ბს-575-655-კ-03 16 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: აუქციონის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 ოქტომბერს ქარელის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დაბა ...-ში, ... მცხოვრებმა ი. თ.-ემ მოპასუხეების: ზ. ქ.-ის, ქარელის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, ქარელის რაიონის გამგეობის, ქარელის რაიონის არქიტექტურისა და ქარელის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება, ზ. ქ.-ეზე გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება და ზ. ქ.-ის მიერ აგებული შენობის მოშლა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მის მეზობლად, ... მცხოვრებმა ზ. ქ.-ემ მის მომიჯნავედ, სახლის გვერდით ააშენა კაპიტალური ნაგებობა, რომელმაც დაამახინჯა მისი სახლის ფასადი და ქუჩის მთელ მოსახლეობას გადაუკეტა ფეხით სავალი გზა. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ 2002წ. 28 მაისს კანონის დარღვევით ჩატარდა აუქციონი, რომელზედაც ზ. ქ.-ემ შეიძინა 15მ2 მიწის ფართობი და მიიღო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა თავის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2002წ. 6 ნოემბერს ქარელის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შიდა ქართლის რეგიონალურმა არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ მოპასუხე ზ. ქ.-ის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ზ. ქ.-ისათვის 2000 ლარის ჯარიმის დაკისრება და შენობის პროექტის დარღვევით ზედმეტად აშენებული ნაწილის დანგრევა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, შემოწმდა ქარელის რაიონის დაბა ...-ში, ... მცხოვრები ზ. ქ.-ის მიერ პროექტის დარღვევით აშენებული მინი მარკეტი. 2002წ. 8 ოქტომბერს შედგა ოქმი და ზ. ქ.-ეს მიეცა ათი დღის ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რაც მან არ შეასრულა. 2002წ. 21 ოქტომბერს ზ. ქ.-ის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი 2000 ლარით დაჯარიმებისა და შენობის პროექტის დარღვევით ზედმეტად აშენებული ნაწილის დანგრევის შესახებ.
ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით: ი. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქარელის რაიონის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის მიერ 2002წ. 28 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგი ზ. ქ.-ისათვის დაბა ...-ში, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 კვ. მეტრი მიწის ფართობის შესყიდვის შესახებ; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ზ. ქ.-ის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹...; მოსარჩელე ი. თ.-ეს ნაგებობის მთლიანად მოშლის მოთხოვნაზე სახლის ფასადის დამახინჯების არარსებობის გამო, ეთქვა უარი და განისაზღვრა, რომ ფეხით სავალი გზის დავიწროვების გამო შენობის პროექტის დარღვევით აშენებული ნაწილი ყოფილიყო დანგრეული. შიდა ქართლის არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად: ზ. ქ.-ეს დაევალა მის მიერ პროექტის დარღვევით აშენებული მინი მარკეტის ზედმეტად მიშენებული ნაწილი დანგრევა პროექტით გათვალისწინებული პარამეტრების აღდგენის და დანგრევის ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა ზ. ქ.-ეს. მასვე გადახდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ი. თ.-ეს გადახდა სახელმწიფო ბაჟი 10 ლარის ოდენობით, მოპასუხე ზ. ქ.-ეს გადახდა სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ქ.-ემ. აპელანტს მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილების პირველ პუნქტს, რომელიც აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის დასაბუთებას ეხება, საფუძველი არ გააჩნია. სასამართლომ მოპასუხეებიდან მხოლოდ მას დააკისრა სახელმწიფო ბაჟი, რითიც დაარღვია სსკ-ის 53-ე მუხლი. სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ის მე-11 მუხლი. ის უფლებამოსილი არ იყო, შესულიყო არქიტექტურული სამსახურისა და არქმშენინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში, თავად გამოეტანა არაკომპეტენტური დასკვნა და ამის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლის მიერ გამოცემული ბრძანება არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მოთხოვნებს, ხოლო შიდა ქართლის რეგიონული არქმშენინსპექციის მიერ მისი შემოწმება ჩატარდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის უხეში დარღვევით. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სსკ-ის 257-ე მუხლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ზ. ქ.-ემ მხარი დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოწინააღმდეგე მხარემ – ი. თ.-ემ, მისმა წარომადგენელმა და ადვოკატმა, ასევე შიდა ქართლის არქმშენინსპექციის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის განჩინებით ზ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
უცვლელად იქნა დატოვებული ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ ქარელის რაიონის გამგეობასთან არსებულმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის მუდმივმოქმედმა კომისიამ გამოაცხადა რა კონკურსი ... ქუჩის მიმდებარე მიწის ორ ნაკვეთზე, არასწორად გამოაქვეყნა ინფორმაცია მათი აღწერილობის შესახებ: მიწის ფართობად მიეთითა 140 კვ.მ ნაცვლად 15 კვ.მ-ისა, ასევე არ იქნა მითითებული განცხადების მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღი, მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაცემის პირობები, რითაც დაირღვა მოსარჩელე ი. თ.-ის კანონიერი უფლება, მიეღო მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსში, რადგან, ი. თ.-ის განმარტებით, მას არ ჰქონდა 140 კვ.მ მიწის ფართობის შეძენის სურვილი და საშუალება.
