გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ბს-565-644-კ-03 2 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 1 აპრილს საჩხერის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგებელმა მ. გ.-მ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საჩხერის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 2003წ. 27 თებერვლის ¹17 დადგენილებისა და საჩხერის რაიონის სასოფლო-სამეურნბეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2003წ. 20 თებერვლის ¹2 ოქმის ბათილად ცნობა გ. ც.-ისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გაგრძელების ნაწილში შემდეგი საფუძვლებით: 2003წ. 20 თებერვლის საჩხერის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის ¹2 ოქმის საფუძველზე 2003წ. 27 თებერვლის საჩხერის რაიონის ადგილობრივი მართველობის გამგეობის სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება, რომლითაც სოფ. ბ.-ში მცხოვრებ მოიჯარე გ. ც.-ს საიჯარო ხელშეკრულება სოფ. ...-ის ტერიტორიაზე მდებარე 0,2 ჰა მრავალწლიან ნარგავზე 20წ. ვადით გაუგრძელდა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზემოხსენებული კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო ერთი კვირით ადრე საჯაროდ განეცხადებინა მომავალი სხდომის დღის წესრიგის თაობაზე, რადგან 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 პრეზიდენტის ბრძანებულების მესამე თავის პირველი ნაწილის თანახმად, მისი, როგორც საკრებულოს გამგებლის, მონაწილეობა აუცილებელი იყო. 2003წ. 4 თებერვალს სოფ. ბ.-ის ერთ-ერთი უბნის მაცხოვრებლებმა მიმართეს საკრებულოს განცხადებით, რომ აღნიშნული ტერიტორია იჯარის ვადის გასვლის შემდეგ მოსახლეობას საერთო სარგებლობაში გადასცემოდა, რადგან იგი წარმოადგენდა ანტისანიტარიის ბუდეს და 27 თებერვლის ¹17 დადგენილებით აღნიშნული ის გარემოება, რომ მოიჯარისათვის იჯარა წარმოადგენდა საარსებო წყაროს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამასთან 2003წ. 7 თებერვლის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ¹16 დადგენილება რომლის საფუძველზეც სოფ. ბ.-ის სარეზერვო ფონდში არსებული, ე.წ. “ტყემლების” 0,2 ჰა ფართობი მოსახლეობის საერთო სარგებლობაში დარჩა და აიკრძალა მისი იჯარით ან კერძო საკუთრებაში გადაცემა. დადგენილების ასლი საჩხერის მიწის მართვის სამმართველოს გადაეგზავნა.
მოგვიანებით მოსარჩელეს გ. ც.-ის ძმამ სთხოვა იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება, რაზეც უარი მიიღო. როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის მიღების შესახებ, მან წერილობით მიმართა საჩხერის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსს, ი. ნ.-ს და საჩხერის რაიონის გამგებელს _ გ. დ.-ს იჯარის ვადის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტების გადმოცემის თაობაზე, რაზეც ი. ნ.-მ უარი განუცხადა, ხოლო გ. დ.-მ მხოლოდ საჩხერის რაიონის გამგებლის 2003წ. 27 თებერვლის ¹17 დადგენილების ამონაწერი გადასცა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2003წ.ს 6 ივნისის გადაწყვეტილებით საჩხერის რაიონის სოფ. ...-ის თემის საკრებულოს გამგებლის, მ. გ.-ის, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება. ...-ის საკრებულოს გამგებლის მ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2003წ. 20 თებერვლის ¹2 ოქმი და საჩხერის რაიონის გამგეობის 2003წ. 27 თებერვლის ¹17 დადგენილება, გ. ც.-ისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულების მესამე თავის პირველი ნაწილის მიხედვით, მიწის იჯარით გაცემის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ იქმნებოდა მუდმივმოქმედი კომისიები, შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებისაგან. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას ემატება იმ სოფლის წარმომადგენელი, რომლის გამგებელსაც განეკუთვნება იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ შემთხვევაში კი საჩხერის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგებელი მ. გ.-ი კანონით დადგენილი წესით კომისიის შემადგენლობაში მიწვეული არ ყოფილა, მაშინ, როდესაც კომისიის სხდომაზე მის დასწრებას შესაძლოა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია, კერძოდ, დაეყენებინა საკითხი სოფლის მაცხოვრებლების პრეტენზიის შესახებ, რის გამოც მუდმივმოქმედი კომისია იხელმძღვანელებდა საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების მესამე თავის მესამე პუნქტის შესაბამისად და მიწის იჯარით გადაცემა მხოლოდ კონკურსის წესით მოხდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული გარიგების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი ეხება.