Facebook Twitter

¹ბს-577-651-კ-03 26 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 12 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს .......... (.........) პარტიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003წ. 9 დეკემბრის ¹54/2003 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ცესკოს მიერ დადგენილების მიღება მხოლოდ ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლი იმპერატიულად და პირდაპირ განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს, რომლისგანაც სრულიად განსხვავდება ცესკოს მიერ დადგენილი ერთიანი სიის ფორმირების წესი. ცესკომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და შეიჭრა კანონმდებლის ფუნქციებში. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში აღწერილია, თუ როგორ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ამომრჩეველმა საარჩევნო უბანში. საარჩევნო კომისიის წევრების მოქმედების გაკონტროლება ამ დროს ყოვლად შეუძლებელია. გაუგებარია პირველი მუხლის პირველი პუნქტის მე-4 ქვეპუნქტიც და რას ნიშნავს განაცხადისაგან გამოყოფილი ამომრჩევლის ბარათი, რომელი საკანონმდებლო ნორმითაა იგი დადგენილი ან რის საფუძველზეა შემოღებული, უცნობია. დადგენილების მე-2 მუხლით ცვლილებები შევიდა იმ ღონისძიებათა გრაფიკში, სადაც ჩამოთვლილი ღონისძიებები და მათი შესრულების ვადები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან საარჩევნო კოდექსს და მასში იმპერატიულად დადგენილ ნორმებს.

2003წ. 15 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ცესკოს თავმჯდომარემ ზ. ჭ-მა და ითხოვა სადავო ¹54/2003 და ¹51/2003 დადგენილებების თაობაზე სასამართლოს წარმოებაში არსებული რამდენიმე სასარჩელო განცხადების გაერთიანება ერთ წარმოებად სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის საქმე 3ა/581 საქართველოს ......... ( ........ ) პარტიის სარჩელისა გამო ცესკოს მიმართ, საქმე ¹3ა/582 საარჩევნო ბლოკის “ა-ის” სარჩელისა გამო ცესკოს მიმართ, საქმე ¹3ა/583 პოლიტიკური გაერთიანება “ს-ის” წარმომადგენლების ცესკოში მ. ლ-ის და ქ. ბ-ის სარჩელის გამო ცესკოს მიმართ და საქმე ¹3ა/584 საქართველოს ო-ი პარტიის სარჩელისა გამო ცესკოს მიმართ.

საქართველოს ო-ი პარტიისა და პოლიტიკური გაერთიანება “ს-ის” წარმომადგენლების ცესკოში მ. ლ-ისა და ქ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა ცესკოს 2003წ. 9 დეკემბრის ¹54/2003 დადგენილების პირველი მუხლის ბათილად ცნობა, საარჩევნო ბლოკის “ა-ის” სასარჩელო მოთხოვნას კი _ სადავო დადენილების მთლიანად ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების, საქართველოს ......... ( ....... ) პარტიის, საარჩევნო ბლოკის “ა-ის”, პოლიტიკური გაერთიანება “ს-ის” წარმომადგენლების ცესკოში მ. ლ-ისა და ქ. ბ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ვინაიდან საარჩევნო კოდექსით არ არის დადგენილი მოსარჩელეთა წრე, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ ცესკოს დადგენილება ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების ვადების განსაზღვრის თაობაზე, მოსარჩელეთა წრის განსაზღვრისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილება პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებდა მოსარჩელეებს და მათ მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, რომ უკანონოდ იზღუდებოდა მათი უფლებები.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა ......... ( ...... ) პარტიის მოსაზრება არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო მისთვის და მისი მაჟორიტარი კანდიდატისათვის ზიანის დადგომის თაობაზე, რადგან აღნიშნული გარემოება არ ჩათვალა მოსარჩელისათვის პირდაპირ და უშუალო ზიანის მიყენებად.

სასამართლო კოლეგია არ დაეთანხმა ო-ი პარტიის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დადგენილება გამოიწვევდა არარეალური საარჩევნო სიების შედგენას, რომლის გასაჩივრებაც მას არ შეეძლებოდა, რაც უშუალო ზიანის მომტანია პარტიისათვის და მიუთითა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის შეტანის უფლების მქონე პირებს (მათ შორის რეგისტრაციის მქონე წარმომადენლის შესაბამის საარჩევნო კომისიაში), ვადებსა და წესს.

