ბს-5-5-კ-04 8 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
2002წ. 17 ოქტომბერს ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. ლ.-მ მოპასუხე ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მისთვის მიყიდული ქონების ნაწილის სხვათა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნა და მიყენებული ზიანის 3624 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს განყოფილებამ 2001წ. 17 აპრილს ნულოვან აუქციონზე გასაყიდად გაიტანა დაბა ჩხოროწყუში, ... მდებარე 24 _ ბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 316,2 მ2 ოდენობით. აუქციონზე გაიმარჯვა რ. ლ.-მ. გამყიდველსა და მყიდველს შორის დაიდო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მყიდველმა ჩაიბარა ძირითადი ქონება და გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი ¹54 მოწმობა. მოსარჩელის მიერ შესყიდული ფართის ნაწილი 248,4 კვ.მ-ის ოდენობით დაკავებული აღმოჩნდა საყოფაცხოვრებო კომბინატის მუშაკების მიერ. კომბინატის მუშაკებმა უარი განაცხადეს მასთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე ვერ სარგებლობდა შესყიდული ფართით, ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
რ. ლ.-მ დამატებითი სასარჩელო განცხადების საფუძველზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა:
1) მატერიალური ზიანის – 4575 ლარის და 80 თეთრის და მორალური ზიანის 1000 ლარის ანაზღაურება, რაც, მისი აზრით, გამოწვეულია გამყიდველის მიერ ყიდვა-გაყიდვის ¹54 ხელშეკრულების ბუნდოვანი შინაარსით;
2) მის საკუთრებაში არსებული 248,4 კვ.მ ფართის სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის დაბრუნება.
3) აღნიშნულ ფართზე უკანონოდ მყოფი ფიზიკური პირების გამოყვანა, რაც მოსარჩელის მოთხოვნით უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწუს განყოფილებას დაეკისრა რ. ლ.-ს სასარგებლოდ 4825 ლარის გადახდა;
მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი; საყოფაცხოვრებო მომსახურების მუშაკები: გ. ჯ.-ე, თ. ჯ.-ე, დ. ს.-ა, ა. ი.-ე, ე.ხობელია, ს. ჯ.-ა, ვ. ნაჭყებია, დ. ყიფიანი, ფ.ვეკუა, დ. ჯალაღონია, ლ. გაბისონია და დ. შენგელია გამოსახლებული იქნენ მოსარჩელე რ. ლ.-ს საკუთრებაში მყოფი ფართიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ჯ.-ემ, თ. ჯ.-ემ, დ. ს.-ამ და სხვებმა. აპელანტებმა საჩივარში მიუთითეს, რომ ისინი არ იყვნენ გაფრთხილებული პროცესის შესახებ. მათ სადაო ობიექტზე გააჩნიათ კანონიერი ინტერესი, ამიტომ ამ საქმეში მესამე პირებად მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩაბმული. აპელანტები ითხოვდნენ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმეში მათი მოპასუხეებად ჩაბმას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის განჩინებით აპელანტებს უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.
ქონების მართვის სამინისტროს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების სამართალმემკვიდრემ – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ჩხოროწყუს ტერიტორიულმა ორგანომ თავის შესაგებელში მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით არ ასაჩივრებდა, რამდენადაც იგი მიაჩნდა სამართლიანად. ამასთან, თვლიდა, რომ სადავო ქონება პრივატიზებული იყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 სექტემბრის განჩინებით გ. ჯ.-ის, თ. ჯ.-ის, დ. ს.-ას და სხვათა სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
იმავე სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინებით გ. ჯ.-ის, თ. ჯ.-ის, დ. ს.-ას და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება და 2003წ. 25 ივნისის განჩინება. საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს.
განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა აპელანტთა უფლებებს, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით ისინი გამოსახლდნენ სადავო ფართიდან.
ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს გ. ჯ.-ე, თ. ჯ.-ე, დ. ს.-ა, ა. ი.-ე, ე. ხობელია, ს. ჯ.-ა, ვ. ნ.-ია, დ. ყ.-ი, ფ. ვ.-ა, დ. ჯ.-ა, ლ. გ.-ა და დ. შ.-ა მოცემულ საქმეზე უნდა მოეწვია მოპასუხეებად და საქმე გადაეწყვიტა მათი მონაწილეობით, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით წარმოადგენდა გადაწყვეტილების რაიონულ სასამართლოში დაბრუნების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ლ.-მ.
კასატორი საჩივარში მიუთითებდა, რომ, მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული ყველა ზომებისა გ. ჯ.-ის, ე. ს.-ს, დ. ჯ.-ს და სხვების უკანონო და აგრესიული საქციელის გამო ვერ მოხერხდა გ. ჯ.-ისა და მისი კოლეგების საქმეში მათი მხარედ ჩაბმა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სასამართლომ მიიღო ყველა ზომა, რათა გ. ჯ.-ე და მისი კოლეგები საქმეში ჩაბმულიყვნენ მხარეებად, რაც ვერ მოხერხდა მათივე აგრესიული ქმედების შედეგად.
აპელანტები ფაქტობრივად დაობდნენ იმის თაობაზე, რომ ისინი არ იყვნენ საქმეში ჩაბმული, მაგრამ მათ ეჭვისქვეშ არ დაუყენებით 2003 წ 17 აპრილის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ე.ი სასამართლო თავისი ინიციატივით გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რაც კანონით დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლომ მისთვის სსკ-ის 407-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შემოწმდა საოლქო სასამართლოს მხრიდან პროცესუალური ნორმების დარღვევის არსებობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიუთითებს შემდეგს:
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს განყოფილებას მოსარჩელე _ რ. ლ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 4825 ლარის გადახდა.
მითითებულ ნაწილში მოპასუხეს _ სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს რაიონულ განყოფილებას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
სსკ-ის 377-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ამავე კოდექსის 264-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
ზემოაღნიშნული მუხლების დებულებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ჩხოროწყუს განყოფილებას გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო აღნიშნულ ნაწილში გაეუქმებინა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ასევე სსკ-ის 372-ე მუხლის დებულებებს, რომლის შესაბამისადაც, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებით და დამატებებით.
მითითებული მუხლისა და სსკ-ის 380-ე მუხლის I ნაწილით სააპელაციო სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მიერ I ინსტანციის სასამართლოში საქმის, განჩინებაში მითითებული საფუძვლებით დაბრუნებას და თვლის, რომ აღნიშნული გამოიწვევს საქმის შემდგომ გაჭიანურებას. მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია ფიზიკური პირების გამოსახლების ნაწილში არასათანადო მოპასუხე შეეცვალოს სათანადო მოპასუხეებით – ფიზიკური პირებით და საქმე განიხილოს არსებითად.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი არ არის, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, განიხილოს აღნიშნულის კანონიერება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის III ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ. ლ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინება ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.