Facebook Twitter

ბს-673-582-კ-04 4 ნოემბერი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი,

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა: გ. კ-მა, გ. კ-ემ, მ. გ-მა, მ. კ-ემ და მ. მ-ემ მოპასუხეების _ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისა და ი. ნ-ის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2000წ. 20 ივნისის ¹22 ბრძანების და ქალაქის მთავარი არქიტექტორის ¹353 პროექტის გაუქმება.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ გასაჩივრებული აქტებით ი. ნ-ს ნება დაერთო, ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლზე კიბის უჯრედისა და აივნის მშენებლობა ეწარმოებინა. მშენებლობის შედეგად ილახებოდა ამავე სახლის მცხოვრებთა უფლებები, კერძოდ, კიბე დაიკავებდა საერთო სარგებლობის ჩიხის მნიშვნელოვან ნაწილს და შევიწროებული ჩიხით სარგებლობა შეუძლებელი გახდებოდა. ამასთან, მოძველებული სახლის კედელი ვერ გაუძლებდა გაფართოებული აივნის სიმძიმეს და ისედაც ავარიული სახლის დანგრევას გამოიწვევდა. საექსპერტო დასკვნით, საინჟინრო ექსპერტი შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევდა შესაძლებლად, თუ გათვალისწინებული იქნებოდა შემდეგი შენიშვნები: წარდგენილი იქნებოდა ........ ქუჩის პირველი ჩიხის გაბარიტები, ჩიხში შესასვლელი შეზღუდვის ხარისხის გასარკვევად, ასევე მეზობლის თანხმობა ახლად აშენებული ლოჯიის მისი ფანჯრის წინ გატარების შესახებ.

მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას არ იქნა გათვალისწინებული ექსპერტის შენიშვნები, რის გამოც ითხოვდნენ სარჩელის დაკმაყოფილებას, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს აკრძალვოდა ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედება. ი. ნ-ის საჩივრის საფუძველზე, სასამართლოს 2000წ. 21 ივლისის განჩინებით, გაუქმდა 2000წ. 13 ივლისის განჩინება გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ. საბოლოოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 8 იანვრის განჩინებით გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივლისის განჩინება და შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. კ-ის, გ. კ-ის, მ. გ-ის, მ. კ-ისა და მ. მ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას (2003 წ. 21.03) აპელანტებმა გაზარდეს მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნასთან ერთად მოითხოვეს ქ. თბილისში, ... მდებარე სახლზე ი. ნ-ის მიერ წარმოებული მშენებლობის (შემინული აივნისა და კიბის) მონგრევა. მოსარჩელეებმა სარჩელის გაზრდის მოთხოვნა იმ გარემოებით დაასაბუთეს, რომ ი. ნ-მა მშენებლობა აწარმოვა რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რის გამო აღნიშნულ სარჩელს პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ დააყენებდნენ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის მიღებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრწანისი- მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ნ-ს ნება დაერთო ..... მდებარე ბინის კუთვნილ აივანზე, ქუჩის მხრიდან ასასვლელი კიბის მოსაწყობად, სათანადო პროექტის გაცემის შემდეგ. ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის მიერ პროექტის განხილვისას ექსპერტიზის განყოფილების მიერ გაცემულ იქნა დასკვნა შენიშვნებით, რაც გათვალისწინებულ იქნა ი. ნ-ის მიერ, ამიტომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას დაირღვა სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ¹57 ბრძანების მე-13 მუხლის მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული აქტების კანონდარღვევით გამოცემასა და მოსარჩელეთა უფლებების შელახვას, რადგან ი. ნ-ის მიერ გაზიარებულ იქნა საექსპერტო კომისიის რეკომენდაციები, კერძოდ, კიბის მოსაწყობად შემცირდა დიამეტრები, ხოლო მეზობელი, რომლის ფანჯრის წინ უნდა აშენებულიყო ლოჯია, თანახმა იყო მშენებლობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. კ-მა, გ. კ-ემ, მ. გ-მა და მ-ემ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს რომ მ. კ-ის, გ. კ-ის, გ. გ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ნ-ს ნება დაერთო ... მდებარე ბინის კუთვნილ აივანზე ქუჩის მხრიდან ასასვლელი კიბის მოსაწყობად, თბილისის არქიტექტურისა და დაგეგმარების ინსტიტუტის მიერ სათანადო პროექტის გაცემის შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის პროექტის განხილვისა და ექსპერტიზის განყოფილების მიერ გაცემული დასკვნით, სხვა შენიშვნებთან ერთად, პროექტის დასამტკიცებლად საჭიროდ იქნა მიჩნეული მეზობლების თანხმობა. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ ...... მცხოვრებმა მეზობლებმა თანხმობა გამოთქვეს კიბისა და ლოჯიას მიშენებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ნ-ის მიერ გაზიარებულ იქნა კომისიის რეკომენდაციები: შემცირდა დიამეტრები, ხოლო მეზობელი, რომლის ფანჯრის წინ უნდა აშენებულიყო ლოჯია, თანახმა იყო მშენებლობაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის მიერ მითითებული რეკომენდაციები ემყარებოდა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონისა და სკ-ის 208-ე მუხლის მოთხოვნებს, რომ მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კიბის უჯრედის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო საერთო სარგებლობის ეზოში, ხოლო აივნის მიშენება _ საზიარო კედელზე, სავალდებულო იყო აღნიშნულ ეზოში მცხოვრები მობინადრეების თანხმობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მეზობელი, რომლის ფანჯრის წინ უნდა აშენებულიყო ლოჯია, თანახმა იყო მშენებლობაზე, არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო იყო ეზოში მცხოვრები ყველა მობინადრის თანხმობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ნ-ს, სათანადო წესით პროექტის შეთანხმების შემდეგ, უფლება მიეცა მხოლოდ კიბის მოწყობაზე, გასაჩივრებული აქტებით კი ნებართვა გაიცა, როგორც კიბის მოწყობის, ისე არსებული ლოჯიის გადიდებაზე. სკ-ის 212-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ბინის მესაკუთრეთა წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან. ი. ნ-ის მიერ თავისი ინდივიდუალური წილის გაზრდა (აივნის გაფართოება) იწვევს საერთო საკუთრებაში მისი კუთვნილი წილის გაზრდას, ამიტომ აივნის გაფართოების თაობაზე ნებართვისა და პროექტის გაცემისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...... მცხოვრებ ბინადართა თანხმობა. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული აქტების საფუძვლად მითითებულია თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 2000წ. 26 აპრილის ¹31, §9 გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აივნის გადიდების თაობაზე მითითება არ არის.

საქმეზე წარმოდგენილი, საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის 2002წ. 17 მაისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ავარიულს, ხოლო გარე დაზიანება _ მწვავე ავარიულს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2003წ. 1 ივნისის ექსპერტის დასკვნით, პასუხი ვერ გაეცა სასამართლოს კითხვას-სახლის მეორე სართულზე სადავო პროექტის მიხედვით აივნის მიშენება, ხომ არ გამოიწვევდა საყრდენი კედლის დაზიანებას. საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2003წ. 21 მარტს, აპელანტების მიერ წარდგენილ იქნა სასარჩელო მოთხოვნა, რომელშიც მოსარჩელეები მიუთითებდნენ პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოების შესახებ და იმ მოტივებზე, რომელთა გამო მათ საშუალება არ ჰქონდათ, აღნიშნული მოთხოვნა დაეყენებინათ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას. საქმის მასალებში არ მოიპოვება სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მოსარჩელეებს კანონით დადგენილ ვადაში უარი ეთქვათ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის მიღებაზე. კანონით დადგენილ ვადაში ასეთი განჩინების მიუღებლობის შემთხვევაში, სარჩელი მიღებულად ითვლებოდა და სასამართლოს აღნიშნული სარჩელის წარდგენიდან ორი თვის შემდეგ, 2003წ. 21 მაისის საოქმო განჩინებით უფლება აღარ ჰქონდა, ემსჯელა დავის საგნის გაზრდის შესახებ სარჩელის მიზანშეუწონლობის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განჩინებაში მითითებული გარემოებები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ის, გ. კ-ის, გ. გ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.