Facebook Twitter

ბს-508-601-კ-03 1 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ფულადი კომპენსაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

2003 წ. 3 ივნისს მ. ა.-მ, თ. ხ.-მ, ლ. ბ.-მ, ლ. თ.-მ და სხვებმა, სულ 13 მოქალაქემ, სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში ფინანსთა სამინისტროს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვეს მათ სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1255686 ლარის დაკისრება:

მოსარჩელეების მითითებით, ისინი გაერთიანებულნი იყვნენ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ,,ბ.-ში”. 1990 წ.-სათვის გადაიხადეს საცხოვრებელი ბინების აშენებისათვის კოოპერატივთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა, მაგრამ მშენებლობა არ განხორციელდა. მოსარჩელეთა განმარტებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის თაობაზე საკითხები რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წ. 9 ოქტომბრის ¹983 დადგენილებით ,,კოოპერატიული ბინათმშენებლობის ღირებულების გაძვირებით გამოწვეული ფასთა სხვაობის კომპენსაციის შესახებ”, ,,ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ” პრეზიდენტის 1999 წ. 30 ივნისის ¹413 ბრძანებულებით, ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ” პრეზიდენტის 1999 წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით, ასევე ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის შესახებ” ფინანსთა სამინისტროს 1999 წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებით. აღნიშნული აქტების თანახმად, ვინაიდან სკ-ის 1512-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმებულია საქართველოში ყველა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი, როგორც იურიდიული პირი, სახელმწიფო საშინაო ვალის დასაფარავად ანგარიშსწორება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებთან ინდივიდუალურად ხდება საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მეშვეობით. მაგრამ, მოსარჩელეთა განმარტებით, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ,,ბ.-ი” აღნიშნული ასოციაციის წევრი არც ყოფილა და არც ამჟამადაა, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტები მათ მიმართ არ გამოიყენება. ამიტომ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიმართ არსებული დავალიანების რიგგარეშედ გადახდა, რომლის არსებობაც უდავოდაა დადგენილი ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის ,,ზ” პუნქტისა და სკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანება სულ შეადგენს 1173418 ლარს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წ. 21 ივლისის საოქმო დადგენილებით სარჩელი დ. ბ.-ის ნაწილში დარჩა განუხილველად, დაინტერესებული პირის სახელით სარჩელის არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენის გამო. ამავე სასამართლოს 2003 წ. 21 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია.

მ. ა.-ის, თ. ხ.-ის, ლ. ბ.-ისა და სხვათა სარჩელი არ ცნეს მოპასუხემ ფინანსთა სამინისტრომ და მესამე პირმა – საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციამ და შესაგებელით მოითხოვეს უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის განმარტებით, სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესის შემუშავება დაევალა ფინანსთა სამინისტროს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრის 1999 წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი საშინაო ვალის დაფარვის წესი”, ხოლო პრეზიდენტის 1999 წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით _ ,,საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა”, რომლის მიხედვით პროგრამის განხორციელების ვადად დადგინდა 2001-2005 წლები. ამასთან, სახელმწიფო ვალის დაფარვა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ინდიკაციური გეგმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების გათვალისწინებით. კოოპერატივის წევრებთან ანგარიშსწორებისთვის შეიქმნა კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია და, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მოსარჩელეები ასოციაციის წევრები, მათზე ვრცელდება ზემოაღნიშნული აქტებით განსაზღვრული წესები.

ფინანსთა სამინისტრომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია დავალიანების დაკისრება სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, რადგან ,,საქართველოს 2003 წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით აღნიშნული დავალიანების დაფარვა არ არის გათვალისწინებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: მ. ა.-ის, მ. ა.-ის, ვ. ბ.-ის, ლ. ბ.-ისა და სხვების, სულ 11 მოქალაქის, სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროს შემდეგი საფუძვლით დაეკისრა 1008882 ლარის გადახდა, ხოლო ი. გ.-ის სარჩელი დარჩა განუხილველად:

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ,,ბ.-ი” არ არიან ასოციაციის წევრები, ,,ბ.-ი” განეკუთვნება დამთავრებას დაუქვემდებარებელ ბინათმშენებლობის კატეგორიას, ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია დავალიანების არსებობა.

