Facebook Twitter

ბს-510-602-კ-03 17 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

სარჩელის საგანი: სადავო მიწის ფართზე საკუთრების უფლების ცნობა, ბინით დაკმაყოფილება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 29 ივნისს კ. ჯ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიან ბინაში, რომელიც 1988 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეკონსტრუქციის ნებართვის მიღების თაობაზე მიმართა შესაბამის ორგანოებს, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქის რეკონსტრუქციის ზონას.

მოსარჩელის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ტერიტორია წარმოადგენდა რეკონსტრუქციის ზონას, სადაც თვითონ იყო დედასთან ერთად ჩაწერილი, მოპასუხემ უკანონოდ დაუმაგრა სადავო ნაკვეთი ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ი.-ს”, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიწყო მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თბილისის მთაწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 19 დეკემბრის ¹2982 გადაწყვეტილებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გამოეყოთ ოროთახიანი ბინა დიდ დიღომში, მშენებარე კორპუსში, რომელიც ამჟამადაც დაუმთავრებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლში სამოთახიანი ბინის გამოყოფა და მატერიალური და მორალური ზიანის _ 200000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ თბილისში, ... მძიმე ავარიულობის გამო აღებულ იქნა 247,95 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელშიც კ. ჯ.-ს სახელზე ირიცხებოდა 15,4 კვ.მ ფართი, რის სანაცვლოდაც, მოსარჩელეს მთაწმინდის რაიონის აღმასკომის 1990წ. 19 დეკემბრის ¹2982 გადაწყვეტილებით გამოეყო 33 კვ.მ ოროთახიანი ბინა დიდ დიღომში, ...-ის ¹8 “ა” კორპუსში მეორე სართულზე.

მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან კ. ჯ.-ა ქ. თბილისის მერიის მიერ დაკმაყოფილდა სანაცვლო ფართით, რის შესახებაც არსებობდა შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო გასაჩივრებული, მოსარჩელემ გაუშვა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

2002წ. 9 იანვრის სასამართლო სხდომაზე საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ი.-ა”.

2002წ. 15 თებერვალს კ. ჯ.-მ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო ფართზე მისი საკუთრების უფლების ცნობა და მოპასუხეებისთვის მისი ექვსოთახიანი ბინით დაკმაყოფილების დაკისრება.

მოპასუხე ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ი.-მ” სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ იგი კანონიერად ფლობდა აღნიშნულ ფართს, რაც დადასტურებული იყო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის საკუთრების მოწმობით. ... მდებარე თავისუფალი მიწის ფართი მას დაუმაგრდა ქალაქის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 8 მაისის ¹09.36.537 დადგენილებით, რის შემდეგაც შესაბამის ინსტანციებთან შეთანხმებით განხორციელდა მშენებლობა.

მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ 1988 წელს საკუთრება მიწაზე არ არსებობდა და სადავო მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, ამდენად, სახლის განადგურების შემდეგ მიწა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დარჩა სახელმწიფოს. მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლები კი სახელმწიფომ შესაძლებლობების ფარგლებში დააკმაყოფილა ბინებით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით კ. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის მერიას დაევალა ამხანაგობა “ი.-ის” მიერ თბილისში, ... მშენებარე მრავალსართულიან სახლში კ. ჯ.-ს დაკმაყოფილება ოროთახიანი ბინის შესაბამისი საცხოვრებელი ფართითა და სათავსებით; თბილისის მერიას კ. ჯ.-ს სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 100000 ლარის გადახდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთავრობამ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, რის გამოც ითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ჯ.-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, რის გამოც ითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში ვერ მიუთითა იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ გამოარკვია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეაფასა მტკიცებულებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აღებულ იქნა 1989 წელს, ხოლო თბილისის მთაწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 19 დეკემბრის ¹2982 გადაწყვეტილებით აღნიშნული სახლის ერთ-ერთი მობინადრე კ. ჯ.-ა დედასთან ერთად დაკმაყოფილდა დიდი დიღმის ...-ში მდებარე, მშენებარე ¹8ა კორპუსში 33 კვ.მ ოროთახიანი ბინით, თუმცა დღემდე Mმშენებლობა არ დასრულებულა და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოარკვია, კ. ჯ.-მ მიიღო თუ არა მთაწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 19 დეკემბრის ¹2982 გადაწყვეტილებით გამოყოფილი საცხოვრებელი ბინა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2002წ. 26 მარტის ¹ჯ185 წერილს, რომლის თანახმად, ... მდებარე, ამჟამად დანგრეული 280,45 კვ.მ-ის ორსართულიანი სახლის 1/16 საკუთრების უფლებით ირიცხებოდა კ. ჯ.-ს სახელზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა, მთაწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 19 დეკემბრის ¹2982 გადაწყვეტილებით დაკარგა თუ არა საკუთრების უფლება კ. ჯ.-მ ზემოთ აღნიშნულ ფართზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ კ. ჯ.-ა არ წარმოადგენს ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სრულყოფილად არ დაასაბუთა, რატომ არ წარმოეშვა კ. ჯ.-ს საკუთრების მოთხოვნის უფლება მისი პირადი საკუთრების ბინის ადგილზე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის შესაბამის ფართზე, რის გამოც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც ყოველმხრივ არ გამოიკვლია წარმოდგენილი მტიცებულებები და არასრულყოფილად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე თვითონ ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.