¹ბს-527-614-კ-03 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ახალი კონკურსის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 31 ივლისს შპს “ო.-მ” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების – ქ. თბილისის ტერიტორიული საკონკურსო კომისიისა და ცენტრალური საკონკურსო კომისიის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ “მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის შესახებ” ტრანსპორტის მინისტრის 1999წ. 2 ივლისის ¹43 ბრძანების საფუძველზე, საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ 2000წ. იანვარ-თებერვალში გამოაცხადა კონკურსი ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისთვის გადამზიდავების შესარჩევად, ქ. თბილისიდან საქალაქთაშორისო საავტობუსო მარშრუტების მომსახურების უფლების მოსაპოვებლად.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში ათი დასახელების მარშრუტზე: “თბილისი-ქუთაისი”, “თბილისი-გორი”, “თბილისი-ჩოხატაური”, “თბილისი-ჭიათურა”, “თბილისი-წყალტუბო”, “თბილისი-საჩხერე”, “თბილისი-ტყიბული”, “თბილისი-ამბროლაური”, “თბილისი-ონი”, “თბილისი-ხონი”, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა ოთხ მარშრუტზე _ “თბილისი-საჩხერე”, “თბილისი-ჭიათურა”, “თბილისი-ამბროლაური” და “თბილისი-ონი”.
მოსარჩელის განმარტებით, კონკურსი ჩატარდა მხოლოდ მარშრუტის მომსახურებაზე, რომლის შეფასებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები ითვალისწინებდა ოთხ კრიტერიუმს: მარშრუტის მომსახურების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას (ბიზნეს-გეგმა); საქმიანობის წარმოების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დონეს; შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების საერთო მახასიათებლებს; საქმიანობის წარმოების უზრუნველსაყოფად ინტელექტუალურ პოტენციალს. კონკურსის თითოეული პირობის შეფასება ხდებოდა ათბალიანი სისტემით.
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის რეგიონალური საკონკურსო კომისიისა და ცენტრალური საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეფასება “ო.-ს” მიმართ იყო არასწორი და არაობიექტური “ბიზნეს-გეგმისა” და “ინტელექტუალური პოტენციალის” მაჩვენებლებში, ვინაიდან “ბიზნეს-გეგმა” საკონკურსო კომისიამ შეაფასა არარსებული ნული ქულით, რაც გასაჩივრების შემდეგ ცენტრალურმა კომისიამ გადააკეთა 1-ად, ხოლო “ინტელექტუალური” პოტენციალი შეაფასა ოთხი ქულით, მაშინ როდესაც შეფასება ხდებოდა მხოლოდ ერთი, ხუთი და ათი ქულით.
მოსარჩელეს არაობიექტურად მიაჩნდა კომისიის შეფასება იმ საკითხში, რომ თითქოს შპს “ო.-ს” ჰქონდა ტექნიკური მომსახურების დაბალი დონე. მოსარჩელის განმარტებით, მას გააჩნდა საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
მოსარჩელემ უსაფუძვლოდ მიიჩნია, აგრეთვე, კომისიის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მომსახურების ფასი არ შეესაბამებოდა რეალობას, რომ მგზავრობის ღირებულება გაანგარიშებული უნდა ყოფილიყო რეალურ ხარჯებზე დაყრდნობით, ხოლო თუ ფასი დანახარჯებზე ნაკლები იქნებოდა, მითითებული უნდა ყოფილიყო დოტაციის შესაბამისი წყარო. მოსარჩელის განმარტებით, ცენტრალურმა კომისიამ არ მიუთითა ნორმატიული აქტზე, რის საფუძველზეც აცხადებდა პრეტენზიას მგზავრობის ღირებულების ოდენობისა და დოტაციის წყაროს აუცილებლობაზე. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეწარმე უფლებამოსილი იყო, თავად განესაზღვრა შემოსავალ-გასავალი, ხარჯი და თვით სამეწარმეო რისკის ხარისხიც.
მოსარჩელემ არ გაიზიარა ცენტრალური კომისიის განმარტება იმის თაობაზეც, რომ დროულად არ დამთავრდა ავტოსადგურისთვის აუცილებელი ავტობუსების დასაყენებელი ბაქნების, ბარგის შემნახველი საკნებისა და სანიტარული კვანძების ექსპლუატაციაში შესვლა, ვინაიდან მოსარჩელის განმარტებით, პრეტენზია არ გამომდინარეობდა თვით კონკურსის მოთხოვნებიდან და მან მონაწილეობა მიიღო გადამზიდავების კონკურსში და არა _ ავტოსადგურის შერჩევის კონკურსში.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ კონკურსის დროს ადგილი ჰქონდა სიყალბესაც, კერძოდ, მის მფლობელობაში და მასზე მიმაგრებული ავტობუსები უკანონოდ გამოიყენეს მოწინააღმდეგე ფირმებმა, ხოლო კომისიამ შეგნებულად მიაკუთვნა ისინი “გ.-ს”.
გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, კონკურსის არაობიექტური შეფასების შედეგად მან, როგორც გადამზიდავმა, განიცადა მორალური ზიანიც, რაც გამოიხატა მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მის მიმართ საკონკურსო კომისიის შედეგების გაუქმება ექვს მარშრუტზე, კერძოდ: “თბილისი-ქუთაისი”, “თბილისი-გორი”, “თბილისი-ჩოხატაური”, “თბილისი-წყალტუბო”, “თბილისი-ტყიბული”, “თბილისი-ხონის” მარშრუტებზე და ახალი ტენდერის ჩატარება ან კომისიის სხვა შემადგენლობისა და დამოუკიდებელი ექსპერტ-სპეციალისტების მიერ კონკურსის შედეგების (დოკუმენტურად) გადასინჯვისა და მოპასუხეებისთვის სოლიდარულად მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 4 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ არ ცნო სარჩელი და შესაგებელში აღნიშნა, რომ “მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის შესახებ” ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 1999წ. 2 ივლისის ¹43 ბრძანების საფუძველზე, საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის (ამჟამად სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია) თავმჯდომარის 1999წ. 19 ნოემბრის ¹66 ბრძანებით საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე გადამზიდავების შესარჩევი კონკურსების მოწყობის ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად შეიქმნა ქ. თბილისის ტერიტორიული საკონკურსო კომისია, რომელმაც 1999წ. 19 ნოემბრის ¹65 ბრძანებით დამტკიცებულ მარშრუტზე გადამზიდავის შესარჩევი ტერიტორიული საკონკურსო კომისიის ინსტრუქციის შესაბამისად, გამოაცხადა გადამზიდავების შესარჩევი კონკურსი რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურების უფლების მოსაპოვებლად.
მოპასუხის განმარტებით, კომისიის შეფასება იყო ობიექტური, რისთვისაც მან გადამზიდავთა ინტელექტუალური დონე კითხვებზე სწორად გაცემული პასუხების შესაბამისი ქულების მინიჭების საფუძველზე შეაფასა, სადაც მოსარჩელემ ათი კითხვიდან პასუხი გასცა მხოლოდ ოთხს, რის გამოც კომისიამ აღნიშნული კრიტერიუმი შეაფასა ოთხ ქულად. მარშრუტის მომსახურების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემოწმების შემთხვევაში კი წარდგენილი ბიზნეს-გეგმა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რის გამოც შეფასდა ნული ქულით.
მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ წარდგენილ ბიზნეს-გეგმაში სავალდებულო არ იყო მგზავრობის ღირებულების ოდენობის დადგენა და, რომ მოსარჩელე თვითონ იყო უფლებამოსილი, განესაზღვრა შემოსავალ-გასავალი, ხარჯი და სამეწარმეო რისკის ხარისხი, ვინაიდან მოპასუხის მტკიცებით, “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ყველა მეწარმე ვალდებულია, ფასის განსაზღვრისას დაიცვას მომსახურების თვითღირებულების განსაზღვრის წესი და ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნები, გაითვალისწინოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები და შენატანები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინება კონკურსის პირობებში აზრს დაკარგავდა.
მოპასუხემ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენეს მოწინააღმდეგე ფირმებმა, ამასთან დაკავშირებით, მოპასუხემ აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ ტექნიკურ შეცდომას, რომელიც გამოსწორდა სათანადო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: შპს “მ.-ა”, შპს “ს.-ი”, შპს “გ.-ო”, შპს “ტ.-ი” და სს “ქ.-ი”.
მოსარჩელე შპს “ო.-მ” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისია გასცდა საკონკურსო მოთხოვნის ფარგლებს, რაც კანონის ანალოგიით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა და ითხოვა 2000წ. 8 თებერვლის ტენდერის ექვს, კერძოდ: “თბილისი-გორი”, “თბილისი-ქუთაისი”, “თბილისი-წყალტუბო”, “თბილისი-ხონი”, “თბილისი-ჩოხატაური”, “თბილისი-ტყიბულის” მარშრუტზე შედეგების გაუქმება და შპს “ო.-ს” გამარჯვებულად ცნობა.
