ბს-628-542-კ-04 30 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ანანურის საბჭოთა მეურნეობის 1979წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ს სოფ. ანანურში გამოეყო 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მან განახორციელა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები. დუშეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989წ. 11 აგვისტოს ¹284 გადაწყვეტილებით, ვ. ჩ-ს ანანურში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, გამოეყო სოფ. მიჩნიგაურებში იგივე ფართის ნაკვეთი. სოფ. ანანურში მდებარე ნაკვეთი მიეცა სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, რომელსაც დაევალა ვ. ჩ-ის მიერ გაწეული სამშენებლო ხარჯების ანაზღაურება. დუშეთის რაიონის პრეფექტის კაბინეტის სხდომის 1991წ. 29 ნოემბრის ¹175 გადაწყვეტილებით სოფ. ანანურში გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, კლუბის მშენებლობის მიზნით დარჩა ანანურის საკრებულოს გამგებლობაში და ანანურის საკრებულოს დაევალა ვ. ჩ-ისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2003წ. 18 მარტს ვ. ჩ-მა სასარჩელო განცხადება შეიტანა დუშეთის რაიონის სასამართლოში ანანურის საკრებულოს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება:
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ანანურის მეურნეობის 1979წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, როგორც კოლმეურნეობის წევრს, სოფ. ანანურში სამოსახლოდ გამოეყო 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ანანურის სასოფლო საბჭომ 1980წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მას დაუმტკიცა ბინათმშენებლობის პროექტი, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთზე პირადი სახსრებით განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. მეზობელთან შექმნილი კონფლიქტური მდგომარეობის გამო, რაც შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის შემდგომ ათვისებას, დუშეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989წ. 11 აგვისტოს ¹284 გადაწყვეტილებით სოფ. ანანურში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გამოეყო სოფ. მიჩნიგაურებში იმავე ფართის სხვა მიწის ნაკვეთი.
დუშეთის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 26 ივნისის ¹200 გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის ყოფილი ნაკვეთი გადაეცა ანანურის სასოფლო საბჭოს, რომელსაც დაევალა მასთვის (ვ. ჩ-ისთვის) გაწეული ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ იქნა განხილული დუშეთის რაიონის პრეფექტის კაბინეტის 1991წ. 29 ნოემბრის სხდომაზე, ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ანანურის საკრებულოს კიდევ დაევალა ვ. ჩ-ისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია გაწეული ხარჯები. ანანურის საკრებულოს 2002წ. 5 აპრილის წერილით მოპასუხემ ხარჯების ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელეს მოსთხოვა მის მიერ სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების შეფასება და ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. დუშეთის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მიერ მომზადდა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთზე ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 4312 ლარი. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა მოპასუხეს, რომელიც, მიუხედავად ამისა, უარს აცხადებს გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.
მოპასუხე _ სოფ. ანანურის საკრებულომ ხანდაზმულობის გამო არ ცნო ვ. ჩ-ის სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მარტის განჩინებით ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დუშეთის რაიონის პრეფექტის კაბინეტის 1991წ. 29 ნოემბრის ¹175 დადგენილებით სოფ. ანანურში, კლუბის მშენებლობისათვის გამოყოფილი ნაკვეთი დარჩა ანანურის საკრებულოს გამგებლობაში და მას დაევალა ვ. ჩ-ისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მაგრამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ანანურის საკრებულოს მხრიდან ვ. ჩ-ისათვის ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნა ადასტურებდა ვალდებულების არსებობას, რაც წყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დენას, რადგან ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ანანურის საკრებულოს დაეკისრა 1991წ. 29 ნოემბრის ¹175 განკარგულებით და აღნიშნული დღიდან ვ. ჩ-ს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. იმჟამად მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის უფლების სარჩელით დაცვის საერთო ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა სამ წელს, ვ. ჩ-მა თავისი უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა 2003წ. 18 მარტს, ანუ ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
