Facebook Twitter

ბს-605-675-კ-03 2 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 8 სექტემბერს ო. ი.-მ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 70000 ლარის ოდენობით ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საფინანსო განყოფილებისათვის. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1967წ. 20 თებერვლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 1977 წლიდან გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოპერატიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ქ. ქუთაისის სასამართლოს 1978წ. 17 თებერვლის განაჩენის საფუძველზე იგი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლით. აღნიშნულის გამო, შსს-ს 1978წ. 6 აპრილის ¹002/0018 ბრძანებით იგი გაანთავისუფლეს სამუშაოდან.

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1993წ. 19 ნოემბრის დადგენილებით გაუქმდა ქ. ქუთაისის 1982წ. 12 აგვისტოს განაჩენი, საქმე შეწყდა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო და იგი რეაბილიტირებულ იქნა.

თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1994წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე ქუთაისის შს სამმართველოს ოპერატიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, იმავე რაიონის სასამართლოს 1995წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი კრწანისის რაიონის საფინანსო განყოფილებას დაეკისრა მისთვის იძულებითი განაცდურის სახით 18328 ლარის ანაზღაურება, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი იმ დროს ამ სახის დავის მარეგულირებელი ნორმის არარსებობის გამო.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით ო. ი.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ი.-ის წარმომადგენელმა გ. გ.-მ და მოითხოვა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, ამასთან, დააზუსტეს, დააკონკრეტეს იგი და საბოლოოდ მოითხოვეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ო. ი.-ის სარჩელი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 70000 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 სექტემბერის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო. ი.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნა, რომ ო. ი.-ს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1993 წლიდან, ანუ რეაბილიტაციის მომენტიდან და გამოყენებული უნდა ყოფილიყო 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი, რომლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეული იყო, განისაზღვრებოდა სამი წლით. სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ მოსარჩელე ო. ი.-მ ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა ფინანსთა სამინისტროსათვის, ნაცვლად მოპასუხედ მითითებული გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურისა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ი.-მ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ო. ი.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ო. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 70000 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე, 227-ე და 228-ე მუხლები, რომლებიც რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დარღვეული უფლებების აღდგენის წესსა და პროცედურას ადგენს. სწორედ მითითებული მუხლებით დადგენილი პროცედურით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, 227-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ გამამართლებელი განაჩენის ან განჩინების გამოტანის შემდეგ, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, რეაბილიტირებულს უფლება აქვს, მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის სასამართლოს 1982წ. 12 აგვისტოს განაჩენით ო. ი.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 9 თვით, რაც საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 251 მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე ვადით შრომაში სავალდებულო ჩაბმით. აღნიშნული განაჩენი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1982წ. 15 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად. მოგვიანებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1993წ. 19 ნოემბრის დადგენილებით გაუქმდა ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის სასამართლოს 1982 წლით 12 აგვისტოს განაჩენი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1989წ. 15 სექტემბრის განჩინება და ო. ი.-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ი.-ის სარჩელი განხილულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე, 221-ე 225-ე, 227-ე მუხლებით დადგენილი წესით და იგი განცხადებით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც წარმოადგენს ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის სასამართლოს უფლებამონაცვლეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ კასატორი არ ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების აღდგენას და განუმარტავს კასატორს, რომ მას შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლში მითითებული უფლებების, კერძოდ, შრომითი, საპენსიო ან სხვა უფლების აღდგენის, ასევე ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს სარჩელით, რომელიც განიხილება სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ამ კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2003წ. 24 მარტს მიღებული იქნა განჩინება, რომლითაც საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ი.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და ო. ი.-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 26-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის, ო. ი.-ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.