მოგვიანებით, შპს “ო.-მ” დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა სსკ-ის 83-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ტენდერის შედეგების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა ექვსივე მარშრუტზე და ახალი კონკურსის გამოცხადება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ო.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 8 თებერვლის საკონკურსო კომისიის შედეგები დასახელებულ ექვს მარშრუტზე; “მარშრუტზე გადაზიდვის შერჩევის წესის” შესაბამისად, დაინიშნა ხელახალი კონკურსი კონკურსში გამარჯვებულთა გამოსავლენად ზემოაღნიშნულ ტენდერში მონაწილე და მოდავე ფირმებს შორის საკონკურსო კომისიის სხვა შემადგენლობით.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ტერიტორიული საკონკურსო კომისიის, ცენტრალური საკონკურსო კომისიისა და საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარეებმა და ითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხეები – ცენტრალური საკონკურსო კომისია და თბილისის ტერიტორიული საკონკურსო კომისია შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “ო.-ს" სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ტერიტორიული საკონკურსო კომისიის 2000წ. 8 თებერვლის კონკურსის შედეგები ექვსი დასახელების მარშრუტზე: “თბილისი-ქუთაისი", “თბილისი-გორი", “თბილისი-ჩოხატაური”, “თბილისი-ხონი”, “თბილისი-წყალტუბო”, “თბილისი-ტყიბული” და მოპასუხე საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას დაევალა ხელახალი კონკურსის ჩატარება მითითებული ექვსივე დასახელების მარშრუტზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ “მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესი” არ ითვალისწინებდა ბიზნეს-გეგმის წარდგენას, ვინაიდან საქმიანობის წარმოების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დონე ზუსტად წარმოადგენს საწარმოს ბიზნეს-გეგმას, რომლის წარდგენის აუცილებლობაც პირდაპირ არის მითითებული ტენდერის გამოცხადების შესახებ მასობრივი ინფორმაციით გაშუქებულ განცხადებაში.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას ექვს მარშრუტზე ტენდერში მონაწილე და მოდავე ფირმებს შორის ხელახალი კონკურსის ჩატარების შესახებ, ვინაიდან, მისი განმარტებით, ტენდერის ჩატარებიდან გასული იყო ორი წელი და მონაწილე და მოდავე ფირმების მდგომარეობა შეიცვალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს “ო.-მ” გადამზიდავთა კონკურსში მონაწილეობა მიიღო 10 დასახელების მარშრუტზე. შპს “ო.-მ” გაიმარჯვა 4 მარშრუტზე, კერძოდ: “თბილისი-საჩხერეს”, “თბილისი-ჭიათურის”, “თბილისი-ამბროლაურისა” და “თბილისი-ონის” მიმართულებით. დანარჩენ 6 მარშრუტზე გაიმარჯვეს სხვა გადამზიდავებმა, კერძოდ: შპს “ტ.-მ” გაიმარჯვა “თბილისი-გორის” მარშრუტზე, შპს “მ.-მ” _ “თბილისი-ქუთაისის”, შპს “გ.-მ” _ “თბილისი-ტყიბულის”, შპს “ს.-მ” _ “თბილისი-წყალტუბოს”, “თბილისი-ჩოხატაურისა” და “თბილისი-ხონის” მარშრუტზე.
საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ შპს “ო.-მ” საბოლოო დაკონკრეტებულ სარჩელში ითხოვა კონკურსის შედეგების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა იმ ექვს მარშრუტზე, სადაც მან ვერ გაიმარჯვა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმული შპს “ს.-ი”, შპს “ტ.-ი”, შპს “მ.-ა” და შპს “გ.-ო” საქმეში ჩართული უნდა ყოფილიყვნენ მოპასუხეებად, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილება _ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა იმ ექვს მარშრუტზე, რომლებშიც შპს “ო.-მ” ვერ გაიმარჯვა, იმდენად შეეხებოდა ზემოაღნიშნული გადამზიდავების უფლებებსა და ინტერესებს, რომლებიც მათ ამ აქტით მიენიჭათ, რომ ისინი არ იყვნენ მხოლოდ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომლებსაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, არამედ თავისი არსით იყვნენ მოპასუხეები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს _ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას _ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი მითითებულია, რომ ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ტერიტორიული საკონკურსო კომისიის 2000წ. 8 თებერვლის კონკურსის შედეგები ექვსი დასახელების მარშრუტზე და მოპასუხე საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას დაევალა ხელახალი კონკურსის ჩატარება ზემოაღნიშნული ექვსი დასახელების მარშრუტზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.