Facebook Twitter

ბს-667-577-კ-04 1 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: უკანონ მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ბარათი:

2001წ. 5 თებერვალს ჯ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ჯ. ხ-ასა და მესამე პირის – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1995წ. 29 მაისის ¹612 დებულებით “სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 1996წ. 27 თებერვალს ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა მაღაზია ¹...... , ფართით 137,81 კვ.მ, გაფორმდა სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება @¹190 და მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ ქონების რეალურად გადაცემა არ მომხდარა, როდესაც მოსარჩელემ გადაწყვიტა რეალურად დაუფლებოდა შეძენილ ნივთს, აღმოჩნდა, რომ 4.6 კვ.მ ფლობდა მოქალაქე ჯ. ხ-ა, რომელიც ფართის გამოთავისუფლებაზე უარს აცხადებდა.

მოსარჩელის განმარტებით მან 1996წ. 8 თებერვალს აიღო ყოფილი მუნიციპალური საწარმო მაღაზია ¹......-ის პროექტი, რომელშიც შესულია სადავო ფართი 4.6 კვ.მ, მაგრამ მიუხედავად ამისა მოპასუხე ჯ. ხ-ა თავს არიდებს სადავო ფართის გამოთავისუფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ჯ. კ-ე ითხოვდა, სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხისაგან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას.

2001წ. 11 სექტემბერს აღნიშნული სასარჩელო განცხადებაზე შეგებებული სარჩელი შეიტანა ჯ. ხ-ამ, რომელშიც აღნიშნა, რომ ჯ. კ-ე არ ფლობდა სადავო ფართს, რაც დასტურდება ჯ. კ-ის კუთვნილი კაფე-სახაჭაპურის ექსპლოატაციაში მიღების აქტით. ამ აქტით დამხმარე ფართი 4 კვ.მ არაა მიღებული ექსპლოატაციაში და არ შედის ჯ. კ-ის საკუთრებად აღრიცხულ ფართში. ამასთან ექსპლოატაციაშია მიღებული 16,48 კვ.მ სათავსო, საერთოდ არ გადასცემია ჯ. კ-ეს. ეს ფართი წარმოადგენს ...... მცხოვრებ მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, მათ შორის ჯ. ხ-ას საკუთრებასაც.

შეგებებული სარჩელით ჯ. ხ-ამ მოითხოვა ....... მდებარე კაფე-სახაჭაპურის ექსპლუატაციაში გაშვების აქტიდან 16,17 კვ.მ და 15,97 კვ.მ. ფართის ამორიცხვა.

საქმის განხილვის დროს ჯ. ხ-ამ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა ჯ. კ-ეს ჩამორთმეოდა უნებართოდ მითვისებული ფართი, რომლებიც შეტანილი არ არის ექსპლუატაციის აქტში არაა შეტანილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა ასევე ჯ. ხ-ას შეგებებული სარჩელიც.

არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ჯ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ჯ. ხ-ა გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ... მდებარე 4,6 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ძირითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ჯ. ხ-ას არ გააჩნია 4,6 კვ.მ ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული ფართი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და სახელმწიფომ იგი განკარგა ჯ. კ-ეზე. ის გარემოება, რომ ამ ფართში ადრე მაღაზია იყო და მაღაზიის ხელმძღვანელმა ფართი დაუთმო ჯ. ხ-ას, სასამართლოს განმარტებით არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან მაღაზიის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა უფლება დაეთმო ეს ფართი ჯ. ხ-ასათის. ამასთან, ჯ. ხ-ა ამ ფართს არ ფლობდა არც ქირავნობის, არც თხოვების, არც იჯარის და არც სხვა რაიმე სამართლებრივი საფუძვლით.

არ დაეთანხმა რა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯ. ხ-ას მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებული იყო იმით, რომ ჯ. კ-ეს გაშვებული ჰქონდა პრივატიზაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. რა შემთხვევაშიც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა პრივატიზაციის შესახებ კანონის 11.3 მუხლი.

კასატორის მოსაზრებით სასმართლოს მხრიდან ასევე დარღვეული იქნა სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შესახებ. სააპელაციო პალატამ სათანადო შეფასება არ მისცა საქმის მასალებში წარმოდგენილ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც ჯ. კ-ემ უფლება მოიპოვა 137.81 კვ.მ ფართზე, ხოლო ამავე საქმის მასალებში არსებული 1997წ. 10 თებერვლის ¹36/47 აქტით, ჯ. კ-ე ფლობს 162.64 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, ანუ 24.23 კვ.მ-ით მეტს ვიდრე უნდა ფლობდეს.

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ¹36/47 აქტში საერთოდ არ არის მითითებული ამჟამად სადავოდ გამხდარი ფართი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ჯ. კ-ის მოთხოვნას წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მოპასუხედ, სარჩელის საფუძველზე, დასახელებულია ფიზიკური პირი ჯ. ხ-ა. ამდენად, უდავოა, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან და აღნიშნულის საფუძველზე სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის ტიპიური მაგალითი.

რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს: შეგებებული სარჩელის ავტორმა _ ჟ. ხ-ამ, სარჩელის საფუძველზე მოითხოვა, ჯ. კ-ისათვის უკანონოდ მითვისებული იმ ფართის ჩამორთმევა, რომელიც დაფიქსირებული არ არის ექსპლუატაციის აქტში. მოპასუხედ შეგებებულ სარჩელზე დასახელებულია ჯ. კ-ე, ხოლო მე-3 პირებად სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველო და ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა დეპარტამენტი.

ამდენად, განსახილველ საქმეში მხარეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, ადმინისტრაციული ორგანოები საქმეში მონაწილეობენ მე-3 პირის სახით, მხარეებს ამ უკანასკნელთა მიმართ მოთხოვნა არ გააჩნიათ, მით უფრო, რომ მე-3 პირის მიმართ, მისი პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ განსახილველი დავა თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა:

ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა; ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსახილველ შემთხვევაში როგორც სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, კერძოდ, სანივთო სამართლიდან, რის გამოც დავა ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარედ. ხოლო რაც შეეხება საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადმინისტრაციული ორგანოები მონაწილეობენ მე-3 პირის სტატუსით და მათ მიმართ მოთხოვნა არ არსებობს.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, განეკუთვნება სსკ-ის მე-11 მუხლი 1 ნაწილის '"ა" პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რომელიც საქმეთა განსჯადობის წესის დარღვევით განხილული იქნა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, მითითებული კი საკასაციო პალატას აძლევს საფუძველს გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად გადასცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, სსკ-ის მე-11, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმის არსებითად განხილვის შემდეგ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.