ბს-661-570-კ-04 23 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: თ., ჟ., რ. და ნ. ხ-ეების მიმართ და მოითხოვა მათი ბინიდან გამოსახლება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების ბინები, მათ შორის, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ......-ში არსებული სამხედრო დასახლებაში მდებარე თორმეტბინიანი ორსართულიანი სახლი. აღნიშნულ სახლში ¹1 ბინა დაკავებული ჰქონდათ მოპასუხეებს, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან არავითარი სამსახურებრივი ურთიერთობა არ გააჩნდათ. ბინა წარმოადგენდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინას და იგი უნდა გამოეყენებინათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობდნენ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სამხედრო ნაწილ ¹......-ის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმით, თ. ხ-ეს აღნიშნული ბინა გამოეყო სამსახურებრივი სარგებლობისათვის, მისი სამხედრო სამსახურის ვადით, რადგან იგი მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ეძლეოდათ ბინები დროებით სარგებლობაში, საუწყებო ფონდიდან. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1993წ. 13 ოქტომბრის ¹310 ბრძანებით, ტერიტორია, სადაც სადავო ბინა მდებარეობდა, გამოცხადდა დახურულ სამხედრო ქალაქად. ამავე ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ძალებთან კავშირის არმქონე პირები უნდა გამოსახლებულიყვნენ დახურული სამხედრო ქალაქიდან. ვინაიდან თ. ხ-ე არ მსახურობდა საქართველოს სასაზღვრო სამსახურში, ამიტომ იგი უნდა გამოსახლებულიყო ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებოდა მოსარჩელეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის საზღვრის დაცვის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი და თ., ჟ., რ. და ნ. ხ-ეები გამოსახლდნენ სამსახურებრივი დანიშნულების ბინიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ხ-ეებმა, რომელთაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბინა თ. ხ-ეს გამოეყო რუსეთის სასაზღვრო ჯარების ¹....... სამხედრო ნაწილის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის 1999წ. 11 ოქტომბრის ოქმით, მაგრამ არ იყო გაცემული ბინის ფლობის ორდერი ან საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ბინა წარმოადგენდა სამხედრო ნაწილის საცხოვრებელ ფონდს, რომელიც შემდგომში სამართალმემკვიდრეობით გადაეცა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 13 ოქტომბრის ¹310 ბრძანებით ტერიტორია გამოცხადდა დახურულ სამხედრო ქალაქად. ამავე ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ძალებთან კავშირის არმქონე პირები უნდა გამოსახლებულიყვნენ სამხედრო ქალაქებიდან. ვინაიდან დადგენილი იყო, რომ თ. ხ-ე არ მუშაობდა აჭარის საზღვრის დაცვის სამმართველოში, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა მისი და მისი ოჯახის წევრების სამსახურებრივი დანიშნულების ბინიდან გამოსახლების შესახებ საფუძვლიანი იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ხ-ეებმა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ., ჟ., რ. და ნ. ხ-ეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 აპრილის განჩინება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების ¹...... სამხედრო ნაწილის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის 1999წ. 11 ოქტომბრის ოქმით სამხედრო მოსამსახურე თ. ხ-ეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. .......-ში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 12-ბინიან სახლში ოთხ სულზე გამოეყო სამოთახიანი ბინა. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ თ. ხ-ეს გადაეცა სამსახურებრივი დანიშნულების ბინა. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად არის ცნობილი, რომ თ. ხ-ეს სამსახურებრივი ურთიერთობა არ გააჩნია საზღვრის დაცვის სამსახურთან. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სადავო ბინა რომ ნამდვილად სამსახურებრივი დანიშნულების საბინაო ფონდს განეკუთვნება, დასტურდება ამიერკავკასიის რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების კუთვნილი მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსახურებრივ თანრიგში. აღნიშნული ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენდნენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 13 ოქტომბრის ¹310 ბრძანებით სამხედრო ტერიტორია გამოცხადდა დახურულ ქალაქად. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ბათილად ჩაითვალა სამხედრო ქალაქებში სხვა უწყებების მიერ ადრე გაცემული ბინის ფლობის თაობაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და ორდერი. ბრძანების მე-8 პუნქტით დადგინდა სასაზღვრო ძალებთან კავშირის არმქონე პირთა გამოსახლება დახურული სამხედრო ქალაქებიდან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ., ჟ. და ნ. ხ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.