Facebook Twitter

¹ბს-593-666-კ-03 21 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

შეგებებული სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზაციის უფლების მინიჭება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 6 სექტემბერს სასაზღვრო რაზმმა “ა.-ე" სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ფ. ქ.-ის მიმართ, მესამე პირად მიუთითა ა. ბ.-ზე.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ 1999წ. 12 იანვრის აქტის საფუძველზე მას გადაეცა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ყოფილი სამხედრო დასახლება და საუწყებო ბინები, რომლებიც განაწილდა სასაზღვრო რაზმ “ა.-ის" მოსამსახურეებს შორის.

მოსარჩელის განმარტებით, 1999წ. 18 აგვისტოს ¹... ორდერის საფუძველზე ა. ბ.-ს გამოეყო აღნიშნული დასახლების პირველი ... მდებარე ოროთახიანი სამსახურებრივი ბინა, რომელიც თვითნებურად ჰქონდა დაკავებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ყოფილ მოსამსახურე ფ. ქ.-ს.

მოსარჩელის მითითებით, ფ. ქ.-ს ურთიერთობა არ ჰქონდა სასაზღვრო რაზმ “ა.-ესთან" და მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებდა დაკავებულ ბინას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა საქართველოს საბინაო კოდექსის 101-110-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხის გამოსახლება აღნიშნული ბინიდან.

მოპასუხე ფ. ქ.-ემ შეგებებული სარჩელი შეიტანა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, რომელშიც აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში რუსეთის ფედერაციის ყოფილ სამხედრო მოსამსახურე გ. ბ.-თან.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 1998 წელს, ერთად ცხოვრების პერიოდში, მათ მიიღეს ზემოაღნიშნული საუწყებო ბინა, რომელშიც ამჟამად ცხოვრობდა მცირეწლოვან შვილთან ერთად, ვინაიდან მეუღლემ ისინი მიატოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. თავად ფ. ქ.-ე კი მუშაობდა ახალციხის ¹... საფოსტო განყოფილებაში ...-ად და ემსახურებოდა სასაზღვრო ჯარს.

ფ. ქ.-ის განმარტებით, იგი ორ წელზე მეტია, ცხოვრობდა სადავო ბინაში და მოპოვებული ჰქონდა დამქირავებლის უფლება, აღნიშნული ბინა კი თავდაპირველმა მოსარჩელემ გადასცა ა. ბ.-ს, რომელსაც სახლი გააჩნია სოფ.ში, მაგრამ ბინის მისაღებად ჩავიდა ახალციხეში.

შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ ის კანონიერად ფლობდა აღნიშნულ ბინას და ითხოვა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების საფუძველზე სადავო ბინის პრივატიზების უფლების მინიჭება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასაზღვრო რაზმი “ა.-ის" სარჩელი: ფ. ქ.-ე სხვა მუდმივი საცხოვრებელი ფართის მიუცემლად გამოსახლდა ...-ის ¹... ბინიდან, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისთვის დროებით, 1999-2000წ. ზამთრის პერიოდში, საცხოვრებლად ვარგისი ფართის გამოყოფა; ფ. ქ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ქ.-მ, რომელმაც ითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის საოქმო დადგენილებით სასაზღვრო რაზმი “ა.-ე" შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ... სამმართველოთი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ... სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ფ. ქ.-ე გამოსახლდა ახალციხეში, ... მდებარე ¹... საცხოვრებელი ბინიდან; ფ. ქ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ქ.-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, მისი მეუღლე 1983 წლიდან 1994 წლამდე მსახურობდა ჯერ რუსეთის სასაზღვრო ჯარში, შემდეგ კი სასაზღვრო რაზმ “ა.-ეში", თვითონ კი იყო სამხედრო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, ვინაიდან 1991 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა ¹... საფოსტო განყოფილებაში, რომელიც სასაზღვრო რაზმის დაქვემდებარებაში იყო.

კასატორმა უკანონოდ მიიჩნია მისი ბინიდან გამოსახლების საფუძვლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების VII პუნქტზე მითითება, ვინაიდან, კასატორის განმარტებით, აღნიშნული შეიძლება ყოფილიყო შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და არა მისი ბინიდან გამოსახლების საფუძველი.

კასატორმა ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან, მისი განმარტებით, იგი მეუღლესთან ერთად სადავო ბინას ფლობდა 1987 წლიდან, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 1999წ. 12 იანვრის აქტის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საბინაო ფონდი გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს და რომ ქ. ახალციხის, ... მდებარე ¹49 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. აღნიშნული ბინა წარმოადგენს სამსახურებრივ ბინას, რადგანაც ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების პირველი პუნქტით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსახურებრივ თანრიგში. იმავე ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენდნენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.

საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ სადავო ბინა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის .... სამმართველოს ბალანსზე და მისი გამოყენება ხდება სამსახურებრივი დანიშნულებით სამმართველოში მომუშავე სამხედრო პირების დასაკმაყოფილებლად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგივე წესი გავრცელდება სამსახურებრივი დანიშნულების ბინებზეც.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი ფ. ქ.-ე თავისი საკასაციო საჩივრით თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 1 სექტემბრის გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერებაზე აღარ იმსჯელებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლი და სწორად განმარტა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ... სამმართველო, როგორც სადავო ბინის მესაკუთრე, კანონიერად ითხოვს სადავო ბინიდან ფ. ქ.-ის გამოსახლებას, ვინაიდან მას უფლება აქვს ფლობდეს თავის საკუთრებას და არ დაუშვას სხვა პირთაA მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფ. ქ.-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. ფ. ქ.-ე, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.