Facebook Twitter

ბს-657-566-კ-04 21 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: დავალიანებისა და საურავის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 20 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ჩ-მა” და მოითხოვა დებიტორული დავალიანების _ 210900 ლარისა და საურავის _ 12654 ლარის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების _ 8942 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხე ს-ისათვის შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხე სავალდებულო წესით თავის წევრებად აერთიანებს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის შესაბამისად გაცემულ რომელიმე ლიცენზიის მქონე პირებს, რომელთა შორის არის სს “ჩ-ი”. მოსარჩელე გამომუშავებულ ელექტროენერგიას აწვდის საბითუმო ბაზარს, რომელიც თავად ანაწილებს მას და შესაბამისად, ვალდებულია, გადაიხადოს მისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური.

მხარეებს შორის 2002წ. 15 აგვისტოს გაფორმებული შედარების აქტით მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის სასარგებლოდ 210910 ლარის დავალიანების არსებობა. აღნიშნულ აქტს ხელს აწერენ სს “ჩ-ის” დირექტორი დ. ყ-ი და საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორი ა. ს-ი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას სხვა შემოსავალი არ გააჩნდა, ვერ აწარმოებდა მიმდინარე და კაპიტალურ რემონტს, გაუცემელი იყო ხელფასები. სულ მოსარჩელე ითხოვდა 232 496 ლარის გადახდის დაკისრებას მოპასუხისთვის.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბითუმო ბაზარს დაეკისრა სს “ჩ-ის” სასარგებლოს 210900 ლარის გადახდა; საურავის სახით 12654 ლარის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ადვოკატის ხარჯების _ 8942 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კავშირმა (ასოციაცია) “ს-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტმა მიუთითა სემეკის 2001წ. 10 სექტემბრის ¹11 დადგენილებით დამტკიცებულ “საბაზრო წესების’’ 8.6 მუხლზე, რომლის თანახმად, ელექტრობაზარი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტების, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურება, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიანტებისთვის მიღებული თანხების გადარიცხვა საბაზრო წესების შესაბამისად. გადაუხდელობის შემთხვევაში იგი აფიქსირებს დავალიანების ოდენობას და წარმოების (იმპორტის) ლიცენზიანტის მოთხოვნისთანავე განსაზღვრავს მის მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე განაწილების ლიცენზიანტს ან/და პირდაპირ მომხმარებელს. ამ მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს დებიტორად განესაზღვრა სს “გ-ა”, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის დავალიანების დაფარვის ერთადერთ რეალურ და კანონიერ გზას. ელექტრობაზარი არ წარმოადგენს ელექტროენერგიის არც მყიდველს და არც გამყიდველს, რაც დასტურდებოდა “ელექტრობაზარზე სადავო საკითხების პროცედურული წესების შესახებ” სემეკის 2000წ. 15 მაისის ¹5 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლით, სადაც აღნიშნულია, რომ “გამომუშავებული ან იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგია წარმოადგენს წარმოების ლიცენზიანტის, ან იმპორტის ლიცენზიანტის საკუთრებას. ელექტროენერგიაზე საკუთრების უფლება გადადის მიღება-მიწოდების პუნქტში მიწოდების მომენტიდან, რომლის შემდეგაც მყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს მიღებული სიმძლავრის საფასური, ხოლო გამყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს კუთვნილი თანხა”. აღნიშნული მუხლი და სკ-ის 477-ე მუხლი ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს აღნიშნულ მოსაზრებას. აპელანტის მოსაზრებით, იგი სამართლებრივად წარმოადგენდა არასამეწარმეო სუბიექტს და მისი ძირითადი საქმიანობა არ შეიძლება იყოს სამეწარმეო საქმიანობა. ელექტროენერგიის ტარიფიც ისეა შედგენილი, რომ მასში არსად დევს ელექტრობაზრის კომპეტენციის კომპონენტი. საწევრო შენატანები, რომლებიც აისახება ტარიფში, არ წარმოადგენს აპელანტის საქმიანობის კომპეტენციას. მხარეთა შორის გაფორმებულ შედარების აქტშივე მიეთითა, რომ დავალიანების მიღების უფლება მოსარჩელეს გააჩნდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, საბაზრო წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით.

აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ მოსარჩელისთვის დებიტორის განსაზღვრით მაქსიმალურად არის დაცული მისი და ელექტრობაზრის სხვა წევრთა კანონიერი უფლება. კომპანიის დებიტორად განსაზღვრა გულისხმობს კომპანიისთვის გადახდის ვალდებულების დაკისრებას, ერთი მხრივ, სს “ჩ-ისთვის”, მეორე მხრივ კი _ სატრანსფერტო ანგარიშზე, ანუ ყველა სხვა დანარჩენი ჰესისთვის. სასამართლოს მიერ ელექტრობაზრისთვის მოთხოვნილი თანხის დაკისრებით და სატრანსფერტო ანგარიშის დაყადაღებით შეილახა სხვა წევრების კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. სასამართლომ დებიტორის განსაზღვრის საბაზრო წესებით აღიარებული წესი გააიგივა სკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების დათმობასთან და მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანხმობა გადამწყვეტი იყო მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის, რითაც არ გაითვალისწინა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონი და სკ-ის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები.

სს “ჩ-ისათვის” ელექტროენერგიის ღირებულების _ 41000 და 2000 ლარის დაფარვასთან მიმართებაში აპელანტმა აღნიშნა, რომ 41000 ლარი მოსარჩელეს გადაუხადა სს “რ-მა”, რომელიც ელექტრობაზრის წევრი და პირდაპირ მომხმარებელი იყო, ხოლო 2000 ლარი გადახდილ იქნა საბაზრო წესების 22-ე მუხლის შესაბამისად, სატრანფერტო ანგარიშზე ელექტროენერგიის მყიდველების მიერ გადახდილი თანხებით.

აპელანტი მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისას სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 268-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომლის 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლითY სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს “ჩ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: “ს-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ 188447 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ჩ-მა” აწარმოვა და საბითუმო ბაზარს მიაწოდა 210910 ლარის ღირებულების ელექტროენერგია, რაც დასტურდებოდა 2002წ. 15 აგვისტოს შედარების აქტით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საბითუმო ბაზარი არ წარმოადგენდა ელექტროენერგიის არც მყიდველს და არც გამყიდველს და მიუთითა “ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 22-ე მუხლზე, რომელშიც ცალსახად იყო განსაზღვრული, რომ აპელანტის ძირითად საქმიანობას ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვა წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ აპელანტი არ იყო თავად ელექტროენერგიის მომხმარებელი, არ ათავისუფლებდა პასუხისმგებლობიდან აპელანტს, ჯეროვნად შეესრულებინა ვალდებულება და გადაეხადა სს “ჩ-ისთვის” დავალიანება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ჩ-ს” მიღებული ჰქონდა დავალიანების სახით არსებული თანხა 21753 ლარის ოდენობით, შესაბამისად, საბითუმო ბაზარს ერიცხებოდა 188447 ლარის დავალიანება, რაც უნდა დაკისრებოდა გადასახდელად აპელანტს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სემეკ-ის 2001წ. 10 სექტემბრის ¹11 დადგენილებით დამტკიცებულ “საბაზრო წესების’’ 8.6 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ელექტრობაზარი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტების, პირდაპირი მომხმარებლის მიერ ელექტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიანტებისთვის მიღებული თანხების გადარიცხვა საბაზრო წესების შესაბამისად.

ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ჩ-ის” სასარჩელო მოთხოვნა ძირითად დავალიანებაზე საურავის სახით 0,1%-ის ოდენობით დარიცხვის შესახებ, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული, იმდენად, რამდენადაც საურავის გადახდის თაობაზე მხარეებს შორის შეთანხმება არ ყოფილა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს-მა, სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით, ამავე დროს დამატებით მიუთითა, რომ ელექტროენერგიის სებსზე გაყიდვა სამართლებრივი შედეგით არსებითად განსხვავდებოდა სებსისთვის მიწოდებისაგან. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმადაც ელექტრობაზარმა უნდა უზრუნველყოს გარანტირებული და დროული ანგარიშსწორება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის, კავშირი (ასოციაცია) “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი არ წარმოადგენს ელექტროენერგიის არც მყიდველს და არც გამყიდველს. საქმეში წარმოდგენილი 2002წ. 15 აგვისტოს შედარების აქტის თანახმად, სს “ჩ-ს” გააჩნდა კასატორზე გაყიდული ელექტროენერგიის დავალიანების მიღების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, (მათ შორის, საბაზრო წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, 210910,34 ლარზე, ანუ აღნიშნული აქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ სს “ჩ-ს” უფლება ჰქონდა, მოეთხოვა დავალიანების დაფარვა როგორც მითითებული საბაზრო წესების 8.6 მუხლის შესაბამისად, ისე _ კანონმდებლობით დადგენილი სხვა გზებით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მითითებული წესების 8.6 მუხლის თანახმად, ელექტრობაზრის მიერ ხდება მხოლოდ მოსარჩელისთვის დებიტორის განსაზღვრა და ამით იწურება მისი ვალდებულებები. ასევე ვერ იქნება გაზიარებული “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის კონკრეტული ინტერპრეტაცია (რომლის თანახმად ელექტრობაზარმა უნდა უზრუნველყოს გარანტირებული და დროული ანგარიშსწორება), რომ გარანტირებული ანგარიშსწორება არ ნიშნავს სრულ ანგარიშსწორებას და იგი გულისხმობს ზემომითითებული 8.6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიზმს. პირიქით, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 23-ე მუხლში ელექტრობაზრის ფუნქციონირების ერთ-ერთ პრინციპად მითითებულია გარანტირებული და დროული ანგარიშსწორება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის ვალდებულებებზე, აუნაზღაუროს სს “ჩ-ს” შედარების აქტით დადგენილი დავალიანება. ამავე დროს თავად 8.6 მუხლში პირდაპირ არის მითითებული ელექტრობაზრის ვალდებულებებზე უზრუნველყოფის განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტების, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურება, წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიანტებისთვის მიღებული ანაბრების გადარიცხვა საბაზრო წესების შესაბამისად. ამავე დროს საკასაციო პალატა დებიტორის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით მოიხმობს სკ-ის 204-ე მუხლს, ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმებისას მესამე პირსა და მოვალეს შორის გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე, ანუ იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის მფლობელისთვის (მოცემულ შემთხვევაში სს “ჩ-ისთვის”) სულერთი არ არის, თუ ვინ იქნება მისი მოვალე, ვალის გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის (სს ჩ-ის”) თანხმობაზე და თუ ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგია, ვალის გადაკისრება არ მოხდება. აღნიშნული ნორმის ანალიზი უსაფუძვლოს ხდის კასატორის მოსაზრებას, რომ მისი, როგორც ელექტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, შემოიფარგლება მხოლოდ დებიტორის განსაზღვრით, რადგან ასეთ შემთხვევაში მოვალის განსაზღვრისა და მასზე ღირბულების გადახდის გადაკისრება მხოლოდ კრედიტორს, ანუ სს “ჩ-ის” თანხმობით არის შესაძლებელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2001წ. 10 სექტემბრის 311-ე დადგენილებით დამტკიცებული “საბაზრო წესების” მოთხოვნები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ნორმებს და მათი წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ეს უკანასკნელი. კასატორის მოსაზრება კრედიტორის ნების გაუთვალისწინებლად მოვალის მიერ ვალის მესამე პირზე გადაკისრების ან დებიტორის განსაზღვრის თაობაზე არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს და საფუძვლად დაედოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და სარჩელზე უარის თქმას.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა კასატორის, კავშირი (ასოციაცია) “ს-ის”, საკასაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის, კავშირი (ასოციაცია) “ს-ის”, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.