ზ. ქ.-ემ ... მდებარე 15 კვ.მ ფართობზე ააგო შენობა სავაჭრო ობიექტისათვის პროექტით გათვალისწინებული პარამეტრების დარღვევით, მშენებლობის შემოწმება მოხდა სასამართლოს 2002წ. 2 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე. ამ ბრძანების საქმეში არსებული ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობდა ზ. ქ.-ე. ბრძანებაში მითითებულია გასაჩივრების ვადისა და წესის შესახებ, მისი მიღებიდან გასულია ერთი წელი, არც ბრძანება და არც არქმშენინსპექციის ოქმი და დადგენილება გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213 მუხლის შესაბამისად. ზ. ქ.-ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ოყო არსებითად სწორი, კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობდა მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ქ.-ემ.
კასატორს მიაჩნდა, რომ საოლქო სასამართლოს განჩინება გამოტანილი იყო კანონის დარღვევით. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი.
სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილ იქნა დაბა ...-ის გენერალური გეგმა, სადაც ... ქუჩაზე მდებარე მაღაზიებიცაა გამოხაზული და ნათლად ჩანს, რომ ფეხით სავალი გზა არანაირად არ არის შევიწროვებული.
სააპელაციო სასამართლოში მის მიერ ასევე წარდგენილ იქნა ქარელის რაიონის მთავარი არქიტექტორის ოფიციალური წერილი, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კასატორის სახელზე დამუშავდა საპროექტო დოკუმენტაცია და 2002წ. 1 აგვისტოს მასზე გაიცა ობიექტის მშენებლობის დაწყების ნებართვა.
კასატორი მიიჩნევდა, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი ეს მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული არ ყოფილა რომ კონკურსის ხარვეზებით ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მას არ ეკისრებოდა, ვინაიდან იგი წარმოადგენდა მიწის კეთილსინდისიერ შემძენს, ამასთან მიიჩნევდა, რომ ქარელის არქმშენინსპექციის მიერ შედგენილ ოქმში მითითებული არ იყო, კონკრეტულად რა დარღვევები იქნა აღმოჩენილი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში, რის გამოც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას განესაზღვრა რაში გამოიხატებოდა პროექტის დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის გარჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
მოწინააღმდეგე მხარეებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ქარელის რაიონის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის მიერ 2002წ. 28 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობისას სააპელაციო სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნას ან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ. ქ.-ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიას მისი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით მდებარე 15 კვ.მ ფართობზე კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით.
ქარელის რაიონული გამგეობის 2002წ. 24 აპრილის ¹45 დადგენილებით საკონკურსო კომისიას დაევალა განეხილა საკითხი, გამოეცხადებინა კონკურსი და უზრუნველეყო კონკურსში ზ. ქ.-ის მონაწილეობა.