კოლეგიის განმარტებით, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის ,,ზ” პუნქტის თანახმად, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანება არის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულება. კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხისა და მესამე პირის მოსაზრება, რომ საშინაო ვალის დაფარვა უნდა მოხდეს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მეშვეობით, ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში, რადგან ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო სავალო ვალდებულების დაფარვის წესის შემუშავება დაევალა ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ფინანსთა მინისტრის 1999 წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით, ვალის დაფარვის წესი განისაზღვრა მხოლოდ ასოციაციისა და მისი წევრებისათვის, ამასთან, ასოციაციაში გაერთიანება მოხდა ნებაყოფლობით და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასოციაციაში იძულებით გაერთიანებას.

კოლეგიამ მიიჩნია, რომ ფინანსთა მინისტრის 1999 წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანება განკუთვნილი იყო პირთა გარკვეული წრისათვის და არ შეიძლება გავრცელდეს პირთა სხვა წრეზე. ამასთან, ფინანსთა სამინისტრომ ვერ შეძლო შეექმნა მოსარჩელეების კატეგორიის კრედიტორების მიმართ ვალდებულების შესრულების წესი, რის გამოც სადავო ურთიერთობის მიმართ უნდა გავრცელდეს სკ-ის ვალდებულებითი სამართლის მომწესრიგებელი ნორმები, კერძოდ: 361-ე, 365-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადაში, ხოლო თუ ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული არ არის, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს შესრულება.

სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირის მოსაზრება კანონქვემდებარე აქტებისათვის, როგორც სპეციალური ნორმებისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესახებ, რადგან კოლეგიის აზრით, ეს აქტები კი არ ავსებენ, არამედ ეწინააღმდეგებიან კანონს. ამასთან, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მიხედვითაც კანონი იერარქიულად უფრო მაღლა დგას ფინანსთა მინისტრის ბრძანებაზე. სასამართლომ არც მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება გაიზარა, რომ სადავო თანხა არ არის გათვალისწინებული 2003 წ. სახელმწიფო ბიუჯეტით. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვალდებულება აღიარებულია და უნდა შესრულდეს, ხოლო აღსრულების საკითხი უნდა გადაწყდეს სააღსრულებო წარმოებისას.

ამდენად, სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელეთა მოთხოვნა კანონიერია და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა არ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მოსაზრება, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ არ გამოიყენება ფინანსთა მინისტრის 1999 წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანება, ამასთან, კასატორის მითითებით, კოლეგიას არ უმსჯელია და არ დაუსაბუთებია, თუ რა ნაწილში ეწინააღმდეგება აღნიშნული ბრძანება მოქმედ კანონმდებლობას.

კასატორის აზრით, ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანება არ არის განკუთვნილი პირთა ვიწრო წრისათვის, იგი ზოგადად განსაზღვრავს საქართველოში ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესსა და პირობებს. გარდა ამისა, კოლეგიამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 317-ე და 361-ე მუხლები, რადგან სადავო ურთიერთობა რეგულირდება ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონით, რომელიც მიღებულია სკ-ის ამოქმედების შემდეგ და წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და სკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს უკანასკნელი უნდა იქნეს გამოყენებული.

ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა მესამე პირის, საბინაო სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელეებმა) არ ცნეს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის – 1008882 ლარის, ფინანსთა მინისტრის 1999 წ. ¹226 ბრძანებით დადგენილი წესის გარეშე ანაზღაურებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ფიზიკური პირები არიან ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ,,ბ.-ის” წევრები, რომლებსაც სრულად აქვთ დაფარული საპაიე შენატანი. ასევე დადგენილია, რომ კოოპერატივი ,,ბ.-ი” განეკუთვნება დამთავრებას დაუქვემდებარებელ ბინათმშენებლობის კატეგორიას. ამასთან, არც კოოპერატივი ,,ბ.-ი” და არც მისი ცალკეული წევრები არ არიან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრები.

