Facebook Twitter
ბს-616-532-კ-04 16 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა, მიწის საკუთრების შესახებ ჩანაწერისა და საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:
ა. ქ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლაგოდეხის რაიონის გამგეობისა და შპს “ვ.-ის” წინააღმდეგ, მესამე პირად მიუთითა ლაგოდეხის მიწის მართვის სამმართველო და მოითხოვა ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1998წ. 6 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობა, მიწის საკუთრების შესახებ ჩანაწერისა და საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1995 წელს, სოფ. ... საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძინა აგროფირმის ბალანსზე რიცხული საქონლის სადგომი, მიმდებარე ტერიტორიით. 1996წ. მარტში გადაიხადა სადგომის ღირებულება 1800 ლარი, 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ღირებულება 150 ლარი. სოფ. ...-ის საკრებულოს კომისიის 1997წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით აღნიშნული საკარმიდამო ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში.
საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999წ. 10 მაისის ¹37/10 გადაწყვეტილებით შპს “ვ.-ს” სოფ. ... ტერიტორიაზე გამოეყო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი პირუტყვის სასაკლაოს მოსაწყობად.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ შპს “ვ.-ისათვის” მიწის გამოყოფის შესახებ დადგენილება უკანონო იყო, რადგან საკარმიდამო ნაკვეთის გვერდით პირუტყვის სასაკლაოს მოწყობა ეწინააღმდეგებოდა ვეტერინალურ-სანიტარული კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ, 1953წ. “ოფიციალური და აუცილებელი მონაცემების კრებული სანიტარულ და ეპიდემიურ საწინააღმდეგო საკითხებზე’’, რომლის თანახმად, ხორცკომბინატი დასახლებული პუნქტიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 300 მ-ით.
ლაგოდეხის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს “ვ.-ს” მიწის ნაკვეთი გამოეყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მიწის გამოყოფის შესახებ დადგენილება გამგეობის შუამდგომლობის საფუძველზე დაამტკიცა საქართველოს მიწის მართვისა და გამოყენების სახელმწიფო დეპარტამენტმა. მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა აკრძალვას პირუტყვის სასაკლაოს საკარმიდამო ნაკვეთებიდან დაშორების შესახებ. ასევე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული დადგენილების მიღების დროს მოსარჩელეს დადგენილი წესით გამოყოფილი არ ჰქონდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ეს მიწები 1998წ. 19 ნოემბრამდე იყო სახელმწიფო საკუთრების მიწა და გამგეობას მისი საკარმიდამოდ გამოყოფის უფლება არ ჰქონდა.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ქ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული დადგენილება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას და მიუთითა, რომ სკ-ის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, არღვევს საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის მიერ მითითებული 1953წ. და 1948წ. წესები და ინსტრუქცია საქართველოს კანონმდებლობას წარმოადგენდა და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები არ წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობას “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობით კი, კერძოდ, 1995წ. “ვეტერანის შესახებ” კანონით და 2003წ. “საქართველოს სანიტარული კოდექსით” არ იყო განსაზღვრული პარამეტრები და აკრძალვები სასაკლაოს მოსაწყობად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გასაჩივრებული დადგენილების მიღების დროს ბოსელის მიმდებარე ტერიტორია იყო სახელმწიფო საკუთრების მიწა, რომელიც რეფორმის ფონდში არ იყო გადაცემული. ა. ქ.-ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გადაეცა სოფ. ... სასოფლო გამგეობის მიწის რეფორმის კომისიის 1998წ. 16 ოქტომბრის ოქმით, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მას დაუკანონდა სოფ. კამალის რეფორმის კომისიის 1997წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით და მიუთითა, რომ, ვინაიდან იმ პერიოდისათვის, 1998წ. ნოემბრამდე, აღნიშნული მიწები წარმოადგენდა სახელმწიფო ფონდის მიწას, ამიტომ სარეფორმო კომისიას უფლება არ ჰქონდა, გაენაწილებინა მიწები.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლაგოდეხის რაიონის გამგეგობამ სასაკლაოს მოსაწყობად შპს “ვ.-ს” გამოუყო დაუსახლებელი მიწის ნაკვეთი და იმ დროისათვის ა. ქ.-ს არ ჰქონდა მიმდებარედ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ქ.-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი, როდესაც გასაჩივრებული დადგენილება მიიჩნია გარიგებად, რადგან იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. ასევე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მის მიერ მითითებულ 1953წ. “ოფიციალურ და აუცილებელ მონაცემთა კრებული სანიტარულ და ეპიდემიურ საწინააღმდეგო საკითხებზე’’, სადაც აღნიშნულია, რომ ხორცკომბინატი მოსახლეობიდან დაშორებული უნდა იყოს 300 მეტრის მანძილით, იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობას. ხელისუფლებას კი 12წ. მანძილზე არ მიუღია კანონი, რომელიც განსაზღვრავდა სასაკლაოს დაშორების მანძილს მოსახლეობისაგან. