ფართი, წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ სახლში არსებული ფართის პრივატიზაციისათვის აუცილებელი იყო ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს თანხმობა. სასამართლომ საქმის მასალებით უდავოდ დადგენილად ცნო, რომ შენობის ის ნაწილი, სადაც მდებარეობს სადავო ფართი, აშენებულია XX საუკუნის ოციან წლებში და იგი არ წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს. მიუხედავად ამისა, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა მოგვიანებით ე. ბ-ს მისცა თანხმობა დაკავებული ფართის პრივატიზაციაზე და გააფორმა მასთან დაცვითი ვალდებულების ხელშეკრულება. გარდა ამისა, იმავე დეპარტამენტის 2002წ. 13 მარტის ¹02/130 წერილიდან ირკვევა, რომ თ. ..... მდებარე შენობა წარმოადგენს XIX საუკუნის ბოლო პერიოდის საინტერესო არქიტექტურის ნიმუშს და თუ 1992-1994 წლებში ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის წინაშე დაისმებოდა საკითხი ე. ბ-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული ბინის პრივატიზაციის შესახებ, ისინი მისცემდნენ ბინის პრივატიზაციის უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. კ-მა და შ. ა-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორების განმარტებით, მ. კ-ო შ. ა-ის ნახევარსარდაფში შესახლებული იყო დროებით, მისი ბინით დაკმაყოფილებამდე, ამიტომ ნ. ბ-ის, ხოლო შემდეგ ე. ბ-ის ჩაწერა და მათ მიერ ბინის პრივატიზება მოხდა უკანონოდ, რაზეც მეტყველებს თელავის მრავალდარგოვანი საბინაო-კომუნალური მეურნეობის გაერთიანების 2001წ. 9 ოქტომბრის ¹2/15 მიმართვა, სადაც ხაზგასმულია, რომ ფართის უფლების გარეშე ჩაწერილ მოქალაქეს მოსავლელის გარდაცვალების ან მისი ამოწერის შემთხვევაში დაკარგული აქვს ყოველგვარი უფლება ბინაზე. ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების ან ბინის ორდერის გარეშე მისი ბინის მეპატრონედ ჩათვლა და მოსავლელი პირის სახელზე რიცხული ბინის პრივატიზაცია მასზე ყოვლად დაუშვებელია. კასატორმა ასევე მიუთითა ქალაქის საბჭოს იმდროინდელი თავმჯდომარის განკარგულებაზე ჩაწერის შესახებ, რომელსაც იგი ხელს არ აწერს.
კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნა, რომ დავა მასსა და ბ-ებს შორის წარმოიშვა 2001 წელს, როდესაც მათ შეიტყვეს ფართის უკანონო პრივატიზაციის შესახებ. შ. ა-ის მითითებით, ნახევარსარდაფის პრივატიზება მან იმიტომ არ გააკეთა, რომ ჩათვალა, არ სჭირდებოდა, ვინაიდან იყო არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ნახევარსარდაფი კი არც 1994 წელს ე. ბ-ის მიერ პრივატიზაციის დროს და არც ამჟამად, არ არის გადატანილი საცხოვრებელ ფონდში.
შ. ა-ი დაეთანხმა შ. კ-ის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ხსენებული სახლი წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ მოახდინა წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის მასალების სრული და სწორი შეფასება, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი ნახევარსარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ.
შ. კ-ისა და შ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო ე. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა კასაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
მოწინააღმდეგე მხარის, ქ. თელავის გამგეობის წერილობითი თანხმობით, საკასაციო საჩივარი მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე იქნა განხილული, თანახმად სასკ-ის 27-ე მუხლისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ისა და შ. კ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორები ითხოვენ ე. ბ-ის მიერ 1994წ. 7 ივლისს პრივატიზებული 39 კვ.მ ნახევარსარდაფის, მდებარე თელავში, ....., ბათილად ცნობას. კასატორი შ. ა-ი იმ მოტივით ითხოვს ნახევარსარდაფის პრივატიზების ბათილობას, რომ იგი როგორც დამხმარე სათავსი 1955 წლიდან მას გადაეცა სარგებლობაში, მაგრამ 1957 წელს სადავო ფართში დროებით, კეთილმოწყობილი ბინის მიღებამდე, შეასახლეს ბ-ების ბებია, მ. კ-ო. ამდენად, ნახევარსარდაფი მის კანონიერ მფლობელობას წარმოადგენდა და მ. კ-ოს გარდაცვალების შემდეგ, მას უნდა დაბრუნებოდა, რასაც საკასაციო პალატა დაუდასტურებლობის გამო ვერ გაიზიარებს. საქმეში თავად კასატორის მიერ წარმოდგენილია ადგილობრივი საბჭოს საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის ხელშეკრულება და ბინის მიღება-ჩაბარების აქტი, გაფორმებული 1955წ. 22 სექტემბერს, რომლითაც ირკვევა, რომ კასატორ შ. ა-ს 1955 წელს სარგებლობაში გადაეცა თელავში, ...... მდებარე ერთი საცხოვრებელი ოთახი 32 კვ.მ ფართით. რაიმე დამხმარე სათავსის ან ნახევარსარდაფის გადაცემაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებში მითითებული არ არის. საქმეში ასევე წარმოდგენილია ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, რომლითაც შ. ა-მა 1992წ. 28 აპრილს, ე.ი. ბ-ების მიერ სადავო ფართის პრივატიზებამდე 2 წლით ადრე, მოახდინა თელავში, ..... მდებარე ერთოთახიანი ბინის, საცხოვრებელი ფართი 32 კვ.მ, პრივატიზება. ამდენად, შ. ა-ს 1992 წელს მოუხდენია 1955 წელს მისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული 32 კვ.მ ფართის ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის პრივატიზება. ე. ბ-ის მიერ პრივატიზებული სადავო ნახევარსარდაფი არც 1955წ. საცხოვრებელი ოთახის მიღება-ჩაბარების აქტში და არც პრივატიზების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს შ. ა-ის მოტივს 1955 წლიდან სადავო ფართზე კანონიერი მფლობელობისა და უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭების შესახებ.