რაც შეეხება ანანურის საკრებულოს 2002წ. 5 აპრილის წერილით ვალდებულების არსებობის აღიარებას, აღნიშნული წერილი ვალდებულების აღიარებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვერ შეწყვეტდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენას, ვინაიდან წერილის შედგენის თარიღისათვის უკვე ამოწურული იყო ძველი სკ-ის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, დასახელებული წერილით ასევე არ წარმოშობილა ახალი სამართლებრივი ურთიერთობები, რაც ახალი სკ-ის ნორმების გამოყენებას გამოიწვევდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-მა, შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება:
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ზემოაღნიშნული განჩინების გამოტანის დროს არსებითად დაარღვია საქართველოს სსკ-ის ნორმები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გამოტანილი განჩინების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში გვერდი აუარა საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებების შეფასებას, სადაც უტყუარადაა დადასტურებული, ერთი მხრივ _ მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებისა და მეორე მხრივ _ შესაბამისი ორგანოებისთვის მისი მხრიდან მიმართვის ფაქტები.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ 1992წ. 18 მარტს მიმართა დუშეთის რაიონის საკრებულოს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. რაიონის გამგეობის 1992წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით კვლავ იქნა აღდგენილი და აღიარებული მისი უფლებები, მიუხედავად აღიარებისა, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. 1994წ. 3 მაისს დუშეთის რაიონის გამგებლის ¹58/დ წერილით ეცნობა პასუხი და გაცემულ იქნა მითითება შესაბამის ორგანოებზე მისი (ვ. ჩ-ის) მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. კასატორმა განმარტა, რომ სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს, ხოლო მოქმედი სკ-ის 137-138-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება მოთხოვნის აღიარების არსებობისა და სახელმწიფო ორგანოში განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. სასამართლომ არ იმსჯელა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე, არ შეაფასა ისინი სათანადოდ და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორმა აღნიშნა, რომ 2002წ. 16 თებერვლის ¹22 წერილით მოპასუხემ კვლავ მისცა პირობა, რომ აუნაზღაურებდა გაწეულ ხარჯებს მოსარჩელის მიერ ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ, ხოლო 2002წ. 5 აპრილის ¹17 წერილით ანანურის საკრებულომ უარი განუცხადა ზიანის ანაზღაურებაზე და მიუთითა, რომ უფლების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის. კასატორის განმატრებით მისი უფლებები დაირღვა არა მაშინ, როცა მოპასუხე ჰპირდებოდა ზიანის ანაზღაურებას, არამედ _ როცა უარყო ვალდებულების შესრულება, ე.ი. 2002 წელს, რის გამოც კასატორმა საქართველოს სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების “ა” და “ბ” ქვეპუნქტების, 394-ე მუხლის “ე” პუნქტისა და 411-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 19 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის (ანანურის საკრებულოსთვის 4312 ლარის დაკისრება) დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 1979 წელს კასატორ ვ. ჩ-ს სოფ. ანანურში გამოეყო 1000 კვ.მ სამოსახლო მიწის ნაკვეთი, ხოლო მეზობელთან კონფლიქტის გამო, დუშეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989წ. 11 აგვისტოს ¹284 გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ს სანაცვლო მიწის ნაკვეთი მიეცა სოფ. მიჩნიგაურებში, ანანურში გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი კი გადაეცა სტიქიით დაზარალებულთა ოჯახს, რომელსაც თავდაპირველად დაევალა გაწეული ხარჯების ვ. ჩ-ისთვის ანაზღაურება. დუშეთის რაიონის პრეფექტის კაბინეტის 1991წ. 29 ნოემბრის ¹175 გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის მიერ გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი, კლუბის მშენებლობის მიზნით, დარჩა ანანურის საკრებულოს, რომელსაც ასევე დაევალა გაწეული ხარჯების ვ. ჩ-ისთვის ანაზღაურება. დუშეთის რაიონის ანანურის საკრებულოს 2002წ. 29 მარტის ¹22 წერილით ანანურის საკრებულომ აღიარა 1991წ. ¹175 გადაწყვეტილებით დაკისრებული ხარჯების ანაზრაურება, მაგრამ მიეთითა, რომ საკრებულოში არ არსებობდა ვ. ჩ-ის მიერ გაწეული სამუშაოების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა და გაწეულ ხარჯებს საკრებულო აანაზღაურებს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. საკრებულოს მითითების შესაბამისად, დუშეთის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილებისა და სახაზინო საწარმო “არქიტექტურის" მიერ მომზადდა ვ. ჩ-ის მიერ გაწეული ხარჯების ხარჯთაღრიცხვა, რამაც 4312 ლარი შეადგინა. მიუხედავად ხარჯთაღრიცხვის წარდგენისა, ანანურის საკრებულომ უარი განაცხადა დუშეთის რაიონის პრეფექტის კაბინეტის 1991წ. ¹175 დადგენილებით დაკისრებული მოვალეობის, ვ. ჩ-ისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესრულებაზე, ხანდაზმულობის მოტივით, რაც გაიზიარეს რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა და ვ. ჩ-ს სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით უარი უთხრეს გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება.
საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-80 მუხლის თანახმად, ვ. ჩ-ს მოთხოვნის უფლება ანანურის საკრებულოსადმი გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე წარმოეშვა 1991წ. 29 ნოემბრიდან, დუშეთის რაიონის პრეფექტის კაბინეტის ¹175 დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში შეადგენდა 3 წელს. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში ანანურის საკრებულოს ნაკისრი ვალდებულება ნებაყოფლობით არ შეუსრულებია და არც ვ. ჩ-ს მოუთხოვია სასარჩელო წარმოების წესით უფლების დაცვა.
ანანურის საკრებულომ 2002წ. 29 მარტის ¹22 წერილით ვ. ჩ-ს განცხადების პასუხად აცნობა, რომ დუშეთის პრეფექტის კაბინეტის 1991წ. ¹175 გადაწყვეტილებით დაკისრებული ხარჯების ანაზღაურება არ მომხდარა, ვინაიდან ანანურის საკრებულოში არ არსებობდა გაწეული სამუშაოების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა. იმავდროულად საკრებულომ მიუთითა, რომ ანანურის საკრებულო გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებდა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარდგენის შემდგომ. ამდენად, მოვალე ანანურის საკრებულომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, 2002წ. 29 მარტის წერილით აღიარა დუშეთის რაიონის პრეფექტის კაბინეტის 1991წ. ¹175 დადგენილების მე-4 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება გაწეული ხარჯების ვ. ჩ-ისათვის ანაზღაურების შესახებ და შეჰპირდა კიდეც ვალდებულების შესრულებას ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის პირობით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნაკისრი ვალდებულების აღიარება და ამ ვალდებულების შესრულების პირობის დათქმა მოვალე საკრებულოს მიერ განხორციელდა 2002წ. 29 მარტს. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამჟამად მოქმედი სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას და სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას ასევე უნდა ეხელმძღვანელა ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, 144-ე მუხლის _ “ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას" მე-2-3 პუნქტებით. მითითებული ნორმის თანახმად: “თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის მიმართ".
ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვების შემდეგ ვალდებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე (სკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი), მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ვალდებულმა პირმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მას აღარა აქვს უფლება, შესრულების უკან დაბრუნება მოითხოვოს, ასევე თუ ვალდებულმა პირმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ვალის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან დაიწყება და მოვალეს აღარ აქვს უფლება უარი განაცხადოს მასზე. ვინაიდან ანანურის საკრებულომ 2002წ. 29 მარტის ¹22 წერილით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, კვლავ აღიარა გაწეული ხარჯების ვ. ჩ-ისთვის ანაზღაურების ვალდებულება, სკ-ის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უფლება აღარ აქვს, ხანდაზმულობის მოტივით, უარი თქვას აღიარებული ვალდებულების შესრულებაზე. ამიტომ სააპელაციო პალატის განჩინება ხანდაზმულობის მოტივით ვ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არასწორია, სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის განხილვისას არ გამოიყენა სკ-ის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც უნდა გამოეყენებინა და რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ ვ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ მოტივად მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე მიუთითა და არსებითად საქმის გარემოებებზე არ იმსჯელა, რადგან ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უდავო საფუძველია. საქმეში, მართალია, წარმოდგენილია ვ. ჩ-ის მიერ მშენებარე საცხოვრებელ სახლზე გაწეული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მაგრამ მისი სისწორე სადავო გახადა მოპასუხე ანანურის საკრებულომ. ვინაიდან, სასამართლოებს აღნიშნული არ გამოუკვლევიათ, ამიტომ საჭიროა ამ მტკიცებულების გამოკვლევა, ამასთან დაკავშირებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რის გამოც ამ ეტაპზე შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მარტის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.