¹ბს-52-43-კ-04 16 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოქალაქე ჯ. ც.-მ 2003წ. 23 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ც. და მ. კ.-ების, გ. გ.-სა და თანამოპასუხე მ. ლ.-ს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობიდან მისი წილის რეალურად გამოყოფა და მოპასუხეთა სადავო ფართიდან გამოსახლება.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ც. კ.-ა ვალდებული იყო, მისთვის გადაეხადა 15 ათასი აშშ დოლარი და 819 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუქციონზე იქნა გატანილი ც. კ.-ას კუთვნილი ორსართულიანი სახლის ნაწილი. მეორე აუქციონის ჩატარების შემდეგ, 2002წ. 27 დეკემბერს, ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიურომ გასცა განკარგულება აუქციონზე ქონების შეძენის უფლებამოსილების მიღების თაობაზე, რის შედეგადაც ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის 1/2 აღირიცხა ჯ. ც.-ის სახელზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა, მას, როგორც სახლის მესაკუთრეს, მისცემოდა სახლის გამოყენების შესაძლებლობა, მოპასუხეები გამოსახლებულიყვნენ დაკავებული ფართიდან და მომხდარიყო სახლის რეალური წილის განსაზღვრა.
იმავე წლის 6 ივნისს მოპასუხე ც. კ.-ას მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა შეგებებული სარჩელი, რომლის საფუძველზეც, ც. კ.-ამ მოითხოვა ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 27 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ: განკარგულებაში მითითებული ყოფილიყო, რომ კრედიტორ ჯ. ც.-ს აუქციონზე გამოტანილი ბინის ნატურით სარგებლობის უფლება გადაეცემა მას შემდეგ, როდესაც იგი ც. კ.-ას გადაუხდის აღსრულების პროცესში დადგენილ სახლის ღირებულებასა (20000 აშშ დოლარი) და სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ თანხას (15000 აშშ დოლარი და 819 ლარი) შორის სხვაობას _ 4620 აშშ დოლარს.
აქვე ც. კ.-მ მოითხოვა მოპასუხე ჯ. ც.-ს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ადვოკატის მომსახურების ხარჯი 185 აშშ დოლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; რეალურად იქნა გამოყოფილი ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობა და მოსარჩელე ჯ. ც.-ს მიეკუთვნა: პირველ სართულზე ¹1 _ 43,4 მ2, მეორე სართულზე ¹1-17,9 მ2 და ¹5 _ 43,1 მ2-ის ოთახები, დამხმარე სათავსებით.
მოპასუხეები გამოსახლდნენ ზემოაღნიშნული ფართობიდან.
მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ც. და მ. კ.-ების და გ. გ.-ს მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქ. ბათუმში, ... მდებარე ჯ. ც.-ის კუთვნილი სახლთმფლობელობიდან გამოსახლების ნაწილში გაუქმდა ც. კ.-ას საჩივრის საფუძველზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გაუქმებულ ნაწილში დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ც. და მ. კ.-ები და გ. გ.-ა მცირეწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ ქ. ბათუმში, ... მდებარე ჯ. ც.-ის კუთვნილი სახლთმფლობელობის პირველი სართულის ¹1 (43,1 კვ.მ), მეორე სართულის ¹1 (17,9 კვ.მ) და ¹5 (43,1 კვ.მ) ოთახებიდან და ამ ფართთან არსებული დამხმარე სათავსებიდან; იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ჯ. ც.-ს.
ც. კ.-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. კ.-ამ. აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:
1. საცხოვრებელი სახლი, რომლიდანაც მოსარჩელე ითხოვს მის გამოსახლებას, არის საერთო სარგებლობის ობიექტი და ვიდრე არ მოხდება მისი რეალური გაყოფა, შეუძლებელი იქნება გამოსახლების საკითხის გადაწყვეტა;
2. სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 771-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ კრედიტორს არ ევალება მის სასარგებლოდ მოვალისათვის დაკისრებულ თანხასა და აუქციონზე გასაყიდად შეფასებულ ქონებას შორის არსებული სხვაობის დაფარვა;
3. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სკ-ის 168-ე მუხლი) და არ გამოიყენა კანონი (სკ-ის 556-963-ე მუხლები), რომელიც უნდა გამოეყენებინა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განჩინებით ც. კ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიურომ იხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე, 74-ე, 75-ე, 77-ე და 771-ე მუხლებით და 2002წ. 27 დეკემბერს მიიღო განკარგულება _ “აუქციონზე ქონების შეძენის უფლებამოსილების შესახებ" რომლითაც ც. კ.-ას სახელზე ქ. ბათუმში, ... მდებარე ორსართულიანი სახლის 1/2 120 კვ.მ ნატურით, საკუთრების უფლებით გადასცა კრედიტორ ჯ. ც.-ს.
