¹ბს-584-659-კ-03 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: აივნის რეკონსტრუქციისთვის ხელის შეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 30 სექტემბერს ნ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ი. რ.-ის, თ. ღ.-ისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ბაბუამისი ვ. ბ.-ი რეპრესირებულ იქნა 1937 წელს. მისი დაპატიმრების შემდეგ ვლ. ბ.-ის ოჯახი შეასახლეს ქ. ბათუმში, ამჟამად ... მდებარე სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე მდებარე 16 კვ.მ კეთილმოუწყობელ ერთ ოთახში. მეორე სართულს მთელ სიგრძეზე ჰქონდა დაუმთავრებელი აივანი, რომლის რეკონსტრუქციის ნებართვა 1953 წელს აიღო მოსარჩელის ბებიამ, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ვერ განახორციელა.
მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 12 დეკემბერს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველომ გასცა არსებული აივნის მთელ სიგრძეზე 1,40 მეტრით გაფართოების ნებართვა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში იმ მოტივით, რომ აივნის 1,40 მეტრით გაფართოება გამოიწვევდა მათი ბინების დაბნელებას. აღნიშნულის საფუძველზე, ქ. ბათუმის მერიამ შეაჩერა ნებართვის მოქმედება, ბინების არსებულ ნორმებთან შესაბამისი ინსოლაციის პირობების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენამდე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002წ. 11 სექტემბერს შპს “ა.-სგან” მიიღო ინსოლაციისა და ბუნებრივი განათების გაანგარიშების პროექტი, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ... მდებარე მისი აივნის პირვანდელი ზომებით აღდგენა არ გამოიწვევდა პირველ სართულზე მცხოვრები ი. რ.-ისა და თ. ღ.-ის ბინების ინსოლაცია-განათების დარღვევას. აღნიშნული პროექტის საფუძველზე, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველომ 2002წ. 11 სექტემბერს გასცა მშენებლობის ¹... ნებართვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 13 სექტემბერს მან მიიღო ქ. ბათუმის მერიის შეტყობინება, რომლითაც აივნის აღდგენის უფლების მინიჭებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე მისი ბინის აივნის 1,40 მეტრით გადიდების ნებართვა და მშენებლობისას ი. რ.-ისა და თ. ღ.-ის მიერ ხელის შეშლის აღკვეთა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს _ ი. რ.-სა და თ. ღ.-ს დაევალათ ხელი არ შეეშალათ ნ. ბ.-ისთვის ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის მთელ სიგრძეზე 1,40 მეტრით აივნის გაფართოებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ი. რ.-მ და თ. ღ.-მ და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ი. რ.-მა და თ. ღ.-მ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც ითხოვეს ბათუმის არქიტექტურის სამმართველოს 2002წ. 11 სექტემბრის მშენებლობის წარმოების ¹... ნებართვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და ნ. ბ.-ისთვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით ი. რ.-ისა და თ. ღ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ.-მ და ითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 4 ივნისის განჩინებით ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. რ.-ისა და თ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ბ.-ის სარჩელი; დაკმაყოფილდა ი. რ.-ისა და თ. ღ.-ის შეგებებული სარჩელი და გაუქმდა არქმშენინსპექციის 2002წ. 11 სექტემბრის მშენებლობის წარმოების ¹... ნებართვა, ასევე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბერს ნ. ბ.-ზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ.-მ და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველომ 2002წ. 11 სექტემბერს გასცა ¹... მშენებლობის ნებართვა, რომლითაც ნ. ბ.-ს ნება დაერთო ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის მეორე სართულზე არსებული აივნის რეკონსტრუქცია-გაფართოების თაობაზე.
საქმის მასალებიდან, აგრეთვე, ირკვევა, რომ ნ. ბ.-ი-ბ.-ისადმი ქ. ბათუმის ვიცე-მერი დ. ა.-ის მიერ 2002წ. 13 სექტემბერს მიწერილი ¹ღ-2052 წერილის თანახმად, ზემოთ აღნიშნული მშენებლობის ნებართვა გაუქმდა, რის გამოც ნ. ბ.--ბ.-ს სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება აღარ ჰქონდა. იგივე შინაარსის წერილი (30.09.02, ¹ღ-2219) ვიცე-მერმა დ. ა.-ემ გაუგზავნა თ. ღ.-ესა და ი. რ.-ს.
რადგანაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული ¹... მშენებლობის ნებართვა სათანადო წესით გაუქმებული არ იყო და მოქმედებდა, ამიტომ ი. რ.-მ და თ. ღ.-მ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში შეიტანეს შეგებებული სარჩელი, რომლის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველოს 2002წ. 11 სექტემბრის ¹... მშენებლობის ნებართვის გაუქმება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველოს მიერ 2002წ. 11 სექტემბერს გაცემული ¹... მშენებლობის ნებართვა გაუქმებული იყო თუ არა იმ დროს, როდესაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. ამასთან, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული აქტი ამ ნებართვის გაუქმების თაობაზე. სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია აღნიშნული საკითხი, თავისი გადაწყვეტილებით ისე გააუქმა ზემოაღნიშნული მშენებლობის ნებართვა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2003წ. 20 ოქტომბრის სხდომაზე, ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ¹... მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმის მერიამ გააუქმა კანონიერად, რაზეც სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საკითხის გამოურკვევლად გამოიტანა გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად არასრულყოფილადაა დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.