Facebook Twitter

ბს-581-503-კ-04 3 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: წილის კომპენსაცია და ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 28 დეკემბერს შპს à”ა-ი-91”-ის გენერალურმა დირექტორმა თ. მ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქუთაისის მერიის მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

ქ. ქუთაისის მერიამ 1998წ. 16 მარტის ¹141 ბრძანებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ჩრდილოეთით მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების მომსახურეობის მიზნით, სამგზავრო ავტოსადგურის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის სასტარტო ფასი 22500 ლარით განისაზღვრა. ქ. ქუთაისის მერია თავდაპირველად 3/4 წილობრივი მონაწილეობისათვის სავაჭრო ცენტრის შენობას დებდა. აუქციონზე გამარჯვებული პირის მიერ, შემდგომში ამ შენობის შეკეთებისა და სადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, მერიის წილი 25%-მდე უნდა შემცირებულიყო.

1998წ. 7 აპრილს ჩატარებულ აუქციონზე შპს “ა-ი-91”-მა გაიმარჯვა. კერძოდ, მან დაფარა აუქციონზე დასახელებული თანხა _ 24750 ლარი და 1998წ. 23 ოქტომბრის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით შპს “ა-ი-98” დაფუძნდა, რომლის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 55540 ლარის ეკვივალენტი ქონებრივი და უფლებრივი შენატანებით, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ქ. ქუთაისის მერია _ 55,4%, შპს “ა-ი-91” _ 44,6%. ქ. ქუთაისის მერიამ საწესდებო კაპიტალში 30790 ლარის ღირებულების, ქუთაისში, ..... მდებარე ორსართულიანი შენობა ჩადო, ხოლო შპს “ა-ი-91-ის” წილად 1998წ. 7 აპრილს ჩატარებულ აუქციონზე მოპოვებული 24750 ლარის ღირებულების უფლებაზე იქნა მითითებული.

მოსარჩელის მითითებით, ქ. ქუთაისის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, კერძოდ, არ იქნა დამტკიცებული მარშრუტი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების სამგზავრო მომსახურების ნაწილში ავტოსადგურიდან გასვლისა და შემოსვლის უზრუნველსაყოფად. სამაგიეროდ, შპს “ა-ი-91-ის” მიერ ყველა ნაკისრი ვალდებულება შესრულდა და, საბოლოოდ, 215981 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული აისახა შპს “ა-ი-98-ის” სამეწარმეო რეესტრში სასამართლოს 2001წ. 9 აგვისტოს დადგენილებით, კერძოდ, ქ. ქუთაისის მერიის წილი განისაზღვრა 24,5%, შენატანი _ 47920 ლარი, ხოლო შპს “ა-ი-91-ის” წილი _ 75,5%, შენატანი 244420 ლარი. ქ. ქუთაისის მერიის მოთხოვნით შემდგომში ეს ცვლილებები გაუქმდა. ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, შპს “ა-ი-91-ის” დირექტორმა თ. მ-ემ მოსარჩელე ქ. ქუთაისის მერიისაგან გადახდის ბრძანებით წილის კომპენსაციისა და ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ანაზღაურების სახით 244420 ლარის გადახდა მოითხოვა, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა.

2002წ. 7 ივნისს წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიამ გადახდის ბრძანება არ ცნო და მისი გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ შპს “ა-ი-91-ის” განცხადება დაუსაბუთებელი იყო და გამარტივებული წესით მისი განხილვა არ შეიძლებოდა (რომელიც სარჩელის ფორმით იყო წარდგენილი).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის განჩინებით გადახდის ბრძანება გაუქმდა და საქმის წარმოება საერთო სასარჩელო წესით გაგრძელდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ა-ი-91-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. ქუთაისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ წილის კომპენსაციის სახით 24750 ლარისა და ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის 176854 ლარის გადახდა დაეკისრა ერთი წლის განმავლობაში ოთხ თანაბარ, კვარტალურ ნაწილად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, ქ. ქუთაისის მერიის 1998წ. 16 მარტის ¹141 ბრძანებით, მხარეთა შორის 1998წ. 23 ოქტომბერს დადებული სადამფუძნებლო ხელშეკრულებითა და ამ ხელშეკრულებით დაფუძნებულ, შპს “ა-ი-98-ის” წესდებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ავტოსადგურიდან მარშრუტების ფუნქციონირების წესების შესახებ მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ შპს “ა-ი-91-მა” ქ. ქუთაისში, ... მდებარე მაღაზიების ორსართულიანი შენობის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მოახდინა. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მის მიერ ავტოსადგურის კაპიტალურ შეკეთებაზე 176854 ლარის ღირებულების სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა.

