Facebook Twitter

¹ბს-524-450-კ-04 18 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ორი სახის პენსიის და საპენსიო დანამატის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ბ-ემ 28.06.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაიბადა 15.04.22წ. 1941-1945 წლების ომის დროს ზურგში მამაცური შრომისათვის დაჯილდოებულია მედლით და ითვლება დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირად, რომელიც ყოველთვიურად იღებს პენსიას 35 ლარის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად სოცუზრუნველყოფის ორგანოს მისთვის უნდა დაენიშნა ერთდორულად ორი სახის პენსია _ ომის მონაწილის და მოხუცებულობის გამო, სულ _ 77 ლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად უკანასკნელი ერთიწ. განმავლობაში პენსიის თანხის _ 504 ლარის ანაზღაურება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.11.03წ. გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს ომის მონაწილესთან გათანაბრებულის პენსიასთან ერთად დაენიშნა მოხუცებულობის პენსია ორი მინიმალური პენსიის დანამატის _ 42 ლარის ოდენობით, სულ _ 77 ლარი. ა. ბ-ეს მიეცა დავალიანება უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 504 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.03.04წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ა. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ა. ბ-ე არ განეკუთვნება “სამხედრო და შინაგან საქმეთა სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთაA და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით განსაზღვრული საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას, რადგანაც იგი არ წარმოადგენდა მითითბული კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი ვრცელდებოდა მხოლოდ ხსენებული კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებზე და მითითებული მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღებაც მხოლოდ ამ კანონის სუბიექტებს აქვს მინიჭებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ბ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ მიღებული აქვს ორდენი ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლებში ომის პერიოდში შრომითი მამაცობისათვის. “სამხედრო და შინაგან საქმეთა სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთA და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-5 პუნქტის თანახმად ითვლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირად, რისთვისაც ღებულობს პენსიას 35 ლარის ოდენობით. არის 82 წლის და აქვს 45 წელზე მეტი შრომის სტაჟი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.03.04წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა. ბ-ე არის 75 წელს გადაცილებული, არ არის ინველიდი და ომის მონაწილე. ა. ბ-ე ომის პერიოდში მუშაობდა კოლმეურნეობაში, მიღებული აქვს ჯილდო “1941-45 წწ. სასამულო ომის დროს მამაცური შრომისათვის”. ამდენად, “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ტანახმად, ა. ბ-ე, როგორც ომის წლებში მამაცური შრომისათვის დაჯილდოვებული პირი, ითვლება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირად, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონმდებლობით პენსია განესაზღვრა 35 ლარის ოდენობით. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს საპენსიო უზრუნველყოფის უფლების მქონე პირებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. ა. ბ-ე მითითებული ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირი არ არის. აღნიშნული კანონის პირველი მუხლი ეხება: ოფიცრებს, ზევადიანი სამხედრო მოსამსახურეებს; შსს და უშიშროების ორგანოების მოსამსახურეებს; სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეცუალურ სამსახურში; სამხედრო და შსს ორგანოების მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრკ და დსთ წევრ სახელმწიფოთა სამხედრო ფორმირებებში და შსს ორგანმოებში; პარტიზანებს, მოხალისეებს, რომელთა თანამდებობები შეესაბემება ოფიცერთა თანამდებობებს; შეიარაღებულ კონფლიქტებში გარდაცვლი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს; გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრებს; სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, საკონცენტრაციო ბანაკში იძულებით მყოფ მეომრებს და სხვა პირებს; მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში მყოფ არასრულწლოვან პატიმრებს. ა. ბ-ე აღნიშნულ კატეგორიათა რიცხვს არ განაკუთვნება. შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება მითითებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების, მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის _მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანიშვნის უფლება. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათების მოპოვებისათვის კანონის პირელი მუხლით გათვალისწინებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: იგი უნდა იყოს 1941-45 წლების ომის მონაწილე, შესრულებული უნდა ჰქონდეს 75 წელი, უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ბ-ე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან იგი არის არა ომის მონაწილე, არამედ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირი, იგი ვერ ჩაითვლება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირად, რის გამოც მას არა აქვს ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის მიღების უფლება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ა. ბ-ე არ განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომლებზედაც ვრცელდება კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები. კასატორის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი “ომისა და შეიარაღებული ძალაბის ვეტერანების შესახებ” კანონით და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ ადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამო არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “რ” ქვეპუნქტის, სასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე კასატორი თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.03.04წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.