Facebook Twitter

ბს-542-623-კ-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს და აღნიშნა, რომ დაბადებულია 1923 წელს, არის 1941-45 წწ. ომის მონაწილე, I ჯგუფის ინვალიდი, დანიშნული აქვს თვეში 45 ლარის ოდენობის სამხედრო ინვალიდობის პენსია. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე და მე-60 მუხლის საფუძველზე ომის მონაწილის დანიშნულ პენსიასთან ერთად (45ლ) მოსარჩელემ მოითხოვა დამატებით მეორე – მოხუცებულობის გამო პენსიის დანიშვნა, მოხუცებულობის პენსიაზე მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატის, სულ თვეში 42 ლარის დანიშვნა. კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა მინიმალურ პენსიაზე 100%-იანი დანამატი. მოსარჩელემ მეორე სახეობის პენსიის სახით მოითხოვა 56 ლარის, მთლიანობაში 101 ლარის დანიშვნა, კანონის 48-ე მუხლზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მოპასუხისათვის ერთიწ. მიუღებელი პენსიის – 672 ლარის გადახდის დაკისრება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 01.08.03წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მთლიანად, სოცდაზღვევის ფონდის ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას ზ. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა პენსიის სახით ყოველთვიურად 101 ლარის გადახდა 2003წ. 22 ივლისიდან. მოპასუხეს დაეკისრა აგრეთვე ზ. ა.-ის სასარგებლოდ ერთჯერადად 672 ლარის გადახდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი სოცდაზვევის ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.11.03წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 01.08.03წ. გადაწყვეტილება, ზ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა.-ე არის ომის მონაწილე პენსიონერი, იგი არ არის პენსიონერი და არა აქვს დანიშნული ომის ინვალიდობის პენსია, ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ა.-ე არ მიეკუთვნება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას, შესაბამისად მასზე არ ვრცელდება კანონის 41-ე, 48-ე და მე-60 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

სააპელაციო სასამართლოს 07.11.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ა.-ის მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ არის 80 წლის, პირველი ჯგუფის ინვალიდი, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45წწ. ომის მონაწილე. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ეკუთვნის ორი სახეობის პენსია, ამავე კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ეკუთვნის მინიმალური პენსიის 100%-ის ოდენობა, 48-ე მუხლის შესაბამისად უნდა აუნაზღაურდეს გასული 12 თვის მიუღებელი პენსია 672 ლარის ოდენობით. კასატორი თვლის რომ განეკუთვნება კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, რის გამო უნდა დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

“სამხერო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის I-ლი მუხლი განსაზღვრავს საპენსიო უზრუნველყოფის უფლების მქონე პირებს. აღნიშნული მუხლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც დაინვალიდნენ ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ ხსენებული კანონის I-ლი მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებზე. კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათების მოპოვებისათვის კანონის I-ლი მუხლით გათვალისწინებული პირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განჩინების* თანახმად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: იგი უნდა იყოს 1941-45 წლების ომის მონაწილე, შესრულებული უნდა ჰქონდეს 75 წელი, უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი. ამდენად ომში მიღებული ჭრილობის შედეგად დაინვალიდება არის კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის სავალდებულო პირობა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ზ. ა.-ე დაბადებულია 15.10.23წ., იგი არის ომის მონაწილე, პენსიონერი, ინვალიდობის ჯგუფი დანიშნული აქვს 01.11.98წ. უვადოდ. ზ. ა.-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით იგი არის შრომის ინვალიდი, ომში დაინვალიდებული არ ყოფილა. ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ დაინვალიდება არ იძლევა კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლებას. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე არ არის სრულყოფილად დადგენილი ინვალიდობის დადგენის მიზეზი, სოცდაზღვევის ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის ცნობის მიხედვით ზ. ა.-ს ინვალიდობის ჯგუფი დანიშნული აქვს 1998 წელს, პენსიის ოდენობა თვეში 45 ლარს შეადგენს, აღნიშნული ოდენობის პენსია “საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის “გ” ქვეპუნქტის და შემდგომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიური კანონების შესაბამისი მუხლების მიხედვით ენიშნებოდათ ომის ინვალიდებს. ამდენად, საკასაციო პალატა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დასადგენად საჭიროდ თვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, საქმის ყველა გარემოების სრულყოფილ დადგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 393-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.11.03წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

* ix. sus didi palatis gadawyvetilebani 2001-2002, gv.80.