,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტით საქართველომ სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებად აღიარა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება და, ამდენად, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა მიმართ არსებული სადავო ვალდებულება სამართლებრივად წარმოადგენს სკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კანონისმიერ ვალდებულებას, რომელიც ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ დროს. კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის ამონაწერის მიხედვით მოსარჩელეთა მიმართ დავალიანება შეადგენს 1008882 ლარს, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო პალატამ სკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის ვადა განსაზღვრული არ იყო, რის გამოც სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა აღნიშნული ნორმა და გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის დარღვევით, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1999 წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ვადა განისაზღვრა 2001-2005 წლამდე პერიოდით. ამდენად, სადავო ვალდებულება ვ.-ი ვალდებულებას წარმოადგენს, ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად 2005 წელია მითითებული, რაც ჯერ არ დამდგარა, ამიტომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სკ-ის 365-ე მუხლზე მითითება, საკასაციო პალატის აზრით, უმართებულოა.

საკასაციო პალატა უსწორობის გამო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფინანსთა მინისტრის 1999 წ. ¹226 ბრძანება განკუთვნილი იყო მხოლოდ პირთა გარკვეული წრისათვის, კერძოდ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრებისათვის და, რადგან ისინი (მოსარჩელეები) არ არიან ამ ასოციაციის წევრები, ასოციაციის წევრობა კი ნებაყოფლობითია სკ-ის მიხედვით, ამიტომ მათზე აღნიშნული ბრძანება არ ვრცელდება.

,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით ფინანსთა სამინისტროს დაევალა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღებული ვალდებულების დაფარვის წესის შემუშავება და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმება. კანონის იმპერატიული მითითების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრმა 1999 წ. 11 ოქტომბერს ¹226 ბრძანებით დაამტკიცა ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი”, რაც ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 53-54-ე მუხლების შესაბამისად, რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანება გამოცემულია ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-17, მე-18 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. იგი სამართლებრივად წარმოადგენს სპეციალურ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლის შემუშავება-გამოცემა პირდაპირ იყო გათვალისწინებული ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით. ნორმატიული აქტი შემუშავებულია სწორედ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ კანონით აღიარებული ვალდებულების შესრულების მიზნით და ადგენს სავალო ვალდებულების დაფარვის წესს, ამიტომ იგი ვრცელდება სადავო ურთიერთობის მონაწილე პირებზე, მათ შორის მოსარჩელეებზე, როგორც კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებზე და ნორმატიული აქტის შესრულება სავალდებულოა ყველასათვის. რის გამოც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა და საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი” წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მარეგულირებელ ერთადერთ სპეციალურ ნორმატიულ აქტს, რომელიც სავალდებულოა კოოპერატიული ბინათმშენებლობის მონაწილე ყველა მეპაიესათვის და სახელმწიფო ვალად აღიარებული ვალდებულების დაფარვაც ყველა მეპაიესათვის თანაბრად უნდა მოხდეს მხოლოდ ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, რადგან ნორმატიული აქტი ყველასათვის სავალდებულოა შესასრულებლად (,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი), ხოლო კოოპერატიული ბინათმშენებლობის ყველა მეპაიე, ვის მიმართაც წარმოშობილი დავალიანება აღიარებულია სახელმწიფოს შიდა ვალად, თანასწორუფლებიანია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის წინაშე (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიისა და მოსარჩელეთა პოზიციას ასოციაციაში გაწევრიანების ნებაყოფლობის შესახებ, მაგრამ ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით იმპერატიულად დადგინდა, რომ სკ-ის 1512-ე მუხლის საფუძველზე ყველა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის გაუქმების გამო, სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის მიზნით ყოფილი კოოპერატივების წევრებთან ანგარიშსწორება ინდივიდუალურად განხორციელდება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მეშვეობით, რაც, როგორც ითქვა, ყველასათვის სავალდებულოა, ხოლო ¹226 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი” მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის გარეშე ანაზღაურებაზე არაკანონიერია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი (სკ-ის 365-ე მუხლი), არ გამოიყენა ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული დავალიანების დაფარვის წესი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხების ანაზღაურება უნდა მოხდეს ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის 1999 წ. ¹226 ბრძანებით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 409-ე, 410-ე, 47-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ა.-ს, მ. ა.-ეს, ვ. ბ.-ეს, ლ. ბ.-ეს, ლ. თ.-ს, ვ. ი.-ს, გ. მ.-ს, ზ. ნ.-ს, რ. ჩ.-ს, თ. ხ.-ს, ნ. ხ.-ს უარი ეთქვათ სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის 1008882 ლარის, ფინანსთა სამინისტროს 1999 წ. ¹226 ბრძანებით დადგენილი წესის გარეშე ანაზღაურებაზე;

4. მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.