ბს-629-543-კ-04 24 ნოემბერი, 2004 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლკოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 22 ნოემბერს ...ის კომპანიამ სარჩელი აღძრა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, მესამე პირად მიუთითა კოოპერატივ “გ-ზე”.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ უკანონოდ განახორციელა კოოპერატივ “გ-ის” სახელზე მიწის პრივატიზაცია, რომელიც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის განმარტებით, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება მიწა, რომელიც დაკავებულია მაგისტრალური მილსადენით და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალებით, აგრეთვე, მათ სანიტარულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებული მიწები, კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება მაგისტრალური მილსადენებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით, რკინიგზისა და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალებით, საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ მიკუთვნებულ სანიტარულ-ტექნიკურ მიწებზე.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთზე ბაქო-სუფსის ნავთობსადენმა გაიარა 1998წ. ზაფხულში, ანუ ზემოაღნიშნული კანონის მიღებამდე (1998წ. 28 ოქტომბერი), შესაბამისად, კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე გადიოდა მაგისტრალური მილსადენი და მასზე არ ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული პრივატიზაციის ოფიცია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ” კანონის თანახმად, აკრძალულია მიწის სტატუსის შეცვლა იმგვარად, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს ...ის პროექტის განხორციელებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სადავო მიწის ნაკვეთი კოოპერატივ “გ-ის” სახელზე გააფორმა ზემოაღნიშნული კანონის დარღვევით, რითაც შელახა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (როგორც ...ის მესაკუთრის) და საქართველოს ...ის კომპანიის (როგორც ...ის ოპერატორის) უფლებები და ზოგადად, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტის ინტერესები.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ტერიტორიის კერძო საკუთრებად გამოცხადება იყო უკანონო, ვინაიდან კოოპერატივ “გ-ს” არ გადაუხდია კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის სათანადო ოდენობა, რის გამოც მას არ უნდა მინიჭებოდა მიწაზე კერძო მესაკუთრის სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის სადავო მიწის ნაკვეთის შესაძლო კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 2001წ. 16 ივლისის შემდეგ, კოოპერატივ “გ-ის” მიერ მათ წინააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო სხდომაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ კოოპერატივ “გ-ის” სახელზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების ბათილად ცნობა.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით ...ის კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ...ის კომპანიამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოში აპელანტ ...ის კომპანიამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა კერძო საკუთრების უფლების ბათილად ცნობა მიწის იმ ნაკვეთზე, რომლის პირობითი საზღვრები გადიოდა ...ის ღერძიდან 50 მ-ში მილსადენის გასწვრივ, რის საფუძველზეც მოპასუხე ლანჩხუთის მიწის მართვის სამმართველომ განახორციელა სათანადო ჩანაწერი საჯარო რეესტრში.
მოწინააღმდეგე მხარემ _ მოპასუხე ლანჩხუთის მიწის მართვის სამმართველომ ცნო სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელებისას რეგისტრატო-რისთვის უცნობი იყო, რომ სადავო ტერიტორიაზე გადიოდა მილსადენი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით ...ის კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ...ის კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში კოოპერატივ “გ-ზე” არსებული ჩანაწერი კერძო საკუთრების შესახებ მილსადენის ღერძიდან 50 მეტრის გასწვრივ თითოეულ მხარეს. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა საჯარო რეესტრში სათანადო ჩანაწერის განხორციელება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივმა “გ-ი”, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი ადმინისტრაციულ აქტად. ამასთან, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების მართლზომიერების დადგენა, ამისთვის საჭირო იყო მისი კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია არ საჭიროებდა რაიმე ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ამისთვის საკმარისი იყო რეგისტრატორის მიერ ამ უფლების აღიარება და დადასტურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა განხორციელებული ქმედების კანონიერებაზე. ამასთან, გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული, რომელი მუხლით იხელმძღვანელა სასამართლომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საქმეზე მილსადენით და მისი სანიტარულ-ტექნიკური ზონით დაკავებული მიწის ნაკვეთის ოდენობა ზუსტად უნდა დადგენილიყო.
კასატორის განმარტებით, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი არ ვრცელდებოდა იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სკ-ის ამოქმედებიდან ითვლებოდა ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებად. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული კანონის 1513-ე მუხლი. კასატორმა აღნიშნა, რომ სკ-ის ამოქმედებიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა მათ საკუთრებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა კასატორისა და მოწინააღმდეგე მხარის განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა კოოპერატივ “გ-ის” საკუთრებად სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შეუსაბამობა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნასთან, რომლის თანახმად, კერძო საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება მიწა, რომელიც დაკავებულია მაგისტრალური მილსადენით, აგრეთვე, მის სანიტარულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებული მიწები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც გამოიყენა მილსადენის ტექნიკურ-სანიტარული ზონის დადგენისას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა მხარეთა შორის ურთიერთობის პერიოდში მოქმედი სსრკ მინისტრთა საბჭოს 1979წ. 12 აპრილის ¹341 დადგენილებით დამტკიცებული “ძირითადი მილსადენების დაცვის წესები”.
აღნიშნული წესებით ექსპლუატაციის ნორმალური პირობების უზრუნველყოფისა და მილსადენების შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით დადგენილი იყო შემდეგი დაცვითი ზონა _ მილსადენების ტრასის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოფარგლული იყო მილსადენის ღერძიდან 50 მ-ში მილსადენის თითოეულ მხარეს გამავალი პირობითი ხაზებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ მილსადენის ტექნიკურ-სანიტარული ზონა არის მიწის ზოლი, რომლის პირობითი საზღვრები გადის მილსადენის გასწვრივ, მისი ღერძიდან 50 მეტრში თითოეულ მხარეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მოტივაცია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება დასტურდებოდა სკ-ის 1513-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სკ-ის 1513-ე მუხლი, რომელიც ეხება მხოლოდ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის კანონით დადგენილი წესით გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ სკ-ის 1513-ე მუხლზე მითითება არასწორია, რადგანაც აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა საკუთრებას საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კოოპერატივ “გ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.