ამასთან, ქ. ქუთაისის მერიის 2003წ. 11 თებერვლის ¹85 განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს ქუთაისი-გაენათის ეპარქიას ახალი ტაძრების მშენებლობისათვის სარგებლობაში გადაეცა ... პროსპექტზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ჩრდილოეთით მდებარე 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის ნაკვეთი, რომელზეც მოსარჩელემ აუქციონით უფლება მოიპოვა და ის 2076,25 კვ.მ მიწის ნაკვეთიც, რომელიც ქუთაისის მერიის 2001წ. 14 მარტის ¹8 დადგენილების 2.1 მუხლით შპს “ა-ი-98-ს” დამატებით გადაეცა ავტოსადგურის ფუნქციონირებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს როგორც კერძო სამართლის სუბიექტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო გარიგების დადებისას გამოიყენება სკ-ის შესაბამისი ნორმები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდ იქნა დადგენილი, რომ მერიის მიერ დარღვეულია 1998წ. 23 ოქტომბრის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი, ისევე, როგორც შპს “ა-ი-98-ის” წესდებით დადგენილი პარტნიორთა მოვალეობანი, რის გამოც შპს “ა-ი-91-ის” მიერ სამართლიანად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებიდან გასვლის შესახებ.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს, მათი მეშვეობით მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუთაისში, ... მდებარე შენობის ღირებულება. დადგენილია, რომ მიუხედავად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმებისა, სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯი, რაც ექსპერტიზის დასკვნით, 176854 ლარს შეადგენდა, მოპასუხის მოქმედებით არ იქნა შეტანილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში და მის შესაბამისად არ მოხდა მოსარჩელის წილის გადახდა. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სკ-ის 987-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც ხარჯი გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯის ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ქუთაისის მერიამ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ქუთაისის მერიამ 1998წ. 16 მარტის ¹141 ბრძანებით ტექნიკური უნივერსიტეტის ჩრდილოეთით მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების მომსახურეობის მიზნით, სამგზავრო ავტოსადგურის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი გამოცხადდა. აუქციონის სასტარტო ფასი 22500 ლარით განისაზღვრა. 1998წ. 7 აპრილს ჩატარებულ აუქციონზე შპს “ა-ი-91-მა” გაიმარჯვა. მან აუქციონზე დასახელებული თანხა დაფარა და 1998წ. 23 ოქტომბრის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით ქუთაისის მერიისა და შპს “ა-ი-91-ის” ერთობლივი წილობრივი მონაწილეობითYშპს “ა-ი-98” შეიქმნა. ქ. ქუთაისის მერიის წილად 55,4%, ხოლო შპს-ს წილად 44,6% განისაზღვრა, შენატანის სახით ქუთაისის მერიამ საწესდებო კაპიტალში 30790 ლარის ღირებულების ორსართულიანი შენობა ჩადო, ხოლო შპს “ა-ი-91-მა” აუქციონის შედეგად მოპოვებული 245750 ლარის ღირებულების უფლება. ქუთაისის მერია იღებდა ვალდებულებას, დაემტკიცებინა მარშრუტი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების სამგზავრო მომსახურების ნაწილში “ა-ი-98-ის” ავტოსადგურიდან გასვლისა და ავტოსადგურში შესვლის უზრუნველსაყოფად. 1998წ. 23 ოქტომბრის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით, ქუთაისის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს “ა-ი-98-ის” პარტნიორთა კრებაზე ერთ-ერთმა პარტნიორმა _ შპს “ა-ი-91-მა” საზოგადოებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მერიისაგან წილის კომპენსაცია მოითხოვა.

ზემოთქმული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

სკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლებრივი ურთიერთობა სხვა პირებთან ურთიერთობაში წესრიგდება სამოქალაქო კანონმდებლობით.

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ სახელმწიფო (სახელმწიფო ორგანოები) კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფოს უფლებამოსილებას ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო (მისი სახელით მოქმედი სახელმწიფო ორგანო) სამეწარმეო საზოგადოებებში პარტნიორად მონაწილეობს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და მოცემული ურთიერთობა მთლიანად სამეწარმეო კანონმდებლობის სფეროში ექცევა.

ამავე კანონის 46-ე მუხლი მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას, შპს-დან პარტნიორის გასვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს და ადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში მას თავისი წილის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანი ქუთაისის მერიასა და შპს “ა-ი-91-ს” შორის წილის კომპენსაციის საკითხს შეეხება და, მართალია, ქუთაისის მერიის სახით მოცემულ შპს-ში წილობრივი მონაწილეობით სახელმწიფო მონაწილობს, მაგრამ “მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად, შპს “ა-ი-98-ის” შექმნითა და სადამფუძნებლო ხელშეკრულების გაფორმებით მათი ურთიერთობა გაემიჯნა ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების სფეროს და საკორპორაციო კანონმდებლობის ფარგლებში მოექცა, პარტნიორთა შორის ურთიერთობა კი უპირატესად, “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად წესრიგდება. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შპს “ა-ი-98-ში” პარტნიორად შესვლითა და სადამფუძნებლო ხელშეკრულების დადებით ქუთაისის მერია ჩვეულებრივ მეწარმე სუბიექტად გადაიქცა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არ უნდა განხილულიყო, რადგან იგი სამოქალაქო _ საკორპორაციო სამართლის რეგულირების სფეროშია მოქცეული, რის გამოც ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცეს. AD

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.