Facebook Twitter

ბს-552-475-კ-04 21 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: აუქციონის შედეგებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 20 სექტემბერს ე. ა-მა, მ. ს-მა და ა. მ-მა სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. ყ-ის მიმართ და მოითხოვეს ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მათთვის, როგორც კანონიერი მესაკუთრეებისათვის გადაცემა.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი არიან თბილისში, ...... მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული ოთხი ოთახის მესაკუთრეები, საერთო ფართით 76.64 კვ.მ. აღნიშნული ოთხი ოთახიდან ორი ოთახი უკანონოდ აქვს დაკავებული მოპასუხე თ. ყ-ს, რომელიც, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ ათავისუფლებს დაკავებულ ოთახებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების _ ე. ა-ს, მ. ს-ის, ა. მ-ის, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნოტარიუს ქ. ო-ის მიმართ.

საქმის მომზადების სტადიაზე ქ. ო-ე მოსარჩელის მიერ ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა რიცხვიდან და საქმეში მესამე პირად დაასახელა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა.

თ. ყ-ი შეგებებულ სარჩელში უთითებდა, რომ მოსარჩელეებმა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მეშვეობით მოახდინეს თბილისში, ..... მდებარე შენობის მეორე სართულზე ოთხი ოთახის, 76.64 კვ.მ ფართის შესყიდვა. ნასყიდობა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ვინაიდან იგი ჯერ კიდევ 2000 წლიდან მიმართავდა კომპეტენტურ ორგანოებს, რომ მისთვის, როგორც სამგორის რაიონის ყოფილი მოსამართლისათვის, ....., მეორე სართულზე იჯარით გამოეყოთ სამი ოთახი, რაზეც არაერთგზის მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული ოთახები გაიყიდებოდა აუქციონის წესით, რის შესახებაც მას ეცნობებოდა, მაგრამ აუქციონის ჩატარების ადგილი, დღე და დრო მისთვის არავის უცნობებია.

თ. ყ-ი ითხოვდა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას, შესაბამისად, 2002წ. 3 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, ასევე მოპასუხის დავალდებულებას ხელახალი აუქციონის ჩატარების თაობაზე.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით ე. ა-ის, მ. ს-ისა და ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა თ. ყ-ის შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები ....., მეორე სართულზე არსებულ 76,64 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 3 ივნისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და მ. ს-ს, ე. ა-სა და ა. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგა ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა 2002წ. 7 მაისის აუქციონის ჩატარებამდე. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება.

2003წ. 22 აპრილს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს ე. ა-მა, მ. ს-მა და ა. მ-მა და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 მაისის განჩინებით გაუქმდა 2003წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ა-ის, მ. ს-ის და ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო თ. ყ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 თებერვლის განჩინებით თ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გაუქმებას სასამართლოში, საქმის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა, კერძოდ, გაზეთ “ .......-ის" სრული ვარიანტი და თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 2003წ. 4 აპრილის ინფორმაცია თბილისში, ..... მდებარე ოთახების ნომრებისა და ფართების შესახებ, რომელზეც მოსარჩელეთა სასარგებლოდ არის გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/1651 _ კ. 11.06.02.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ 2001წ. 25 დეკემბრის ბრძანებით შეიქმნა საპრივატიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ..... მდებარე 76.64 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზაციო საწყისი ფასის განსაზღვრა. მეორე დღეს, 2001წ. 26 დეკემბერს შესაბამისი აქტით განისაზღვრა ფასი და იმავე სამმართველოს უფროსის ბრძანებით ქონების პრივატიზების ფორმად დადგინდა კომერციული კონკურსი, ობიექტის გასაყიდი საწყისი ღირებულება 2405 აშშ დოლარი, ხოლო საკონკურსო კომისიის სხდომის ¹49 ოქმით _ კონკურსის ჩატარების თარიღი _ 2002წ. 1 თებერვალი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ყ-მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორი მიუთითებს, რომ კანონის უხეში დარღვევის გამო მას, როგორც პოტენციურ მყიდველს, რომელიც რვა წლის მანძილზე მუშაობდა სადავო შენობაში მოსამართლედ, მოესპო კონკურსში მონაწილეობის საშუალება.

