Facebook Twitter

¹ ბს-50-41-კ-04 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. კ.-მა სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თ. მ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის მანსარდიდან იმ მოტივით, რომ ბათუმის მერიის 1999წ. 27 იანვრის ¹2-207 გადაწყვეტილებით გაუქმდა მერიის 1997წ. ¹257 გადაწყვეტილება, რომლითაც მე-5 სამშენებლო ტრესტის თანამშრომლებზე გაიცა საგარანტიო წერილები. მერიის 1999წ. 21 ნოემბრის ¹236 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის საფუძველზე, ... მდებარე სახლის სხვენ-სართული ამოირიცხა საცხოვრებელი ფართიდან და ... სახელოსნოდ გადაეცა აჭარის ა/რ ... კავშირს, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 15 ივნისის ¹502 გადაწყვეტილებით, მაგრამ აღნიშნულ ფართში ცხოვრობდა თ. მ.-ე ოჯახით, რომელიც არ ათავისუფლებდა ფართს. აგრეთვე, ითხოვდა მორალური ზიანისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, რ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. ბათუმში ... მდებარე სახლის სხვენ-სართულის ¹... .... სახელოსნოდან გამოსახლდა თ. მ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 15 აპრილის განჩინებით საქმეზე თანამოსარჩელედ ჩაერთო ქ. ბათუმის მერია და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომელმაც 2002წ. 20 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა თ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საქალაქო სასამართლოს.

თ. მ.-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა, მერიას გამოეყო მისთვის 100 კვ.მ კეთილმოწყობილი ბინა, საკითხის გადაწყვეტამდე არ გამოესახლებინა და აენაზღაურებინა სადავო ბინაზე გაწეული ხარჯი _ 6823 აშშ დოლარი. სასამართლოს 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე თანამოსარჩელედ ჩაბმულ იქნენ ქ. ბათუმის მერია და აჭარის ა/რ ... კავშირი, ხოლო თანამოპასუხედ _ ¹... სამშენებლო ტრესტი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. მ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის სხვენ-სართულზე მდებარე .... სახელოსნოდან და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ქ. ბათუმის მერიას. არ დაკმაყოფილდა თ. მ.-ის შეგებებული სარჩელი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა სარჩელი და დაკმაყოფილდებოდა მისი შეგებებული სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა თ. მ.-ის გამოსახლება სადავო ბინიდან და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. შეგებებული სარჩელი წარადგინა საქართველოს ... კავშირის აჭარის რეგიონალურმა ორგანიზაციამ, რომელმაც მოითხოვა თ. მ.-ის გამოსახლება და სადავო ფართის საკუთრების უფლებით გადაცემა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. მ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹... .... სახელოსნოდან სხვა ფართის მიუცემლად და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ქ. ბათუმის მერიას. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ... კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის შეგებებული სასარჩელო განცხადება. ქ. ბათუმის მერიას დაევალა მასზე საკუთრების უფლებით გადაცემული ¹... .... სახელოსნო სარგებლობის უფლებით გადაეცა ... კავშირისათვის.

