Facebook Twitter

ბს-523-609-კ-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ჩ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 1980 წლიდან მუშაობდა ახალქალაქში, ... მდებარე საცხობში პურის მცხობელად. აღნიშნული ნახევრად დანგრეული საცხობი ეკუთვნოდა რაიკოპკავშირს, რომელიც მომხმარებელთა კავშირის გამგეობის თანხმობით შეაკეთა და, ფაქტობრივად, ხელახლა ააშენა. შემდგომში, კოოპერატივ “ა.-ის” გამგეობის 1998წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა საცხობის შესყიდვაზე და იგი მიეყიდა იმავე კოოპერატივის წევრს – გ. უ.-ს, რომელმაც შემდგომ შენობა მიჰყიდა დ. ნახატაკიანს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 1998წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ჩ.-ის სარჩელი და იგი აღიარებულ იქნა სადავო შენობის მესაკუთრედ მას შემდეგ, როცა გადაიხდიდა შენობის საბალანსო ღირებულებასა და მიმდინარე რემონტის ხარჯებს. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998წ. 24 დეკემბრის განჩინებით.

ახალქალაქის მერიის 1998წ. 31 ივლისის დადგენილებით გ. უ.-ს ნება დაერთო, ... მდებარე პურის საცხობის შენობა და მის ნაცვლად აეშენებინა ავტოგასამართი სადგური. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული დადგენილების რეალიზაციის შედეგად, განადგურდა მისი კუთვნილი ქონება და განიცადა მორალური და მატერიალური ზიანი.

ე. ჩ.-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ახალქალაქის მერიის გამგეობის 1998წ. 31 ივლისის ¹33 დადგენილებისა და შენობის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 100000 ლარის ოდენობით და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემას. საქმის სასამართლო განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა, უარი განაცხადა დამნაშავე პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, ხოლო ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობად მიუთითა 7409 ლარი – საცხობის დანგრევით მიყენებული ზიანი, განადგურებული ინვენტარის ღირებულება – 1450 ლარი და მორალური ზიანის ანაზღაურება – 100000 ლარის ოდენობით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში ე. ჩ.-ი არასათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა, რადგან 1998წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით იგი მესაკუთრე ხდებოდა მხოლოდ სადავო ნაგებობის (პურის საცხობის) საბალანსო ღირებულების გადახდის შემდეგ. მას კი თანხა გადახდილი არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა სადავო შენობაზე და გამგეობის დადგენილებას მისთვის ზიანი არ მიუყენებია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა შეამცირა დავის საგანი და უარი თქვა მოთხოვნაზე ახალქალაქის მერიის გამგეობის 1998წ. 31 ივლისის დადგენილებისა და მისი თანამდევი შედეგების ბათილად ცნობაზე და საბოლოოდ მოითხოვა საცხობის დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ახალქალაქის რაიონის სასამართლოს 1998წ. 31 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ე. ჩ.-ს საცხობის შენობის საბალანსო ღირებულება და მიმდინარე რემონტის ხარჯები არ გადაუხდია. ზემოხსენებული გადაწყვეტილებით კი ეს უკანასკნელი მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ ხდებოდა მესაკუთრე და მიიჩნია, რომ, რადგან იგი არ წარმოადგენდა მესაკუთრეს, შესაბამისად, არც მისი დანგრევის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებამოსილება გააჩნდა. ასევე მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შენობის დანგრევისას ე. ჩ.-ის კუთვნილი ინვენტარის განადგურების ფაქტი, კერძოდ, 1998წ. 3 აგვისტოს კომპეტენტური პირების მიერ შედგენილ პურის საცხობში არსებული ინვენტარის აღწერის აქტში დაფიქსირებული იყო, რომ იქ არსებულ ნივთებს ღირებულება არ გააჩნდა და უვარგისი იყო გამოყენებისათვის. საწინააღმდეგო მტკიცებულება კი ე. ჩ.-ს წარმოდგენილი არ ჰქონდა, გარდა სიტყვიერი განცხადებისა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში მას არ შეუმცირებია დავის საგანი, სასამართლომ სამუშაოს გასაადვილებელი ინტერპრეტაცია გააკეთა, როდესაც ჩათვალა, რომ მან შეამცირა სარჩელის მოთხოვნა.

სასამართლოს საერთოდ არ გაურკვევია, თავდაპირველად ვის ეკუთვნოდა სადავო შენობა – პურის საცხობი და იყო თუ არა გ. უ.-ი კოოპერატივ “ა.-ის” წევრი.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი 7409 ლარის ანაზღაურებაზე და უხეშად დაარღვია კანონი, რადგან ახალქალაქის სასამართლოს 1998წ. 31 ივლისისა და უზენაესი სასამართლოს 1998წ. 15 დეკემბრის განჩინებებით დადასტურდა, რომ მის მიერ შენობის აღსადგენად დახარჯული იყო 7409 ლარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აგვისტოს განჩინება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას სააპელაციო სასამართლოში არ შეუმცირებია დავის საგანი და უარი არ უთქვამს ახალქალაქის მერიის გამგეობის 1998წ. 31 ივლისის ¹33 დადგენილებისა და შენობის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმით დადგენილია, რომ აპელანტმა შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება. ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის შემდეგ აპელანტის წარმომადგენელი გაეცნო საქმის მასალებს, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმს, მაგრამ მას სსკ-ის 291-ე მუხლის თანახმად, სხდომის ოქმის მიმართ არ წარუდგენია შენიშვნები და არ მიუთითებია უსწორობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ახალქალაქის მერიის გამგეობის 1998წ. 31 ივლისის ¹33 დადგენილებისა და შენობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების კანონიერებაზე.

პალატის აზრით, უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 1998წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჩ.-ი აღიარებულ იქნა ... ¹24-ში მდებარე პურის საცხობის მესაკუთრედ მას შემდეგ, როცა გადაიხდიდა შენობის საბალანსო ღირებულებასა და მიმდინარე რემონტის ხარჯებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998წ. 15 დეკემბრის განჩინებით. საქმის მასალებით დადგენილია და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმაც დაადასტურა, რომ მას პურის საცხობის შენობის საბალანსო ღირებულება და მიმდინარე რემონტის ხარჯები არ გადაუხდია, რის გამოც იგი შენობის მესაკუთრე არ გამხდარა და, შესაბამისად, საკუთრების ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც არ წარმოშობია. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა და ნამდვილობა დადასტურებული იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს 1998წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით და სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის დაკმაყოფილებაზე, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ითხოვდა შენობაზე საკუთრების უფლების აღიარებას და არა შენობის აღდგენა-გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ე. ჩ.-ს მოპასუხედ დასახელებული რომელიმე პირისაგან გააჩნდა თანხმობა შენობის აღდგენის შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი მოსარჩელეა ვალდებული, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აგვისტოს განჩინება;

3. ე. ჩ.-ი განთავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.