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითებს, რომ ბოსელი შეიძინა 1995წ. 18 დეკემბერს და არა 1998წ. ნოემბერში, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 იანვრის განჩინება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლაგოდეხის რაიონის გამგეობის 1998წ. 6 აპრილის ¹2/104 დადგენილება განხილული უნდა იქნეს როგორც ადმინისტრაციული აქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ დადგენილებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო პალატამ. სადავო დადგენილება, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოხატა ნება და მ. ი.-ს სარგებლობის უფლებით გამოუყო სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი ცხოველთა სასაკლაოს და უტილიზაციის ორმოს მოსაწყობად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას. შესაბამისად, აღნიშნული გარიგების კანონიერების საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს სზაკ-ის V თავისა და სკ-ის შესაბამისი ნორმების დებულებები (სზაკ-ის 70-ე მუხლი). ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობათა ფარგლებში და მის მიერ დადებული ადმინისტრაციული გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. ის გარემოება, რომ ლაგოდეხის რაიონის გამგეობა უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, კასატორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და საკასაციო სასამართლოსაც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია კომპეტენციის ფარგლებში, ვინაიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება გააჩნია გამგეობას.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული 1948წ. ინსტრუქცია _ “სანიტარული ნორმები ხორცკომბინატისათვის’’ და 1974წ. ინსტრუქცია “სანიტარულ-ვეტერინალური მოთხოვნები მესაქონლეობის ფერმებსა და სპეციალიზებულ მეურნეობებში” _ არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობას “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად. ა. ქ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენს, აგრეთვე, “საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარული დაცვის ზონებისა და სანიტარული კლასიფიკაციის წესებისა და ნორმების” დებულებები, ვინაიდან აღნიშნული ინსტრუქცია დამტკიცებულია 2003წ. 6 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ¹234 ბრძანებით და იგი არ მოქმედებდა ლაგოდეხის გამგეობის მიერ გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ა. ქ.-მა 1995წ. 18 დეკემბერს სოფ. ... აგროფირმისაგან 1800 ლარად შეიძინა საქონლის სადგომი ბოსელი, ხოლო 1996წ. 1 მარტს მას და აგროფირმა “...-ს” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაეცა ბოსელის მიმდებარე ტერიტორია _ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად. ამავე ხელშეკრულებით მოიჯარეს აეკრძალა საიჯარო ნაკვეთში რაიმე უპროექტო მშენებლობის წარმოება. ამდენად ის გარემოება, რომ ა. ქ.-მა საქონლის სადგომი ბოსელი შეიძინა 1995 წელს, სადავო არ არის. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ საქონლის სადგომის მიმდებარე ტერიტორია კასატორს გადაეცა იჯარით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად და გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას აღნიშნული ნაკვეთი არ წარმოადგენდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოება დასტურდება, აგრეთვე, 1997წ. 10 ნოემბერს შედგენილი ცხოველთა სასაკლაოსათვის მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტისა და სიტუაციური გეგმით. კერძოდ, კომისიამ, რომელიც შედგებოდა ლაგოდეხის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის, რაიონის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსის, სანეპიდსადგურის მთავარი ექიმის, სახანძრო რაზმის უფროსის, ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური სამსახურის წარმომადგენლის, საგზაო პოლიციის განყოფილების უფროსის და საგზაო სარემონტო სამსახურის უფროსისაგან, ... სასოფლო გამგეობის ტერიტორიაზე ცხოველთა სასაკლაოს მშენებლობისათვის შეარჩია მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა სოფ. ... ყოველდღიური ბაზრის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფ. ... მიწები, აღმოსავლეთიდან 55 მეტრის მოშორებით ყოფილი ფერმის შენობა, სამხერთიდან შიდა სასოფლო გზა, დასავლეთიდან წისქვილის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორია. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს სასაკლაოს მიმდებარე მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა 1998წ. ნოემბრიდან, ...-ის სასოფლო გამგეობასთან არსებული მიწის რეფორმის კომისიის 1998წ. 16 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე, რის შემდეგაც ა. და ვ. ქ.-ებმა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ და უპროექტოდ ააშენეს საცხოვრებელი სახლები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 1998წ. აპრილის მდგომარეობით, სადავო დადგენილების მიღებისას კასატორს საქონლის სასაკლაოს მიმდებარედ არ ჰქონდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რის გამოც უსაფუძვლოა მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო დადგენილების მიღებით შეილახა მისი კანონიერი უფლება და ინტერესი, რადგან გასაჩივრებული დადგენილების მიღების შემდეგ, 1998წ. ნოემბრიდან, საქონლის სასაკლაოს მიმდებარე მიწის ნაკვეთზე ა. ქ.-ისათვის საკუთრების კფლების მინიჭება და ამ ნაკვეთზე უნებართვო და უპროექტო სახლის მშენებლობა არ წარმოადგენს მანამდე მიღებული დადგენილების არაკანონიერად აღიარებისა და ბათილად ცნობის საფუძველს.



სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და



დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.