Facebook Twitter

ბს-526-613-კ-03 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ანაბრებზე რიცხული თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 29 ოქტომბერს კასატორმა შ. გ.-მ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ეროვნული ბანკის გორის ფილიალის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა კუთვნილი ანაბრის თანხის დაბრუნება:

მოსარჩელის მითითებით, 1990 წლამდე საქართველოს “მ.-ში” მას და მისი ოჯახის წევრებს შეტანილი ჰქონდათ ანაბარი 15000 მანეთამდე. “მ.-იდან” და ფინანსთა სამინისტროდან მოსარჩელემ მოითხოვა ანაბრის დაბრუნება, მაგრამ უარი უთხრეს. მოსარჩელე არის ხანდაზმული, 81 წელს გადაცილებული, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე _ ინვალიდი, ესაჭიროება 3 სახის ქირურგიული ოპერაცია, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ მოსარჩელე ითხოვს მის ანაბარზე რიცხული თანხების ანაზღაურებას, სათანადო საპროცენტო განაკვეთის დამატებით იმ კურსით, რაც ანაბრის შეტანის დროს არსებობდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის საოქმო დადგენილებით, საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება სს “გ.-ი”, რომელმაც არ ცნო სარჩელი.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. გ.-ის სარჩელი ანაბრის თანხის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 2 ივლისის ¹258 ბრძანებულების საფუძველზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შ. გ.-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა ფინანსთა სამინისტრო, რომლის წარმომადგენელმაც არ ცნო სააპელაციო საჩივარი და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. გ.-ის სარჩელი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:

1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევით. სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საქმე განიხილა ფინანსთა სამინისტროს მოპასუხედ ჩაბმის გარეშე, რაც, პალატის აზრით, უხეში პროცესუალური დარღვევაა, რადგან “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა სწორედ ფინანსთა სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს, ამიტომ ფინანსთა სამინისტრო სს “გ.-სთან” ერთად სათანადო მოპასუხეა;

2. სააპელაციო პალატამ სს “გ.-ის” 2002წ. 5 დეკემბრის ¹04-658 ცნობის საფუძველზე მიიჩნია, რომ შ. გ.-ი არის ყოფილი შემნახველი ბანკის, ამჟამად სს “გ.-ის” გორის ფილიალის მეანაბრე, სადაც გახსნილი აქვს პირადი ანგარიში ¹526222, რომელზედაც დარიცხულია ფულადი ნაშთი;

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის მე-11 და 48-ე მუხლების მიხედვით, სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრის ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება სახელმწიფო საშინაო ვალად იქნა აღიარებული, რომლის დაფარვაც უნდა მოხდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ. სახელმწიფო საბინაო ვალის გადახდის რეჟიმის შემუშავების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა წინადადებათა პაკეტის 2 თვის ვადაში მომზადება. აღნიშნული ვადა გაგრძელდა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. ¹455 ბრძანებულებით. ვინაიდან დღეისათვის არ არსებობს სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესი სახელმწიფოს საშინაო ვალად აღიარებული ანაზღაურების ინდექსაციისა და ანაზღაურების შესახებ, ამიტომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ ანაბრების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება აღნიშნული წესის დადგენის შემდეგ, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ შ. გ.-ის სარჩელი ანაბრის თანხის ანაზღაურებაზე არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შ. გ.-ის მიერ, რომელმაც იგივე მოტივით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მ.-ში შეტანილი თანხის ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ანაბრის გახსნის მომენტიდან რუსული რუბლი და ქართული ვალუტა გათანაბრებული იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი შ. გ.-ი ფინანსთა სამინისტროსა და სს “გ.-ის” მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვდა 1990 წლამდე საქართველოს “მ.-ში” შეტანილი ანაბრის, 15000 რუსული მანეთის ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა ანაბრის ანაზღაურების თაობაზე, რადგან დღეისათვის არ არსებობს სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესი, რომლის საფუძველზე მოხდება სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრის ინდექსაცია და განისაზღვრება მათი დაბრუნების პირობები. საკასაციო პალატა სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არარსებობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული ფაქტობრივად წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას, რაც დაუშვებელია.

მოსახლეობის, მათ შორის, კასატორ შ. გ.-ის, მიერ ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით აღიარებულია სახელმწიფო ვალად, რომლის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანებულება ძალადაკარგულად ჩაითვალა “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. ¹258 ბრძანებულებით, რომლითაც შეიქმნა სამთავრობო კომისია სათანადო ნორმატიული აქტის მომზადების მიზნით. ანაბრების ინდექსაციის შესახებ ნორმატიული აქტი დღემდე, მართალია, შემუშავებული არ არის, მაგრამ “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო აქტს პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს, იმისდა მიუხედავად, მიღებულია თუ არა მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მითითების მიხედვით: “დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი”.

ამდენად, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 48-ე მუხლის თანახმად, იმისდა მიუხედავად, შემუშავებულია თუ არა სახელმწიფო კომერციულ ბანკებში მოსახლეობის მიერ შეტანილი ანაბრების ინდექსაციისა და დაბრუნების წესი, “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, სასამართლო ვალდებული იყო, კანონის საფუძველზე განეხილა და გადაეწყვიტა შ. გ.-ის სარჩელი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არარსებობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უკანონოა. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ შ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.