ბს-64-52-კ-03 10 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 28 მარტს ბ. ბ.-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: შს სამინისტროსა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მიმართ სარჩელი აღძრა და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002წ. 28 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი 1995 წლიდან თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად მუშაობდა. 2001წ. 12 ოქტომბერს ტელეფონით გადაცემული შეტყობინება მოქალაქე შ. ლ.-ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მას დაეწერა. იგი დროულად შეუდგა მასალების სრულყოფილად მოკვლევას, საავადმყოფოში გამოცხადდა, მაგრამ მძიმე დაზიანების გამო დაზარალებული შ. ლ.-ის დაკითხვა ვერ შეძლო და ექიმისაგან ცნობა აიღო. შემდეგ კვლავ მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ დაზარალებული საავადმყოფოდან გამოწერილი დახვდა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართვა აიღო და დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად სასამართლო ექსპერტიზაზე წარადგინა. მას მოკვლევის ერთთვიანი ვადა ჰქონდა. შემდეგ მასალები მოსაკვლევად სხვა თანამშრომელს გადააწერეს, რომელიც ცოტა ხანში შს ორგანოებიდან დაითხოვეს. თავად იმავე სამმართველოში ნარკომანიის ხაზით გადაიყვანეს სამუშაოდ, მასალები კი ფაქტობრივად სხვას ეწერა. შემდეგ გაირკვა, რომ საქმე უმოძრაოდ იმყოფებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რის გამოც იგი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გაათავისუფლეს.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მას “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე და 30-ე მუხლები არ დაურღვევია, ვინაიდან ტელეფონით შეტყობინების მიღებისთანავე დროულად შეასრულა კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ამის შემდეგ საქმე სხვა თანამშრომელს გადაეწერა. აგრეთვე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შკკ-ის 203-206-ე მუხლების შესაბამისად, იგი აღდგენილ უნდა ყოფილიყო სამუშაოზე.
რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ბ. ბ.-მ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და შს მინისტრის 2002წ. 28 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა. იგი მიუთითებდა, რომ არც “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები და არც საშემსრულებლო დისციპლინა არ დაურღვევია. ერთსა და იმავე ფაქტზე დისციპლინური წესით ორჯერ დასაჯეს: პირველად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს უფროსის ¹50 ბრძანებით შ. ლ.-ის საქმეზე მასალების მოკვლევისას დაშვებული ხარვეზისათვის სასტიკი საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე მასალებთან დაკავშირებით შს მინისტრის 2002წ. 28 თებერვლის ბრძანებით შინაგან საქმეთა ორგანოებიდან იქნა დათხოვნილი.
მოპასუხე შსს-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ შს მინისტრის 2002წ. 28 თებერვლის ბრძანებით ბ. ბ.-ი კანონიერად იქნა დათხოვნილი შს ორგანოებიდან, ვინაიდან მან დაარღვია “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2, მე-5 და მე-10 პუნქტების მოთხოვნები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალებსა და მასზე გაკეთებულ დასკვნაში იყო ასახული, რომელიც ზემოაღნიშნულ ბრძანებას დაედო საფუძვლად.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შს მინისტრის 2002წ. 28 თებერვლის ბრძანება ბ. ბ.-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი. ბ. ბ.-ი დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე. მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შსს-მ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბ. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 ნოემბრის განჩინებით შსს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლო მიუთითებდა, რომ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური სახდელების შეფარდების და მოხსნის წესს შსს-ს დისციპლინური წესდება განსაზღვრავდა, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის მხოლოდ ერთი სახის სასჯელი გამოიყენებოდა. იგივე წესი იყო დადგენილი “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 45-ე მუხლით, კერძოდ, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელის დადება შეიძლებოდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 28 თებერვლის ბრძანება ზემოაღნიშნული წესდებითა და დებულებით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.
სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რომელიც პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდებოდა, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და შკკ-ის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან მუშაკის გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე დაუყოვნებლივ აღდგენას ექვემდებარებოდა. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ბ. ბ.-ს განაცდური ხელფასი უნდა ანაზღაურებოდა.
აღნიშნული განჩინება შსს-ს წარმომადგენელმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბ. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შსს-ს წარმომადგენლის, ს. დ.-ის, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და ვერ მიიჩნევს დადგენილად იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბ. ბ.-ი მოქალაქე შ. ლ.-ის დაჭრის ფაქტზე მასალების მოკვლევისას დაშვებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის ორჯერ დაისაჯა. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის ბრძანების ასლზე თარიღი არ ჩანს, ამდენად, გაურკვეველია, თუ რა რიცხვით არის ბრძანება მიღებული. ამასთან, გაუგებარია სააპელაციო სასამართლომ ზემოთ მითითებული ბრძანების მიღების თარიღად რომელი მტკიცებულების საფუძველზე მიუთითა 2002წ. 6 თებერვალი. ყურადსაღებია ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი შს მინისტრის 2002წ. 28 თებერვლის ბრძანების ნომრად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ¹144, მაშინ, როცა იგი ¹114-ით არის რეგისტრირებული.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსკ-ის 135-ე მუხლს და განმარტავს, რომ წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია, მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის უფლება საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. იგი არ არის უფლებამოსილი, თავად მოიპოვოს მტკიცებულებები და შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული გარემოებები საჭიროებს დამატებით სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას, რადგან სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევასა და შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რათა მოხდეს სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რეალურად, რა რიცხვით არის დათარიღებული გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის ბრძანება, არის თუ არა იგი რეგისტრირებული შესაბამის ბრძანებათა რეესტრში და უსწრებს თუ არა იგი შს მინისტრის სადავო ბრძანებას. საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ მხოლოდ ზემოთ მითითებული ბრძანების მიღების ზუსტი თარიღის დადგენის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმაზე მსჯელობა დაირღვა თუ არა მოცემულ შემთხვევაში “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, ასევე შს ორგანოებში სამსახურის წესის გავლის შესახებ დებულების 45-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.