Facebook Twitter

ბს-547-629-კ-03 15 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 აგვისტოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ფ.-მ, რომელმაც სარჩელის საფუძველზე მოითხოვა ფიზიკური პირის _ ნ. მ.-ისა და იურიდიული პირების: შსს-ს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და ბაღდათის რაიონის საგადასახადო ინსპექციისაგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე თავის მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

1997წ. 22 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ქუთაისის შპს “ტრანსპორტი-91-თან”. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მომსახურების პირობები და შესრულებული საქმიანობის ღირებულებების ოდენობა.

1999წ. 18 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხე ნ. მ.-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ავტოტრანსპორტის ქირავნობის შესახებ, რის საფუძველზეც ნ. მ.-ე ვალდებული იყო, ვ. ფ.-ისათვის გადაეხადა ყოველდღიური ნამუშევრის (შემოსავლის) ნახევარი.

ვინაიდან ნ. მ.-ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვ. ფ.-ემ განცხადებით მიმართა მოპასუხე შსს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლოს სამმართველოს ნ. მ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით. მან ასევე მიმართა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას. დასახელებული ორგანიზაციებიდან მოსარჩელემ მიიღო ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები, რადგან შს სამხარეო სამმართველომ ნაცვლად სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა, საქმე ქვემდებარეობით გადაუგზავნა ბაღდათის რაიონის საგადასახადო ინსპექციას.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ შს სამმართველოს უნდა მიეღო ზომები, რათა მას დაბრუნებოდა ქონება და ნ. მ.-ის მიმართ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე.

აღნიშნულის გარდა, შს სამმართველოში მოსარჩელემ შეიტანა განცხადება შპს “ავტოტრანსპორტი-91-ის” დირექტორის, მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, რაც შს სამმართველომ არ დააკმაყოფილა და განცხადება ქვემდებარეობით გადაუგზავნა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას. საქმეშია ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შეტყობინება, თითქოს ბიუჯეტში მოსარჩელეს გადასახდელი აქვს 423 ლარი და დარიცხული საურავი, სულ 1659 ლარი, რაც არასწორია, რადგან საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით მას არ ეკუთვნის არანაირი გადასახადი. ანალოგიური წერილით მიმართა მას საგადასახადო ინსპექციამ 1400 ლარის გადახდაზე, რაც ასევე არასწორია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მოპასუხე შსს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, ქუთაისის საოლქო საგადასახადო და ბაღდათის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უკანონო ქმედებებმა მას მიაყენა მორალური ზიანი _ თითოეულმა 200000 ლარის ოდენობით, სულ 600000 ლარი, რის დაკისრებასაც იგი ითხოვდა მოპასუხეებზე. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე ნ. მ.-ისათვის მატერიალური ზიანის, 18873 აშშ დოლარის, დაკისრებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის განჩინებით იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელში გაერთიანებული იყო მოთხოვნები, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე ფიზიკური პირის მიმართ, ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი სარჩელის მოთხოვნა ნ. მ.-ის წინააღმდეგ და მისი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვამდე შეჩერდა სარჩელის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

ამავე სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ნ. მ.-ის მიმართ და ნ. მ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5345 ლარი, ხოლო 2003წ. 30 მაისის განჩინებით განახლდა შეჩერებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა.

მოპასუხე შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვ. ფ.-ის არაერთი განცხადება იყო შესული სამმართველოში, რომელიც სათანადო მოკვლევის შემდეგ, მართლაც გადაეგზავნა ქვემდებარეობით სხვადასხვა ორგანოს, რაც ძირითადად განაპირობა იმან, რომ სამმართველო წარმოადგენს მოკვლევის ორგანოს და არა აქვს მაკონტროლებელი ფუნქციები. ასეთ საკითხებზე შემოწმებას აწარმოებენ მაკონტროლებელი ორგანოები. საგადასახადო ინსპექციასთან შესული შემოწმების მასალების საფუძველზე კი სამმართველოს მიერ გამოტანილ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტლებით ვ. ფ.-ის სარჩელს შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშანულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და ბაღდათის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ მორალური ზიანის, 600000 ლარის, ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო კოლეგია მიუთითებდა, რომ სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ.-მ, რომელმაც საკასაციო საჩივარი ფაქტობრივად დააფუძნა იმავე გარემოებებზე, რაზეც სარჩელი და ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებასა და მის მცდარ განმარტებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლომ მართებულად მიუთითა სკ-ის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება მოთხოვნილი შეიძლება იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას. ხოლო მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის ხელყოფა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.

საქმეში წარმოდგენილი არაა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარეთა მხრიდან კასატორისათვის პატივისა თუ ღირსების შელახვის ფაქტს. რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული გარემოების დადგენისას ადგილი არა აქვს კანონის მოთხოვნათა დარღვევასა თუ ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მითითებას სკ-ის 413-ე მუხლის II ნაწილზე და თვლის, რომ მითითებული მუხლის დებულებების კასატორთან მითითებაში გამოყენება დაუშვებელია, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს კასატორისათვის სხეულის დაზიანებისა თუ ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მიერ საქმეში ვერანაირი ფორმით წარმოდგენილი ვერ იქნა მისთვის მორალური ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება და ის გარემოებები, რომლებიც განაპირობებდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე და, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.