რაიონული სასამართლოს მიერ ასევე კანონის უხეში დარღვევით იქნა გაუქმებული 2002წ. 4 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რადგან მოსარჩელე მხარეს არავითარი ისეთი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, რაც ცნობილი არ იყო და საფუძველი იქნებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 თებერვლის განჩინება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სამმართველოს 2001წ. 25 დეკემბრის ¹1-3/360 ბრძანებით შეიქმნა საპრივატიზებო კომისია, რომელსაც დაევალა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ....., მეორე სართულზე მდებარე 76,04 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა. აღნიშნული კომისიის დასკვნით (აქტით) საპრივატიზებო არასაცხოვრებელი ფართის საწყისი გასაყიდი ფასი განისაზღვრა 2405 აშშ დოლარის ოდენობით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სამმართველოს 26.12. ¹1-4/1136 ბრძანებით ქონების პრივატიზების ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი, ხოლო საპრივატიზებო კომისიის ¹49 ოქმით დადგინდა კონკურსის ჩატარების თარიღი _ 2002წ. 1 თებერვალი. კონკურსის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “ ........-ის" 2001წ. 31 დეკემბრის ნომერში. იმის გამო, რომ 2002წ. 1 თებერვალს გამართულ კონკურსზე ქონება არ გაიყიდა განაცხადის შეუსვლელობის გამო, ხელახალი კონკურსი დაინიშნა 2002წ. 15 მარტს, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “ .......-ის" 2002წ. 9 თებერვლის ნომერში. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის 2002წ. 15 მარტის ¹89 ოქმის თანახმად, ხელახალ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კვლავ არ იყო წარდგენილი განაცხადი, ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გასაყიდი ობიექტის განმეორებით კონკურსზე გატანა ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის 50%-ის ფასდაკლებით, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “........-ის" 2002წ. 4 აპრილის ნომერში, სადაც მითითებული იყო, რომ ქ. თბილისში, ..., II სართულზე მდებარე 76,64 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის საწყის ღირებულებას შეადგენდა 1202,52 აშშ დოლარი, ბეს სიდიდე ობიექტის საპრივატიზებო ღირებულების 40%-ს, ხოლო ფასის მთლიანი ღირებულების დაფარვა, კონკურსში გამარჯვებულის მიერ მოხდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში. ასევე მითითებული იყო საკონკურსო პირობები (კონკურსში გამარჯვებულის მიერ სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება), კონკურსის ჩატარების დრო (2002წ. 7 მაისი, 11 სთ) და ადგილი (.... ¹4). 2002წ. 7 მაისს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფიზიკურმა პირებმა მ. ა-მა, ა. მ-მა და მ. ს-მა განაცხადდთან ერთად წარადგინეს ნოტარიულად გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულება (30.04.2002წ.), კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მათ შორის წილების განაწილების შესახებ. საკონკურსო კომისიის 2002წ. 7 მაისის ¹131 ოქმით კონკურენტის არარსებობის გამო კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკურ პირთა ჯგუფი (ა. მ-ი, ნ. ა-ი, მ. ს-ი), რომლებთანაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ობიექტის მთლიანი ღირებულების გადახდის შემდეგ, გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ..., მეორე სართულზე მდებარე 76,64 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება განხორციელდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონისა და “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. ობიექტის პრივატიზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საჯაროდ, ობიექტის დასახელების, გასაყიდი ღირებულების, კონკურსის თარიღისა და ადგილის მითითებით.

კასატორი ვერ მიუთითებს კანონის ნორმაზე, რომელიც დაირღვა გასაჩივრებული პრივატიზებისას. პრივატიზების ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ იგი გარკვეული წლების განმავლობაში აღნიშნულ შენობაში მუშაობდა მოსამართლედ და მას უპირატესი უფლება გააჩნდა სადავო ობიექტის პრივატიზებისას, უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადავო პრივატიზაცია განხორციელდა კონკურსის წესით. “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-3 მუხლის თანახმად, პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც განაცხადით მიმართავს საკონკურსო კომისიას. ის გარემოება, რომ იგი წლების განამვლობაში მუშაობდა აღნიშნულ შენობაში და სამგორის გამგეობას მიმართავდა განცხადებით ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე, არ წარმოადგენდა პრივატიზებაში მისი სავალდებულო მონაწილეობის საფუძველს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მას განაცხადით უნდა მიემართა საკონკურსო კომისიისათვის და წარედგინა წინადადებათა პაკეტი. უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო პრივატიზებისას დაირღვა საჯაროობის პრინციპი და მას როგორც პოტენციურ მყიდველს პირადად არ ეცნობა ობიექტის პრივატიზების შესახებ. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კონკურსის თაობაზე სამჯერ იყო გამოცხადებული ინფორმაცია პრესაში (გაზეთ “ ......-ის 2001წ. 31.12, 2002წ. 9.02 და 4.04 ნომრებში), ანუ დაცულ იქნა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-9 მუხლით უზრუნველყოფილი საჯაროობის პრინციპი. კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვინმესთვის პერსონალურად შეტყობინების ვალდებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სადავო პრივატიზების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ე. ა-ს, მ. ს-ს და ა. მ-ის საკუთრების უფლება დადგენილია ..., II სართულზე მდებარე 76.64 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე და სკ-ის 170-172-ე მუხლების საფუძველზე კანონიერია მათი მოთხოვნა მათ საკუთრებაში არსებული ფართიდან თ. ყ-ის გამოსახლების თაობაზე, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამ უკანასკნელს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.