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სკ-ის 604-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, მოიჯარეს შეუძლია მეიჯარეს მოსთხოვოს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულება დადებულია განსაზღვრული ვადით და ეს ვადა სამ წელზე მეტია, მოიჯარეს ეს უფლება წარმოეშობა ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოიჯარე გ. ც.-მ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2002წ. 30 დეკემბერს მოითხოვა, ე.ი. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი წლითა და თერთმეტი დღით ადრე. იჯარის ხელშეკრულება კი 2003წ. 24 მარტს გაგრძელდა, მაშინ, როცა ძველი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილი იყო ცხრა თვე და ჩვიდმეტი დღე. ამავე დროს ვადის გაგრძელება მოხდა ისე, რომ ძველი ხელშეკრულება არ გაუქმებულა, მისი პირობები არსებითად არ შეცვლილა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონის გამგეობის 2003წ. 17 თებერვლის დადგენილება, რომელიც ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენდა, თავისი ფორმით არ შეესაბამებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ადმინისტრაციულ აქტში მითითებული უნდა ყოფილიყო ორგანო, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ც.-მ, საჩხერის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ი. ნ.-მ და საჩხერის რაიონის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოითხოვეს მისი გაუქმება და საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორები მიიჩნევენ, რომ საჩხერის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ კომისიას და საჩხერის რაიონის გამგეობის საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულება არ დაურღვევიათ, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებულების მეორე თავის მესამე პუნქტში მითითებული რაიონის საზღვრებში მოქცეული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემის უფლებამოსილი პირი არის მმართველობის შესაბამისი რაიონული ორგანო ან მისგან უფლებამოსილი პირი, ამდენად, მიწის იჯარით გაცემის უფლება ჰქონდა რაიონის გამგეობას და მის მუდმივმოქმედ კომისიას და არა ...-ის თემის საკრებულოს.
კასატორების მითითებით, მიწის იჯარით გამცემ კომისიაში არ შესულა არც ერთი განცხადება სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და არც ...-ის თემის საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია და, შესაბამისად, არ დარღვეულა ¹446 ბრძანებულების მოთხოვნა კონკურსის ჩატარების შესახებ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ...-ის თემის გამგებელი არ წარმოადგენს მესამე პირს და მისი თანხმობა კომისიიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საჭირო არ იყო, რადგან გადაწყვეტილება მიიღება სხდომის მონაწილე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. აღნიშნულიდან გამომადინარე, არ იყო დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორების აზრით, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სკ-ის 604-ე მუხლთან მიმართებაში, რადგან სასამართლო ფაქტობრივად 605-ე მუხლის მოთხოვნებზე საუბრობს და ამ მუხლზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ გრ. ც.-ეს შეეძლო მოეთხოვა იჯარის ვადის გაგრძელება.
კასატორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად აქვს მითითებული, თითქოსდა მიწის იჯარით გაცემი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე რ. ქ.-ე 2003წ. 20 თებერვლის ¹2 სხდომის ოქმს ხელს აწერს, სინამდვილეში კი, იგი კომისიის სხდომას არ დასწრებია და ოქმზე ხელი არ მოუწერია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა _ განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. ც.-ის, საჩხერის რაიონის გამგეობისა და საჩხერის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ი. ნ.-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ დარღვეულა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნები. მითითებული დებულების მესამე თავის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის იჯარით გაცემის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ იქმნება მუდმივმოქმედი კომისია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას ემატება იმ სოფლის (ქალაქის) წარმომადგენელი, რომლის გამგებლობასაც განეკუთვნა იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი. საქმეში არ მოიპოვება კასატორთა მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სოფ. ...-ის საკრებულოს გამგებელი მიწვეული იყო იმ კომისიის სხდომაზე, რომელზეც გადაწყდა სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა. საკასაციო პალატა იზიარებს პალატის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მიღება მოხდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ...-ის თემის საკრებულო, რომლის გამგებლობაში შემავალი მიწის ფართობიც ამ ადმინისტრაციული აქტებით იქნა იჯარით გაცემული, სწორედაც მესამე პირს, ანუ დაინტერესებულ მხარეს წარმომადგენდა და საჩხერის რაიონის გამგეობა და მიწის გამცემი კომისია ვალდებული იყვნენ ეცნობებინათ საკრებულოსათვის გარიგების დადებამდე აღნიშნულის თაობაზე. ის მოსაზრება რომ უკანასკნელი მხოლოდ ერთი ხმის უფლებით სარგებლობდა, ხოლო სადავო გადაწყვეტილებები მიიღებოდა კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ანუ ...-ის საკრებულოს გამგებლის კომისიაში შეყვანა არ მოახდენდა გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს, რადგან თავად ფაქტი გამგებლის კომისიაში მიუწვევლობისა, ზემოაღნიშნული დებულების მოთხოვნათა არსებით დარღვევას წარმოადგენს. ...-ის საკრებულოს გამგეობის სხდომაზე მიწვევის შემთხვევაში, კომისიისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ სადავო მიწაზე პრეტენზიას სოფ. ბ.-ის მცხოვრებლებიც აცხადებდნენ. ამავე დროს საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას და დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიისათვის (მათ შორის _ კასატორ ი. ნ.-ისათვის) ცნობილი იყო სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით სოფ. ბ.-ის მცხოვრებთა მოთხოვნების თაობაზე, რაც თავად კასატორმა ი. ნ.-მ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე. დებულების მესამე თავის მესამე პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მიწის იჯარით აღებას თხოულობს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ, ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მიწა იჯარით გაიცემა მხოლოდ კონკურსის წესით. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების გ. ც.-ისათვის 20 წლის ვადით გაგრძელებისას დაირღვა ზემოაღნიშნული დებულების მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე კასატორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი განცხადება წარმოადგენს 0,2 ჰა სადავო მიწის ნაკვეთზე კონკურსის გამოცხადებას. აღნიშნულ განცხადებაში რომელიც გაზეთ “...-ის” 2004წ. 5 ნოემბრის მე-6 ნომერში გამოქვეყნდა, მითითებულია სოფ. ...-ში მრავალწლიანი ნარგავების 5.72-ჰა-ის კონკურსის წესით იჯარით გაცემის შესახებ. მითითებული განცხადება არა შეიძლება მიჩნეულ იქნეს 0,2 ჰა სადავო მიწის ნაკვეთზე კონკურსის გამოცხადებად, რადგან დებულებაში მე-8 თავის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საინფორმაციო ცნობაში მითითებული კონკურსის პირობები, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები, საიჯარო ქირის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი, იჯარით გასაცემი მიწის ფართობის რაოდენობა და დახასიათება. აღნიშნულ განცხადებაში კი ეს მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული. ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდა მითითებული მასიური ფართობებისა, ყველა სოფელში გაფანტული იყო წვრილკონტურიანი ნაკვეთები, რაც იჯარით გაიცემოდა დაინტერესებული პირის მონაწილეობით ნაკვეთის ფართობის დაზუსტების შემდეგ. 0,2 ჰა არ შეიძლება ჩაითვალოს მასიურ ფართობად და, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით სადავო მიწის ფართობზე არ გამოცხადებულა კონკურსი იჯარით გაცემის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ 2002წ. ნოემბერში სადავო მიწის ნაკვეთზე კონკურსის გამოცხადებით, უხეშად დაირღვეოდა თავად გ. ც.-ის უფლებები, რომელბსაც ეს ნაკვეთი 2004წ. 11 ივნისამდე ჰქონდა გადაცემული იჯარით.
საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებასთან მიმართებაში მსჯელობისას სკ-ის 604-ე მუხლის მითითებას ტექნიკურ შეცდომად თვლის, რადგან შინაარსობრივად მასში ფაქტობრივად 605-ე მუხლის ფორმულირებაა გადმოცემული და ეს გარემოება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად აქვს მითითებული, თითქოსდა მიწის იჯარით გაცემის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე რ. ქ.-ე 2003წ. 20 თებერვლის ¹2 სხდომის ოქმს ხელს აწერს, სინამდვილეში კი, იგი ამ ოქმს ხელს არ აწერს. საქმეში წარმოდგენილ ¹2 ოქმის ამონაწერში მითითებულია, რომ სხდომას სხვებთან ერთად ესწრებოდა რ. ქ.-ე და ხელიც აქვს მოწერილი. რაიმე მტკიცებულება, რომ ეს დოკუმენტი არ ასახავდა რეალურ ვითარებას, კასატორების მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი. თავად რ. ქ.-მ რაიონულ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში დაადასტურა, რომ სხდომას არ ესწრებოდა და ხელიც არ მოუწერია.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კასატორების: საჩხერის რაიონის გამგეობის, საჩხერის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ი. ნ.-ისა და გ. ც.-ის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების: საჩხერის რაიონის გამგეობის, საჩხერის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ი. ნ.-ისა და გ. ც.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორებს თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.