სასამართლო კოლეგიამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ო-ი პარტიის წარმომადგენელთა განცხადება მათი უფლების შელახვის თაობაზე პარტიისათვის მინიჭებულ პარლამენტში კანონების მიღების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რადგან ცესკოს ¹54/2003 დადგენილებაში ამგვარ შეზღუდვაზე არაფერია ნათქვამი.

სასამართლო კოლეგიამ არ მიიჩნია პირდაპირ და უშუალო ზიანად საარჩევნო ბლოკის “ა-ის” მითითება დადგენილებით საარჩევნო სიების შედგენის შეფერხების შესაძლებლობის თაობაზე, რამაც შესაძლოა ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირება და მისი კანდიდატის დამარცხება გამოიწვიოს. კოლეგიამ ჩათვალა, რომ მომავალი სავარაუდო და შესაძლო მოვლენები ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პირდაპირ და უშუალო ზიანად და უკანონოდ უფლების შეზღუდვად არ შეიძლება ჩაითვალოს.

სასამართლო კოლეგია არ დაეთანხმა მოსარჩელეების მ. ლ-ისა და ქ. ბ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, მათ როგორც პოტენციურ ამომრჩევლებს დაევალათ კანონით გაუთვალისწინებელი ქმედება, რომლის განხორციელება საფრთხეს უქმნის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმით განისაზღვრა არა ამომრჩევლის ვალდებულება, არამედ უფლება, რომლის გამოუყენებლობა არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაკარგვას არავითარ შემთხვევაში არ იწვევს, რადგან ასეთი რამ სადავო დადგენილებიდან არ გამომდინარეობს, ხოლო აღნიშნული პროცედურა არ არის საარჩევნო სიების ფორმირების ერთადერთი შესაძლებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ცესკოს 2003წ. 9 დეკემბრის 54/2003 დადგენილება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და უკანონოდ არ ზღუდავდა მათ უფლებას, სარჩელები მიიჩნია დაუშვებლად და არსებითად არ იმსჯელა გასაჩივრებული დადგენილების კანონიერების საკითხზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პოლიტიკური გაერთიანება ,,ს-ის’’ წარმომადგენლებმა ცესკოში მ. ლ-ემ და ქ. ბ-მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დასაშვებად მიჩნევა და ცესკოს 2003წ. 9 დეკემბრის ¹54-2003 დადგენილების პირველი მუხლის ბათილად ცნობა.

კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმით დადგენილია ამომრჩევლის დამატებითი ვალდებულება, რომელიც ორგანული კანონით არ არის განსაზღვრული. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ხოლო ამავე მუხლით ასევე დადგენილია, რომ ცესკოს დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურების განმარტება და არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ ან ახალ ნორმებს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბათილია ნორმატიული აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს და კონსტიტუციას, სადავო კანონქვემდებარე აქტით კი კასატორებს ევალებათ ისეთი დამატებითი ქმედების განხორციელება, რომელიც კანონით არ არის განსაზღვრული და რაც არღვევს მათ კანონიერ უფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ს-ის” წარმომადგენლების ცესკოში, მ. ლ-ისა და ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სასამართლო კოლეგიის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მოსარჩელეთა წრის განსაზღვრისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო დადგენილება ადგენს დამატებით ამომრჩევლის ისეთ ვალდებულებას, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსით არ არის განსაზღვრული, კერძოდ ამომრჩევლის მისვლას საარჩევნო უბანში. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სასამართლო კოლეგიას და თვლის, რომ ამ ნორმით განისაზღვრა ამომრჩევლის უფლება და არა ვალდებულება და მისი გამოუყენებლობა არ იწვევს ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაკარგვას, ამავე დროს სადავო განკარგულებით დადგენილი პროცედურა არ არის საარჩევნო სიების ფორმირების ერთადერთი შესაძლებლობა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული დადგენილების პირველი მუხლი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს კასატორებს და არ არის დასაბუთებული მათი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. ვინაიდან ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად ჩათვალა პოლიტიკური გაერთიანება ,,ს-ის’’ წარმომადგენლების ცესკოში მ. ლ-ისა და ქ. ბ-ის სარჩელი დაუშვებლად და ამ საფუძვლით არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების _ პოლიტიკური გაერთიანება “ს-ის” წარმომადგენლების ცესკოში მ. ლ-ისა და ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.