Facebook Twitter

ბს-492-590-კ-03 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საჯარო ინფორმაციის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 12 სექტემბერს კასატორმა ლ. ს.-მ სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში თბილისის მერიისა და სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების დავალდებულება შემდეგი სახის ინფორმაციის გაცემაზე: რომელი საწარმოა თბილისის მერიის ვაჭრობისა და მომსახურების სამმართველოს საქალაქო სავაჭრო გაერთიანება “მ.-ის” სამართალმემკვიდრე, როდის და რომელ სასამართლოში იქნა იგი რეგისტრირებული, რა ქონებას ფლობს აღნიშნული საწარმო, ქონების გასხვისების შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა გასხვისების საფუძვლის, თარიღისა და ქონების შემძენის მითითება.

მოსარჩელის განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად გადაეცა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს “ს.-ის” სასარგებლოდ (დამფუძნებლები: მოსარჩელე, მისი მეუღლე _ რ. ს.-ი და მეუღლის ძმა – ა. ს.-ი) თბილისის მერიის ვაჭრობისა და მომსახურების სამმართველოს საქალაქო-სავაჭრო გაერთიანება “მ.-ისთვის” 33222 ლარის დაკისრების თაობაზე, რომლის აღსრულება ვერ განხორციელდა. 2000წ. 18 აპრილს აღმასრულებელმა მოსარჩელეს აცნობა, რომ საქალაქო-სავაჭრო ორგანიზაცია “მ.-ი” აღარ არსებობს და მისი სამართალმემკვიდრეა შპს მუნიციპალური საწარმო “მ.-ი”, რომელსაც ქონება არ გააჩნია და დახურული აქვს საბანკო ანგარიშები. მერიის იურიდიული სამსახურის 1999წ. 16 ივნისის წერილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ გაერთიანება “მ.-ის” სამართალმემკვიდრეა არა შპს მუნიციპალური საწარმო “მ.-ი”, არამედ შპს “მ.-ი”. აღნიშნულის დაზუსტების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა თბილისის მერიას, ამ უკანასკნელმა მომართვა გადაუგზავნა ქონების მართვის სამმართველოს, საიდანაც მიიღო გაურკვეველი პასუხი.

ლ. ს.-ის სარჩელი არ ცნო თბილისის მერიამ იმ მოტივით, რომ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების შექმნისა და მმართველობით ორგანოებს შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ თბილისის მერიის ¹51 ბრძანებით 2001წ. 1 თებერვლიდან ლიკვიდირებულ იქნა ვაჭრობის, მომსახურებისა და სამომხმარებლო ბაზის რეგულირების საქალაქო სამსახური და ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში ზოგადი ეკონომიკური საკითხების განხილვა-რეგულირების ფუნქცია დაეკისრა მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, რის გამოც, მოპასუხის აზრით, აღნიშნულ ორგანოს აქვს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება.

ლ. ს.-ის სარჩელი ასევე არ ცნო ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველომ და განმარტა, რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია არ გააჩნიათ.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინებით ლ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, 37-ე მუხლების თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, ხოლო მე-40 მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია, მაგრამ კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია გააჩნია თავის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან სხვა საჯარო დაწესებულებაში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ლ. ს.-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არსებობა მოპასუხე საჯარო დაწესებულებებში, გარდა საქმეში არსებულისა, საქმის მასალებით არ დასტურდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს.-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ინფორმაციის გაცემის თაობაზე მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან მოპასუხე საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ჰქონდეთ და გასცენ მის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია.

საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლები, მიუხედავად დადგენილი წესით მოწვევისა, სასამართლოში არ გამოცხადდნენ, ამიტომ საკასაციო საჩივარი მათი დასწრების გარეშე იქნა განხილული, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორმა ლ. ს.-მ სარჩელი აღძრა რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული ორგანოების: ქ. თბილისის მერიისა და თბილისის სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის საფუძველზე მოითხოვა მათთან არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციისა და ოფიციალური დოკუმენტების გაცნობა, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღიაობის პრეზუმფციას აწესებს ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლი, ხოლო საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემის ვალდებულება დადგენილია ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ნორმების შესაბამისად, სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ლ. ს.-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინეს მათთან არსებული საჯარო ინფორმაცია, კერძოდ:

