Facebook Twitter

ბს-548-471-კ-04 24 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, აუქციონზე გატანილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ქონებიდან წილის ამორიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 17 მარტს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს რ. და ა. ჟ-ებმა ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმში, ...... მდებარე ბინაზე აღსრულების შეჩერება და ამ ბინაში მათი კუთვნილი 2/3 წილის ყადაღისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უსასყიდლოდ გადმოცემულ ბინაში მესაკუთრეები ისინიც იყვნენ რ. ჟ-თან ერთად და თითოეული მათგანის წილი, დაახლოებით 8000 აშშ დოლარის ღირებულების, შეადგენდა 1/3-ს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა და შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულება რ. ჟ-ის მიმართ 5000 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ ვ. ჟ-ის სასარგებლოდ მოცემული დავის გადაწყვეტამდე.

მოსარჩელეებმა დამატებითი სასარჩელო განცხადებით ითხოვეს თავდაპირველი მოპასუხის, ბათუმის სააღსრულებო ბიუროს, სათანადო მოპასუხეებით _ კრედიტორ ვ. ჟ-ითა და ბინის მესაკუთრე რ. ჟ-ით ჩანაცვლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჟ-მა, რომელმაც მისი გაუქმება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 3 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და საქმესთან ერთად განსახილველად გადააგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით ვ. ჟ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინება და საქმე არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ვ. და რ. ჟ-ები.

ვ. ჟ-მა 2003წ. 19 სექტემბერს სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით, რომლითაც მოითხოვა რ. ჟ-ისათვის მის სასარგებლოდ ბინის ქირის 2620 დოლარის ეკვივალენტი ლარისა და საადვოკატო მომსახურების _ 200 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2003წ. 23 სექტემბრის განცხადებით ვ. ჟ-მა უარი განაცხადა შეგებებულ სარჩელზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. და ა. ჟ-ების სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და ქ. ბათუმში, ,,... ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მოთხოვნას საფუძვლად უდებდნენ იმ გარემოებებს, რომ სადავო ბინაში მათაც ეკუთვნით საკუთრების უფლების წილი და რომ სასამართლოში შეიტანდნენ განცხადებას მათი კუთვნილი წილის სადავო ბინიდან გამოყოფის შესახებ. ვინაიდან მოსარჩელეებმა ასეთი განცხადება არ შეიტანეს სასამართლოში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო წარდგენილი რაიმე მტკიცებულება სადავო ბინიდან რაიმე წილის მოსარჩელეებისადმი კუთვნილების თაობაზე.

რ. და ა. ჟ-ებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს აპელაციის წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში აპელანტებმა მიუთითეს, რომ მათი სარჩელი მოიცავდა შემდეგ მოთხოვნებს: შეჩერებულიყო რ. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე ხელახლა დანიშნული აუქციონი, დაყადაღებული ბინიდან გათავისუფლებულიყო მათი კუთვნილი 2/3 წილი და ამ წილთა თაობაზე მიღებულიყო კანონიერი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მიერ მათი სარჩელის განხილვისას დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები _ საქმე განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე, სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით და ვადაში არ მიუღიათ შეტყობინება, სასამართლოს არ შეუფასებია მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე არ შემოწმებულა კურიერის მიერ შედგენილი ოქმები, მათ არ გადასცემიათ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. და ა. ჟ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან ბინა პრივატიზებულ იქნა 1994წ. 12 იანვარს რ. ჟ-ის მიერ, სააღსრულებო ბიუროს, თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უფლება ჰქონდა რ. ჟ-ის საკუთრებაში არსებული ბინის დაყადაღებისა. “სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონის 61-ე მუხლის თანახმად სააღსრულებო სამსახურის მიერ სწორად იქნა დაყადაღებული მოვალის საქმეზე მესამე პირის უძრავი ქონება, რომელიც აღნიშნული კანონის 45-ე და 50-ე მუხლების შესაბამისად უნდა იქნეს გაყიდული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღსრულების შეჩერებისა და ბინის ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია. ამავე დროს სააპელაციო პალატამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სასკ-ის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით გამოტანილად მიიჩნია, რადგან ჩათვალა, რომ აპელანტები არ იყვნენ მიწვეულნი სასამართლო სხდომაზე სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა და საქმეზე მიიღოO ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება გამოიწვევდა მისი განხილვის გაჭიანურებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. და ა. ჟ-ებმა, რომლებმაც გადაწყვეტილება კანონის უხეში დარღვევებით მიღებულად მიიჩნიეს, რადგან არ იყო გადაწყვეტილი სადავო ქონებაში, შეძენილი მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, ეკუთვნოდა თუ არა წილი ქორწინებაში მყოფ მეუღლეს და ოჯახის სხვა წევრებს, ამიტომ მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორების _ რ. და ა. ჟ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ, მართალია, კასატორების თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოების შეჩერება და ბინის ყადაღისაგან განთავისუფლება, მაგრამ შემდგომში, სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მოთხოვნილ იქნა სადავო ბინის 2/3 წილის თაობაზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამ ბინის თანაბარუფლებიანი თანამესაკუთრენი ისინი იყვნენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 32-ე მუხლის თანახმად მესამე პირის სარჩელი წარედგინება მოვალეს, გადამხდევინებელსა და ქონების შემძენს და ამ კატეგორიის დავაში აღმასრულებელი არ არის მოპასუხე, შესაბამისად, სამართლებრივად მოცემული საქმე არ წარმოადგენს სასკ-ის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს და იგი, როგორც ფიზიკურ პირებს შორის ქონებრივი დავა, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო წესით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია და საქმე განხილულია არაგანსჯადი სასამართლოს _ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ. საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოშივე სააღსრულებო ბიურო, როგორც მოპასუხე, ჩანაცვლებულ იქნა სათანადო მოპასუხეებით _ ვ. და რ. ჟ-ებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ კი ეს პირები საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმულნი 2003წ. 11 აგვისტოს განჩინებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. და რ. ჟ-ები საქმეში მოპასუხეების სტატუსით უნდა იქნენ ჩაბმულნი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლი თვლის, რომ ა. და რ. ჟ-ების სარჩელი ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. და ა. ჟ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.