Facebook Twitter

¹ ¹ბს-597-668-კ-03 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, გათავისუფლების ბრძანების გაუქმება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელეებმა მ. ფ.-ემ, მ. კ.-მა, კ. მ.-მა, ი. ტ.-მა, დ. ო.-მ, ა. ფ.-მ სარჩელი აღძრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვეს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 20.11.2000წ. სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ და ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, კუთვნილი ხელფასისა და პრემიის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არ ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში 08.11.2000წ. ჩატარებული კონკურსისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა, კანონმდებლობის უხეში დარღვევებით მათი გათავისუფლების გამო პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობის უარყოფა. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ნ. ფ.-ის, ნ. ვ.-ის, დ. ო.-ის, კ. მ.-ის გათავისუფლება მოხდა არა ბრძანებით, არამედ წერილობითი შეტყობინებით, რითაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის მოთხოვნა. ბრძანებას გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეები არ გაცნობიან, რის გამოც სზაკ-ის 54.1 მუხლის თანახმად, იგი ძალაში შესულად არ უნდა ჩაითვალოს, ბრძანებები არ შეესაბამებოდა სზაკ-ის 52.2 მუხლის მოთხოვნებს, ბრძანებებში არ არის მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლება აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი, საჩივრის წარდგენის ვადა. მოსარჩელეთა აზრით, მათი გათავისუფლება არ დაიშვებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან ისინი თანახმანი იყვნენ სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, რაც მათთვის არ შემოუთავაზებიათ, მათი საშტატო ერთეულები არ გაუქმებულა. კონკურსი ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დარღვეული იქნა “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 15.06.2000წ. ¹103 ბრძანების მოთხოვნები, კონკურსი ჩატარდა არა კონკრეტულ თანამდებობაზე, არამედ ზოგადი გამოცდის ფორმით, კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობას არ იღებდნენ შესაბამისი პირები, კონკურსის შედეგები არ ეცნობათ თითოეულ მონაწილეს ცალ-ცალკე, უსწორო იყო შეფასების კრიტერიუმი, შეფასების სისწორის გადამოწმება დაევალა არაკომპეტენტურ და არაუფლებამოსილ პირებს, საგადასახადო ორგანოს მოქმედებით შეილახა მათი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

სარჩელი არ ცნო მოპასუხე – ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის აზრით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის თანახმად სარჩელი ხანდაზმულია. მოსარჩელეები კანონის მოთხოვნათა დაცვით ერთი თვით ადრე გაფრთხილებული იყვნენ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მათთვის ცნობილი იყო აგრეთვე გათავისუფლების ფაქტი, ასევე ტესტირების და კონკურსის შედეგების შესახებ, რაც ერთთვიან ვადაში არ გასაჩივრებულა. სარჩელი არ ცნეს აგრეთვე საგადასახადო დეპარტამენტის და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის წარმომადგენლებმა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20.01.03წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აპელანტების მ. ფ.-ის, ა. ფ.-ის, დ. ო.-ის, შ. კ.-ის და კ. მ.-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.10.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტები მუშაობდნენ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში, საიდანაც გათავისუფლდნენ 20.11.2000წ ბრძანებებით. ბრძანებების მიხედვით გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 14.10.2000წ. ¹447 ბრძანებულება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტები წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს და მათ მიმართ მოქმედებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, აპელანტთა სამსახურებიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანებები წარმოადგენენ ადმინისტრაციულ გარიგებებს და არა ადმინისტრაციულ აქტებს, რის გამო მათ მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასკ-ის და სზაკ-ის ნორმები, რომლებზედაც მიუთითებდნენ აპელანტები. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მიერ გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანებების გაუქმების მოთხოვნის უარსაყოფად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლის გამოყენება. პალატამ მიუთითა, რომ 20.11.2000წ. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მათთვის ცნობილი იყო, რაც მათ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს, მიუხედავად ამისა სარჩელი სასამართლოში 21.05.01წ. აღიძრა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინების ათვლასთან დაკავშირებით გამოყენებულ იქნა სკ-ის 130-ე მუხლი, რომლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი არ ითვალისწინებს ბრძანების მოხელისათვის ჩაბარების აუცილებლობას და მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული შკკ 204-ე მუხლი, რადგანაც არ არსებობს დასახელებული კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირობა. სააპელაიცო სასამართლომ იმავე საფუძვლებით კანონიერად მიიჩნია რაიონული სასამრათლოს გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. პალატამ მიუთითა, რომ გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. პალატამ მიიჩნია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები არ წარმოადგენენ პიროვნების პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს, რის გამო არარსებობს სკ-ის 18.2 მუხლის გამოყენების საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.10.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ფ.-ისა და კ. მ.-ის მიერ. კასატორების აზრით სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები წარმოადგენენ ადმინისტრაციულ გარიგებებს, არ გამორიცხავს მათ მიმართ სზაკ-ის ნორმების გამოყენებას. სზაკ-ის 66.3 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული გარიგებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის შრომის თავისუფლების დარღვევა. სზაკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი. იმ შემთხვევაში თუ საქმეში არსებულ საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის ძალით მიღებულ გადაწყვეტილებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებად მივიჩნევთ, სახეზე გვექნება მართლსაწინააღმდეგო გარიგება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 33-ე, 34-ე მუხლები მიუთითებენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პერსონიფიცირებულ ხასიათზე, უფლებამოსილი პირი ვალდებულია აცნობოს კანდიდატს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციის მიერ შესრულებული არ ყოფილა. ამდენად, კომისიის გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინიტსრაციულ აქტად, ხოლო მუშაკთა გათავისუფლების ბრძანება – ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე დადებულ ადმინისტრაციულ გარიგებად, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და ბათილად უნდა გამოცხადდეს (სკ-ის 54-ე მუხლი). კასატორები თვლიან, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს. სზაკ-ის მე-2 მუხლის I-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს. მასში შეიძლება აისახოს ადმინისტრაციული გარიგებაც (სზაკ-ის 70.2 მუხ). ამდენად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, გადაწყვეტილებები და მუშაკთა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები მიჩნეული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ აქტებად, რომლებიც ადმინისტრაციული გარიგების-მუშაკთა გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებს ქმნიან.