არ დაკმაყოფილდა თ. მ.-ის შეგებებული სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გამოსახლების შემთხვევაში მისი ოჯახის სხვა ბინით დაკმაყოფილებისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ... მდებარე ბინის მანსარდა, რომელიც დაკავებული ჰქონდა თ. მ.-ეს, წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას და სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა ... კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას. აღნიშნულ ფართში კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა თ. მ.-ე ოჯახთან ერთად, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა ამ უკანასკნელის გამოსახლების შესახებ საფუძვლიანი იყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან თ. მ.-ე კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობდა სადავო ფართს, ამიტომ მის მიერ სადავო ფართზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, საკასაციო სასამართლოში გაზარდა მოთხოვნა და მორალური და მატერიალური ზიანის სახით მოითხოვა 100000 ლარის ანაზღაურება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით მისი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ რაში გამოიხატა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მისთვის გაუგებარია, რადგან დააკმაყოფილა ქ. ბათუმის მერიის მოთხოვნა და იგი გამოასახლა დაკავებული ფართიდან. სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე და მიაჩნია, რომ სასამართლოს შემადგენლობას, რომელმაც განიხილა მისი სააპელაციო საჩივარი, უფლება აღარ ჰქონდა განმეორებით განეხილა იგი, რადგან ადრე მონაწილეობდა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაში, რის გამოც სასამართლოს უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოში თ. მ.-ის საკასაციო საჩივრის განხილვა ორჯერ იყო დანიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყვნენ სასამართლო სხდომის თაობაზე, ისინი არც ერთხელ არ გამოცხადებულან. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილა თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო სხდომაზე კასატორმა დამატებით მოითხოვა საქმის მასალების გენერალური პროკურატურისათვის გადაცემა და მორალური ზიანის, 100000 აშშ დოლარის, ანაზღაურება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლისა და კასატორის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 406-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის გაზრდილ მოთხოვნაზე და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეამოწმებს მისი შეგებებული სარჩელის თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ შემადგენლობას უფლება აღარ ჰქონდა, განმეორებით განეხილა მისი სააპელაციო საჩივარი, რადგან ადრე მონაწილეობდა სააპელაციო საჩივრის განხილვაში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის რედაქცია, რომელიც კრძალავდა საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობას, შეიცვალა 2000წ. 25 ოქტომბრის ცვლილებებით და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმ დროისათვის, როდესაც სააპელაციო სასამართლო იხილავდა თ. მ.-ის სააპელაციო საჩივარს, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ კრძალავდა საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდა, რომელიც დაკავებული აქვს კასატორს, წარმოადგენს ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს ... კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას, ვინაიდან ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 18 ივლისის ¹522 გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ... გამოყოფილ იქნა მიწის ნაკვეთი ხუთსართულიანი სახლის ასაშენებლად. მშენებლობის პროცესში გადაწყდა, რომ აღნიშნულ ხუთსართულიან სახლზე დაშენებულიყო კიდევ ორი სართული – მე-6 სართული საცხოვრებელი და მე-7 _ მანსარდის სახით – აჭარის ა/რ ... კავშირის ... სახელოსნოსათვის. შემდგომში ქ. ბათუმის მერიის 1997წ. 17 ივნისის @¹257 გადაწყვეტილებით იმ დროისათვის არსებული ¹... სამშენებლო ტრესტის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, მე-7 სართულზე განლაგებული 7 ბინა ჩაირიცხა საცხოვრებელ ფართში და განაწილდა ¹... სამშენებლო ტრესტის თანამშრომლებზე და გაიცა საგარანტიო წერილები, მათ შორის, თ. მ.-ეზეც. მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა აჭარის ... კავშირმა. ქ. ბათუმის სასამართლოს 1999წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ ... კავშირის სარჩელი და გაუქმდა ბათუმის მერიის 1997წ. 17 ივნისის ¹257 გადაწყვეტილება და გაცემული საგარანტიო წერილები. ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულზე განთავსებული მანსარდა დაუბრუნდა აჭარის ა/რ ... კავშირს, სარგებლობის უფლებით. ქ. ბათუმის მერიის 1999წ. 25 ნოემბრის ¹236 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი მიღებულ იქნა ექსპლოატაციაში და დამტკიცდა ბინაში შესასახლებელ მოქალაქეთა სია. საცხოვრებელი სახლის მე-7 სართული ამოირიცხა საცხოვრებელი ფართიდან და შემოქმედებით სახელოსნოდ გადაეცა აჭარის ა/რ ... კავშირს. აღნიშნული გადაწყვეტილებით (¹236 25.11.99) დამტკიცებულ ...-ის ¹59-ში მდებარე სახლში შესახლებულ მოქალაქეთა სიაში თ. მ.-ის ოჯახი გათვალისწინებული არ არის, ხოლო 1997წ. 17 ივნისის ¹257 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საგარანტიო წერილი ბათილად არის ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ. მ.-ე აღნიშნულ ფართს ფლობს უკანონოდ, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა მისი გამოსახლების შესახებ საფუძვლიანია სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, სწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან თ. მ.-ე კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობდა სადავო ფართს, ამიტომ მას აღნიშნულ ფართზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. თ. მ.-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.