ც. კ.-ას აუქციონის ჩატარების კანონიერება და ბიუროს 2002წ. 27 დეკემბრის განკარგულება თავის დროზე სადავოდ არ გაუხდია.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მასალებზე დაყრდნობით, ფაქტობრივად მოახდინა ც. კ.-ას სახელზე რიცხული წილის განსაზღვრა და გაყოფა.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ 2002წ. 27 დეკემბერს განმეორებით აუქციონზე აღმასრულებლის მიერ მიღებული განკარგულება “აუქციონზე ქონების შეძენის უფლებამოსილების შესახებ" შეესაბამება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 771-ე მუხლის მოთხოვნას. ამავე კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს განმეორებითი აუქციონის დროს უფლება აქვს, სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონება გაყიდოს უფრო დაბალ ფასებში, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 556-963-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 168-ე მუხლი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. კ.-ამ.
კასატორი მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული განჩინება იყო არაკანონიერი, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, საქართველოს კანონის 711-ე მუხლი. გაავლო რა აზრობრივი პარალელი აღნიშნული კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 771-ე მუხლს შორის, სასამართლომ დაუშვა შეცდომა, ვინაიდან პირველ შემთხვევაში კანონმდებელმა დაუშვა ნივთის გაყიდვა მეორე აუქციონზე იმაზე დაბალ ფასში, ვიდრე დადგენილი იყო აღსრულების პროცესში, ხოლო მეორე შემთხვევაში კი პირდაპირ მიუთითა, რომ ნივთის ნატურით გადაცემისას მისი ფასი განისაზღვრება აღსრულების პროცესში დადგენილი საბაზრო ფასით.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოასწორა საქალაქო სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომა 2002წ. 9 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულად ჩათვლის თაობაზე, რომლითაც დადგენილი იყო სადავო სახლის რეალური გაყოფა. ამ დროს კი საქალაქო სასამართლომ, დააკმაყოფილა რა მისი (კასატორის) საჩივარი, 2003წ. 14 ივლისის განჩინებით, თვითონვე გააუქმა ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
მოწინააღმდეგე მხარეებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 404-ე მუხლის I ნაწილით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტი, რის საფუძველზეც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად მოხდა ც. კ.-ას სახელზე რიცხული წილის რეალური განსაზღვრა და გაყოფა, მაშინ, როდესაც მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ადგილი აქვს პროცესუალური ნორმების უგულებელყოფას.
2003წ. 9 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელე ჯ. ც.-ის სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ამავე სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის განჩინებით, ც. კ.-ას საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეთა გამოსახლების ნაწილში, ხოლო, რაც შეეხება რეალური წილის გამოყოფას, მითითებულ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამდენად, სახეზეა ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც პროცესუალური ინსტიტუტის არსს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: სასამართლოში მხარეებს საკუთარი ინტერესების რეალიზაციისათვის მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ საპროცესო უფლების გამოუყენებლობას შესაძლოა მოჰყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა, კონკრეტულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლო ემყარება პირის გამოუცხადებლობის მომენტს და არა გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, მითითებული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ შემთხვევაში თუ საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობისას ადგილი ჰქონდა სსკ-ის 233-ე მუხლის I ნაწილის “გ" პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლო ვალდებული იყო, გადაწყვეტილება გაეუქმებინა სრულად და საქმე განეხილა არსებითად. მოცემულ შემთხვევაში ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება პრინციპულად ეწინააღმდეგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსსა და დანიშნულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, დადგენილ გარემოებად მიეჩნია სახლიდან რეალური წილის გამოყოფის ფაქტი და თვლის, რომ მითითებულ ნაწილში სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: 2003წ. 11 ივლისს საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო მ. კ.-ას შეგებებული სარჩელი, რომელიც შეგებებული სარჩელის ბუნებიდან გამომდინარე, თავისთავად, განხილული უნდა იყოს სარჩელთან ერთად. ზემოაღნიშნული შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებით დავამ შეიძინა ადმინისტრაციული დავის ხასიათი. ე.ი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომენტისათვის განსახილველი საქმე წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებულ დავას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაუშვებელია სსკ-ის XXVI თავის დებულებების გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, საქმე განსახილველად დაუბრუნოს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. კ.-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.