Facebook Twitter

ბს-513-604-კ-03 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41კს ბრძანების გაუქმება, რომლითაც გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის და დისპეტჩერიზაციის თანამდებობიდან და დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ. დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, ახლადშექმნილი სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 20 თებერვლის ¹41 კს ბრძანება არ იყო კანონიერი და უნდა გაუქმებულიყო შემდეგი საფუძვლებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულებით განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის განხორციელების ზოგადი დებულებები. დეპარტამენტში მოსალოდნელი სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ მართლაც გაფრთხილდნენ თანამშრომლები, მაგრამ აღნიშნული გაფრთხილება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამუშაოდან მისი განთავისუფლების შესახებ გაფრთხილებად, რადგან იმ დროისათვის არ მომხდარა დაწესებულების არც ლიკვიდაცია და არც თანამდებობების შემცირება, რადგან გაფრთხილება ეხებოდა მხოლოდ მოსალოდნელ რეორგანიზაციას.

გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108-ე მუხლები, რაც არასწორად მიაჩნდა, რადგან დეპარტამენტში არ მომხდარა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. მოხდა მხოლოდ რეორგანიზაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდებოდა შტატების შემცირება, არ შეიძლებოდა მოხელის გათავისუფლება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე, თუ მოხელე თანახმა იქნებოდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, მისთვის კი კი სსხვა სამსახური არ შეუთავაზებიათ და შესაბამისად მას უარი არ უთქვამს შეთავაზებაზე.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. არაკანონიერად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41 კს ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვების ზედამხედველობისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე ან სხვა ტოლფას სამსახურში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულება “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ”, რომელიც საფუძვლად დაედო საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებულ რეორგანიზაციას, არ ითვალისწინებდა შტატების რაოდენობრივ შემცირებას საბაჟო დეპარტამენტში რეორგანიზაციის საფუძველზე შიდასამსახურებრივი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა საშტატო ერთეულების იმავე ოდენობის ფარგლებში. კერძოდ, რეორგანიზაციამდე შტატების ოდენობა შეადგენდა 1207 ერთეულს, რაც უცვლელი დარჩა რეორგანიზაციის შემდეგაც.

პალატამ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასანთავისუფლებლად. ამავე მუხლის თანახმად, თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლება არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტმა გ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაარღვია აღნიშნული ნორმის მოთხოვნა, რადგან გასაჩივრებული ბრძანებით ეს უკანასკნელი დანიშნა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის და დაცვის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ, რაც არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა სამსახურის შეთავაზებად, სამუშაო ადგილისა და ხელფასის უზრუნველყოფის გარანტიად, რადგან გ. მ-ი შტატგარეშე მოსამსახურედ დაინიშნა ორი თვის ვადით და აღნიშნული არ წარმოადგენდა მისი შრომითი მოწყობის საკითხის გადაჭრას. ამასთან დანიშვნა განხორციელდა ისე, რომ საბაჟო დეპარტამენტს არ გაურკვევია იყო თუ არა გ. მ-ი თანახმა აღნიშნულ შეთავაზებაზე. პალატამ მიიჩნია, რომ შტატგარეშე მოსამსახურე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად არ წარმოადგენდა მოხელეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება გ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 სექტემბრის განჩინება.

საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულება “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ”, რომელიც საფუძვლად დაედო საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებულ რეორგანიზაციას, ითვალისწინებდა საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის განხორციელებას საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის და დეპარტამენტის დაქვემდებარებული ორგანოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე ფინანსთა მინისტრის 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით დამტკიცდა საბაჟო დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი და გაუქმდა მანამდე მოქმედი საშტატო განრიგი. ჩატარდა ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია. საბაჟო გადაზიდვებისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს გადაზიდვებზე ზედამხედველობის განყოფილების და დაცვის სამმართველოს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურიბ ამდენად ის სამმართველო, რომელშიც მუშაობდა გ. მ-ი, დაცვის სამსახურთან ერთად რეორგანიზებულ იქნა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურად. ფინანსთა მინისტრის 2002წ. 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცდა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე რეორგანიზაციის შედეგად არსებული ყველა თანამდებობა გახდა ვაკანტური და კონკურსის წესით დასაკავებელი. ვინაიდან საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამეტში საჯარო მოხელეთა კონკურსი არ ჩატარებულა, ამიტომ რეორგანიზაციამდე მომუშავე მოხელეები შესაბამისად დასაქმებული უნდა ყოფილიყვნენ რეორგანიზებულ დაწესებულებაში.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა რეორგანიზებულ სამსახურში მოსამსახურეთა შტატების რიცხოვნების შემცირება, მანამდე არსებულ სამსახურებთან შედარებით. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორი მსჯელობა იქონია სააპელაციო პალატამ და სწორად მიუთითა, რომ თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შტატების შემცირებით განხორციელებული რეორგანიზაციის შემთხვევაშიც კი მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საქმეში არსებული მასალებით კი არ დასტურდება, რომ გ. მ-ს დაწესებულებამ შესთავაზა სხვა სამსახური და იგი არ იყო თანახმა ამ შეთავაზებაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია რომ მთლიანად საბაჟო დეპარტამენტში მოხელეთა რიცხოვნობის შემცირებას ადგილი არ ჰქონია, საბაჟო დეპარტამენტში რეორგანიზაციის საფუძველზე შიდასამსახურებრივი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა საშტატო ერთეულების იმავე ოდენობის ფარგლებში.

ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ¹41 კს ბრძანება არ შეადგენს მოსარჩელის შრომითი უფლებების შემლახავად, რადგან ადმინისტრაციამ გაითვალისწინა მისი სოციალური მდგომარეობა და კონკურსის ჩატარებამდე ეძლეოდა ხელფასი.

პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ. მ-ი ასაჩივრებს მისი ორი თვის ვადით შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას და მიიჩნევს თავისი შრომითი უფლებების დარღვევად, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ მოხელის გარკვეული ვადით შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნა არ შეიძლება ჩაითვალოს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განხორციელებულ შეთავაზებად და სამუშაო ადგილისა და მყარი ხელფასის უზრუნველყოფის გარანტიად, რადგან გ. მ-ი შტატგარეშე მოსამსახურედ დაინიშნა ორი თვის ვადით, რაც არ ნიშნავს მისი შრომითი მოწყობის საკითხის გადაჭრას. ამასთან შტატგარეშე მოსამსახურედ დაინიშნა ისე, რომ დეპარტამენტს არ გამოურკვევია, მოხელე იყო თუ არა თანახმა აღნიშნულ შეთავაზებაზე, მით უფრო, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-5 და მე-8 მუხლების თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41 კს ბრძანება მიღებულია “საკარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 97-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 სექტემბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.