ბს-585-660-კ-03 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტისა და ბინის ორდერის გაუქმება, ბინით სარგებლობის უფლების დაკანონება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ფ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ...-ის რაიონის გამგეობისა და გ. მ.-ის მიმართ და მოითხოვა: ...-ის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მაისის ¹61 გადაწყვეტილებისა და გ. მ.-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილად ცნობა, სადავო ბინით სარგებლობის უფლების დაკანონება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ...-ის რაიონის გამგეობის 1995წ. 21 ნოემბრის ¹101 გადაწყვეტილებით რაიონის პროკურატურას სამსახურებრივი დანიშნულებით გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ... აღნიშნულ ბინაში 1994 წლამდე ცხოვრობდა პროკურატურის გამომძიებელი, რომლის სხვა რაიონში სამუშაოდ გადასვლის გამო, გამოთავისუფლებულ ბინაში თვითნებურად შეიჭრა გ. მ.-ე. ...-ის პროკურატურის 1997წ. დადგენილებით თვითნებურად დაკავებული ბინიდან ადმინისტრაციული წესით უნდა გამოსახლებულიყო გ. მ.-ე, სხვა სადგომის მიუცემლად, მაგრამ დადგენილება არ აღსრულდა სხვადასხვა მიზეზით. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ...-ის გამგეობას 1998წ. 25 მაისის ¹61 გადაწყვეტილებით ბინა გადაუცია გ. მ.-ისათვის და მასზე გაუცია ბინის ორდერი. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გამგეობის აღნიშნული ქმედებით დაირღვა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები, რადგან 1981 წლიდან იგი მუშაობდა ...-ის რაიონის პროკურატურაში და 1989 წლიდან იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე.
მოპასუხე _ ...-ის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გამგეობამ 1998წ. ¹61 გადაწყვეტილებით გააუქმა თავისი 1995წ. ¹101 გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას გააჩნდა. თუ გამგეობის ¹61 გადაწყვეტილება გაუქმდებოდა, მაშინ ბინა უნდა გადასცემოდა პროკურატურას სამსახურებრივი დანიშნულებით, თუმცა ბინის მესაკუთრედ კვლავ გამგეობა რჩებოდა.
ი. ფ.-ის სარჩელი აცილების წესით განსახილველად დაექვემდებარა ქედის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გამგეობის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეხებოდა ...-ის რაიონის პროკურატურას, რომელიც დამოუკიდებელ საჯარო იურიდიულ პირს წარმოადგენდა და სასამართლოს იგი უნდა ჩაერთო საქმეში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ...-ის რაიონის პროკურატურა, რომელმაც მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ...-ის რაიონის პროკურატურის მოთხოვნა; გაუქმდა ...-ის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მაისის ¹61 გადაწყვეტილება: ბინის ორდერი; პრივატიზაციის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ჩანაწერი; ბინა გადაეცა ...-ის რაიონის პროკურატურას.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. მ.-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე ი. ფ.-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დაბა ...-ში, ...-ის ქ. ¹3-ში მდებარე ბინა ¹3, ირიცხებოდა ...-ის რაიონის კომუნალური სამსახურის ბალანსზე და წარმოადგენდა გამგეობის საკუთრებას. 1994 წლამდე აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა პროკურატურის გამომძიებელი, როგორც დამქირავებელი. მისი წასვლის შემდეგ ბინაში შეიჭრა გ. მ.-ე. 1995წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბინა სარგებლობაში გადაეცა პროკურატურას. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ბინის პატრონობა და ბინაში უკანონოდ შესული გ. მ.-ის გამოსახლება. გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბინა ჩამოართვა პროკურატურას და დაუკანონა იგი ბინის ფაქტობრივ მფლობელ გ. მ.-ს და გასცა მასზე ბინის ორდერი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 156-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურამ დათმო ბინა და დაკარგა მასზე ფაქტობრივი ბატონობის უფლება, რის გამოც გამგეობას უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა 1995წ. ¹101 გადაწყვეტილება. სკ-ის 160-ე მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია ახალი მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვა 3 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, გასული იყო 4 წელზე მეტი და პროკურატურას არ მოუთხოვია ბინის დაბრუნება. მან ასეთი მოთხოვნა დააყენა მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად და უსაფუძვლოდ მიიჩნია ი. ფ.