ბს-644-555-კ-04 10 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 19 სექტემბერს ლ. ჩ.-მ ყვარლის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების მიმართ სარჩელი აღძრა და მის მიერ მიღებული 2001წ. 27 აგვისტოს ¹48 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1999წ. 20 სექტემბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ ყოფილი სახაზინო საწარმო “ქ.-ის” ადმინისტრაციულ შენობაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის დაწყებამდე მოსარჩელემ ეჭვქვეშ დააყენა აუქციონზე გატანილი გასაყიდი ობიექტის საწყისი ღირებულება, მაგრამ საპრივატიზებო კომისიამ არ მიიღო პრეტენზია იმ მოტივით, რომ აღნიშნულზე იმსჯელებდნენ აუქციონის შემდეგ. აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე და როდესაც საპრივატიზებო კომისიას კვლავ წარუდგინა პრეტენზია ობიექტის საწყისი ღირებულების არასწორი გაანგარიშებისათვის, კომისიამ არ გაითვალისწინა მისი პრეტენზია და ობიექტი შესთავაზა აუქციონით დადგენილი ფასით – 30000 აშშ დოლარად. აღნიშნულზე მოსარჩელემ სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი, კერძოდ, გააუქმა აუქციონზე გატანილი ობიექტის პრივატიზების შედეგები ფასის ნაწილში, ხოლო მყიდველად დატოვა მოსარჩელე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა ობიექტის საწყისი ფასის გაანგარიშება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მოპასუხემ სხვადასხვა მიზეზის გამო გააჭიანურა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, მიემართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის, რომელმაც მისი განცხადების საფუძველზე გამოყო კომისია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელშეკრულებო ფასი მაინც 6623 დოლარამდე გაიზარდა, ნაცვლად 3249 აშშ დოლარისა. ამის შემდეგ, მოსარჩელემ კვლავ მიმართა მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, რომლებმაც გამოიტანეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს შეესრულებინა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება, მან კი 2001წ. 27 აგვისტოს გამოსცა ბრძანება ¹48, რომლითაც მოსარჩელის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, გააუქმა ყოფილი სახაზინო საწარმო “ქ.-ის” ადმინისტრაციული შენობის პრივატიზების შედეგები.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება ¹48, როგორც ადმინისტრაციული აქტი, მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, მასში არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადები და ორგანო, სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება, იგი არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული, რომელი კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე გამოიცა იგი და როგორც დაინტერესებული მხარე, მოსარჩელე არ იქნა მიწვეული იმ ორგანოში, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოსარჩელისა და მასთან მყოფი პირების გამოსახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ თვითნებურად დაიკავა სადავო ობიექტი, არ გადაუხდია მისი ღირებულება, ხელი არ მოუწერია ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელიც არ დამოწმებულა სანოტარო წესით და არ მოუპოვებია სადავო ობიექტზე საკუთრების უფლება, რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციულ აქტს, იგი მომზადებულ და გამოცემულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის 2001წ. 28 აგვისტოს ¹48 ბრძანება. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილებას სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ლ. ჩ.-ი მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო შენობიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ჩ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემასა და აპელანტისა და მასთან მყოფი პირების სადავო შენობიდან გამოსახლებას შეეხებოდა.
აპელანტის განმარტებით, აუცილებელი არ იყო მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოეცა, რადგან აღნიშნული წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებდა, რისი დასტურიც მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება იყო, რომ იგი ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. რაც შეეხება სადავო შენობიდან გამოსახლებას, სასამართლო დაეყრდნო სკ-ის 477-ე მუხლს და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ნასყიდობის ხელშეკრულება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
მოწინააღმდეგე მხარემ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ მოსარჩელის _ ლ. ჩ.-ის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და აპელანტის სადავო ფართიდან გამოსახლების ნაწილში. ქონების მართვის ყვარლის რაიონული განყოფილებას ლ. ჩ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და იგი შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს, სსკ-ის 377.4 მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა განეხილა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ. ჩ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველზე გაუქმდა 1999წ. 20 სექტემბრის აუქციონის შედეგები ყოფილი ქ.-ის ადმინისტრაციული შენობის შესყიდვის შესახებ თანხის გადახდევინების ნაწილში და მყიდველად დატოვებულ იქნა ლ. ჩ.-ი.
ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყვარლის რაიონის ტექბიუროს 2002წ. 18 ნოემბრის ¹232 ცნობა-დახასიათების მიხედვით, ლ. ჩ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ყვარელში, ... მდებარე ნაგებობა, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო კახეთის სააღსრულებო ბიუროს ¹49 განკარგულება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 10 ოქტომბრის ¹49 განკარგულებით აღსრულდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება, ლ. ჩ.-ის მიერ აუდიტორული ფირმა “ი.-ს” მიერ შენობის ღირებულების შეფასების თანხის ოდენობის გადახდის შედეგად, შენობა გამოცხადებულ იქნა ლ. ჩ.-ის საკუთრებად. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის კახეთის სააღსრულებო ბიუროს ¹49.10.02 ცნობის თანახმად დადგენილია, რომ ლ. ჩ.-ის მიერ შენობის ღირებულება 4321 ლარი გადახდილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არასწორი იყო რაიონული სასამართლოს დასკვნა შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სკ-ის 170-ე მუხლის მოპასუხის მოსაზრების სასარგებლოდ გამოყენება არასწორი იყო, რამდენადაც მოპასუხე აღარ წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, უფრო მეტიც, სადავო ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე ლ. ჩ.-ი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონულმა განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სსკ-ის დებულებანი გამოიყენება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. ყვარელში, ყოფილი სახაზინო საწარმო “ქ.-ის” ადმინისტრაციულ შენობაზე აუქციონი გამოცხადდა. 1999წ. 20 სექტემბერს მოწყობილ აუქციონზე ობიექტის საწყისი ფასი 4500 აშშ დოლარით განისაზღვრა. აუქციონში მონაწილე მოქალაქე ზ. ბ.-მ ობიექტის ფასი 20000 აშშ დოლარამდე გაზარდა, მაგრამ ლ. ჩ.-ის მიერ 30000 აშშ დოლარის შეთავაზების შედეგად, აუქციონში გამარჯვებულად ეს უკანასკნელი გამოცხადდა. მიუხედავად იმ ფაქტსა, რომ ლ. ჩ.-მ ყვარლის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს წინაშე ობიექტის საფასურად 30000 აშშ დოლარის გადახდა ივალდებულა, მან აუქციონის დამთავრებისთანავე, ობიექტის ფასის გადასინჯვა და მისი შემცირება მოითხოვა, რის შედეგადაც ფასი შემცირდა და ყვარლის ქონების მართვის სამმართველოსა და ლ. ჩ.-ს შორის გაფორმებულ 2001წ. 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ობიექტის ღირებულება 6623 აშშ დოლარად განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით დადგინდა, რომ აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი, ანუ 6623 აშშ დოლარი, აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა, რაც ლ. ჩ.-ის მიერ არ შესრულებულა, მეტიც, მან არც თავის მიერ თვითნებურად შეთავაზებული და ხელწერილით შეპირებული თანხა _ 3249 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2001წ. 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ “მყიდველის” მიერ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, “გამყიდველი” _ ყვარლის რაიონის ქონების მართვის სამმართველო უფლებამოსილია, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ლ. ჩ.-ის მიერ შეპირებული თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, სახელმწიფო ქონების მართვის ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის 2001წ. 27 აგვისტოს ¹48 ბრძანებით 1999წ. 20 სექტემბრის აუქციონის შედეგები გაუქმებულად გამოცხადდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ყვარლის რაიონული განყოფილება დაეთანხმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას და გამოსცა 2002წ. 3 ივლისის ¹34 ბრძანება ამავე განყოფილების მიერ 1999წ. 20 სექტემბერს გამართული აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
სახელმწიფო ქონების მართვის ყვარლის რაიონული განყოფილებასა და ლ. ჩ.-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, რომელიც თავისი შინაარსით ისეთი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, რომელშიც ერთ მხარეზე ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს რომლის უფლებამოსილებაც გარკვეულწილად კანონითაა შებოჭილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “აუქციონის” ცნებიდან გამომდინარე, გამარჯვებულად ითვლება ის პირი, ვინც მეტს შესთავაზებს გამყიდველს და აიღებს ვალდებულებას დროულად გადაიხადოს შეთანხმებული თანხა. როგორც აღვნიშნეთ, ლ. ჩ.-მ ქონების მართვის რაიონულ განყოფილებას აუქციონის მიმდინარეობისას სადავო ობიექტში 30000 აშშ დოლარი შესთავაზა, მოქალაქე ზ. ბ.-მ კი 20000 აშშ დოლარი, მაგრამ მეტი თანხის შეთავაზების გამო, ლ. ჩ.-ი აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ლ. ჩ.-ის მიერ 30000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების აღებითა და მისი შეუსრულებლობით სახელმწიფომ დაკარგა ნივთის 20000 აშშ დოლარად გაყიდვის შესაძლებლობა, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მიუხედავად აღნიშნულისა, მყიდველმა შეპირებული მიზერული თანხა 3249 აშშ დოლარიც კი სრულად არ გადაიხადა.
სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია ლ. ჩ.-ი სადავო ობიექტის მესაკუთრედ და ისე დაეყრდნო კახეთის სააღსრულებო ბიუროს ¹49 განკარგულებას, რომ არ იმსჯელა, რამდენად შეეძლო კახეთის სააღსრულებო ბიუროს დავის მიმდინარეობის პერიოდში და სახელმწიფო ქონების მართვის ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის 2002წ. 3 ივლისის ¹34 ბრძანების არსებობისას, 2002წ. ოქტომბერში მიექცია აღსასრულებლად გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება, მითუმეტეს, რომ აღსრულებას საფუძვლად დაედო აუდიტორული ფირმა “ი.-ს” სადავო ქონების შეფასების აქტი, აუდიტორი ე. ჩ.-ი კი დაინტერესებული მხარის _ ლ. ჩ.-ის დაა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ყვარლის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.