¹ბს-545-627-კ-03 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის ჩათვლა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003 წ. 24 თებერვალს ინდივიდუალურმა მეწარმეებმა: ა. ს.-ემ, მ. გ.-ემ და გ. ხ.-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვეს 11991,72 ლარის გადახდილი დღგ-ს გადასახადის ჩათვლა:
მოსარჩელეთა მითითებით, ისინი არიან ინდივიდუალური მეწარმეები, საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფებიან ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში და, შესაბამისად, მინიჭებული აქვთ საიდენტიფიკაციო კოდები. ისინი ასევე რეგისტრირებულნი არიან დღგ-ს გადამხდელებად. 2001 წ. ოქტომბერში მათ შპს “გ.-ისაგან” შეიძინეს სხვადასხვა სახის სასურსათო საქონელი. გამყიდველი ორგანიზაციის ბუღალტერიიდან გაწერილია შესაბამისი ქვითრები თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის შესახებ. საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოსარჩელეებმა შპს ,,გ.-თან” ანგარიშსწორებისას საქონლის ფასში გადაიხადეს (გაითვალისწინეს) ასევე დღგ-ს გადასახადი, საქონლის ღირებულების 20%, კერძოდ, ა. ს.-ემ შპს ,,გ.-ს” გადაუხადა დღგ 3933,30 ლარის ოდენობით, გ. ხ.-ემ – 3951,99 ლარი, მ. გ.-ემ – 4107,30 ლარი. გაირკვა, რომ შპს ,,გ.-ს” მათ მიერ საქონლის ღირებულებაში გადახდილი დღგ-ს გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაურიცხავს. მოსარჩელეთა მიერ დღგ-ს თანხების გადახდა კი დასტურდება ანგარიშ-ფაქტურებით. მოსარჩელეთა აზრით, თუ გამყიდველი არ წარმოადგენს ანგარიშ-ფაქტურას საგადასახადო ინსპექციაში, მყიდველს, რომელსაც გადახდილი აქვს დღგ-ს თანხა, პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ამიტომ მოსარჩელეებმა საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს მათთვის დღგ-ს ჩათვლის გაუქმების შესახებ საგადასახადო ინსპექციის აქტის გაუქმება და 11991,71 ლარის დღგ-ს ჩათვლა.
მოპასუხე ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ აღნიშნული დღგ-ს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გადახდილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმეთა სარჩელი დაკმაყოფილდა და მათ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალათ 11991,71 ლარი დღგ-ს გადასახადი, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წ. 24 ივლისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად შპს “გ.-ის” ჩართვის თაობაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 19 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:
საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, დღგ-ს თანხის გადახდის მოვალეობა ეკისრება საქონლის მიმწოდებელს, შპს ,,გ.-ს” და არა მყიდველს, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ინდივიდუალურ მეწარმეებს. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ შპს ,,გ.-ს” გადახდილი აქვს დღგ-ს თანხა აჭარის ა/რ ბიუჯეტში, ამიტომ საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად, პალატამ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, თუ მიმწოდებელი არ გადაიხდის დღგ-ს თანხას, აღნიშნულზე მყიდველს პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ადგილი არა აქვს დანაშაულებრივ შეთანხმებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
კასატორის მითითებით, დღგ არაპირდაპირი, მრავალსაფეხურიანი გადასახადია, რომელიც წარმოებისა და რეალიზაციის ყველა სტადიაზე იკრიბება და ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლით აისახება ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2003 წ. 8 აგვისტოს ¹1-11/5232 წერილით დასტურდება, რომ სადავო დღგ-ს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი არ არის, საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლით კი იმპერატიულად დადგენილია, რომ დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი თანხა. ამდენად, კასატორის მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლი, ამასთან, სასამართლომ საქმის არსებითად განხილვისას არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლება საკუთარი ინიციატივით ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა შედეგად.
მოწინააღმდეგე მხარის – ინდივიდუალური მეწარმეების წარმომადგენელმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათთვის დღგ-ს ჩათვლის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
კასატორის წარმომადგენელი, მიუხედავად დადგენილი წესით მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა და საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მისი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 19 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს დღგ-ს ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩასათვლელი დღგ-ს თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც დასაბეგრი ოპერაციის დროის მიხედვით გადახდილია წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად ან გადახდილია საბაჟო დეკლარაციის მიხედვით. ამასთან, დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა.
მოსარჩელისა და სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “გ.-თან” 2001 წ. ოქტომბერში დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს (პროდუქტის შეძენა), მათ შეძენილი პროდუქტის ფასში გაითვალისწინეს დღგ-ს თანხა, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე შპს ,,გ.-ის” სალაროს შემოსავლის ორდერებით. ამიტომ შპს ,,გ.-ისათვის” გადახდილი დღგ-ს თანხა, სასამართლოს აზრით, საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარება ჩათვლას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელე ინდივიდუალურ მეწარმეთა მიერ შპს ,,გ.-თან” ანგარიშსწორებისას სადავო ჩასათვლელი დღგ-ს თანხის გადახდის ფაქტი სააპელაციო პალატის მიერ სრულად გამოკვლეული არ არის და საჭიროებს ხელახალ დადგენას.
საქმეში დღგ-თი დასაბეგრ სადავო გარიგებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეების მიერ წარმოდგენილია დღგ-ს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების (სალაროს შემოსავლის ორდერის) ქსეროასლები. სსკ-ის 135-ე მუხლის მიხედვით კი წერილობითი მტკიცებულებები, როგორც წესი, სასამართლოში წარდგენილი უნდა იყოს დედნის სახით.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით არ შეაგროვა სათანადო მტკიცებულებები და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილისა. საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დღგ-ს გადახდის ფაქტი და ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანგარიშ-ფაქტურის მეოთხე პირს გამყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოებს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად. საქმის მასალების მიხედვით შპს ,,გ.-ი” დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში და ქ. ბათუმის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის 2002 წ. 29 აგვისტოს ცნობის მიხედვით, რომელიც ასევე ქსეროასლის სახით არის წარმოდგენილი, შპს ,,გ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორება მოხდენილი აქვს მოსარჩელე ინდივიდუალურ მეწარმეებთან გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2003 წ. 8 აგვისტოს ცნობის თანახმად, აჭარის ა/რ საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა დღგ-ს თანხები არ ირიცხება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე. საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მითითებით კი, დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით სააპელაციო პალატამ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, უნდა იმსჯელოს სადავო საგადასახადო ურთიერთობების უშუალო მონაწილე სუბიექტების: შპს ,,გ.-ისა” და ქ. ბათუმის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის საქმეში მესამე პირებად ჩაბმის შესახებ, რათა სასამართლომ სწორედ მათი მეშვეობით, მათ მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შესწავლით გამოიკვლიოს შპს ,,გ.-ისა” და მოსარჩელე ინდივიდუალური მეწარმეების მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ს თანხის გადახდის ფაქტი.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული სადავო დღგ-ს ჩასათვლელი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ფაქტი და აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 19 სექტემბრის განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 261 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წ. 19 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეებს გადაუვადდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებამდე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.