Facebook Twitter

ბს-500-595-კ-03 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის ავტოქარხნის რაიაღმასკომის 1987 წ. 20 მაისის ¹14-32/402 გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ..., გამოეყოთ მეუღლეებს ი. და შ. მ.-ებს და მათ სახელზე იმავე წლის 3 ივნისს გაიცა ბინის ორდერი ¹.... 1991 წ. 8 თებერვალს შ. მ.-ე გარდაიცვალა. 1993 წ. 10 მარტს ქუთაისის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ¹4 საბინაო საექსპლოატაციო უბანსა და ი. მ.-ეს შორის დაიდო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ი. მ.-ის საკუთრებაში გადავიდა ზემოაღნიშნული ბინა.

2002 წ. 7 ნოემბერს ე. მ.-ემ სასარჩელო განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ი. მ.-ისა და ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს პ. ბ.-ის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა 1993 წ. 10 მარტს გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისმა ბაბუამ _ შ. მ.-მ, ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნის რაიაღმასკომის 1987 წ. 20 მაისის ¹14-32/402 გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო ერთოთახიანი ბინა, ფართით 20,06 კვ.მ, მდებარე ქ. ქუთაისში, ...-ში. აღნიშნულ ბინაში 1987 წლიდანვე ცხოვრობდნენ თავად მოსარჩელე, მისი მშობლები: ია. და რ. მ.-ეები. 1991 წლამდე, ე.ი. გარდაცვალებამდე, მათთან ერთად ცხოვრობდა ბაბუა შ. მ.-ე. 1990 წ. 3 ოქტომბერს შ. მ.-ემ ნოტარიულად გააფორმა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება, რაც კი მისი კუთვნილი აღმოჩნდებოდა, მათ შორის, ზემოხსენებული ბინაც, მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცემოდა შვილიშვილს, ე. მ.-ეს. მოანდერძე შ. მ.-ე გარდაიცვალა 1991 წ. 8 თებერვალს. ბინა იმ მომენტში ჯერ არ იყო პრივატიზებული ბაბუის სახელზე, მაგრამ მთავრობის დადგენილება ბინების პრივატიზების თაობაზე უკვე გამოსული იყო. მოსარჩელემ, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონება, მათ შორის, სადავო ბინაც და შეუდგა მის მფლობელობასა და მართვას. შემდეგ გაირკვა, რომ მოსარჩელის ბებიას, მოპასუხე ი. მ.-ეს მოუხდენია ამ ბინის პრივატიზაცია ჯერ კიდევ 1993 წ. 10 მარტს. აღნიშნული პრივატიზაცია კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია მოსარჩელემ და მიუთითა, რომ დარღვეულია მთავრობის ¹107 დადგენილების მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, ბინების პრივატიზაცია დასაშვები იყო მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით, რაც არ გაკეთებულა. ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე იმ დროისათვის არც დამქირავებელი იყო და არც დამქირავებლის ოჯახის წევრი, ანუ არ იყო ის სუბიექტი, ვისაც ბინის პრივატიზაციის უფლება ექნებოდა.

მოპასუხეებმა: ქ. ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსმა ბ.-მ და ი. მ.-მ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით ე. მ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, რაც გასაჩივრდა ე. მ.-ის მიერ.

სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წ. 12 სექტემბრის განჩინებით დავაში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქ. ქუთაისის მერია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაცო პალატის 2003 წ. 24 სექტემბრის განჩინებით ე. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება:

1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელის გარდაცვლილმა ბაბუამ, შ. მ.-მ, ქუთაისის ავტოქარხნის რაიაღმასკომის 1987 წ. 20 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო სადავო ბინა, სადაც იგი ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, ანუ 1991 წ. 8 თებერვლამდე. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა თავად მოსარჩელე მშობლებთან _ ი. და რ. მ.-ეებთან ერთად. ბინის მიღებიდან 3 წ. შემდგომ, ანუ 1990 წ. 3 ოქტომბერს, შ. მ.-მ დაწერა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, სადავო ბინაც უანდერძა მოსარჩელეს – ე. მ.-ს;

2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პრივატიზაციის დროისათვის ი. მ.-ე არ იყო პრივატიზაციაზე უფლებამოსილი პირი, რადგან საქმეში წარმოდგენილი ბინის ორდერის ¹... თანახმად, შ. მ.-ის ოჯახის შემადგენლობა 2 წევრს ითვლიდა: 1) თავად შ. მ.-ეს, რომლის სახელზეც მოხდა ფაქტობრივად ორდერის გაცემა და 2) ი. მ.-ს. ორდერი იმ დროისათვის ითვლებოდა საცხოვრებელ ფართზე უფლების დამადასტურებელ საბუთად. ვინაიდან ბინის ძირითადი დამქირავებელი შ. მ.-ე ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის უკვე გარდაცვლილი იყო, სასამართლოს აზრით, ი. მ.-ს, როგორც შ. მ.-ის ოჯახის წევრს, შეეძლო ბინის პრივატიზაცია და პრივატიზაცია კანონიერია;

3. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არც 1990 წ. 3 ოქტომბრისათვის (ანდერძის შედგენის დროისათვის) და არც მოანდერძის, შ. მ.-ის, გარდაცვალების მომენტისათვის (1991 წ. 8 თებერვალი) სადავო ბინა არ წარმოადგენდა შ. მ.-ის საკუთრებას, ანუ არ შედიოდა იმ სამკვიდრო მასაში, რომელიც მოანდერძის გარდაცვალების შემდგომ მის ანდერძისმიერ მემკვიდრეზე, ე. მ.-ზე, გადავიდოდა.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სადავო პრივატიზაციის ბათილობის საფუძველი. ამასთან, სასამართლოს აზრით, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმში გარკვევითაა დაფიქსირებული მოსარჩელის პოზიცია, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ ბებიას პრივატიზაციის გაკეთებაში, ანუ ბინის პრივატიზების არსებობის შესახებ მოსარჩელისათვის იმთავითვე, 1993 წელშივე, იყო ცნობილი, ხოლო სარჩელი ბინის პრივატიზების ბათილად ცნობაზე აღძრულია 2002 წ. ნოემბერში. ამიტომ სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სკ-ის 75-ე მუხლისა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებონა. სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. კასატორის აზრით, ასევე დარღვეულია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას;

2. კასატორი კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ი. მ.-ე იმ დროს ითვლებოდა საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) მე-16 მუხლით მოქალაქის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ის ადგილი, სადაც იგი ცხოვრობს მუდმივად ან უპირატესად. ი. მ.-ე კი უპირატესად და მუდმივად ცხოვრობდა მეორე სახლში, მას სადავო ბინაში არ უცხოვრია, ამიტომ მას არ ჰქონდა აღნიშნული ბინის პრივატიზების უფლება;

3. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხშიც დაამახინჯა კანონი და საქმის გარემოებაც. კასატორი აღნიშნავს, რომ მათი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრის უფლება, დაირღვა არა პრივატიზაციის სადავო ხელშეკრულების გაფორმებით, არამედ ი. მ.-ის მიერ მისი მამის, რ. მ.-ის სახელზე გაცემული ანდერძის გაუქმებით. იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და მე-80 მუხლები ხანდაზმულობის ვადის დაწყებას უკავშირებენ არა პრივატიზაციაში დახმარებას, არამედ ქონებაზე უფლების დარღვევას.

საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს კასატორმა დამატებით განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წ. 21 სექტემბრის დადგენილებით დიდი სამამულო ომის მონაწილეებს უფლება მიეცათ სახელმწიფო ფონდის ბინების, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ, უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაცემაზე. ამიტომ სადავო ბინა, აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, უკვე წარმოადგენდა შ. მ.-ის საკუთრებას და მას, როგორც მესაკუთრეს, შეეძლო ანდერძით ბინის განკარგვა. 1990 წ. 3 ოქტომბრის ანდერძით ბინა შ. მ.-მ კასატორს უანდერძა, რის გამოც ი. მ.-ს არ ჰქონდა აღნიშნული ბინის პრივატიზების უფლება.

მოწინააღმდეგე მხარემ, ი. მ.-ის წარმომადგენლებმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი. მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

მოწინააღმდეგე მხარემ, ნოტარიუსმა მ. ბ.-მ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ ცნო და იშუამდგომლა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვაზე, ხოლო ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელი, მიუხედავად დადგენილი წესით გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა, ამიტომ ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 24 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქუთაისში, ... მდებარე სადავო ერთოთახიანი ბინა 1987 წ. 20 მაისის ქუთაისის ავტოქარხნის რაიაღმასკომის ¹14-32/402 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოეყოთ მეუღლეებს: შ. და ი. მ.-ეებს, რაზეც იმავე წლის 3 ივნისს გაიცა ბინის ორდერი ¹.... იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბინაო ორდერი წარმოადგენდა საცხოვრებელ სადგომში მოქალაქეთა შესახლების ერთადერთ საფუძველს. აღნიშნულ ორდერში მობინადრეებად არ არიან მთითებულნი არც კასატორი ე. მ.-ე და არც მისი მშობლები. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თვლის, რომ სადავო ბინაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე კასატორისა და მათი მშობლების ფაქტობრივი ცხოვრება არ წარმოშობდა მათთვის აღნიშნული ბინის პრივატიზების უფლებას.