1. მოსარჩელე მოითხოვდა ქ. თბილისის მერიის ვაჭრობისა და მომსახურების სამმართველოს საქალაქო-სავაჭრო გაერთიანება “მ.-ის” სამართალმემკვიდრის შესახებ საჯარო ინფორმაციას. მოპასუხემ წარადგინა ქ. თბილისის საცალო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების სამმართველოს 1991წ. აპრილის ¹1/10 ბრძანება საქალაქო სავაჭრო ორგანიზაცია “მ.-ის” შექმნის შესახებ და “ქ. თბილისის საქალაქო ორგანიზაცია “მ.-ის” რეორგანიზაციის შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 13 მარტის ¹06.05.89 დადგენილება, რომელთა მიხედვით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ქ. თბილისის საქალქო სავაჭრო ორგანიზაცია “მ.-ის” ბაზაზე მუნიციპალური საწარმოს დაფუძნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით;

2. მოსარჩელე მოითხოვდა ინფორმაციას საქალაქო-სავაჭრო გაერთიანება “მ.-ისა” და მისი სამართალმემკვიდრის ქონებრივი მდგომარეობის, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო ობიექტების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია არსებობს მოსარჩელის მიერ წარდგენილ მასალებში, სახელდობრ, საქალაქო სავაჭრო ორგანიზაცია “მ.-ის” შექმნის შესახებ 1991წ. ¹1/10 ბრძანების მე-2 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹06.05.89 დადგენილების მე-5 პუნქტები სწორედ შეიცავენ ინფორმაციას “მ.-ისათვის” გადაცემული მაღაზიების ქსელის შესახებ;

3. მოსარჩელე ასევე მოითხოვდა “მ.-ის” ზემოაღნიშნული ქონების კუთვნილების შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობით ინფორმაციას. ქონების გასხვისების შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა ქონების გასხვისების საფუძვლის, თარიღისა და შემძენის მითითებას. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003წ. 15 სექტემბრის პასუხსა და დანართში ასახულია სრული ინფორმაცია “მ.-ის” ობიექტების პრივატიზების, პრივატიზების თარიღის, ფორმისა და ახალი მესაკუთრეების შესახებ.

მოპასუხეთა მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ საქალაქო სავაჭრო გაერთიანება “მ.-ის” სამართალმემკვიდრის, მისი ქონებისა და ამ ქონების პრივატიზების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიერ სრულად დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს წარედგინა მოთხოვნასთან დაკავშირებით მათ დაწესებულებაში არსებული ყველა ინფორმაცია.

ქ. თბილისის საქალაქო ორგანიზაცია “მ.-ის” რეორგანიზაციის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹06.05.89 დადგენილების 7.2 პუნქტის მიხედვით, შპს მუნიციპალურ საწარმო “მ.-ის” დირექტორს დაევალა დადგენილი წესით შპს “მ.-ის” რეგისტრაციაში გატარება. მოსარჩელე მოითხოვდა საქალაქო-სავაჭრო გაერთიანება “მ.-ის” სამართალმემკვიდრის სასამართლოში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 4.4 მუხლების თანახმად, ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრს და მიიღოს რეესტრის ამონაწერი იურიდიული პირის სახელწოდების, მისამართის, დამფუძნებელი პარტნიორებისა თუ ხელმძღვანელი პირების შესახებ. ამდენად, სამეწარმეო რეესტრი საჯაროა, ღიაა და სასამართლოში მისი გაცნობა ყველა დაინტერესებული პირისათვის შეუზღუდავია, რითაც, საკასაციო პალატის აზრით, ისარგებლა კიდეც კასატორმა და წარმოადგინა კრწანისის რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი 1996წ. 9 იანვარს სასამართლოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მ.-ის” შესახებ. კასატორი ადასტურებს, რომ კრწანისის რაიონულ სასამართლოში 1996 წელს რეგისტრირებული შპს “მ.-ი” არის სხვა იურიდიული პირი, მაგრამ საქალაქო სავაჭრო ორგანიზაცია “მ.-ის” სამართალმემკვიდრის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მათ ვერ მოიძიეს, რის გამოც მოითხოვეს აღნიშნული ინფორმაციის თბილისის მერიიდან გამოთხოვა. მოპასუხეთა წერილობითი განმარტებების მიხედვით, შპს მუნიციპალური საწარმო “მ.-ის” სასამართლო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მათ არ გააჩნიათ, ვერც კასატორმა წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ სარჩელში ჩამოთვლილ საკითხებზე, გარდა საქმეში არსებული ინფორმაციისა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნიათ სხვა ინფორმაცია, რომელსაც არ აცნობენ კასატორს და ადგილი აქვს საჯარო ინფორმაციის გაცნობის თავისუფლების შეზღუდვას. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, მე-40 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყვეს მათთან არსებული საჯარო ინფორმაციის ღიაობა და კასატორს წარუდგინეს სასარჩელო განცხადებაში მითითებული საჯარო ინფორმაციები, ხოლო ისეთი ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას, რაც საჯარო დაწესებულებას ან მის სტრუქტურულ ქვედანაყოფს არ გააჩნია, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ს.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.