ვინაიდან სააპელაციო სასამართლო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყებას იწყებს სკ-ის 130-ე მუხლის საფუძველზე, გაურკვეველია რატომ არ იყენებს იგი სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიან ხანდაზმულობის ვადას. სასამართლო ვერ ასაბუთებს, რომ მოსარჩელეებისათვის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი 2000წ. 20 ნოემბრისათვის იყო ცნობილი, მით უფრო, რომ ზოგიერთ მათგანს გათავისუფლების ბრძანება საერთოდ არ ჩაბარებია, ხოლო გასაჩივრების წესი ყოველთვის ითვალისწინებს გასაჩივრებული დოკუმენტის გასაცნობად ჩაბარების აუციოებლობას. “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-14 მუხლი სწორედ შრომის კანონმდებლობის მოქმედების უპირატესობას აღიარებს (შკკ-ს 204.1 მუხ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სსკ-ის 412-ე მუხლზე მითითებით, კასატორები მოითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და დამატებით აღნიშნეს, რომ ა. ფ.-ე გამოცდაზე პაკეტის გახსნამდე გახდა შეუძლოდ, ჩააბარა საგამოცდო ფურცელი და დატოვა დარბაზი, რაც ადასტურებდა გამოცდის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმით. რეზერვში ჩარიცხვის მიუხედავად ა. ფ.-ე არ არის დაკმაყოფილებული სამსახურით. რაც შეეხება კ. მ.-ს, იგი არ იქნა მიღებული სამსახურში ტესტურ გამოცდაში 21 ქულის დაგროვების მიუხედავად, მის მიმართ გამოყენებული შრომის ნაყოფიერების დაბალი ქულები არ იყო გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესებში. კასატორები არ დაეთანხმნენ სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ, კასატორებმა შეცვალეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების ნაცვლად მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდა მათი სასარჩელო მოთხოვნები. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის 20.11.2000წ. ბრძანებებით კასატორები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 97-ე და 108-ე მუხლების თანახმად. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 110-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეში დაცულია ინსპექციის უფროსის ბრძანებების ასლები, რომელთა მიხედვით ა. ფ.-ე გათავისუფლდა გადასახადების შეგროვების ქ. თბილისის სამმართველოს ...-ის, ხოლო კ. მ.-ი გადასახადების შეგროვების აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილების ...-ის თანამდებობიდან. ამდენად, სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა არა ბრძანებით, არამედ წერილობითი შეტყობინებით არ შეესაბამება სინამდვილეს. უმართებულოა აგრეთვე მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო აქტები არ შეიცავენ დასაბუთებას. სადავო ბრძანებების მიხედვით გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 14.10.2000წ. ¹447 ბრძანებულება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად.

კასატორების გათავისუფლების უსაფუძვლობა არ დასტურდება აგრეთვე იმ გარემოებით, რომ კასატორები თანახმანი იყვნენ დაეკავებინათ სხვა თანამდებობები. მართალია დაწესებულების რეორგანიზაცია საერთო წესის მიხედვით არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, უკე თუ პირი თანახმაა დაიკავოს სხვა თანამდებობა, მაგრამ როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 97-ე მუხლის I-ლი პუნქტის თანამად შესაძლებელია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 20.11.2000წ ¹447 ბრძანებულების საფუძველზე ჩატარებულ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსექციის რეორგანიზაციას თან ახლდა საშტატო რიცხოვნობის შემცირება, არსებოდა კასატორების თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, რადგანაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები. საგადასახადო კოდექსის 2701 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოებში თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის (და ტესტირების) საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მუშაკთა ატესტაცია ჩატარდა საქართევლოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 15.06.2000წ. ¹103 ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის” მიხედვით. აღნიშნული აქტი არ გასაჩივრებულა სასკ-ის 22.3 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანება არ შესულა კანონიერ ძალაში, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტი არ გასცნობიათ მათ სზაკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ. განჩინების* თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება არის მოსამსახურისა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა, შესაბამისად მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული სზაკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლის, აგერთვე სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ექვსთვიანი ვადები. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ბრძანებები ფორმულურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავენ სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, სახელდობრ, ბრძანებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის და კონკრეტულად კასატორებსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, ამასთანავე, ბრძანებების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, თავისი არსით, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რის გამო მართებულია სასამართლოს მსჯელობა სადავო ბრძანებების, როგორც ადმინისტრაციული გარიგებების შეწყვეტის კანონიერებაზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკურსის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ადმინისტრაციულ აქტად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან კონკურსი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას.

