ბს-612-529-კ-03 10 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 11 იანვარს ნ. მ-მა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის ნაწილი, როგორც უნებართვო ნაგებობა (გარდა 20 კვ.მ-ისა), მისი მეუღლის დედის – წ. კ-ის სახელზე ირიცხებოდა. 1985 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე – რ. მ-ი, შემდეგ – წ. კ-ე. დედამთილის გარდაცვალებამდე ისინი იზოლირებულად ცხოვრობდნენ, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ წ. კ-ეს შვილებზე: ლ. მ-ზე, რ. მ-სა (მოსარჩელის მეუღლე) და ლ. მ-ის შვილზე – მ. ა-ა-ც-ეზე საანდერძო დანაკისრი ჰქონდა დატოვებული. დედამთილის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ მოსარჩელემ ქალაქის საბჭოს და ყოფილი ორჯონიკიძის რაიონის საბჭოს აღმასკომს მიმართა, რათა მისთვის ბინაზე მიშენების ნებართვა მიეცათ. გაითვალისწინეს რა მისი უმძიმესი მდგომარეობა, ნება დართეს 21 კვ.მ-ის დამხმარე სათავსოები მიეშენებინა, მაგრამ მან 21 კვ.მ-ის ნაცვლად 36 კვ.მ ფართი მიაშენა, რის გამოც აღნიშნული ფართის თავის სახელზე დაკანონება ვერ მოახერხა.
1999წ. 25 აგვისტოს ქ. თბილისში, ... მცხოვრებმა პირებმა – ლ.მ-მა, მ.ა-ა-ც-ემ (ანერძისმიერმა მემკვიდრეებმა), ლ.მ-მა და ა.ა-ემ ერთობლივი განცხადებით მიმართეს ვაკის რაიონის გამგეობას აღნიშნული უნებართვო სახლის დაკანონების შესახებ, თან მოსარჩელის სახელზე გაცემული მთავარი არქიტექტორის 1988წ. 4 ივლისის ¹409 ბრძანება წარადგინეს და გამგეობამ წ. კ-ის სახელზე სახლი დააკანონა მის მიერ მიშენებული ფართით იმ მოტივით, რომ გამგეობის ადმინისტარციული აქტი მის კანონიერ უფლებებს ზიანს აყენებდა, მოსარჩელემ მოპასუხე _ თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 29 სექტემბრის ¹10.22.142 გადაწყვეტილების მის მიერ სახლის ღია ბაქანზე მიშენებული ფართის ნაწილში გაუქმება და მოპასუხისათვის ამ ფართის მის სახელზე დაკანონება მოითხოვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 29 სექტემბრის ¹10.22.142 გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის დაკანონებას შეეხებოდა.
2001წ. 19 ნოემბერს მ. ა-მ და ლ. მ-მა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათ ინტერესებს შეეხებოდა, ხოლო ისინი, როგორც მესამე პირები, საქმეში მიწვეულნი არ იქნენ, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნები და შეილახა მათი უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ, სსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის განჩინებით მ.ა-სა და ლ.მ-ის განცხადება დაუშვებლობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნულ განჩინებაზე ზემოთ მითითებულმა პირებმა კერძო საჩივარი შეიტანეს, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 1 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე განცხადების დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების ბითილად ცნობის შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული და განცხადების ზეპირი განხილვა დაინიშნა.
ამავე სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით განცხადების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მარტის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირად სადავო ბინის ყველა შესაძლო მესაკუთრე (ლ. მ-ი, დ. მ-ი, ა. მ-ი, ა. ა-ე, ნ. ორჯონიკიძე, ლ. მ-ი, მ.ა-) ჩაება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 29 სექტემბრის ¹10.02.142 გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ქ. თბილისში, ... მდებარე ლიტ. “ბ” 1-ლი სართულის ოთახების: ¹21 – 3,4 კვ.მ; ¹22 – 14,70 კვ.მ; ¹23 – 3,64 კვ.მ; ¹24 – 7,22 კვ.მ დაკანონებას შეეხებოდა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. მ-მა და მ. ა-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ისა და მ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. მ-ის სარჩელი, ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ. მ-ისათვის 1999წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე იყო ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 29 სექტემბრის ¹10.22.142 გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც ქ. თბილისში, ... დაკანონებულ იქნა კერძო მფლობელობის საცხოვრებელ სახლზე მომხდარი ცვლილებები, მათ შორის: ¹21,22,23 და ¹24 ოთახები.
ამდენად სააპელაციო სასამართლომ ნ. მ-ის სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ., ა. და ნ. მ-ებმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ დ., ა. და ნ. მ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც, სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე უკანონო ნაგებობა აღრიცხული იყო ნ. მ-ის დედამთილის, შესაბამისად, ლ. მ-ის დედის _ წ. კ-ის სახელზე.
დადგენილია ისიც, რომ უკანონოდ ნაგებობაზე მიშენების ნებართვა მიეცა ნ. მ-ს ქალაქის მთავარი არქიტექტორის 04.07.88 ¹409 ბრძანებით, რაც განხორციელდა კიდეც. მიშენებული ფართის მის სახელზე დაკანონებაზე უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ მან დაარღვია შეთანხმებული პროექტი და ნაცვლად 21 კვ.მ-ისა, მიაშენა 36 კვ.მ. A
ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 29 სექტემბრის ¹10.22.142 გადაწყვეტილებით დაკანონდა ქ. თბილიში, ტ. ...ის ¹102-ში მდებარე ნაგებობა, მათ შორის, ნ. მ-ის მიერ მიშენებული ფართი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მთლიანი ნაგებობა აღრიცხული აღმოჩნდა წ. კ-ის სახელზე, ოღონდ, ახლა უკვე როგორც კანონიერი ნაგებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებით მოსარჩელე ფაქტობრივად უძრავი ნივთის თაობაზე დაობს, რადგან თვლის, რომ მის მიერ მიშენებული ფართი მისი საკუთრებაა. უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის სულ სხვა ვადებს ადგენს (სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე აბზაცი).
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ექვსთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგულისხმოა, რომ საგადასახადო დავებზე სასამართლოები იყენებენ არა ექვსთვიან, არამედ საგადასახადო კოდექსით დადგენილ ექვსწლიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამარტლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ექვსთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ექვსთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაც რომ იქნეს გამოყენებული, სარჩელი მაინც ვერ იქნება ხანდაზმულად მიჩნეული, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით მისი გაცნობისთანავე. იმისათვის, რომ პირი ადმინისტრაციული აქტიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ ჩაითვალოს და მასზე გავრცელდეს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, იგი აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად, ანუ კანონით დადგენილი წესით უნდა იქნეს ინფორმირებული. ამ მუხლის მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. მ-ის მიმართ დაცული არ ყოფილა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 29 სექტემბრის ¹10.22.142 გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. მ-ს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაჰბარებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ., ა. და ნ. მ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 214-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ., ა. და ნ. მ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.