Facebook Twitter

ბს-595-517-კ-04 27 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: აუქციონის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 თებერვალს ვ. ს-ნ ოღლიმ კასპის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონული განყოფილებისა და მესამე პირის _ ნ. ი-ლ ოღლის მიმართ სარჩელი აღძრა და კასპის რაიონის სოფ. .....-ის მაღაზიის პრივატიზაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ვ. ს-ნ ოღლი აღნიშნავდა, რომ 1995 წლიდან კასპის რაიონის სოფ. .....-ის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. 2000წ. სექტემბერში ნ. ი-ლ ოღლიმ, როგორც მესაკუთრემ, ზემომითითებულ მაღაზიაზე პრეტენზია განაცხადა. აღნიშნულის გასარკვევად მან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონულ განყოფილებას მიმართა, სადაც განუმარტეს, რომ ნ. ი-ლ ოღლის სადავო მაღაზიაზე საკუთრების უფლება აუქციონის შედეგად ჰქონდა მოპოვებული.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მაღაზიის პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული არ ყოფილა. ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “ ........-ში", რომელიც კასპის რაიონში მასიურად არ ვრცელდებოდა და მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილებისათვის იყო ხელმისაწვდომი. ამასთან, გაზეთ “ .......-ში" გამოქვეყნებული ინფორმაცია აუცილებელ და სავალდებულო მონაცემებს, კერძოდ: საპრივატიზაციო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობის სიდიდეს, გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და გამყიდველის მისამართს არ შეიცავდა. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი და “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ" 1999წ. დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი დარღვეულ იქნა.

2002წ. 17 ივლისს სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულმა განყოფილებამ სასამართლოში აღიარებითი სარჩელი წარადგინა და აღნიშნა, რომ სოფ. .....-ში მცხოვრებმა ნ. ი-ლ ოღლიმ 1999წ. 15 ივნისის აუქციონის დაწყებისას 15 ივნისის თარიღით შეძენილი აუქციონის ბილეთი წარადგინა, რეალურად კი, ბილეთის ღირებულება “ა-ში" 16 ივნისს შევიდა, ანუ ნ. ი-ლ ოღლიმ ყალბი გადახდის ქვითარი წარადგინა, რაც სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილებისათვის 2002წ. ივნისში გახდა ცნობილი. ამდენად, აუქციონის ჩატარების წესი დაირღვა, რის გამოც სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულმა განყოფილებამ პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.

კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის საოქმო განჩინებით ვ. ს-ნ ოღლისა და სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

2002წ. 13 სექტემბრის განჩინებით აღნიშნულ საქმეში თ. ი-ლ კიზი იქნა ჩაბმული, ვინაიდან აღნიშნული მაღაზია თ. ი-ლ კიზიზე იყო გასხვისებული.

თ. ი-ლ კიზიმ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა და აღნიშნა, რომ იგი მაღაზიის კეთილსინდისიერ მფლობელს და მესაკუთრეს წარმოადგენდა. ამასთან, თ. ი-ლ კიზი მიუთითებდა, რომ მაღაზიის პრივატიზება 1999წ. 15 ივნისს მოხდა. შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა _ 3 წელი 2002წ. 15 ივნისს გავიდა, სარჩელი კი სასამართლოში მოგვიანებით იქნა წარდგენილი.

კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ნ ოღლის სარჩელი დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონულ განყოფილებასა და ნ. ი-ლ ოღლს შორის 1999წ. 21 ივლისს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს სოფ. .......-ში არსებული მაღაზიის შენობა საკუთრებაში გადასცა, ბათილად იქნა ცნობილი. სოფ. ........-ში მდებარე მაღაზიის შენობა შემდგომი პრივატიზაციისათვის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონულ განყოფილებას გადაეცა. ნ. ი-ლ ოღლის სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილებისაგან შესყიდული ობიექტის ღირებულება (1131 ლარი) დაუბრუნდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონული განყოფილების სარჩელი სოფ. ........-ის მაღაზიის პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ი-ლ ოღლიმ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ვ. ს-ნ ოღლის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იმ მოტივით, რომ სარჩელი ხანდაზმული და უსაფუძვლო იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 მარტის განჩინებით ნ. ი-ლ ოღლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ აუქციონის ჩატარების დღეს, 1999წ. 15 ივნისს, ნ. ი-ლ ოღლის მონაწილის ბილეთი არ ჰქონდა, რაც მას აუქციონში მონაწილეობის სტატუსს შესძენდა. ამით მან “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი დაარღვია.

სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მითითება, რომ ნ. ი-ლ ოღლის მიერ წარდგენილ იქნა თანხის გადახდის ქვითარი, რადგან თავად სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულმა განყოფილებამ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მის მიერ ჩატარებული პრივატიზაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ პრივატიზების პროცესის დროს დაშვებული კანონის დარღვევები, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნული განჩინება ნ. ი-ლ ოღლიმ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ქონება კეთილსინდისიერ შემძენზე იყო გაყიდული. თ. ი-ლ კიზიმ სერიოზული ხარჯი გასწია. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვ. ს-ნ ოღლის აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და იგი უფლებამოსილ მხარეს არ წარმოადგენდა, რადგან მისი უფლებები ან ინტერესები არ შელახულა მაღაზიის შენობაზე აუქციონის ჩატარებითა და სადავო ქონების გაყიდვით. სოფ. .......-ის სადავო მაღაზიის აუქციონი ორჯერ ჩატარდა და მას მონაწილეობის შესახებ განცხადება არც ერთხელ არ შეუტანია.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თ. ი-ლ კიზიმ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 10 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო მაღაზიის შენობა, მდებარე სოფ. .......-ში, დავის განხილვის დროს უკვე მისი საკუთრება იყო, იგი კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა და სადავო ქონებაზე განხორციელებული პრივატიზაციის ბათილად ცნობა თ. ი-ლ კიზის ინტერესების გაუთვალისწინებლად,A მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ თ. ი-ლ კიზისა და ნ. ი-ლ ოღლის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ არის სრულყოფილად გამოკვლეული, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება, იგი საქმეს ხელახლა არსებითად განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოსა და მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, ნ. ი-ლ ოღლიმ 1999წ. 21 ივლისს სადავო მაღაზიის პრივატიზება მოახდინა, ხოლო მოგვიანებით, მან სოფ. .........-ის მაღაზიის შენობა თ. ი-ლ კიზის მიჰყიდა 2000 ლარად. ნიშანდობლივია, რომ დავის საგანს სასამართლოში მხოლოდ ნ. ი-ლ ოღლისა და კასპის ქონების მართვის განყოფილებას (ამჟამად სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის სამმართველო) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად გამოცხადდა კიდეც სადავო ობიექტის პრივატიზების ხელშეკრულება. შესაბამისად, დადგინდა, რომ უნდა აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა და ......-ის მაღაზიის შენობა კვლავ კასპის რაიონის ქონების მართვის განყოფილებას უნდა დაბრუნებოდა. სასამართლოს არ უმსჯელია, რეალურად, როგორ უნდა განხორციელებულიყო სადავო ფართის დაბრუნება, მაშინ, როცა გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის იგი უკვე თ. ი-ლ კიზის საკუთრება იყო. აქვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნ. ი-ლ ოღლისა და თ. ი-ლ კიზის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი მოსარჩელეებს სასამართლოს წინაშე არ დაუყენებიათ და ეს უკანასკნელი დავის საგანი არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, რეალურად შესაძლებელია თუ არა თ. ი-ლ კიზის საკუთრებაში არსებული სადავო შენობის თავდაპირველი გამყიდველის _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსათვის დაბრუნება, თუ ძალაში იქნება ნ. ი-ლ ოღლსა და თ. ი-ლ კიზის შორის სადავო ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ი-ლ ოღლისა და თ. ი-ლ კიზის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.