კასატორი შ. კ-ი სადავო ნახევარსარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ნახევარსარდაფი ისტორიული ძეგლია და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების თანახმად მისი პრივატიზებისათვის საჭირო იყო ძეგლთა დაცვის სამსახურებიდან სპეციალური ნებართვა, რაც ბ-ებს არ გააჩნდათ. საკასაციო პალატა შ. კ-ის აღნიშნულ მოტივსაც ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო, რადგან ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ფიქსაციისა და პასპორტიზაციის სამსახურის მიერ შედგენილი სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, თელავში ... მდებარე ნაგებობა, ე.წ. კ-ის სახლი, მართლაც წარმოადგენს მე-19 საუკუნის ძეგლს და იგი მთლიანად კასატორის კერძო საკუთრებაა, მაგრამ ძეგლის აღწერის თანახმად, ე.წ. კ-ის სახლის მეორე მოკლე ფასადზე ახალი სახლია მიდგმული, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლებით თარიღდება და იგი არქიტექტურულ-ისტორიული თვალსაზრისით რაიმე ღირებულებას არ წარმოადგენს. იგივეს ადასტურებს თელავის რაიონის ძეგლთა დაცვის ინსპექტორი შ. კ-ის მიმართ 2002წ. 21 ნოემბერს გაგზავნილი წერილით. ამდენად, ბ-ების მიერ პრივატიზებული ნახევარსარდაფი არ წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლს და ამიტომ შ. კ-ის მითითება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სადავო ნახევარსარდაფი კიდეც რომ წარმოადგენდეს არქიტექტურულ ძეგლს, “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” 1992წ. მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით ასეთი ძეგლების პრივატიზება აკრძალული არ არის და პრივატიზება დაიშვება ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების თანხმობით. საქმეში წარმოდგენილი ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ცნობით, დეპარტამენტი არ იყო წინააღმდეგი ე. ბ-ის მიერ ნახევარსარდაფის პრივატიზების და 2002წ. 5 თებერვლიდან დეპარტამენტსა და ე. ბ-ს შორის მაინც გაფორმდა მოქალაქეთა პირად საკუთრებაში მყოფი არქიტექტურის ძეგლის დაცვითი ვალდებულება.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას, რომ ნ. ბ-ი ბებიის, მ. კ-ოს, ფართში ჩაეწერა როგორც მომვლელი, ფართით სარგებლობის (უფლების) გარეშე და ამიტომ მას ან მის მეუღლეს არ ჰქონდა მისი პრივატიზების უფლება. საქმეში ნამდვილად წარმოდგენილია მ. კ-ოს განცხადება თელავის აღმასკომის თავმჯდომარის სახელზე, დათარიღებული 1972წ. 24 მაისს, რომლითაც მ. კ-ო, ავადმყოფობის გამო, ითხოვს ფართში შვილიშვილის, ნ. ბერიშვილის, ჩაწერას, რაც განხორციელდა კიდეც, ხოლო 1979 წლიდან სადავო ფართში ჩაეწერა ნ. ბ-ის მეუღლე, სადავო ნახევარსარდაფის მესაკუთრე ე. ბ-ი. საქმეში ასევე წარმოდგენილია მ. კ-ოს 1988წ. 4 აპრილის განცხადება თელავის საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის უფროსისადმი, რომლითაც ..... მდებარე ფართის ძირითადი დამქირავებელი მ. კ-ო ითხოვს მის ამოწერას და ფართის პასუხისმგებელ (ძირითად) დამქირავებლად შვილიშვილის, ნ. ბ-ის, ჩაწერას, რაც ასევე დაკმაყოფილებულა. ამრიგად, 1988წ. აპრილიდან ნ. ბ-ი ..... მდებარე სადავო ფართის ძირითადი (პასუხისმგებელი) დამქირავებელია და მას და მის მეუღლეს სრული უფლება ჰქონდათ, მოეხდინათ დაკავებული ფართის პრივატიზება, მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე.
კასატორებმა საკასაციო სასამართლოში სადავო პრივატიზების ბათილობის დამატებით მოტივად მიუთითეს ახალი გარემოება, მ. კ-ოს სახელზე 1955 წელს გაცემული ¹26 საბინაო ორდერის სიყალბე, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან საკასაციო სასამართლოში ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება დაუშვებელია, ამასთან კასატორებმა ვერ წარმოადგინეს დადგენილი წესით ბინის ორდერის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს შ. ა-ისა და შ. კ-ის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება ე. ბ-ის მიერ ნახევარსარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ისპირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ა-ისა და შ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინება;
3. შ. ა-ს და შ. კ-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.