2002წ. 28 მაისს საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმითა და გადაწყვეტილებით ზ. ქ.-ეს მიეცა ... ქუჩაზე არსებული 15 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის შესყიდვის უფლება იმ მოტივით, რომ იგი იყო ჩატარებული აუქციონის ერთადერთი მონაწილე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და ადასტურებს, რომ კონკურსის ჩატარებისას დაირღვა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” 5.4 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, აუქციონი ან კონკურსი არ შეიძლება ჩატარდეს აუქციონის ან კონკურსის შესახებ ადგილობრივ პრესაში ან გაზეთ “...-ში” შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნების გარეშე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, მართალია, ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებულია ინფორმაცია კომერციული კონკურსის გამოცხადების თაობაზე, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის კონკურსით გასაცემი მიწის ნაკვეთის იდნეტიფიცირებას, მით უფრო, რომ გამოცხადებულ მიწასა და ზ. ქ.-ისათვის კონკურსით გაცემულ მიწის ნაკვეთს შორის არის აშკარა შეუსაბამობა, კერძოდ, გამოცხადებული იყო 140 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო გაიცა 15 კვ.მ, რითიც აშკარად შეილახა მოწინააღმდეგე მხარის უფლება მონაწილეობა მიეღო ფაქტობრივად გამოცხადებულ კონკურსში.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო გასცდა მხარის მიერ კონკურსის ბათილობის თაობაზე დაყენებულ საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. საქმეში წარმოდგენილია ი. თ.-ის სასარჩელო განცხადება, რომელშიც მხარე ითხოვს აუქციონის შედეგების გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ამდენად, აშკარაა, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევის ფაქტს. რაც შეეხება სასამართლო ინიციატივით სარჩელის საფუძვლების გაზრდას, გარდა იმისა, რომ საოქმო ჩანაწერით, რომელიც მოპასუხეს (კასატორს) შესაამისი წესით არ გაუსაჩივრებია, დასტურდება, რომ ი. თ.-ე კონკურსის გაუქმებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ ის შეცდომაში შეიყვანა არასწორად გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თავისებურებებზე, რომელიც სსკ-ის შესაბამისი დებულებებისაგან განსხვავებით, შეიცავს ინკვიზიციურობის ელემენტს და სასამრათლოს ანიჭებს დამატებითი გარემოებების გამოკვლევის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება მითითებულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ ემყარება კანონის მოთხოვნებს.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას შენობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანისა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგზე:
საქმეში წარმოდგენილია 2002წ. 7 ოქტომბრის ოქმი ¹8 და შესაბამისი მიწერილობა ¹61, რომელსაც ხელს აწერს კასატორი და რომელშიც ამ უკანასკნელს წინადადება ეძლევა შენობა 10 დღის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს დამტკიცებულ პროექტთან.
ზემოაღნიშნული მიწერილობა ზ. ქ.-ეს შესაბამისი წესით სადავოდ არ უქცევია, აღნიშნული არ გასაჩივრებულა, თუმცა უდავოდ დასტურდება მხარისათვის მიწერილობის გადაცემის ფაქტი. “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის “ბ”, “გ” პუნქტების შესაბამისად არქმშენინსპექციის მიწერილობის შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ხოლო, რაც შეეხება კასატორის მოტივაციას, რომ მიწერილობის შედგენის მომენტისათვის მშენებლობა იყო დასრულებული და აღნიშნულზე გაცემული იყო ყველა შესაბამისი ნებართვა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწერილობის მიზანს წარმოადგენდა შენობის დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულში საუბარი არ არის უკანონო მშენებლობაზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა არა მშენებლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას, არამედ შენობის აღების სავალდებულობას.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს განჩინების წინააღმდეგობრივ ხასიათს და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების საფუძველზე კასატორს გაუქმებული აქვს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, მასზე განთავსებული შენობა, ე.ი. მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს კასატორის საკუთრებას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს სამართლებრივ შეუსაბამობას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს კასაციის საფუძველს, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნულზე მსჯელობის პროცესუალური შესაძლებლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.