,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცამის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წ. ¹107 დადგენილების იმჟამად მოქმედი მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემოდა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით.

სადავო ბინის ერთ-ერთი დამქირავებელი შ. მ.-ე გარდაიცვალა 1991 წ. 8 თებერვალს და ამ მომენტიდან ორდერის მიხედვით ბინის ერთადერთ დამქირავებელს წარმოადგენდა ი. მ.-ე. კასატორის მითითებით, ი. მ.-ეს აღნიშნულ ბინაში არ უცხოვრია და ამიტომ მას ბინის პრივატიზების უფლება არ გააჩნდა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს დროებით სხვაგან ყოფნის შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომი ენახებოდა მხოლოდ ექვსი თვის მანძილზე, ხოლო ამ ვადის გადამეტებით სხვაგან ყოფნა, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იწვევდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე ამ პირის უფლებადაკარგულად ცნობას, რაც მხოლოდ სასამართლო წესით დაიშვებოდა. ვინაიდან კასატორმა ვერ წარმოადგინა სადავო საცხოვრებელ ფართზე ი. მ.-ის უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. მ.-ს, როგორც საბინაო ორდერის მიხედვით სადავო საცხოვრებელი ფართის ერთადერთ დამქირავებელს, შეუზღუდავად ჰქონდა მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების საფუძველზე მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზების უფლება და არც კასატორის და არც მისი მშობლების თანხმობა კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო არ იყო, ვინაიდან სადავო ბინაში რეგისტრაციის (ჩაწერის) არქონის გამო, ისინი სამართლებრივად არ წარმოადგენენ ბინის პრივატიზების უფლების მქონე ოჯახის წევრებს.

საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს შ. მ.-ის ანდერძთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას. მართალია, სადავო ბინის ერთ-ერთმა დამქირავებელმა, შ. მ.-მ 1990 წ. 3 ოქტომბერს გაფორმებული ანდერძით კასატორ ე. მ.-ს უანდერძა მთელი თავისი ქონება, მათ შორის, სადავო საცხოვრებელი ბინა, მაგრამ არც ანდერძის შედგენის და არც შ. მ.-ის გარდაცვალების მომენტისათვის სადავო ბინა არ წარმოადგენდა მოანდერძის საკუთრებას, ამიტომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 546-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრების ბინა შ. მ.-ის სამკვიდრო მასაში არ შევიდოდა და არც მამკვიდრებელს შეეძლო მისი განკარგვა.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ დაეთანხმება კასატორთა მითითებას საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წ. 21 სექტემბრის ბრძანებულების მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც დიდი სამამულო ომის მონაწილეებს უფლება მიეცათ სახელმწიფო ფონდის ბინების, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ, უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაცემაზე, რაც ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1990 წ. ¹107 დადგენილებით გავრცელდა საქართველოს ყველა მოქალაქეზე. კასატორთა მიერ მითითებული ბრძანებულებითა და ¹107 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო ფონდის ბინის უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენდა დიდი სამამულო ომის მონაწილის, შემდგომში კი საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, მაგრამ სადავო ბინის დამქირავებელმა შ. მ.-მ სიცოცხლეში ვერ უზრუნველყო ზემოაღნიშნული ბრძანებულებით მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზება. “საბინაო ფონდის პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის ¹1 დადგენილების მე-5 პუნქტით დადგინდა: ,,ბინების უსასყიდლო პრივატიზაციის პირობებში მოქალაქის გარდაცვალება, რომელსაც განცხადება ჰქონდა შეტანილი პრივატიზაციაზე და საბინაო ორგანოები უარს ვერ ეტყოდნენ, არ წარმოადგენს ამ ბინის სამკვიდრო მასაში შეუტანლობის საფუძველს, ვინაიდან სამკვიდროში შედის არა მარტო სამკვიდროს დამტოვებლის კუთვნილი ქონება, არამედ მისი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები”. განსახილველ საქმეში წარმოდგენილი არ არის შ. მ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წ. 21 სექტემბრის ბრძანებულების შესაბამისად, მისი საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადმოცემის (პრივატიზების) შესახებ, ამიტომ საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ შ. მ.-ის მიერ ე. მ.-ისათვის სახელმწიფო ფონდის საცხოვრებელი ბინის ანდერძით დატოვება ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 546-ე მუხლს, სადავო ბინა არ წარმოადგენდა შ. მ.-ის სამკვიდრო ქონებას, იგი იყო სახელმწიფო საკუთრება და ი. მ.-ის მიერ ¹107 დადგენილების საფუძველზე მისი პრივატიზება კანონიერია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 24 სექტემბრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 24 სექტემბრის განჩინება;

3. ე. მ.-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.