-ის მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოსარჩელე თავისი უფლების დარღვევად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი 1989 წლიდან ბინის აღრიცხვაზე იმყოფებოდა პირველ ნომრად და გამგეობის მიერ ბინის გ. მ.-ეზე გადაცემით შეილახა მისი ინტერესები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლით, მისი უფლება უნდა დარღვეულიყო 1995წ. ¹101 გადაწყვეტილებით, როდესაც ბინა სამსახურებრივი დანიშნულებით გადაეცა პროკურატურას გამომძიებლისათვის, მაგრამ მას გამგეობის აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ.-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ 1981 წლიდან მუშაობს ...-ის რაიონულ პროკურატურაში და ყოველთვიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდება სამსახურში მისასვლელად. 1989 წლიდან იმყოფება ბინის მიმღებთა აღრიცხვაზე პირველ ნომრად. ...-ის რაიონის გამგეობის 1995წ. ¹101 გადაწყვეტილებით ... მდებარე ბინა გადაეცა პროკურატურას. გამგეობამ 1998წ. ¹6 გადაწყვეტილებით ისე ჩამოართვა ბინა პროკურატურას, რომ საკითხი მასთან არ შეუთანხმებია და არც გადაწყვეტილება ჩაბარებია. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოთხოვნა ხანდაზმულად, ვინაიდან გამგეობის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების არანაირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება ...-ის რაიონულ პროკურატურას არ გაუსაჩივრებია საკასაციო საჩივრით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ...-ის პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ.
კასატორი (მოსარჩელე) ი. ფ.-ე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ...-ის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მაისის ¹61 გადაწყვეტილებით შეილახა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი 1989 წლიდან იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე პირველ ნომრად და გამგეობის მიერ გ. მ.-ეზე ბინის განაწილებით დაირღვა მისი უფლება, მიეღო ბინა.
პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელის ინტერესები შეილახებოდა ჯერ კიდევ 1995წ. 21 ნოემბერს, როდესაც ...-ის საბინაო კომუნალური საწარმოების კომბინატის ბალანსზე რიცხული ბინა ¹3, მდებარე ..., გამოეყო პროკურატურას სამსახურებრივი დანიშნულებისათვის და მისი, როგორც ბინის მიღების აღრიცხვაზე მყოფი პირის ინტერესები, არ იქნა გათვალისწინებული, მაგრამ გამგეობის აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ფ.-ეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო გამგეობის 1998წ. 25 მაისის ¹61 გადაწყვეტილებით მისი უფლება არ შელახულა, ვინაიდან ... მდებარე გამოთავისუფლებული კომუნალური ფართის ბინა უფლებრივად დაიტვირთა გამგეობის 1995წ. ¹101 გადაწყვეტილებით, როდესაც სამსახურებრივი დანიშნულებისათვის გამოეყო პროკურატურას. გასაჩივრებული ¹61 გადაწყვეტილებით მხოლოდ დამქირავებელი შეიცვალა, ბინა ჩამოერთვა ...-ის რაიონის პროკურატურას და იგი გადაეცა გ. მ.-ს. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ი. ფ.-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ იგი 1989 წლიდან იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე და გამგეობის გადაწყვეტილებით შეილახა მისი უფლებები და ინტერესები, უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი 1994წ. 25 ივლისით დათარიღებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ი. ფ.-ს უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა საცხოვრებელი 15 კვ.მ-ითა და 15 კვ.მ დამხმარე ფართით, მდებარე დაბა ...-ში, ... ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად და რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. ი. ფ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბადის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.