საფუძველსმოკლებულია კასატორთა მოთხოვნა სადავო ბრძანებების მიმართ ადმინისტრაციული გარიგების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შემთხვევაში სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნათა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების შესახებ, ვინაიდან კანონმდებყლობით, კერძოდ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I-ლი პუნქტით, დადგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, სახელდობრ, ხსენებული ნორმით მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგერეთვე მოქმედება.

უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათთვის უცნობი იყო მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ა. ფ.-მ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო 22.11.2000წ. ბრძანების შესახებ, კ. მ.-მა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ კონკურსის შედეგებს 2000წ. ნოემბერში გაეცნო, სამსახურიდან გათავისუფლდა 20 ნოემბერს, რომლის შემდეგ სამსახურში არ უვლია, დეპარტამენტის წარმომადგენლის შეკითხვაზე კ. მ.-ი პასუხობს, რომ მისთვის 2000წ. ნოემბერში უკვე ცნობილი იყო გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა სარჩელი სასამართლოში კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით 21.05.01წ. იქნა აღძრული. ვინაიდან სამსახურებრივ მოვალეობას კასატორები არ ასრულებდნენ 2000წ. ნოემბრიდან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ პერიოდიდან მათთვის ცნობილი იყო აგრეთვე კონკურსის შედეგების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დაადასტურეს, რომ ისინი გაფრთხილებული იყვნენ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2000წ. 20 ნოემბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 18.10.2000წ. ¹11-4115 წერილის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 14.10.2000წ. ¹447 ბრძანებულების საფუძველზე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108-ე მუხლების თანახმად ა. ფ.-ს ეცნობა, რომ 2000წ. 20 ნოემბრიდან მასთან შეწყვეტილი იქნებოდა შრომითი ხელშეკრულება საშტატო ერთეულების შემცირების გამო. მითითებულ წერილს ა. ფ.-ე გაეცნო 20.10.2000წ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ინსპექციის უფროსის სადავო ბრძანებებს საფუძვლად ედო საქართველოს პრეზიდენტის 14.10.2000წ. ¹447 ბრძანებულება და საკონკურსო _ საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება. “მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 14.10.2000წ. ¹447 ბრძანებულება ითვალისწინებდა ინსპექციის საშტატო რიცხოვნობის შემცირებას, ბრძანების ტექსტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ევალებოდა 2000წ. 20 ნოემბრამდე უზრუნველეყო მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. ინსპექციის შემცირებული საშტატო რიცხოვნობა, საქართველოს პრეზიდენტის 14.10.2000წ. ¹447 ბრძანებულების თანახმად, 2000წ. 20 ნოემბრიდან ამოქმედდა. კასატორთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინსპექციის უფროსის სადავო ბრძანებები ასევე ითვალისწინებდნენ ა. ფ.-ის და კ. მ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლებას 2000წ 20 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 20.11.2000წ. ¹447 ბრძანებულება, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, ნორმატიული აქტის მიმართ მოქმედებს მისი ცოდნის პრეზუმფცია. სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათთვის უცნობი იყო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და რომ მათ მიერ არ დარღვეულა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ამასთანავე, კანონით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

რაც შეეხება პატივის და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები არ შეიცავენ პიროვნების პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს, ისინი არ შეიცავენ მონაცემებს კასატორების მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. პირად არაქონებრივი უფლებების დაცვის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადების არ გავრცელება არ ნიშნავს ამ მოთხოვნის სავალდებულო წესით დაკმაყოფილებას. სააპელაციო პალატის მიერ ამ მოთხოვნის ნაწილში უარის თქმა განპირობებული იყო არა ხანდაზმულობის ვადის გაცდენით, არამედ იმით, რომ გასაჩივრებული ბრძანებები არ ქმნიან სკ-ის 18.2 მუხლის გამოყენების პირობას.

საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა აგრეთვე კასატორების მითითება რეზერვში მყოფი პირებიდან თანამდებობაზე კანონით განსაზღვრული წესის დარღვევით მოხელეთა დანიშვნის შესახებ, ვინაიდან მოხელეთა რეზერვიდან, რომელშიც ჩარიცხული არიან კასატორები, შესაძლო დანიშვნა არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადგილი არ აქვს საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანაზმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ფ.-ის, კ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.10.2003წ განჩინება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.