Facebook Twitter

ბს-535-463-კ-04 8 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 2 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ძ.-ის” მიმართ და მოითხოვა მათ შორის 1998წ. 20 თებერვალს ქ. ბორჯომში, ... მდებარე რედაქციის შენობის იჯარა-გამოსყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების გაუქმება და შპს “ძ.-ისათვის” მის მიერ სს “ე.-ზე” ამ ქონების გაქირავებით მიღებული 4200 ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრება.

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ 1998წ. 20 თებერვალს მასა და დროებითი ამხანაგობის წევრებს: ა. კ.-ის, ვ. ს.-ს, თ. ლ.-ს და რ. კ.-ს შორის დაიდო ქ. ბორჯომში, ... მდებარე რედაქციის შენობის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება.

2001წ. იანვარში სამმართველოსათვის ცნობილი გახდა, რომ ამხანაგობა არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც სამმართველომ იგი დააჯარიმა 190 აშშ დოლარით და მისცა წინადადება ერთი თვის ვადაში აღმოეფხვრა დარღვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისარგებლებდა ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებით და გამოვიდოდა ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის ინიციატორად.

მოპასუხე _ შპს “ძ.-მ” სარჩელი არ ცნო და მიუთითა, Hრომ ქონების ქვექირავნობით გაცემის საკითხი შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ სამმართველოს მაშინდელ უფროსთან, ხოლო ამხანაგობამ 2001 წელს ჩამოაყალიბა და რეგისტრაციაში გაატარა შპს “ძ.-ი”, რომელიც დროებითი ამხანაგობის უფლებამონაცვლეა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ 2001წ. 13 ივლისს ბორჯომის სამმართველოში რეგისტრაცია გაიარა შპს “ძ.-მ”, რომელიც არის ამხანაგობის უფლებამონაცვლე, ქონების ქვექირავნობით გაცემა შეთანხმებული იყო სამმართველოს მაშინდელ უფროსთან, რაც დასტურდება ამხანაგობის ნდობით აღჭურვილი პირის, ვ. ლ.-ის, თხოვნა-განმარტებაზე გ. ღ.-ის სარეზოლუციო წარწერით _ “თანახმა ვარ”. ამასთან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება მოპასუხისათვის 4200 ლარის დაკისრების თაობაზე.

არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას აპელანტი _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველო _ შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოთი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა; ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბორჯომის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავდა, რომ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადებაზე თანხმობა არ მიუცია ბორჯომის ქონების მართვის რაიონულ სამმართველოს და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქონების მართვის სამმათრველოს უფროსის წერილობითი რეზოლუცია, ვინაიდან იგი არასათანადო ფორმითაა გაცემული, არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული და არ გააჩნია ამ სახის აქტისათვის სავალდებულო რეკვიზიტები.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევის, მეიჯარის თანხმობის გარეშე ქონების ქვექირავნობით გაცემის გამო, საიჯარო ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ქონების მართვის ბორჯომის სამმართველო უფლებამოსილი იყო, მოეშალა ხელშეკრულება.

ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა დაცული მოიჯარის პასუხისმგებლობისათვის ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობა; ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე მეიჯარემ წინასწარ გააფრთხილა მოიჯარე და მხოლოდ დადგენილ ვადაში, მისი გამოუსწორებლობის შემდეგ მიმართა ხელშეკრულების ვადამდე მოშლას.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელისათვის მოიჯარის მიერ ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლის, 4200 ლარის, ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ვერც რაიონულ და ვერც სააპელაციო სასამართლოებში ვერ იქნა დასახელებული ამგვარი მოთხოვნის იურიდიული საფუძვლები.

არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, შპს “ძ.-ის” მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი.

კასატორი არ ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თობაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს უფროსის თანხმობა არ იყო სათანადო წესით რეგისტრირებული და არ გააჩნდა ამ სახის აქტისათვის სავალდებულო რეკვიზიტები. კასატორი მიუთითებდა, რომ სამმართველოს უფროსი მესამე პირებთან ურთიერთობაში სამმართველოს წარმოადგენს ერთპიროვნულად, იგი არ არის კოლეგიალური ორგანო, ხოლო ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების შეტანა (თანხმობა ქვექირავნობაზე) სავსებით შესაძლებელი და დასაშვები იყო ორმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. ხოლო, რაც შეეხება “ამ აქტისათვის სავალდებულო რეკვიზიტებსა და რეგისტრაციას, მისი დაცვა სამართლის ზოგადი ნორმებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სამმართველოს ვალდებულებას და მისი მხრიდან მითითებული ნორმის დაუცველობა არ შეიძლება იქცეს ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ასევე სრული იგნორირება გაუკეთა სკ-ის 550-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არც აპელანტმა და არც სასამართლომ არ დაასაბუთეს, რომ ქვემოქირავნე თავდაპირველი გამქირავებლისათვის წარმოადგენდა არასასურველ პიროვნებას ან, რომ საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, მაშინ, როცა ქვემოქირავნე კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს ელქსელის საწარმოს და რაიონისათვის სასიცოცხლო ობიექტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 1998წ. 20 თებერვალს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოსა და დროებით ამხანაგობას შორის დაიდო იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ქ. ბორჯომში, ... მდებარე რედაქციის შენობაზე.

სასარჩელო მოთხოვნის ძირითად მოტივს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, მოიჯარეს არ ჰქონდა უფლება, მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე გაექირავებინა იჯარით აღებული ფართი.

იჯარით აღებული ფართის გაქირავების ფაქტი დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ და აღნიშნულს არ უარყოფენ თავად მხარეებიც.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულებას და მიიჩნევს, რომ ბორჯომის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული თანხმობა იჯარით აღებული ფართის გაქირავების თაობაზე არ შეიცავს ამ სახის აქტისათვის სავალდებულო რეკვიზიტებს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას მეიჯარის მხრიდან ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვის თაობაზე.

კერძოდ, მითითებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, “მოიჯარე” ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10 პროცენტით.

ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად კი, საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატორად გვევლინება მეიჯარე მოიჯარის მხრიდან საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მხოლოდ განმეორებითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში.

ამდენად, პირობა _ რომ იჯარის ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ დარღვევის ხელმეორედ გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი წესით დაჯარიმებისა და გაფრთხილების შემდეგ, წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების არსებით პირობას. მითითებული პირობა არსებითადაა მიჩნეული თავად კანონის საფუძველზეც, კერძოდ, სკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან საქმის განხილვის ვერც ერთ სტადიაზე წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოიჯარისათვის საჯარიმო თანხის დაკისრების ფაქტს, რომელიც ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობის სავალდებულო წინაპირობას. ხოლო, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში მოთავსებული წერილი წარმოადგენს მოიჯარის გაფრთხილების დამადასტურებელ დოკუმენტს, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან, თავად მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მეიჯარე მოკლებულია შესაძლებლობას, დაადასტუროს მითითებული გაფრთხილების კასატორისათვის (მოიჯარისათვის) გადაცემის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო საამართლოს მხრიდან ადგილი აქვს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნორმათა არასწორ განმარტებას, კერძოდ, ქონების მართვის სამმართველო, მისი მხრიდან ხელშეკრულების გაუქმებისათვის განსაზღვრული წინაპირობების შეუსრულებლობის გამო, ამ ეტაპზე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს “ძ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბორჯომის რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.