ბს-601-672-კ-03 1 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საპენსიო დანამატის დანიშვნა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 20 ივნისს ვ. მ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე საპენსიო დანამატის, 42 ლარის, დანიშვნა, ხოლო ამავე კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის 84 წლის, დიდი სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, არის ღირსების ორდერის კავალერი, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი, აქვს მუშაობის 65-წლიანი სტაჟი, დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით.
ვ. მ.-ს სარჩელი არ ცნო აჭარის ა/რ სოცდაზღვევის ფონდმა იმ მოტივით, რომ მეორე სახეობის პენსია დაენიშნებათ პირებს, რომლებიც არიან ოფიცრები და ომის ინვალიდობის პენსიას იღებენ ძალოვანი სტრუქტურებიდან და არა სოცდაზღვევის ორგანოებიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიისა და შესაბამისი დანამატის _ 42 ლარის დანიშვნა, ასევე 12 თვის მიუღებელი პენსიის 504 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოცდაზღვევის ფონდმა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ვ. მ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ სოცდაზღვევის ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. მ. მიეკუთვნება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, რადგან არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, 83 წლის, მეორე ჯგუფის ომის ინვალიდი, რის გამოც, სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად გაავრცელა მასზე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სოცდაზღვევის ფონდის მოტივაცია, რომ მოხუცებულობის გამო, მეორე სახეობის პენსიის სოცდაზღვევის ფონდიდან დასანიშნად პირი შინაგან საქმეთა და სამხედრო ორგანოებიდან უნდა იღებდეს ომის ინვალიდობის პენსიას, რადგან აღნიშნულს კანონი არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიონული სასამართლოს მიერ ასევე მართებულად დაკმაყოფილდა ვ. მ.-ს მოთხოვნა 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე, თანახმად “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “ვ” პუნქტისა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოცდაზღვევის ფონდმა და შემდეგი მოტივით მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 5 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ვ. მ.-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:
კასატორის განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურე ინვალიდებზე, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურებიდან იღებენ პენსიას.
კასატორის მითითებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2003წ. 23 ივლისის კანონის თანახმად, პირველი მუხლის “ი” და “ლ” ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს, როგორც ოფიცრებს, ასევე რიგითი შემადგენლობის პირებს, ვ.-ი სამხედრო მოსამსახურეები არიან თუ ზევ.-ი, პენსიები დაენიშნებათ აღნიშნული კანონით, რომელიც ძალაში შედის 2004წ. 1 იანვრიდან. ამდენად, კასატორის აზრით, არაოფიცერ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე ორი სახეობის პენსიის დანიშვნა გათვალისწინებულია 2004წ. 1 იანვრიდან.
2004წ. 1 იანვრიდან ვრცელდება, ასევე, არაოფიცერ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე ამავე კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები.
ამდენად, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, რადგან ვ. მ. მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლებას, ზემოაღნიშნული ცვლილებების თანახმად, მოიპოვებს 2004წ. 1 იანვრიდან. რაც შეეხება 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებას, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნულთან დაკავშირებით კანონის 48-ე მუხლი, რადგან ეს ნორმა არ განსაზღვრავს მოხუცებულობის პენსიის დანიშვნის ვადებს. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, მეორე სახეობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის ორი მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატის დანიშვნა არასწორია, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პენსიის მინიმალურ ოდენობას. აღნიშნული განისაზღვრა “სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ” 2003წ. 20 ივნისის კანონით, რომელიც ძალაში შედის 2004წ. 1 იანვრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ნოემბრის განჩინება:
კასატორი – აჭარის ა/რ სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდი ითხოვს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ინვალიდობის პენსიასთან, 45-ლართან, ერთად მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე ვ. მ.-სათვის უარის თქმა, რაც, საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრისა და 27 დეკემბრის განმარტებების მიხედვით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა იყოს 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს ომის ინვალიდი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. მ.-ა არის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული, II ჯგუფის ომის ინვალიდი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვ. მ.-ა აკმაყოფილებს კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს და სწორად გაავრცელა მასზე აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი ვრცელდება ამავე კანონის მხოლოდ პირველი მუხლის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ომის ინვალიდ სამხედრო მოსამსახურეებზე _ ოფიცრებზე.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სოცდაზღვევის ფონდიდან მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსიის დანიშვნისათვის სავალდებულო არ არის, რომ პირს ომის ინვალიდობის პენსია დანიშნული ჰქონდეს ძალოვანი სტრუქტურებიდან და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოიპოვებს მეორე სახეობის პენსიის სოცდაზღვევის ფონდიდან დანიშვნის უფლებას, რადგან აღნიშნულს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად დააკმაყოფილა ვ. მ.-ს მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა კანონის 48-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, არამედ ამავე კანონის 50-ე მუხლით, რომლის თანახმად: “თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს”, ხოლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2002წ. 3 დეკემბრის კანონმა 50-ე მუხლი გაავრცელა კანონის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებზე, ანუ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ პირებზეც, რომლებსაც მიეკუთვნება ვ. მ.-ა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას – კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2003წ. 23 ივლისის კანონს, რომლითაც ცვლილებები შევიდა კანონის მე-60, 50-ე და 48-ე მუხლებში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2003წ. 31 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ზემოაღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა 2005წ. 1 იანვრიდან. მანამდე სარჩელის აღძვრისა და სასამართლოში განხილვის პერიოდში მოქმედებს მე-60 მუხლის თავდაპირველი, აღნიშნულ ცვლილებებამდე არსებული რედაქცია.
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აჭარის სოცდაზღვევის საკასაციო საჩივარს ვ. მ.-სათვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნისა და 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.